თურქეთი 2016 წლიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს.
ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰაბერ იზმირი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, სავიზო პოლიტიკის გამკაცრება თურქეთისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი წინაპირობა იყო. თურქეთი სავიზო რეჟიმს 89 ქვეყანას დაუწესებს, მათ შორის საქართველოს, რუსეთს და აზერბაიჯანს.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თურქეთის ტურისტული სექტორის შეშფოთება უკვე გამოიწვია. თურქეთის სასტუმროს მფლობელების ასოციაციის ხელმძღვანელის თიმურ ბაინდერის განცხადებით, თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ სიარული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა თურქეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებაში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
„ვესაუბრეთ ჩვენს ელჩს თურქეთში. მან თქვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა თურქულ საინფორმაციო საშუალებებში, მაგრამ საელჩოს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ფაქტი არ დაუდასტურეს“,- აცხადებენ საგარეო უწყების პრესსამსახურში.
http://argumenti.ge/politika/1299--2016-.htmlარ მგონია