საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ აუმხედრდნენ. ბოლოს 2010 წელს წინა მთავრობამ სცადა ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტა და იგი ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა გააკრიტიკა. მანამდე კახა ბენდუქიძემ სავალუტო ფონდს სოციალისტებისგან შემდგარი "იდიოტური ორგანიზაცია" უწოდა. ამჯერად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაჭერა სავალუტო ფონდმა გადააფიქრებინა. გარდა ამისა, დეპუტატების ნაწილი აღნიშნავს, რომ ფონდი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა.
ძველი და ახალი მთავრობა სსფ-ს წინააღმდეგ
ქვეყანაში სავალუტო ფონდის წინააღმდეგ მორიგი შეტევა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სსფ-ს წარმომადგენლებმა მთავრობასა და პარლამენტს ეროვნული ბანკის კრიტიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აღნიშნავს, რომ ფონდი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ერევა. მისიის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი წინა ხელისუფლების დროს იგივე თანამდებობაზე მუშაობდა და სხვადასხვა ბანკების "დაყაჩაღების" შესახებ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენდა.
"როდესაც არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება ბანკები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, საჭიროა, ასეთი ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედება. ზუსტად ამ კანონპროექტის ინიცირებით მოხდა იმ ძალების ლუსტრაცია, რომლებიც ნეგატიური მუხტის გამოყენებას აპირებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. რატომღაც სადიკოვმა ვერ დაინახა საფრთხე, როდესაც ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და რომ ეს მუხტი უარყოფითი იყო საინვესტიციო გარემოსთვის. რატომღაც ვერ დაინახა სადიკოვმა, როცა მის პერიოდში აყაჩაღებდნენ სხვადასხვა ბანკს... მაშინ არ გამოუხატავს აღშფოთება და შეშფოთება", - განაცხადა მეჭიაურმა.
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია. ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ, იქნებ, აპატიოთო", - განაცხადა ივანიშვილმა.
დღეს ფონდის კრიტიკას სახიფათოდ მიიჩნევენ სწორედ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტა დაისახეს მიზნად. 2010 წლის მაისში მაშინდელმა მთავრობას სავალუტო ფონდთან ვალების განულების სურვილი გამოთქვა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ ფონდის ფინანსური სახსრები საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
"ვერ ვიტყვი, რომ ეს იაფი რესურსია. იგი 3-5%-იანი სესხია და მოკლევადიანი ფული არასდროსაა იაფი. ასეთი პირობებით სესხი 10 წლით რომ გაიცემოდეს, იაფი რესურსი იქნებოდა. ამასთან, მთავრობა ვალდებულია საკუთარი პოლიტიკა ფონდთან შეათანხმოს. რა საჭიროა ჩვენთვის ასეთი პირობები?", - აცხადებდა 5 წლის წინ ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უკრაინულ "კომერსანტთან" ინტერვიუში. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ არცერთ ინვესტორს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა არ უნდა, თუმცა ეშინია, რომ მთავრობა დაუგეგმავად იმოქმედებს.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ კი სავალუტო ფონდს სოციალისტებისგან შემდგარი "იდიოტური ორგანიზაცია" უწოდა. ბენდუქიძის ეს განცხადება, საგადასახადო განაკვეთების ლიბერალიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ფონდის რეკომენდაციაზე გააკეთა. ბენდუქიძე მიიჩნევდა, რომ სავალუტო ფონდის საქართველოში მოღვაწეობის გამო, მთავრობა დამოუკიდებლად აზროვნებას ვერ ახერხებს.
სპეციალისტების კრიტიკა სავალუტო ფონდს
"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსგავსი ორგანიზაციების პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ინტერესებთან. მისი აზრით, საქართველოს შეუძლია აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც სსფ-ს რჩევებისგან იქნება თავისუფალი.
"სავალუტო ფონდმა გარკვეული პოლიტიკური როლი ითამაშა, როდესაც ლარი შემოიღეს. მაშინ, შევარდნაძის უკანონო და სრულიად უსახურ პოლიტიკას, რასაკვირველია, სავალუტო ფონდის პრინციპებზე დაფუძნებული შემოთავაზება სჯობდა, მაგრამ ეს არ იყო იდეალური", - ამბობს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ ასეთი ორგანიზაციები არ იღებენ პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქვეყანა მათი რეკომენდაციით აწარმოებს.
"მაგალითად, ჩამოვიდა მისია, რაღაცებზე ისაუბრა, მთავრობას დაავალა ან ურჩია რაიმეს გაკეთება, ხოლო იმ ფინანსურ შედეგებზე, რომელიც მის რეკომენდაციებს მოჰყვება, პასუხისმგებლობას არ იღებს. სავალუტო ფონდთან დამოკიდებულება განსხვავებული უნდა იყოს, ვინაიდან დღეს ასეთი ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. იგი მთელ მოფლიოში არის მავნე ინსტიტუტი!
სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც ელოდება კისერს როდის მოიტეხ, რათა მერე ფული დაგჭირდეს და მასვე მიადგე სასესხებლად. მათ სჭირდებათ არა წარმატება, არამედ წარუმატებლობა, რათა თავიანთი არსებობა და ბიუროკრატიული ხარჯები გაამართლონ", - ამბობს პაატა შეშელიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ირაკლი დოღონაძის განცხადებით, მიუხედავად ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მის საქმიანობას ბევრი აკრიტიკებს. 90-იანი წლების ბოლოს დაწყებული ფინანსური კრიზისის შემდეგ ფონდის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შემცირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში და შემდეგ რუსეთში. იგივე მოხდა ბრაზილიის, მექსიკის და იუგოსლავიის ქვეყნების ეკონომიკაში განვითარებული პროცესების შემდეგ, რასაც მალე მოჰყვა კიდეც ფონდის ხელმძღვანელობის შეცვლა.
"საქართველოსა და სსფ-ს ურთიერთობიდან ჩვენ კარგად გვახსოვს 2005 წელი, როდესაც ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სავალუტო ფონდს მოსთხოვა შეცვლილიყო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი ეს ულტიმატუმი დაკმაყოფილდა და სათავო ოფისმა მისიის ხელმძღვანელი გაიწვია. აქედან კარგად ჩანს, რომ მიუხედავად მაშინდელი საკმაოდ დაძაბული ურთიერთობისა, ორმხრივი თანამშრომლობისას რამე შეფერხებასა და გართულებას ფონდის მხრიდან არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არც ისე საგანგაშოა, თუმცა არც სასურველი", - ამბობს დოღონაძე.
სსფ უცხოელთა თვალით
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაერთგვაროვანად არის აღქმული. საერთოდ, სსფ მოწოდებულია მსოფლიოში სავალუტო-საფინანსო სტაბილურობის დასამყარებლად. ის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მკაცრ საფინანსო დისციპლინასა და სტაბილური სავალუტო კურსის უზრუნველყოფას მოითხოვს.
რამდენიმე წლის წინ მსოფლიოში უდიდესმა ეკონომისტმა ჯოზეფ სტიგლიცმა ფონდის მუშაობა ქვეყნებისთვის წამგებიანად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ინსტიტუტმა უფრო საზიანო გააკეთა, ვიდრე კარგი. კერძოდ, "მესამე სამყაროს" ქვეყნებთან მიმართებაში შექმნილია ე.წ. "დამოუკიდებლობის თეორია", რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკა განიხილება, როგორც ღარიბი ქვეყნებისადმი "იმპერიალისტული საფინასო დისციპლინის" თავსმოხვეული ინსტრუმენტი.
პროფესორი ვლადიმერ პაპავა ნაშრომში - "საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მიღწევები და შეცდომები" - საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში საქმიანობას ორ ეტაპად განიხილავს. პირველ ეტაპზე, 1991-94 წლებში, ფონდი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციებს, რომელსაც მთავრობაში არაფრად აგდებენ. მეორე ეტაპზე - 1994 წლიდან დღემდე ფონდის რეკომენდაციები საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ცხოვრებაში არც ადვილი გასატარებელია და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის არც ყოველთვისაა მოსაწონი.
ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში დაშვებული სხვადასხვა შეცდომა განსხვავებული მნიშვნელობისაა. ამ შეცდომების ნაწილი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და ისინი ფონდმა არა მარტო საქართველოში მუშაობისას დაუშვა, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართაც. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამთავრობო გუნდს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის საწყისს ეტაპზე უხდებოდა მოლაპარაკებების წარმართვა, პრაქტიკულად, არავითარი გამოცდილება არ გააჩნდა. მთავრობა ვერც ფონდის პროცედურებში ერკვეოდა სიღრმისეულად, რითაც ნებით თუ უნებლიედ საკმაოდ ოსტატურად სარგებლობდნენ ფონდიდან გამოგზავნილი მისიის წევრები. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ყოველი მორიგი საფინანსო ტრანშის გამოსაყოფად მთავრობის წარმომადგენლები მომდევნო ტრანშის მიღების პირობად ისეთი ვალდებულებების აღებას კისრულობდნენ, რომელთა შესრულება დადგენილ ვადაში ძალზე რთული იყო.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოში საქმიანობის დასაწყისშივე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, როდესაც ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანას რეკომენდაცია მისცა რუბლის ზონაში დარჩენილიყვნენ. უცხოელი ანალიტიკოსების დასკვნების მიხედვით, ფონდის საქმიანობაში ეს რეკომენდაცია ყველაზე დიდი შეცდომაა. ფონდმა ეს შეცდომა საქართველოში 1995 წელს "გამოასწორა", როდესაც მასთან შეთანხმებული გეგმითა და საფინანსო მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა ფულის რეფორმა - შემოიღეს ლარი.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: ხშირ შემთხვევაში ფონდის ექსპერტები, ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ტრაფარეტულად ერთსა და იმავე სქემას იყენებენ. საქართველოსთან მიმართებაში ამის კურიოზული მაგალითია ფონდის ექსპერტების მიერ მომზადებული ერთ-ერთი მემორანდუმის პროექტში დაფიქსირებული ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოში მიღწეულ წარმატებათა შორის აღსანიშნავია ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინრობის სრული დაძლევა. ვლადიმერ პაპავას თქმით, ეს ფრაზა უცვლელად გადმოიტანეს ფონდის მიერ მომზადებული ტრაფარეტული ჩანაწერიდან, ალბათ, რომელიმე აფრიკული ქვეყნისთვის.
ასე რომ, საქართველო პირველი ქვეყანა არაა, რომელიც სავალუტო ფონდის წინაშე ილაშქრებს. სსფ-ს ბევრი ქვეყანა აკრიტიკებს, საბოლოოდ კი მათი უმეტესობა ვერ ელევა.
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=3&id_artc=25080