"ქართულ ენერგეტიკაში ინვესტიციების ბუმია. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის ენერგეტიკაში. აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე."ამ 3 წლის განმავლობაში აშენდა არაერთი ახალი ჰიდროელექტროსადგური, ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, მოხდა ძველების რეაბილიტაცია, განხორციელდა და მიმდინარეობს ახალი ქვესადგურების მშენებლობა, ძველი ქვესადგურების რეაბილიტაცია, ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, მოვახდინეთ 100 000 - ობით აბონენტის გაზიფიცირება და იმ სოფლების ელექტროფიკაცია, რომელთაც არასდროს ჰქონიათ შუქი. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 415 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესები და თბოსადგური შევიდა ექსპლუატაციაში" - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
- ბატონო კახა, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი იყო და რჩება პრიორიტეტულად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ელექტროსიმძლავრეები არ არის თვითკმარი, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დამოკიდებულები ვართ სხვა ქვეყნებზე და მათ შორის რუსეთზეც.
რამდენად ეფექტურია თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და თქვენი მინისტრობის პერიოდში რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით?- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი დანიშვნის დღიდან ჩვენ დავიწყეთ სიტუაციის შეფასება, ანალიზის გაკეთება არსებულ მდგაომარეობაზე და გამოვედით იქედან, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყო სხვა მეზობელ ქვეყნებზე, როგორც რუსეთზე, ასევე თურქეთზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე, რადგან ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენ დღესაც არ გვაქვს სრული შესაძლებლობა, ზამთრის პერიოდში გვქონდეს საკმარისი ელექტროენერგია.
ჩვენ საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ენერგეტიკის მიმართულებით იგივე რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ვახორციელებთ ამ ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს. ჩვენ ქვეყანას აქვს რეალური შანსი და შესაძლებლობები, რომ ეს ბუნებრივი რესურსები იქნას გამოყენებული, ათვისებული და მომავალი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გავხდეთ დამოუკიდებლები.
რაღაც ნაწილში შეიძლება ვიყოთ დამოკიდებულები, მაგრამ რადგან აქ ბუნებრივ აირზეცაა საუბარი და ზოგადად ენერგეტიკული თვალსაზრისით, ამ მიმართულებით შემიძლია გულწრფელად გითხრათ, ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელობი ნაბიჯები გადაიდგა. არასდროს, ქართულ ენერგეტიკაში ასეთი აღმშენებლობა საბჭოთა ეპოქის შემდეგ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენერგეტიკაში ინვესტიციების ბუმია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 415 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესები და თბოსადგური შევიდა ექსპლუატაციაში.
- შეგიძლიათ კონკრეტულად ჩამოგვითვალოთ რომელი პროექტები განხორციელდა და რომელი შევა ექსპლუატაციაში? ჰესებს ვგულისხმობთ...- ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და განხორციელდება უახლოეს მომავალში: წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა: კინტრიში ჰესი, ნაბეღავი ჰესი, დარიალი ჰესი და შუახევჰესების კასკადი. დაგეგმილია 5 ჰესის მშენებლობის დაწყება, მათ შორის მნიშვნელოვანია მტკვარი ჰესის პროექტი (100 მლნ აშშ.დოლარი) და ნამახვან ჰესების კასკადი (1მლრდ დოლარზე მეტი ინვესიტიცია)
ასევე ტატას ჰიდროელექტროსადგურები აჭარაში - შუახევიჰესის გახსნას ნოემბერში ვფიქრობთ და შესაბამისად, დეკემბერ-იანვარში შევა ექსპლუატაციაში. დაახლოებით 417 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე.
წელს ასევე ექსპლუატაციაში შევა დარიალის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ასევე ყაზბეგის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და სხვათა შორის, როცა ხელისუფლებაში მოვედით, გაჩერებული, ჩავარდნილი პროექტი იყო. მალე დასრულდება კინტრიშას ელექტროსადგური და კიდევ უამრავი მცირე და საშუალო ჰესების შევა ექსპლუატაციაში წელს.
ასევე წელს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მაგალითად მტკვარის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც სამცხე-ჯავახეთშია და გაჩერებული იყო. თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა ეს პროექტი და შესაბამისად გამოცოცხლდა ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც ძალიან მალე გავხსნით. ასევე გამოცხადებული გვაქვს ნამახვანზე ინტერესთა გამოხატვა, 450 მეგავატის სიმძლავრის და ერთ-ერთი დიდი სადგური იქნება ქვეყანაში. ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია გამოხატავს ინტერესს ამ პროექტის მიმართ და შესაბამისად, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი გამარჯვებული კომპანია.
რაც შეეხება მეგა პროექტებს რაც პირდაპირ კავშირშია ენერგოდამოუკიდებლობის თემასთან, ვგულისხმობ რაჭისა და ნენსკრას ჰიდროენერგეტიკულ სადგურებს, როდის უნდა ველოდოთ პირველ შედეგს?- ნენსკრას მშენებლობა დაწყებულია. 280 მეგავატის სიმძლავრის პროექტი იქნება და დაახლოებით ერთი მილიარდი დაიხარჯება. თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ენერგეტიკულად, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
რაც შეება რაჭისა და ონის პროექტებს, ვფიქრობთ, რომ 2016 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება ამ პროექტების დაწყება. მიმდინარეობს კვლევები და შესაბამისად, როცა ანალიზი გვექნება, დაიწყება საჯარო განხილვები, იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასება წარმოდგენილი და მშენებლობის მიღების შემდეგ, დავიწყებთ მის განხორციელებას.
გარდა ამ ჰიდროელექტროსადგურებისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ქსელის მოწესრიგებაზე ქვეყნის შიგნით, ეს არის ახალი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა, რეაბილიტაცია.
წარმოდგენილი გვაქვს 10 წლიანი გეგმა, რომელზეც მთავრობის გადაწყვეტილებით მივიღეთ თანხმობა, შემდეგ პარლამენტში იქნა გატანილი.
- 10 წელი კიდევ ხელისუფლებაში აპირებთ ყოფნას?- რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ, შემდეგი ხელისუფლება მოვიდეს, მაგრამ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და უნდა განხორციელდეს თუ გვინდა, რომ მართლაც გვქონდეს მდგრადი სისტემა.
იყო რამდენჯერმე შემთხვევა, როცა მთელი საქართველო ჩაბნელდა. ეს პრობლემა ჩვენი ხელისუფლების და წინა ხელისუფლების დროსაც იყო. ამ პროექტების განხორციელებით, კონკრეტულად ჯვარის - ხორგას ელექტროგადამცემი ქვესადგურის მშენებლობის შედეგად, რომელიც წელს დასრულდება ამგვარი პრობლემები აბსოლუტურად მოიხსნება. ახლა გვაქვს ერთი მაღალი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთს აკავშირებს ერთმანეთთან, ამ მეორე პროექტის განხორციელების შედეგად, ავარიის შემთხვევაში, მოსახლეობა ვერ იგრძნობს პრობლემას და საქართველო არ ჩაბნელდება.
რა ბედი ეწია ხუდონჰესის პროექტს? თითქოს აღარ განიხილება ეს პროექტი აქტიურად... ხუდონჰესი ისევ რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტად თავის სიმძლავრეებით, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, თუ როგორი მდგომარეობა რეგიონში, თურქეთში ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ყურადღება გავამახვილოთ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე და დავასრულოთ ის დიდი პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია. ხუდონი ისევ აქტუალურ თემად რჩება, თუმცა ვფიქრობ, ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ კონკრეტიზაციას ამ პროექტის განხორციელებაზე და ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მშენებლობასთან დაკავშირებით.
- იწყება უმნიშვნელოვანესი პროექტი - გაზსაცავის მშენებლობა. დაახლოებით რა ოდენობის მარაგზე იქნება საუბარი და საერთოდ, რას მოუტანს ეს პროექტი ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით?- შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ამ გაზსაცავის მშენებლობა.
ჩვენ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. ვფიქრობთ, რომ 2016-ის ბოლოს, 2017-ის დასაწყისში დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. საინტერესეოა ის რომ სხვადასხვა საერთაშორისაო საფინანსო ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას ამ პროექტის დაფინანსებაზე. დაახლოებით 230 მილიონი კუბური მეტრის მარაგის დაგროვების შესაძლებლობა ექნება ამ პროექტს. უფრო დეტალურად, კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, შეიძლება იყოს უფრო მეტი, შეიძლება - უფრო ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული დისბალანსი ბუნებრივი აირის მოხმარების, ზამთრის 3 თვეში ბუნებრივი აირის მოხმარება მეტია, ვიდრე ზაფხულსა და გაზაფხულზე.
გაზსაცავი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გვქონდეს მარაგი. შესაბამისად, თუ ზამთარში გაიზრდება მოხმარება, შესაძლებელი იქნება გამოყენება, გაზსაცავი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და მე ვფიქრობ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ასეთი პროექტის განხორციელება პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.
- როდესაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, ამ უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ სწორედ "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმებას მიიჩნევენ.
დადგენილია თუ არა კონკრეტული ვადები ხელშეკრულების გაფორმების და თქვენ, როგორც ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი, რამდენ პროცენტიან გარანტიას იძლევით იმისას, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო არ გახდება დამოკიდებული რუსეთზე?- იმ პირობებში, რომ წამოგვეღო დამატებითი მოცულობები რუსეთიდან, მაშინაც კი არ გახდებოდა საქართველო რუსეთზე დამოკიდებული. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ძირითადი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი.
ჩვენ გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ვფიქრობ, ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ ადგილმდებარეობას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ძირითადი ქვეყნები დამოკიდებულია გაზპრომის გაზზე.
გვაქვს შესაძლებლობა ბუნებრივი აირი მივიღოთ სოკარის მილსადენიდან, ე. წ ყაზახეთის მილსადენიდან და შაჰდენიზის მილსადენიდან, რომელიც კონსორციუმის საკუთრებაშია. კონსორციუმში გაწევრიანებულია სხვადასხვა საერთაშორისო დონის ენერგეტიკული კომპანია.
წლების განმავლობაში, ჩვენ ვყიდულობდით იმ დამატებით მოცულობებს, რაც ჭირდებოდა ქვეყანას და რასაც ადგილობრივი ბაზარი ითხოვდა. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ აზერბაიჯანს ჰქონდა ტექნიკური პრობლემები ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით. არსებული მილსადენი გარკვეულ რაოდენობაზე მეტს ვერ ატარებს და ტექნიკურად შეუძლებელი იყო. თუმცა, კონსორციუმთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, რაშიც სოკარიც იყო ჩართული, ჩვენ დავითანხმეთ და კონსორციუმმა მოგვცა შესაძლებლობა, შაჰდენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ გაზის დამატებითი მოცულობები.
ამის პარალელურად, რუსეთის მხარე აყენებდა საკითხს ჩვენ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, ანუ ბუნებრივი აირის ნაცვლად, გადაგვეხადა ფულადი საფასური. ჩვენ ამაზე დავიწყეთ მოლაპარაკებები, რადგან ეს იმ დროს ხდებოდა, როცა მე არ მქონდა ზურგი კონსორციუმისგან. მქონდა გარკვეული პრობლემები, რადგან შეუძლებელი იყო იმ დამატებითი მოცულობების წამოღება აზერბაიჯანიდან, რაც გვჭირდებოდა. ამიტომ მე წავყევი მოლაპარაკებაზე, ქვეყანაში პრობლემა რომ არ შექმნილიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც დადებითი პასუხი მივიღეთ კონსორციუმიდან, რომ შეგვეძლო წამოგვეღო ეს დამატებითი მოცულობები, უფრო მყარად დავდექით და შევთავაზეთ, რომ დავრჩენილიყავით იგივე პირობებზე. ანუ ბუნებრივი აირის 10 პროცენტის გადახდა მომხდარიყო ტრანზიტის საფასურით და შესაბამისად, მივაღწიეთ ამ შეთანხმებას.
"გაზპრომთან" ხელშეკრულებას ხელი მოეწერა უკვე? ხელშეკრულებაზე ჯერ ხელი არ მოგვიწერია, თუმცა უახლოეს მომავალში მოვაწერთ ხელს. ჩვენ გვახსოვს გარკვეული დესტრუქციული ძალები მიზანმიმართულად რაღაცებს ცდილობდნენ „"გაზპრომთან" მოლაპარაკებების დროს. ან მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ამას აკეთებდა კონკრეტულად "ნაცმოძრაობა" და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი ე. წ. ექსპერტებით. სწორად მათ ინტერესში შედიოდა ქვეყანაში ბუნებრივი აირის პრობლემა ყოფილიყო, რათა შემდეგ გამოსულიყვნენ და ეთქვათ ეს ხელისუფლება უნიათოა, ენერგეტიკის სამინისტრომ ვერ შეძლო ბუნებრივი აირით მოსახლეობის დაკმაყოფილებაო.
ჩვენი ნაბიჯები გათვლილი იყო სწორ სტრატეგიებზე და მე ვფიქრობ, ძალიან სწორი შედეგი მივიღეთ საბოლოოდ.
რა იყო ის საკვანძო საკითხი, რის საფუძველზე დაიყოლიეთ რუსეთი დარჩენილიყო იგივე პირობებზე?არაფერი, რადგან მე უკვე ზურგი გამაგრებული მქოდა და ვიცოდი, რომ ბუნებრივი აირის პრობლემა მოიხსნა, რუსეთს მარტივად ვუთხარით, რომ ჩვენ ვრჩებით ისევ იმ ძველ პოზიციაზე.
რუსეთი მოლაპარაკებებში გვეუბნებოდა, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდებოდით ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას, ისინი მთლიანად შეწყვეტდნენ ამ ტრანზიტს და ირანიდან მიაწვდიდნენ ბუნებრივ აირს სომხეთს. პირველ ეტაპზე, სომხეთის სრულად დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, გაუჭირდებოდათ თუმცა გარკვეული ინვესტიციის გახორციელების შემდეგ, თუ ისინი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მოახერხებდნენ. უფრო მეტი თანხა დაუჯდებოდათ, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ. თუმცა, მთავარია, რა მივიღეთ ჩვენ საბოლოოდ შედეგად. მივიღეთ ის, რომ სოკარს დავაკლებინეთ ფასები გაზგასამართი სადგურებისთვის 40 დოლარით, ასევე მოვახერხეთ ის რომ მივიღეთ დამატებითი მოცულობები, ქვეყანას პრობლემები აღარ ექნება მომავალი წლების განმავლობაში და მივიღეთ საუკეთესო სოციალური ფასი.
ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ რუსეთს "სარფიანად ევაჭრეთ" იმისთვის, რომ აზერბაიჯანი წამოსულიყო იმაზე, რაზეც წამოვიდა... კი, რა თქმა უნდა... ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გათვლა იყო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, თუმცა ზოგადად როდესაც კონკურენციაა და ყველა სფეროში კონკურენციას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მნიშვნელოვანია როგორ დაგეგმავ სტრატეგიას.
აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ "გაზპრომისგან" არ გაზრდილიყო მოცულობები, რადგან ეს გარკვეულ კონკურენციას წარმოადგენდა მათთვის და რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებებში კონსორციუმთან მათაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. საბოლოოდ ჩვენ მივაღწიეთ იმას რომ შაჰდენიზის მილსადენიდან მივიღებთ დამატებით მოცულობებს.
http://www.ipress.ge/new/29540-saqartvelo-...ikis-ministrtan