"ოცნების ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათ ერთადერთ ალტერნატივად დარჩენილიყო" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვთიარებაზე გაესაუბრა.
ზაზა ფირალიშვილი: "ოცნების" ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათ ერთადერთ ალტერნატივად დარჩენილიყო. ამუშავდა სერიოზული და კარგად ორგანიზებული პროპაგანდისტული მანქანა "თავისუფალი დემოკრატებისა" და მაშინ ჯერაც კოალიციის შემადგენლობაში მყოფი "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ. ამ ლოგიკაში კარგად ჯდება ის ფაქტიც, თუ ვის მიაყენეს მთავარი დარტყმები ფარულად გადაღებული კადრების გამოქვეყნებით, რა იდეოლოგიის პოლიტიკურ ძალებს მიეცათ ამით ახალი ენერგია.
"ნაციონალები" რომ რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენენ, ეს იმ ადამიანების სიმრავლიდანაც ჩანს, ვისაც ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანებში შევესწროთ მცდელობას, ეს "ენერგიამოცემული" პოლიტიკური ძალები ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ერთი ახალგაზრდა ლიდერის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ და მათი მეშვეობით შეეცადონ ოპოზიციური ნიშის შევსებას. მთავარი თემა, რომელზეც ისინი თავის სტრატეგიას აგებენ, იქნება ოჯახისა და ზნეობრივი ღირებულებების დაცვა. სწორედ ამიტომაც ცდილობენ ახლა აჟიოტაჟის გაჩაღებას ამ თემების ირგვლივ. ეს ძალიან ჰგავს ივანიშვილის პოლიტიკურ ინჟინერიას და ამიტომაც ველი, რომ ასე იქნება საქმე.
"რეზონანსი": რომელ ახალგაზრდა ლიდერს გულისხმობთ?
ზ.ფ: სწორედ იმ ლიდერს ვგულისხმობ, რომელიც თავისი "ავტორიტეტის მწვერვალზე" წავიდა თანამდებობიდან. ეჭვი მაქვს, იგი სცენიდან დროებით გაიყვანეს, სანამ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მის მიმართ ჯერაც ჰქონდა რაღაც სენტიმენტები, ახლა კი მეთოდურად და თანამიმდევრულად მუშაობენ მისი სახელის მითოლოგიზებაზე.
"რ": დღეს ყველას აღელვებს სტუდენტების გამოსვლები. ისინი თვლიან, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა განათლების სისტემაშია და რეფორმებს მოითხოვენ. თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი ამ სფეროში პოზიტიური პროცესების დაწყება?
ზ.ფ: თავიდანვე შევთანხმდეთ: მხოლოდ იმის განცხადება, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლების სისტემის გამართულობაზეა დამოკიდებული, არაფერს ნიშნავს. მთავარი გარდატეხა ცოდნის, როგორც ღირებულებისადმი, დამოკიდებულებაში უნდა მოხდეს. ეს გარდატეხა დღეს თავისთავადაც ხდება და მისთვის ხელის შეწყობაა საჭირო.
სამოცდაათწლიანი ბოლშევიზმისა და განათლების იდეის გულმოდგინე დისკრედიტაციის შემდეგ ცოდნის, როგორც ღირებულების პოზიციები შესუსტდა. ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, რომელშიც ადამიანის ბედი თითქმის არანაირად არ იყო დამოკიდებული მის შრომისმოყვარეობასა და განათლებაზე. პარტიის წევრობა უფრო განსაზღვრავდა წარმატებას, ვიდრე პროფესიონალიზმი. ბრწყინვალე ინჟინერი და რიგითი უმეცარი ერთნაირ ანაზღაურებას იღებდნენ. პედაგოგი სოციალურად ყველაზე დაუცველი იყო (და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება) და ბევრი ადამიანი სხვა სამსახურის არარსებობის გამო ჰკიდებდა ამ საქმეს ხელს. მთელი ამ რეალობის კვალი დღემდე მოგვდევს და სწორედ მასში უნდა შევიტანოთ გარდატეხა.
საზღვრების გახსნამ და დასავლეთთან ურთიერთობამ თანდათან ეს საზრისი გააღვიძა და აღვიძებს. ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, თავისი თვალით იხილონ, თუ უცხოეთში რა დამოკიდებულება აქვთ განათლების მიმართ მათ თანატოლებს. ანუ რაღაც პოზიტიური პროცესები თავისთავადაც მიდის. სიტყვამ მოიტანა და სწორედ ეს აშინებს ჩვენს პუტინისტებს. ისინი ხომ თავის უმთავრეს სოციალურ, თუ შეიძლება ითქვას, ფსიქო-კულტურულ ბაზას ჰკარგავენ საბჭოთა ადამიანის სახით. ამიტომაც გადმოვიდნენ ფორსირებულ შეტევაზე, მოგვიწოდებენ, რომ შვილები განათლების მისაღებად ევროპაში არ გავუშვათ. მოკლედ, პოზიტიური პროცესი მიდის და სახელმწიფომ საგანგებო ზომები უნდა მიიღოს მისი დაჩქარებისათვის.
მაშინ, როდესაც ასეთი თანხები იხარჯება მოხელეთა პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე; როდესაც ათეულობით მილიონი იხარჯება ღონისძიებებზე, რომელთა დანიშნულებაც მხოლოდ წინასაარჩევნო განწყობებში ხელისუფლებისათვის სასურველი კორექტივების შეტანაა, ამ თანხების გამოთავისუფლება სრულიად შესაძლებელია. სიტყვამ მოიტანა და სახელისუფლო შტოების თუნდაც მეორე რიგის თანამშრომლების სრულიად უსაზრისო ვიზიტიც კი დასავლეთში 25-30 ათასი ლარი ჯდება. ამ თანხით ათამდე სტუდენტისა და მოწაფის სწავლა შეიძლებოდა დაფინანსებულიყო ერთი წლის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობ პერსონალურ ავტომობილებზე და ა.შ. სწორედ ამგვარ სახსრების მობილიზებას ვგულისხმობ. ამ ეტაპზე სახელმწიფოს არა აქვს საშუალება, რომ განათლება მთლიანად უფასო გახადოს. დღეს ვინც ამას დაპირდება ამომრჩეველს, უბრალოდ, მოატყუებს მას. მაგრამ იმის საშუალება, რომ თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობას და ამით საზოგადოებრივი ძალების გამოღვიძებას შევუწყოთ ხელი, ნამდვილად არსებობს და ვალდებულიც ვართ, ეს გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ხვალინდელი დღე გვქონდეს.
"რ": მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარლამენტს ცოტა დრო დარჩა ამოწუროს თავისი ვადა, უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ ყველა კანონპროექტზე, მათ შორის იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. თქვენი ხედვა როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
ზ.ფ: ვფიქრობ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს სრულიად ნათელი წარმომავლობა აქვს და ამაზე დღეს ბევრი ლაპარაკობს. ამ თემის წინა პლანზე წამოწევით მავანმა ძალებმა, თუ შეიძლება ითქვას, ერთგვარი მახე დაუგეს ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციას. ამით შეეცადნენ, მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ირაციონალური შიში და მოლოდინი გაეღვიძებინათ. ამას ხელს უწყობენ ის ადამიანებიც, ვისაც ლიბერალური იდეოლოგიის ქვაკუთხედს სწორედ სქესობრივი ორიენტაციისა და სქესობრივი ცხოვრების პრობლემები წარმოადგენს. მათთვის ეს იქცა წარმოდგენათა ლიბერალურობის სასინჯ ქვად. მე ვიტყოდი, ესაა ლიბერალიზმის არა მხოლოდ გულუბრყვილო, არამედ თავად ამ იდეოლოგიისათვის მავნებელი გაგება, რომელიც მას მრავალი ადამიანის თვალში უცხო და თავსმოხვეული მოძღვრების როლში აყენებს, რასაც ძნელია, თავისი პოლიტიკური შედეგები არ ჰქონდეს. უმბერტო ეკო თავისი მსოფლმხედველობით ლიბერალი რომ იყო, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, მაგრამ სწორედ ეკოს ეკუთვნის არაჩვეულებრივი ესე ლიბერალიზმის კარიკატურული ორეულის - პოლიტკორექტულობის შესახებ. რას იზამ?! ყოველ მოძღვრებას აქვს თავისი კარიკატურული ორეული.
ქრისტიანობას ფუნდამენტალიზმი ახლავს, სოციალიზმს - ბოლშევიზმი და ასე შემდეგ. როგორც კი ლიბერალიზმი ცხოვრების ტოტალურად ყველა ტრადიციულ ფორმას დაუპირისპირდება, ის აღარ იქნება ლიბერალიზმი, არამედ ტოტალიტარული იდეოლოგიის რაღაც ფორმად იქცევა. ასეა თუ ისე, ქართული ლიბერალური აზროვნება ამ დილემის წინაშე აღმოჩნდა და მისი ბედი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ამოცანისათვის თავის გართმევას. საქმე აქ მხოლოდ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე არ დგას. თავისთავად ეს ცვლილება არაფრის მომტანია. ამ თემაზე ნინო გოგუაძემ უკვე თქვა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში და უნდა დავეთანხმო: ესაა არარსებული პრობლემის გამო კამათი. ადმინისტრაციულ კოდექსში ქორწინება უკვე განსაზღვრულია, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი და ამ ნორმის კონსტიტუციის "სიმაღლეზე" ატანა იმას ნიშნავს, თითქოს ქვეყანაში მართლაც არსებობდეს კრიტიკული ოდენობა ადამიანებისა, ვისაც ამ ნორმის გაუქმება უნდა.
ერთხელ უკვე ვთქვი: ჩემთვის საკონსტიტუციო ჩანაწერი სრულიადაც არ არის საჭირო საიმისოდ, ვიცოდე, თუ ვისი კავშირია საქორწინო კავშირი. თავად ამ აღნიშვნის არსებობა ქვეყნის კონსტიტუციაში უხერხულადაც მიმაჩნია. ანტიდისკრიმინაციულ კანონს თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ქვეყანაში, მართლად არსებობს კრიტიკული ოდენობა ადამიანებისა, რომელთაც არ ესმით, რომ თუნდაც სრულიად მიუღებელი განსხვავებულის მიმართ ძალადობა დაუშვებელია. და მაინც, რამდენადაც ანტიდასავლური ძალები ასე სვამენ საკითხს, მათთვის ნებისმიერი სახით წინააღმდეგობის გაწევა ახლა შეიძლება ერთნაირსქესიანთა ქორწინებისათვის მხარდაჭერად იქნას შეფასებული და ეს უსაზრისო აჟიოტაჟი არ ჩაცხრება. სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოიღვიძეს ძალებმა, რომლებიც ისევ 90-იანი წლების დასაწყისისკენ მიგვერეკებიან, როდესაც, გულახდილები თუ ვიქნებით, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, უმალ, ირაციონალური იმედები და შიში მართავდნენ. თითქოს ქვეყანას სხვა და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არ ჰქონდეს.
პირადად მე მხოლოდ იმის გამო ვარ მომხრე ამ ცვლილებისა, რომ შეწყდეს ეს უაზრო მითქმა-მოთქმა.
მაგრამ, ამავე დროს, ცვლილების იდეის ავტორებს ვეკითხები: სად, რომელ ევროპულ ნორმატიულ დოკუმენტში აღმოაჩინეს, თითქოს ვინმე რამე მსგავსს გვავალდებულებდეს? ევროპელებისა და ამერიკელების მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ყველა ფუნდამენტურ დოკუმენტში ქორწინება განისაზღვრება, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი. ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძევება მსგავსი ირაციონალური განწყობის გავრცელების ეპიცენტრები. ამქვეყნად ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, ვისაც რამე პოლიტიკურ მითში სურს არსებობა და ვირუსივით ავრცელებენ თავის განწყობებს. უბედურება მაშინ იწყება, როდესაც ადამიანების კრიტიკულად დიდი ოდენობა ამ მითს რეალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროექტად ან საფრთხედ წარმოიდგენს. ამგვარ "ეპიცენტრებს" განათლება ვერ უშველის. შეუძლებელია იმ ადამიანების განათლება, ვისაც ამის ნება არ აქვს და ვინც მსგავსი მითოლოგემებით თრგუნავს თავის თავში რაციონალური აზრის ყოველ განათებას. ასეთები ავრცელებენ ხან სტალინიზმს, ხან პუტინიზმს, იმ უცნაურ მოძღვრებებსაც, თავად რომ ქრისტიანობად ან ლიბერალიზმად წარმოუდგენიათ და კიდევ ბევრ სხვა რამეს. სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების შემოქმედებითი ძალების გაღვიძებაზე და ამაზე უკვე ვილაპარაკეთ.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=28904
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...