რუსეთის აგრესიული ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის შესაჩერებლად ევროპაში ახალი ბლოკის შექმნის იდეა გაჩნდა - ნატოს პარალელურად შეიქმნას ბლოკი "ინტერმარიუმ 2" (Intermarium - ლათინურიდან ქართულად - "ზღვათაშორისი" "ზღვათა შუა"), რომელიც ბალტიიდან შავ ზღვამდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და პლუს თურქეთის გაერთიანებას გულისხმობს რუსეთის აგრესიისაგან ამ ახალი სავარაუდო ბლოკის წევრი ქვეყნების დასაცავად.
იდეა უპირველესად უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების გამო გაჩნდა. უკრაინასთან ერთად მოიაზრებიან საქართველოც და მოლდოვაც, ბლოკის ცენტრად კი ვარშავა ან სტამბოლი განიხილება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სულ ცოტა ხნით ადრე ასევე რუმინეთი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ნატო-ს შავი ზღვის ფლოტი, სადაც უკრაინა და საქართველო იქნებიან გაწევრიანებულნი. ეს გეგმა ნატო-ს ვარშავის სამიტზეც უნდა განიხილონ და როგორც "ინტერმარიუმ 2"-ის, ასევე შავი ზღვის ფლოტის შექმნის გეგმაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება და ამ ორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება იგულისხმება.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ იდეაში დევს, შეიქმნას რაღაც ახალი კოალიცია, რომლის წევრები ერთმანეთს დაეხმარებიან სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური გზებით, რის უკანაც იქნება დასავლეთი.
მისი თქმით, იდეის მიზანია, უკრაინასა და საქართველოში საზოგადოებამ არ იფიქროს იმაზე, რომ იზოლაციაში არიან და მათ რეალურად მხარს არავინ არ უჭერს.
"იდეაა, რომ ერთობლივი უსაფრთხოების რკალი შეიქმნას და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაბედავს აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ, უნდა იცოდეს, რომ ამას გარკვეული ფასი დაედება და ბლოკის წევრები დასაცავად ერთობლივად იმოქმედებენ. ეს იდეაა ჩადებული ამ კონცეფციაში. კონკრეტული გეგმა გაწერილი არ არის," - ამბობს კაკაჩია.
"ინტერმარიუმ 1"-დან "ინტერმარიუმ 2"-მდე
ეს იდეა დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში დიდი ხანია განიხილება, ხოლო რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაშიც დაიბეჭდა ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგის ანდრეას უმლანდის სტატია სათაურით "აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის პაქტი რუსეთის ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ".
აქ ჩამოთვლილია ახალი ბლოკის სავარაუდო წევრი ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.
უმლანდის იდეაში მთავარი აქცენტი სამხედრო კომპონენტზეა გაკეთებული.
ბლოკი "იტერმარიამ 2"-ის (Intermarum-II) მიზანი, გერმანელი პოლიტოლოგის თქმით, უნდა გახდეს წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, ინსტიტუციური შეთანხმება და პოლიტიკური თავდაჯერება; უმთავრესად კი რუსეთის შეჩერება, რომ მან ვერ შეძლოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ტრადიციული, ინფორმაციული, სავაჭრო და სხვა ომის გაგრძელება და გაღვივება.
ახალი გეოპოლიტიკური პროექტი პირველ რიგში უნდა შეეხოს ვარშავას, კიევსა და ანკარას.
უმლანდი მაგალითად იღებს ყყ საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილ პოლონურ კონცეფციას - "მეჟდუმორიე" ("ზღვათაშორისი"), რაც მაშინ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონფედერაციას გულისხმობდა რუსეთის გავლენისაგან თავის დაცვის მიზნით.
მაშინ კონფედერაციაში ზღვიდან ზღვამდე - შავი და ადრიატიკის ზღვებიდან ბალტიის ზღვამდე ქვეყნების გაერთიანება უნდა მომხდარიყო და სახელწოდებაც აქედან გაჩნდა.
ბლოკი მოიცავდა ქვეყნებს: პოლონეთს, უკრაინას, ბელორუსს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვას, უნგრეთს, რუმინეთს, იუგოსლავიას, ჩეხოსლოვაკიას.
იდეაზე მუშაობა გააქტიურდა ყყ საუკუნის 40-იან წლებში, თუმცა მაშინ ეს გააპროტესტეს საბჭოთა კავშირმა და მთელმა დასავლეთის ქვეყნებმაც, საფრანგეთის გარდა. იდეამ კრახი განიცადა და ის სახელმწიფოები, რომლებიც ბლოკში უნდა გაერთიანებულიყვნენ, შემდეგ საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცნენ.
ხელახლა გაცოცხლებულ იდეაში ადრე მოაზრებული ქვეყნების დიდ ნაწილს თურქეთიც, საქართველოც და აზერბაიჯანიც უნდა მიემატოს.
იდეის მიხედვით, ახალი ბლოკის თანამშრომლობის სფეროები მოიცავს: მრავალმხრივ კოორდინაციას ეკონომიკურ და სხვა სანქციებში; თავდაცვითი იარაღის ორმხრივ მიწოდებას; მოხალისე ბატალიონების გამარტივებული ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას; ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობას; ურთიერთდახმარებას ჯარის მომზადებასა და შეიარაღების მოდერნიზაციაში; სტრატეგიული, კონტრდაზვერვისა და სხვა მონაცემების გაცვლას; ერთობლივი სამხედრო-სამრეწველო საწარმოების განვითარებას; ჰიბრიდულ-სამხედრო ღონისძიებების წინააღმდეგ ბრძოლაში ლოგისტიკურ დახმარებას; პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივ საერთაშორისო ინიციატივებს; ტრანსნაციონალური არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნაში სამხედრო მრჩევლებისა და ექსპერტების გაცვლას.
რუსების რეაქცია
უმლანდის ამ სტატიამ რუსული მედიის ყურადღებაც მიიპყრო. როგორც "რეგნუმი" წერს, ეს იდეა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატო-ში გაწევრიანებას გამორიცხავს და დასავლეთი სწორედ ამ გეგმის შეთავაზებით ცდილობს, რომ რაღაც ალტერნატიული ბლოკით მოხდეს ამ ქვეყნების "თავიდან მოშორება".
რუსული მედიის აზრით, ევროკავშირი და ნატო ამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოსკოვთან ბუფერად ჩამოიფარებს.
კეთდება პროგნოზები, რომ თუკი ბლოკის შექმნა გადაწყდება, თურქეთის დათანხმება რთული არ იქნება არსებული რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გამო. არის იდეა, რომ ანკარას შესთავაზონ, დამფუძნებელი სხდომა გაიმართოს და ბლოკის სამდივნო განთავსდეს თურქეთში, სტამბოლში.
გერმანელი პოლიტოლოგი სტატიას იმით ასრულებს, რომ "ინტერმარიუმ 2"-ის იდეა შესაძლოა ვიღაცას დღეს ფანტაზიად მოეჩვენოს, თუმცა, ყველაფერი ახლა იწყება და ამ თამაშში ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადაიდგა.
გამოხმაურება თბილისიდან
დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს "ზღვათაშუა" კონცეფცია იყო ადრე, მაგრამ მხოლოდ იდეის დონეზე და თვლის, რომ ეს გეგმა ახლაც ვერ განხორციელდება.
"ათასი იდეაა იმაზე, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუარესება, ასევე თურქეთის დაინტერესება ყირიმით და ყირიმელი თათრებით შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ და ამიტომაც არის საუბარი, ამ "ინტერმარიუმის" კონცეფციაში თურქეთიც ჩართონ. საქართველოს ჩართვაზე კი თბილისში არც პოლიტიკური ნება არსებობს და მეც საერთოდ ეს იდეა ცოტა ავანტიურისტულადაც მეჩვენება.
"რას მოუტანს ეს საქართველოს, არავინ იცის. უკრაინას თავისი გასჭირვებია დღეს და მისი დახმარების იმედად არავინ შეიძლება იყოს. თურქეთიც ცოტა საშიში მეგობარია და ისტორიული მეხსიერებაც არ უნდა დავკარგოთ", - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, თუ ნატო არ იქნება მომხრე, ვარშავა რაიმე პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანების ცენტრი ვერ გახდება.
"ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე ვარშავისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იქნება. ყოფილი პოლონელი მაღალჩინოსანი დონალდ ტუსკი ევროკავშირის თავმჯდომარედ გახდომის შემდეგ რუსეთის მიმართ სხვანაირად ლაპარაკობს და მისი განცხადებები უფრო "დავარცხნილია". ამიტომ ნუ ავყვებით ასეთ ფეხის ხმას, ვინაიდან ძალიან ადვილია, ასე ვთქვათ, სხვის პახმელიაზე ჩვენ გამოვიდეთ.
"ამ ბლოკის შექმნა არ გამოვა. ამ სავარაუდო ბლოკის სავარაუდო ქვეყნები არასდროს არ ყოფილან ერთ ბლოკში. პირველ მსოფლიო ომშიც ზოგი გერმანიის მხარეს იყო, ზოგი ანტანტის.
ასევე მეორე მსოფლიო ომში - ბულგარეთი და უნგრეთი გერმანიის მხარეს იყვნენ. ამიტომ მათ შორის კავშირი და ბლოკი ეს იგივეა, როგორც ჩვენი არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლებიც ვერასდროს გაერთიანდებიან. შეიძლება იმპორტული სახელები დაირქვან, მაგრამ კავშირი არ გამოვა," - დასძენს ცინცაძე.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ამ იდეის შესახებ თავად ავტორისგან იცის და იდეა ძალიან კარგია, თუმცა, რამდენად განხორციელდება ეს, არ იცის,
ამბობს, რომ უმლანდი უკრაინის მხარდამჭერია, უკრაინაში მოღვაწეობს. ამიტომაც კონცეფცია უფრო უკრაინის გამო გაჩნდა. უმლანდიც და კიდევ რამდენიმე პოლიტოლოგი სკეპტიკურად უყურებენ დღეს შექმნილ სიტუაციას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, ხოლო რადგანაც უკრაინის უსაფრთხოების მდგომარეობა მყიფეა და მას გარკვეული თავდაცვის მექანიზმები სჭირდება, თვლიან, ხომ არ სჯობს, სანამ ეს ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება, მანამ შეიქმნას ახალი გეოპოლიტიკური ღერძი, რომელიც ბალტიისპირა ქვეყნებს და უკრაინას გააერთიანებდა.
კაკაჩია აღნიშნავს, რომ პოლიტოლოგები ანალოგიურად ფიქრობენ საქართველოზეც და ამიტომ ამ ახალ გეოპოლიტიკურ ღერძში საქართველოც მოიაზრება.
"კონკრეტული გეგმა გაწერილი არ არის. სავარაუდოდ ცენტრი ალბათ პოლონეთში იქნება. პოლონეთი ისტორიულად ჩამოყალიბებულია, როგორც რუსეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილი სახელმწიფო და აქედან გამომდინარე, ბლოკი უფრო პოლონეთის გარშემო შეიკვრება, თუ რა თქმა უნდა იდეის განხორციელება დაიწყო. ამ გაერთიანებაში აქცენტი იმაზე კეთდება, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის დაცვა.
"ამ იდეაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება არ მოხდება, მათ შორის ბარაკ ომაბამ და საფრანგეთის პრეზიდენტმაც თქვეს ეს.
"ეს ჯერ იდეის დონეზეა. სერიოზული გამოხმაურებები ოფიციალურად არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რუმინეთის იმ იდეას, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს შავი ზღვის ფლოტი შეიქმნას, სადაც შევლენ უკრაინაც და საქართველოც. ეს იდეა რაღაცით ჰგავს "ინტერმარიუმის" კონცეფციის იდეას, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ სხვა კომპონენტებია.
"რამდენად მოიწონებენ ამას, ჯერ არავინ იცის. იდეის პოპულარიზება კი ნამდვილად ხდება," - ამბობს კაკაჩია.
კაკაჩიას თქმით, უკრაინაში უმლანდის იდეა მაინცდამაინც არ აიტაცეს, რადგან მათი მიზანი ნატო-ს წევრობაა, ეს კონცეფცია კი მიიჩნევა ნატო-ს ალტერნატივად, რომელიც უკრაინელების აზრით მათი უსაფრთხოების პრობლემას ვერ გადაჭრის.
"თუ სკეპტიკოსების თვალით შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ბლოკით უნდათ ჩვენი თავიდან მოშორება, მაგრამ თუ მეგობრების თვალთახედვით შევხედავთ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ნატო-ში გაწევრიანებას ვერ გვთავაზობენ, ფიქრობენ სხვა ალტერნატიული გზებით როგორ გადაწყვიტონ ამ ქვეყნების უსაფრთხოება და ერთ-ერთი შემოთავაზებული ვარიანტი ესაა", - აღნიშნავს კაკაჩია.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=28965მოიცა ეს ქვეყნები ხო ნატოს წევრები არიან აქვთ უფლება რამე ბლოკის შექმნის კიდე ??