https://sport486.wordpress.com/2016/04/23/7...83%98%E1%83%A6/რას იტყვით აბა გვაქვს რაიმე შანსი ექვს ერში რომ მიგვიღონ?
რაგბის მოყვარულთა რაოდენობა
კომპანია “SMG Insight”-მა 2012 წელს 14 ქვეყანაში ჩაატარა რაგბის ფანების კვლევა:
როგორც კვლევიდან ჩანს, ჩვენს ყველაზე დიდ კონკურენტ იტალიაში რაგბის 2,5 მილიონი მოყვარული (Rugby Lovers) და 12,2 მილიონი 18 წლის ასაკს მიღწეული რაგბით დაინტერესებული ადამიანი (Rugby Followers) ცხოვრობს. წარმოგიდგენიათ რამხელა ბაზარს დაკარგავს “ექვსი ერი”? სამწუხაროდ ამგვარი მონაცემები არ არსებობს საქართველოზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ “საქსტატის” მონაცემებით საქართველოში 18 წელს მიღწეული 2,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, იტალიაში თითქმის ამდენივე მხოლოდ რაგბის მოყვარული ცხოვრობს. “ექვის ერის” ქვეყნებიდან ყველაზე მცირე ბაზარი შოტლანდიას აქვს, ჯამში მოყვარულების და დაინტერესებული ადამიანების რიცხვი ამ ქვეყანაში 0,8 მილიონია, რაც მოსახლეობის 19%-ს უდრის. და თუკი ვივარაუდებთ რომ საქართველოში რაგბი ისევე გვიყვარს როგორც შოტლანდიაში, მაშინ საქართველოს რაგბის ბაზარი დაახლოებით 0,5 მილიონ ადამიანს უდრის. თუმცა ეს რიცხვიც პირადად მე ძალიან გადაჭარბებულად მიმაჩნია.
“Nielsen”-ის სატელევიზიო რეიტინგების კვლევის მიხედვით 2015 წელს საქართველოს ნაკრების ყველაზე რეიტინგულმა თამაშმა არგენტინის წინააღმდეგ ტელეეკრანებთან მოსახლეობის 8.67%-ი მიიზიდა, რაც დაახლოებით 325 ათას ადამიანს უდრის, რაც ბევრად ნაკლებია ზემოთ ხსენებულ ნახევარ მილიონზე.
2. მოსახლეობის დაბალი მსყიდველთუნარიანობა
“ექვსი ერის” მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის და საქართველოს მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობა ასე გამოიყურება:
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-თი ექვსეულის ყველაზე “ღარიბ” უელსს 2,5-ჯერ ჩამორჩება, ხოლო ყველაზე მდიდარ ინგლისს 5-ჯერ.
3. ბილეთის ფასები
საქართველო რუმინეთის თამაშმა გვანახა, რომ საქართველოში რაგბსაც შეუძლია სტადიონის გავსება. ეს არც ევროპულ წამყვან მედია გამოცემებს გამორჩათ, მატჩის მეორე დღეს ევროპული სპორტული ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყვნენ სტატიებით და მოწოდებებით, რომ დადგა დრო საქართველოს “ექვს ერში” მიღების და იტალიის დაქვეითების (რომელმაც პარალელურად უელსში გამანადგურებელი ანგარიშით წააგო), რადგანაც საქართველო, გარდა სპორტული შედეგებისა, კომერციულ შედეგებსაც აღწევს – 55 ათასიან სტადიონს ბოლომდე ავსებს. თუმცა არც ერთ ევროპულ მედია გამოცემას არ შეუდარებია ბილეთის ფასები და არ დაუთვლია თუ რამხელა წაგებას ნახავს “ექვსი ერი” იტალიის საქართველოთი ჩანაცვლებით. საქართველოში რაგბზე ბილეთის ფასები “ექვსი ერის” ქვეყნებთან შედარებით 20-ჯერ და უფრო მეტჯერ იაფი ღირს, ანუ თუ იტალიაში გამართული ერთი თამაშიდან “ექვსი ერის” შემოსავალი მინიმუმ 2 მილიონ ევროა, საქართველოში დღევანდელი საბილეთო პოლიტიკით “ექვსი ერი” მაქსიმუმ 100 ათასი ევროს შემოსავალს მიიღებს.
“შოტლანდიის სამეფო ბანკის” კვლევის თანახმად “ექვსი ერის” თამაშებზე სტადიონის 85% მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეა და ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ ბილეთებზე “ევროპული” ფასების დადების შემთხვევაში (მინიმუმ 40 ლარი) საქართველოს ნაკრების თამაშმა 45 ათასი ქართველი გულშემადკივარი მოიზიდოს. შეიძლება პირველ და მეორე წლებში, როცა “ექვსი ერი” ქვეყნისთვის სიახლე იქნება, არ გაგვიჭირდეს სტადიონის გავსება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება.
4. ეკონომიკური ეფექტი “ექვსი ერის” ქვეყნებისთვის
კომპანია “მასტერქარდმა” 2010 წელს ჩაატარა კვლევა “MASTERCARD SIX NATIONS CHAMPIONSHIP RUGBY REPORT”, რომლის მიხედვითაც ექვის ერის ქვეყნებისთვის ჯამურმა დადებითმა ეკონომიკურმა ეფექტმა 632 მილიონი დოლარი შეადგინა.
აქ იგულისხმება შემოსავლები, რომლებსაც იღებს ქვეყნის ეკონომიკა უცხოელი სტუმრების ვიზიტის დროს. ეს არის ხარჯები ბარებში, კლუბებში, მაღაზიებში, სასტუმროებში, ტრანსპორტში, ქალაქის ატრაქციებში, სტადიონზე დახარჯული ფული და ა.შ. ჩატარებული კვლევის თანახმად თითოეული უცხოელი ფანი მასპინძელ ქვეყანაში საშუალოდ 638 დოლარს ხარჯავს.
“ექვსი ერის” თხუთმეტმა თამაშმა სტადიონზე ჯამში 1,054,654 ადამიანი მოიზიდა, ტელეეკრანებთან – 125 მილიონი. “ექვს ერს” დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს ადგილობრივ ეკონომიკაში. ჯამში 6 ქვეყანაში იქმნება 3 100 სამუშაო ადგილი. შოტლანდიის საფეფო ბანკის 2014 წლის კვლევის მიხედვით მარტო შოტლანდიის ეკონომიკა 52 მილიონი ფუნტი სტერლინგის იმპულსს იღებს. ქვეყანაში 430 დამატებითი სამუშაო ადგილი იქმნება. ამ 52 მილიონიდან ყველაზე დიდ ბენეფიტებს იღებენ საკვების და სასტუმროების ინდუსტრიები. შოტლანდიაში ჩამოსული სტიმრები 9 მილიონს ტოვებენ ბარებში და რესტორნებში, 6 მილიონს სასტუმროებში და 3 მილიონს მაღაზიებში.
5. ტელევიზიები
“ექვსი ერის” შემოსავლების 80%-ს შეადგენს ტელევიზიებიდან მიღებული შემოსავალი.
დღეს საქართველოს არც ერთ ტელევიზიას არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ “ექვსი ერის” ქვეყნების ტელევიზიებისნაირი ან მასთან მიახლოებული კონტრაქტი დადოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიონს დოლარს შეადგენდა და ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ მაუწყებელმა 6 მილიონი დოლარი, ანუ წლიური ბიუჯეტის 33% გადაიხადოს “ექვსი ერის” მაუწყებლობისთვის. შედარებისთვის, სხვა ქვეყნის ტელევიზიები თავისი ბიუჯეტის 1-2 პროცენტს იხდიან “ექვსი ერის” მაუწყებლობისთვის. მაშასადამე, იტალიის საქართველოთი ჩანაცვლებით “ექვსი ერი” მხოლოდ ამ კომპონენტში 13 მილიონ დოლარზე მეტს დაკარგავს.
ტელევიზიიდან მიღებული შემოსავლების 70% თანაბრად ნაწილდება 6 ქვეყანის რაგბის კავშირებს შორის, 15%-ი დაკავებული ადგილის მიხედვით და 10%-ი რაგბის კავშირის სიდიდის მიხედვით. მხოლოდ ირლანდიამ 2010 წელს 16 მილიონი ევრო მიიღო სატელევიზიო პულიდან, რაც ირლანდიის რაგბის კავშირის ბრუნვის 24% იყო.
6. სპონსორები
“ექვის ერის” მონაწილე ქვეყნებში რაგბის მზარდი პოპულარობა იზიდავს ბევრს სპონსორს. საფრანგეთის რაგბის კავშირს ყავს 16 სპონსორი და პარტნიორი კომპანია. მათ შორის ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Société Générale, Orange, adidas, BMW, AIR FRANCE, Gilbert, რომლებსაც ჯამში 16 მილიონ დოლარზე მეტი შეაქვთ ფედერაციაში. “ექვსი ერის” ყველა ქვეყნის რაგბის კავშირს ყავს ათეულობით სპონსორი, რომლებსაც ათეულობით მილიონი დოლარი შეაქვთ რაგბის კავშირის ბიუჯეტში და თუ დადგება საფრთხე რომელიმე ქვეყნის ჩამოქვეითების, სპონსორობის კუთხით, არც თუ ისე მიმზიდველ “ერთა თასის” გათამაშებაში, ამ შემთხვაში ჩამოქვეითებული ქვეყნის რაგბის კავსირი უამრავ მილიონს დაკარგავს.
ცალკეული თემაა თვითონ “ექვსი ერის” გათამაშების სპონსორების საკითხი. დღეს “ექვს ერს” 4 სპონსორი ყავს: გათამაშების სატიტულო სპონსორი “შოტლანდიის სამეფო ბანკი” (რომელიც სპონსორობისთვის ყოველწლიურად 6 მილიონ ფუნტ სტერლინგ იხდის), ირლანდიური ლუდი “გინესი”, ირლანდიური კონსალტინგური კომპანია “Accenture” და შვეიცარიული საათების მწარმოებელი “Tissot”. 4 კომპანიიდან 2 არ ოპერირებს საქართველოში და საერთოდ არ არის დაინტერესებული საქართველოს ბაზრით, ხოლო “გინესს” და “Tissot”-ს კი ყავს საქართველოში წარმომადგენლობა, მაგრამ საკითხავია, თუ რამდენად უღირთ იტალიური 60 მილიონიანი ბაზრის საქართველოთი ჩანაცვლება. ცალკე გამოსაყოფია გათამაშების მთავარი სპონსორი “შოტლანდიის სამეფო ბანკი”, ალბათ უტოპიაა იმის წარმოდგენა, რომ შოტლანდიის ნაკრების გათამაშებიდან გამოვარდნის შემთხვევაში ის დაინტერესებული იყოს “ექვსი ერით”.
7. “ექვსი ერის” კონტრაქტი იტალიასთან
იმ დროს როცა მთელი სარაგბო სამყარო საუბრობს “ექვსი ერის” რეფორმის საჭიროებაზე, იტალიელები მშვიდად და აუღელვებლად იღებენ ამ საუბრებს. ამის მიზეზი კი, იტალიის რაგბის კავსირის და “ექვსი ერის” ხელშეკულებაა, რომელსაც ვადა 8 წელიწადში, 2024 წელს გაზდის და რომლის მიხედვითაც იტალია 2024 წლამდე “ექვსი ერის” წევრი იქნება. ხელშეკრულების რომელიმე მხრიდან დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ მხარეს ათობით მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.