
რა გააშუქა მედიამ
თემის მედიაგაშუქება საკმაოდ ფრაგმენტული და ბუნდოვანი იყო. სიუჟეტების ნაწილიდან შემდეგი მესიჯები ისმოდა:
„ბოტანიკურ ბაღს მიწა არ დაუკარგავს, გაცემული 4 ჰექტარის სანაცვლოდ ისევ 4 ჰექტარი მიიღო“;
„ბოტანიკური ბაღისთვის სანაცვლოდ გადაცემული მიწა უკეთესია და ბაღი მას უფრო უკეთ გამოიყენებს, მეორე მხრივ კი, მიწა, რომელიც „ფინსერვისს“ გადაეცა, ქვაღორღიანი და გამოუსადეგარია“;
„ფინსერვისისთვის გადაცემულ მიწას კულტურილი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა“;
„ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით“;
მედიასაშუალებების ნაწილში, ის ურთიერთკავშირი მიწების გაცვლასა და შინდისი-კრწანისის მიმდებარე მიწის აუქციონზე გატანას შორის, რაზეც ნაციონალური მოძრაობის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ, წარმოჩენილი საერთოდ არ ყოფილა. საერთო ჯამში, სიუჟეტების უმეტესობა გაუგებარი და ბუნდოვანი იყო. არ ჩანდა მცდელობა, ჟურნალისტებს თავად მოეძიებინათ და გადაემოწმებინათ გარკვეული ინფორმაცია თუნდაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით. გაშუქება, ძირითადად იმით შემოიფარგლა, თუ ვინ რა თქვა საკითხთან დაკავშირებით.
გთავაზობთ ოთხი არხის: იმედის, რუსთავი ორის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მიმოხილვას.
26 აპრილის სიუჟეტის შესავალ ტექსტში წამყვანი ამბობს: „ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ მერიამ ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია გადაუფორმა, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ ადგილი რომელიც „ფინსერვისს“ გადაეცა ხრიოკი იყო, სანაცვლოდ მიღებული მიწა უკეთესია“.
თავად სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ბაღის ტერიტორია „ფინსერვისს“ გადაეცა, თუმცა, არ ჩანს რა კომპანიაა „ფინსერვისი“, ვინ დგას მის უკან, რა კავშირები იკვეთება, არადა ამის დაზუსტება საჯარო რეესტრის მონაცემებით მარტივად შეიძლებოდა.
ჟურნალისტის თქმით, ნიკა მელია ამბობს, რომ 4 ჰექტარ მიწას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეეცვალა და იქ ბიძინა ივანიშვილი ახალი ნაგებობების აშენებას აპირებს. ინფორმაცია სხვა წყაროებთან გადამოწმებული არ იყო. მაყურებლისთვის ბუნდოვანი დარჩა, მართლა ჰქონდა თუ არა ამ ტერიტორიას ძეგლის სტატუსი და მოეხსნა თუ არა ის. თემა სიუჟეტში აღარ გაგრძელებულა.
სიუჟეტში ნახსენებია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით ივანიშვილს, გარდა ამ ოთხი ჰექტარი ტერიტორიისა, კიდევ 29 ჰექტარიც გადაეცემა, რასაც ასეულობით ხის გაჩეხვა მოჰყვება. სიუჟეტში მართალია, შინდისის გზა ნახსენებია, თუმცა არ ჩანს ის ურთიერთკავშირი აუქციონზე გატანილ მიწასა და ფინსერვისისთვის გადაცემულ ტერიტორიას შორის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობს. რატომ მოხდა უკვე დაწყებული მშენებარე გზის პროექტის გაუქმება? რატომ მოიჭრა 500 ხე, რატომ დაიხარჯა თანხები მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, თუკი ეს პროექტი შეიცვლებოდა და გზა იქ აღარ გავიდოდა? მერის მოადგილე სხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ გზის მიმართულების ცვლილება შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა: „ახალი ტერიტორია გზის გასაყვანად უფრო მომგებიანი და ხელსაყრელია“. მაშინ გაუგებარია, რატომ არ იცოდნენ შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ წინასწარვე და რატომ დაიხარჯა თანხები ტყუილად, რატომ გაიჩეხა ხეები. თემის ეს კუთხე სიუჟეტში წარმოჩენილი საერთოდ არ ყოფილა.
27 აპრილის სიუჟეტის შესავალი ტექსტიდან კი, მერის მოადგილეზე დაყრდნობით წამყვანი ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღსა და კომპანიას შორის მიწების გაცვლას, არც მიწის ფართობის დაკარგვა მოჰყოლია და არც ძეგლის სტატუსში ცვლილება. სტატუსის საკითხი ამ სიუჟეტიდანაც გაუგებარი დარჩა, ვერ მოვისმინეთ მერიის კონკრეტული არგუმენტაცია, თუ რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ სტატუსში ცვლილება არ მომხდარა - ბაღს 2007 წლიდან ძეგლის სტატუსი აქვს, ოფიციალურად, ის ტერიტორია, რომელიც გასხვისდა, ბაღს ეკუთვნოდა. იმედის სიუჟეტიდან ბუნდოვანი დარჩა, რას ამბობს მერია - საერთოდ არ ჰქონდა ამ კონკრეტულ 4 ჰექტარს ძეგლის სტატუსი თუ ამ სტატუსიანად, ცვლილებების გარეშე გასხვისდა. საკითხს ჟურნალისტები არ ჩაღრმავებიან.
სიუჟეტში იურისტი ანა ცინცაბაძე შინდისი-კრწანისის მიწის აუქციონზე გატანასა და ბოტანიკური ბაღისთვის გაცვლილ მიწას შორის ურთიერთკავშირზე საუბრობს. თუმცა მისი კომენტარი პირდაპირ, შესავალი ტექსტის გარეშე ებმის მერის მოადგილის სინქრონს და მაყურებლისთვის ნათელი არ არის, რაზე საუბრობს იურისტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 27 აპრილის ამ სიუჟეტში ბიძინა ივანიშვილი ნახსენები საერთოდ არ არის.
დანარჩენი იხილეთ ამ ბმულზე
http://mediachecker.ge/mediacritics/detail/174/1