მმართველი პარტიის წევრი ქართულ-ამერიკულ სწავლებას საფრთხეს უწოდებს
18:27 2016-05-07
საქართველოს პარლამენტის წევრის მსგავსად 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება «Noble Partner 2016» არ მოწონს რუსეთის საგარეო უწყებასაც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მეჭიაურის თქმით, მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს:
„მე არ ვიცი რა გარანტიები გვაქვს ჩვენ აღებული მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებების ფონზე და იმ ფონზე, როცა ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში დაპირისპირება და საომარი სიტუაციაა და ჩვენ ტერიტორიაზე ხდება კონცენტრაცია არის დიდი სასიშროება იმისა, რომ დაპირისპირებამ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს.“- განაცხადა მეჭიაურმა.
მეჭიაურის თქმით მან არ იცის იზიარებენ თუ არა მისი თანაგუნდელები მის ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ის საფრთხეს საკუთარ თავზე და ოჯახზე გრძნობს, რადგან სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მას ოჯახი დასავლეთის ქვეყნებში არ გაუხიზნავს:
„მე არ ვიცი უმრავლესობა რას იზიარებს, მე მაქვს ჩემი აზრი და მიმაჩნია, რომ მე ვარ სწორი და ფრთხილი გამომდინარე იქიდან რომ განსხვავებით ზოგიერთებისგან მე შვილები არსად არ გამიხიზნავს არც დასავლეთში და არც უფრო შორს, ამ ქვეყანაში არიან და მე საფრთხეს ჩემს თავზე და ჩემს შთამომავლობაზეც ვგრძნობ.“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა „კურიერთან“.
საქართველოს პარლამენტის წევრის მსგავსად 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება «Noble Partner 2016» არ მოწონს რუსეთის საგარეო უწყებასაც. საქართველოს შეიარაღებული ძალების და მისი პარტნიორი ქვეყნებისადმი გამოთქმული მხარდამჭერი მოსაზრებების გამო ლავროვის უწყების კრიტიკის ობიექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გახდა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=107303-%E1%...%83%AE%E1%83%94