საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა სადროშოს ხელმძღვანელის ზვიად სეხნიაშვილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 65 ჩოხოსანთა სადროშო იქნება. დაგეგმილია ნორჩი სადროშოების შექმნაც, სადაც ბავშვებს „ქართველობას“ ბაღის ასაკიდანვე მიაჩვევენ. როგორც ზვიად სეხნიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ჩოხოსანთა სადროშოების შექმნის მიზანი ეროვნული სულის გაძლიერება და ქართული ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაა.
ჩოხოსანთა სადროშოს საპატიო პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. ზვიად სეხნიაშვილის განცხადებით, პირველი დავალება, რაც მათ პატრიარქისგან მიიღეს, საქართველოს მასშტაბით მიუსაფარი, უპატრონო ავადმყოფების მოვლა-პატრონობაა.
„1000-მდე ბენეფიციარი მოვიძიეთ, მათ შორის კახეთში, რომლებთანაც მიდიან ჩვენი ჩოხოსნები, დგება სამედიცინო დასკვნა, იქმნება ბაზა მათი პრობლემებისა და გამგეობის სხდომაზე ვწყვეტთ როგორ დავეხმაროთ. მედიკამენტები იქნება, ყოფითი ნივთი თუ ა.შ. პატრიარქმა გვითხრა, რომ ჩოხოსნობა არ არის მხოლოდ დროსტარება, ყანწი და ჩოხით კეკლუცობა. ეს არის თანადგომა დედა ეკლესიისა, ჩვენი მოყვასისა და სამშობლოსი“, - აღნიშნა ზვიად სეხნიაშვილმა.
მისი თქმით, ჩოხოსანთა სადროშოში 30-მდე სამსახურია შექმნილი, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე მუშაობს, მათ შორის ბავშვების განათლებასა და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებაზე.
როგორც ზვიად სეხნიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მშობლების თანხმობის შემთხვევაში ბავშვებს ხელს შეუწყობენ, რომ ნამდვილ ქართველებად აღიზარდონ.
„ჩვენთან განათლების სამსახურია შექმნილი და ბავშვებთან პედაგოგები იმუშავებენ, ბავშვებს შეასწავლიან რაც კარგი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ღვთისმეტყველებას. ბაღიდან ვიწყებთ. ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი. სკოლებსა და ბაღებში შიდა პროცესებში ვერ ჩავერევით, მაგრამ მშობლებთან შეთანხმებით, რომლებიც თავადაც ჩოხოსნები არიან, ბავშვებს ჩავრთავთ სხვადასხვა ღონისძიებებში. მაგალითად, მიუსაფარი ავადმყოფის მოსავლელად მივდივარ, ან საჭმელი უნდა მივუტანო, ჩემთან რომ ბავშვია გაწევრიანებული, ის რომ დავსვა და მარტო უყუროს, ასე არ გამოვა, მშობელთან ერთად წავიყვან რომელიმე ბენეფიციართან, რომ თავისი ხელით გააკეთოს სიკეთე და მადლს მიეჩვიოს. ექსკურსიებზეც გავიყვანთ ეკლესიებში. არის მონასტრები, რომლებიც გაწმენდას საჭიროებას. გარემოსდაცვის საკითხებიც ბევრია“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სეხნიაშვილმა.
მისი თქმით, სადროშოს წევრისთვის ჩოხით სიარული სავალდებულო არ არის, რადგან ჩოხა ძვირი სიამოვნებაა. სადროშოში „ნამდვილ წევრად“ მიღება მოძღვრის რეკომენდაციით ხდება, „ასოცირებულ წევრად“ მიღება კი მის გარეშეც შესაძლებელია. ჩოხოსანთა სადროშოში გაწევრიანება ქალებსაც შეუძლიათ.
„სადროშოში გაწევრიანებისთვის აპლიკაცია ივსება. უნდა მიეთითოს ბიოგრაფიული მონაცემები, ასევე მიზეზი - რატომ შევიდა სადროშოში, ეს აუცილებელია, უნდა ვიცოდეთ მისი სულისკვეთება. რაც მთავარია, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც ჩოხოსნებში გაწევრიანდებიან, მოძღვრის რეკომენდაცია უნდა ჰქონდეთ. ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ ვართ საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეული, ურწმუნო კაცი რანაირად გამოგვადგება, არც ქვეყანას არგია, არც ეკლესიას და არც საკუთარ თავს. სულ გვაქვს წევრების სამი კატეგორია: საპატიო წევრი, ნამდვილი წევრი და ასოცირებული წევრი. ნამდვილი წევრი ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და მას აქვს სამკერდე ნიშანი. ასოცირებული წევრები არიან, ვისაც არ აქვს მოძღვრის რეკომენდაცია, ეკლესიურად არ ცხოვრობენ, მაგრამ გულანთებულები არიან. საპატიო წევრები არის ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სხვა ქვეყნის და აღმსარებლობისა, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი ან საქმე აქვთ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან. სადროშოში მამაკაცების გარდა, მადილოსნების არაჩვეულებრივი დასიც გვყავს“, - აღნიშნა ჩოხოსანთა სადროშოს ხელმძღვანელმა.
ზვიად სეხნიაშვილის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 15-მდე ჩოხოსანთა სადროშო არსებობს. კახეთში პირველი ჩოხოსანთა სადროშო თელავში იქნება, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, მუშაობა მიმდინარეობს ახმეტის და გურჯაანის სადროშოების შექმნაზეც. ზვიად სეხნიაშვილის განცხადებით, „კახეთის სადროშო საქართველოში ერთ-ერთი უმძლავრესი იქნება“.
http://ick.ge/rubrics/society/27608-i.html
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet