გვიან ღამით, გურჯაანში, ქალაქის ცენტრში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თავს ავტომატით შეიარაღებული 26 წლამდე ასაკის მამაკაცი დაესხა და სამართალდამცავების მისამართით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ავტომობილით მიიმალა. პოლიციისთვის მისი ვინაობა ცნობილია და ძებნა მიმდინარეობს. სროლის შედეგად არავინ დაჭრილა. პოლიციელებმა შეიარაღებულ მამაკაცთან ერთად მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს.
სროლა ქალაქის ცენტრში დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გარკვევას ცდილობდნენ, რა დროსაც მამაკაცმა, რომელიც შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა, მანქანიდან ავტომატი ამოიღო და სამართალდამცავების მისამართით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრის ავტომანქანით მიიმალა. ეჭვმიტანილი ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა მამაკაცთან ერთად მყოფი სამი ახალგაზრდა დააკავეს. პოლიციელების თავდასხმაში ბრალდებული ერთ–ერთი მათგანის კუთვნილი მანქანით არის გაქცეული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა პირველი მუხლის მე–2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
ეს გურჯაანში პოლიციელებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წლის 24 მარტს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე მოძრავ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსაც ესროლეს. როგორ დასრულდა ამ საქმის გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გურჯაანში, არაერთი ახალგაზრდა გადაადგილდება ავტომატის თანხლებით.
http://ick.ge/articles/27682-i.html