გუშინ, სამეგრელოში, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ლიდერს და მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სამეგრელოში სპეციალურად მობილიზებული სპორტსმენები იყვნენ ჩართული, გამოიყენეს ხელკეტებიც.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ჯერჯერობით კი კოცხელის ინციდენტის არცერთმი მონაწილე დაკავებული არ არის.
ექსპერტი გია ხუხაშვილი presa.ge-ს გუშინდელ შემთხვევაზე და “ქართული ოცნებისთვის” მის შესაძლო შედეგებაზე ესაუბრა.
– ბატონო გია, როგორ აფასებთ გუშინ კორცხელში განვითარებულ მოვლენებს, თქვენი აზრით, რა პრობლემები გამოავლინა სიტუაციის ასეთმა ძალადობრივმა ესკალაციამ?
– უარყოფითად ვაფასებ კორცხელის მოვლენებს, ბუნებრივია. საბოლოო ჯამში, “ქართული ოცნების” გარკვეულმა ჯგუფმა აჩვენა, რომ ის უარს არ ამბობს იმ ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რის გამოც ჩვენ პრეტენზიები გვქონდა წინა ხელისუფლებასთან და იგივე მეთოდების დანერგვას ცდილობს ამ პროცესში და ასევე ისიც გამოვლინა, რომ ამას ბევრად უფრო უხარისხოდ აკეთებს.
კი ბატონო, შენ შეიძლება გადაწყვიტო იარაღის ხელში აღება, მაგრამ ის ფეხში, ან სხვა ადგილას არ უნდა გაირტყა. გუშინ ჩვენ ეს დავინახეთ, რაც ძალიან შემაშფოთებელია.
ჩვენ არ ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილს, ამ გვარისა და სახელის პრობლემა კი არ გვქონდა, არამედ ზონდერებისა და სასამართლოში “მურუსიძეს”. ჩვენ ყველა ერთად სისტემას ვებრძოდით. თუ ხელისუფლება ყველა ამ სისტემურ პრობლემას გადმოიბარებს და ყველაფერს იგივეს გაიმეორებს, მაშინ რა შეიცვალა ამ ქვეყანაში?
აქ თავი იჩინა სხვა სახელმწიფოებრივმა პრობლემებმაც. კრიზისის ფორმირების კონტურები გუშინდელის შემდეგ კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა. თუ ასე მცირე, ლოკალური პრობლემის მენეჯმენტში ასეთი ხარვეზები აქვს ხელისუფლებას, როცა არჩევნები მთელ ქვეყანაში გაიშლება, წარმოიდგინეთ მაშინ რა მოხდება.
მე ვფიქრობ, გუშინ ხელისუფლება ძალიან დამარცხდა. დამარცხდა როგორც შედეგებით, ასევე მისი პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით.
– ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორცხელში გუშინ იყო “ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისი?
– მე ასე რადიკალურად არ ვიტყოდი, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების შენარჩუნება ძალიან პრობლემატური იქნება, შეიძლება გადაულახავიც.
– ბატონო გია, თქვენ აღნიშნეთ რომ ამ ქმედებებმა კარგად გამოხატა “ქართული ოცნების” გარკვეული ჯგუფის ინტერესები. თქვენი აზრით, არის პარტიაში ის ნაწილი, რომელიც არ იყო ჩაბმული ამ პროცესში?
– გუშინ იქ გამოიკვეთა მიმართება, რომ ადამიანები ფასეულობებისთვის კი არ იბრძოდნენ, არამედ ძალაუფლებისთვის. მათ გაიმეორეს ყველა ის ზარვეზი და გამოიყენეს ყველა ის ნეგატიური ინსტრუმენტი, რაც დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებისთვის.
იმედი მაქვს, რომ ეს მთელი “ქართული ოცნების” არჩევანი არაა, მარტივად რომ გითხრათ, ეს არაა კვირიკაშვილის არჩევანი და ეს სხვა ადამიანების არჩევანია. ხოლო რამდენად მოახერხებს ის ამ სიტუაციის განმუხტვას და ცივილიზებულ ჩარჩოებში დაბრუნებას, ცალკე საკითხია
– ამ შემთხვევაში, სრულყოფილი გამოძიებაც მისი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი იქნება…
– რა თქმა უნდა. თუ ის ადამიანები დაისჯებიან, ეს ოდნავ შეარბილებს ამ ნეგატიურ შედეგებს.
http://defender.ge/?p=1308შენც ბრუტუს?