"ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოაჩინეს ჯოხები, რომლითაც პაციენტებს ცემდნენ"
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 2015 წლის 9 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სპეიცლაური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია პაციენტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, არასათანადო მოპყრობად შეიძლება შეფასდეს პაციენტთა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, რიგ შემთხვევებში ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ფაქტები, ფიზიკური შებოჭვის მეთოდების და ინექციის სხვა პაციენტთა თანდასწრებით გამოყენება, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულვებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.
"8 პაციენტმა მიუთითა, რომ მათზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ექთნის თანაშემწეების (სანიტრების) მხრიდან. ამასთან, პაციენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობას ასევე ადგილი აქვს პაციენტებს შორის. გამოკითხული პაციენტები განმარტავენ, რომ სანიტრების მხრიდან ძალადობა გამოიხატა ხელებით და ჯოხებით ცემაში.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხული პაციენტებიდან სამს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, კერძოდ, სილურჯეები და სისხლჩაქცევები ზედა კიდურების და თვალბუდის არეში.
საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები არ იყო დაფიქსირებული პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციაში. ასევე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ქალთა განყოფილების ერთსართულიან კორპუსში, ექთნების ოთახში, კარადასა და კედელს შორის აღმოაჩინეს პაციენტების მიერ ნახსენები ჯოხები, რომლითაც სავარაუდოდ პაციენტებს ცემდნენ", - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა:
"საქართველოს მთავარი პროკურატურის 2015 წლის 25 დეკემბერის წერილით სახალხო დამცველს ეცნობა, რომ 2015 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N038311015001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების პროცესში დათვალიერდა შემთხვევეის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა და კაცთა განყოფილებაში მომუშავე პერსონალი. საავადმყოფოში მოთავსებულ 53 ქალის და 43 მამაკაცის ჯანმრთელობის ხარისხის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 4 თებერვლის წერილით სახალხო დამცველს დამატებით ეცნობა, რომ გამოძიების პროცესში არ დაკითხულან საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ ეტაპისთვის საქმეზე კონკრეტული პირი ბრალდებულად ცნობილი არ არის. გამოძიება გრძელდება", - აღნიშნავს ნანუაშვილი.
ომბუდსმენის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტება პაციენტთა არდაკითხვის თაობაზე დასაბუთებული არ არის და ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტურობას.
"წერილში იკვეთება ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება, თითქოს მათ არ შეეძლოთ საგამოძიებო ორგანოსათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება. ამ საკითხთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება. როგორც ნორმის ფორმულირებიდან ნათლად ჩანს, მოწმის არდაკითხვის საფუძველი ავტომატურად არ შეიძლება იყოს მოწმის შეზღუდული შესაძლებლობები. ნორმაში აქცენტი კეთდება პირის უუნარობაზე, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს ან აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება".
წყარო:
http://presa.ge/new/?m=society&AID=45287სრულად ანგარიში:
http://ombudsman.ge/uploads/other/3/3695.pdf
მიმაგრებული სურათი