ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ანგარიშში ”წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილ წამების , არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება დაიწყო 191 სისხლის სამართლის საქმეზე; ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 124 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ.
”მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, როგორებიც არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მოცემული საქმეებიდან, სასამართლოში განსახილველად წარიმართა 119 პირის მიმართ 40 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 81 პირის მიმართ 23 სისხლის სამართლის საქმეზე. ამჟამად, აღნიშნული სახის დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება მიმდინარეობს 5 პირის, კერძოდ: დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას, რომან შამათავასა და გიორგი სამუშიას მიმართ”, - ნათქვამია დასკვნაში.
კომიტეტის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცედურები პოლიტიკური ოპონენტების ვალერი გელაშვილის (2006 წლის ივნისი), კობა დავითაშვილის (2007 წლის 7 ნოემბერი), ზურაბ აბაშიძის (2009 წლის 15 ივნისის), მურმან დუმბაძის, ლუკა კურტანიძის (2011 წლის 26 მაისის) და სხვა პირთა მიმართ განხორციელებული ძალადობის , სასტიკი და არადაამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
დასკვნაში ასევე საუბარია იმ საჯარო მოხელეების შესახებ, რომელთა მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი: 1.ჯონი ივანიშვილი - სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების ინსპექტორი, შემდგომ დირექტორის მოადგილე; 2. ვლადიმერ კაპანაძე, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსი; 3. ვაჟა ცხვედიანი - სასჯელაღსრულების N16 დაწესებულების დირექტორის პირველ მოადგილე (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი); 4. დავით მუმლაძე - სად-ის N16 დაწესებულების დირექტორის მოადგილე; 5. იონა ლუტიძე, სად-ის N16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი; 6. გიორგი ჯღარკავა, სად-ის N16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი; 7. თემურ ყორშია - სად-ის N16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი; 8. მეგის ქარდავა - შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 9.ამირან ჯანაშია - სად-ის ზუგდიდის N4 დაწესებულების დირექტორი; 10. რომეო როგავა - ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი; 11. დიმიტრი ჯიჭონაია - სად-ის ზუგდიდის N4 დაწესებულების დირექტორის მოადგილე; 12. გაგა ლიპარტელიანი _სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი; 13. ირაკლი ამირანაშვილი - სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი; 14. დავით ნარსია - სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი; 15. ზურაბ რუხაია - სად-ის მე-2 დაწესებულების დირექტორი; 16. ნიკა ვახტანგიშვილი - სად-ის მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი; 17. ბაჩანა ახალაია - სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 18. დავით ჭაკუა - სად-ის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსი; 19. რევაზ ჭარბაძე - სად-ის უსაფრთხოების სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსი; 20. ალექსანდრე მუხაძე - სად-ის N8 დაწესებულების დირექტორი; 21. ოლეგ ფაცაცია - სად-ის N8 დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების უფროსი; 22. ვიქტორ ყაჭეიშვილი - სად-ის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი;
”წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2004-2012 წლებში საქართველოში გავრცელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, გარდა სასჯელაღსრულების სისტემის სხვადასხვა დაწესებულებების დირექტორებისა და მათი მოადგილეებისა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორიცა - ყოფილი პრემიერმინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ყოფილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე და სხვ.”, - ნათქვამია დასკვნაში.
კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ 2012 წლის 18 სექტემბერს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. ,,ციხის კადრებმა’’, რომლებიც ასახავდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც განაპირობა სამუშაო ჯგუფის შექმნა. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ კომიტეტში შემოსული განცხადებების შესწავლასა და ანალიზს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ შეფასებებს, სტატისტიკას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს.
სამუშაო ჯგუფი წინამდებარე ანგარიშს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში; დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-aqveynebs.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo