"ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საკანონმდებლო პროცედურა დაგეგმილი განრიგის მიხედვით მიმდინარეობს"საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დარჩენილი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ამჟამად მიმდინარე განხილვებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან ხელშესახები სარგებელი იქნება თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის.
"ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიერ ცალსახად დადებითად ფასდება.
ამასთან, აღინიშნა, რომ საკანონმდებლო პროცედურა საქართველოს საკითხზე დაგეგმილი განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.
ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების შესახებ მსჯელობა გრძელდება. 10 ივნისს, საქართველოს საკითხს განიხილავს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო".
http://pia.ge/show_news.php?id=69766&lang=geo