ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა...
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, -
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ... ოჰ... ოჰო - თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა, - ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
- წვიმა არ არის! -
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არის!-
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
- ყინვა არ არის! - სულხან - საბას აკანკალებს
- რამ დაასველა?!
- რამ დაათეთრა?!
- რა აკანკალებს?! -
საქართველოა მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც, და ყინვაც!
... მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულხან - საბავ, თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, -
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, -
სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),
რამდენს აფასებ მაგ პატარას? - ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! -
წარმოსთქვა ბალღმა, - ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?
საბას ცრემლები მოეძალა, - ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი, - საქართველოც, - ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან...
საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო, - სასაცილოა!..
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!
მუხრან მაჭავარიანი
სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა საქართველოში.
იმ ხანად, ქართველები ყიზილბაშებისაგან მრავალ უზნეობას სწავლობდნენ, ხალხი გადაგვარების გზას ადგა. ამიტომ უპირველესი ამოცანა ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო
http://genia.ge/?p=16039 ამ ლინკზე გადადით და საინტერესო პარალელების გავლებას შესძლებთ
სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი საფრანგეთის მეფესთან…