SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай

        
ჯგუფი: Members
წერილები: 57418
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01
|
#46933786 · 6 Feb 2016, 17:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველო. ვითარება. საფრთხეები. გამოსავალი მოსაზრება (6.02.2016)
ესაუბრა სოსო მანჯავიძე
(დასასრული. დასაწყისი "რეზონანსის" წინა ნომერში)
დასავლეთი, ანუ აშშ-ევროკავშირი და საქართველო
აშშ-ის მსოფლიო ძლევამოსილ იმპერიად გადაქცევის გზაზე განსაკუთრებული მნიშნელობის იყო მონროს დოქტრინა და მისი განხორციელება. 1823 წელს პრეზიდენტმა მონრომ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ურთიერთჩაურევლობის დეკლარაცია გააკეთა და ქვეყნის აღმავალი ძლიერება ამერიკის კონტინენტზე მერიდიანული ექსპანსიისაკენ მიმართა.
ზესახელმწიფოდ ქცევის გზაზე მეორე ეტაპი იყო განედური ექსპანსია, ანუ მისი გავლენის ევრაზიის კონტინენტზე გადატანა. ამერიკის ექსპანსია ემყარება გენერალ მაკკელანის დამუშავებულ "ანაკონდას სტრატეგიას", რისი შინაარსიც მტრული ტერიტორიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ბლოკირებაში მდგომარეობს და რასაც მოწინააღმდეგის სტრატეგიულ გამოფიტვამდე მივყავართ.
ეს სტრატეგია გამოყენებულ იქნა აშშ-ს 1861-1865 წლების სამოქალაქო ომში. ადმირალმა ა. მეჰენმა აღნიშნული სტრატეგია მსოფლიო მასშტაბებს მოარგო და თავის ნაშრომებში დასახა ის სტრატეგიული მიზნები, რითაც აშშ-ს ზესახელმწიფოდ გადაქცევისათვის უნდა მიეღწია. ნაშრომში - "ამერიკის დაინტერესება საზღვაო ძალით" მეჰენმა აშშ-ს, როგორც საზღვაო იმპერიის მოწინააღმდეგედ ევრაზიის კონტინენტალური სახელმწიფოები: რუსეთი, ჩინეთი და გერმანია დასახა. ამ სტრატეგიას აშშ წარმატებით იყენებდა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში და იყენებს ახლაც.
მეორე მსოფლიო ომამდე მსოფლიოში მრავალი გეოპოლიტიკური პოლუსი იყო. პოტსდამის ხელშეკრულებამ ძალთა ორპოლუსიანი ბალანსი დააფიქსირა. ეს იყო კონტინენტალური ძალა, საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირების სახით და საზღვაო ძალა - აშშ და მისი მოკავშირეები.
ორპოლუსიანი მსოფლიოს ეპოქა საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1991 წლამდე გრძელდებოდა, რასაც მოჰყვა კაცობრიობის ისტორიაში მანამდე უპრეცედენტო, ერთპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება, ცენტრით ვაშინგტონში. ამერიკელი გეოსტრატეგების იმედის მიუხედავად, სულ რაღაც 15 წელიწადში ვითარება კარდინალურად შეიცვალა და მსოფლიო კვლავ მრავალპოლუსიანი მოწყობისკენ მიდის. ამგვარი სწრაფი გეოპოლიტიკური ცვლილების მიზეზია აშშ-ს პრეზიდენტების, განსაკუთრებით კი ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის შეცდომები.
სოსო ჯაჭვლიანის აზრით, სწორედ ბუშის ადმინისტრაციის შეცდომების გამო აშშ-მ მრავალი მიმართულებით უკან დაიხია. ის ასე აღწერს ვითარებას:
ა) ერაყის განადგურების შედეგად სპარსეთის ყურეში დომინანტი ირანი გახდა;
ბ) უკმაყოფილო ევროპა;
გ) ისლამური სამყაროს სიძულვილის ზრდა დასავლეთის მიმართ;
დ) მზარდი არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში;
ე) ძალზე გაბრაზებული რუსეთი;
ვ) ატომური იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევა;
ზ) ანტიამერიკული ტალღა ლათინურ ამერიკაში;
თ) იაპონიის იზოლაციის ზრდა აზიაში;
ი) ჩინეთის მიერ აღმოსავლეთ აზიის თანამეგობრობის ორგანიზება;
კ) პოლიტიკურად არამდგრადი პაკისტანი, რომელიც ატომური არსენალითაა შეიარაღებული.
ამერიკელი სტრატეგების განსაკუთრებით დიდ შეცდომად მიგვაჩნია ის, რომ ბუშის ადმინისტრაციას გამორჩა და ვერაფრით შეუშალა ხელი რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული დაახლოების პროცესს. სოსო ჯაჭვლიანი თავის წიგნში,(პრეზენტაცია ივლისის ბოლოს გაიმართება) "კიდევ ერთი შანსი" იძულებულია აღიაროს - "ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის მზარდი როლი და რუსეთის აღორძინების პროცესი ახალ ელემენტს ქმნის გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგებაში. იგი ღიად არ არის მიმართული აშშ-ის წინააღმდეგ, როგორც ჩინეთ-საბჭოეთის ალიანსის დროს იყო, მაგრამ მას საფუძველში რეგიონული ინტერესების თანხვედრა უდევს და განპირობებულია საერთო სურვილით (რაც ღიად არ არის გაცხადებული), შეაფერხონ ამერიკის გავლენის გავრცელება".
აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის ერთ მეტად მნიშვნელოვან შედეგს. კერძოდ, ამ ომმა, ერთის მხრივ, დააჩქარა აშშ-ის ავტორიტეტის დაქვეითება და, მეორეს მხრივ, გაზარდა რუსეთის რწმენა საკუთარ ძალებში, რაც ნატო-ს სტანდარტების ჯარის უმოკლეს დროში დამარცხებამ და საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) რუსული სამხედრო ბაზების შექმნამ განაპირობა.
აშშ-ის გლობალური გავლენის შემცირება არა მარტო ამერიკის ადმინისტრაციების შეცდომების შედეგია. მიზეზები გაცილებით ღრმაა. ჩვენ შევეცდებით, ამ მიზეზებზე დაწვრილებით გიამბოთ:
1. ხშირად აშშ-ის საგარეო პოლიტიკა პირდაპირი ვაჭრობის საგანია. საქმე ეხება ლობიზმის ინსტიტუტს, რომელიც კანონმდებლობითი პროცესის ნაწილი გახდა. ეს არის ოფიციალური კორუფცია აშშ-ის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, რომელიც ამავე ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. გავლენიანი ინტერესთა ჯგუფები, როგორიც არის ებრაული, სომხური, კუბური, ბერძნული, უკრაინული და ასე შემდეგ, მოიპოვებენ კონგრესმენთა მხარდაჭერას, თავიანთი განსაკუთრებული მიზნებისათვის, რაც ხშირად არ ემთხვევა აშშ-ს სახელწიფოებრივ სტრატეგიასა და მიზნებს. უფრო მეტიც, ლობირების ინსტრუმენტის გამოყენება აქტიურად დაიწყეს ჩინურმა, ინდურმა და რუსულმა ლობმა, რომელთაც განუსაზღვრელი ფინანსური რესურსები გააჩნიათ, რათა ზემოქმედება მოახდინონ როგორც ცალკეული შტატების საკანონმდებლო ორგანოების, ასევე კონგრესის მოღვაწეობაზე, უკვე გარედან და არა დიასპორიდან - შიგნიდან.
მაგალითად, რუსეთი, თავისი სანავთობო, ენერგეტიკული ინტერესების დასაკმაყოფილებლად ქირაობს ლობისტურ კომპანიებს, ასპონსორებს კვლევით ინსტიტუტებს, რუსეთისათვის მისაღები საკანონმდებლო აქტების ინსპირაციისათვის, რაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში გარედან ჩარევის მექანიზმია.
იგივეს აკეთებენ ჩინეთი და ინდოეთი. უკანასკნელ ხანებში ასეთი საკანონმდებლო ინიციატივები საკმაოდ მომრავლდა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებზე და რამაც გამოიწვია ამერიკელი ექსპერტების შეშფოთება. იხილეთ ჰენრი კისინჯერი ("უნდა ამერიკას საგარეო პოლიტიკა?!") და სოსო ჯაჭვლიანი ("კიდევ ერთი შანსი" და "არჩევანი").
ამჟამად აშშ მსოფლიოს შრომისა და რესურსების უმნიშვნელოვანესი მომხმარებელია. გლობალიზაციის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ მიერ მოხსენიებული მონდიალისტური ორგანიზაციები მსოფლიოზე ფინანსურ-ეკონომიკური გავლენის შენარჩუნებისა და გაღრმავებისთვის იყენებენ, სწორედ აშშ-ში კონცენტრირებულ უდიდეს ფინანსურ რესურსებს და ტრანსნაციონალური კორპორაციების სისტემას ეფუძნება. თუმცა, როგორც აღვნიშნავდით, მონდიალისტებისთვის არ არსებობს ნაციონალური სახელმწიფოს იდეა და აშშ-ის ინტერესები იმდენად არის გათვალისწინებული მათ მიერ, რამდენადაც ემთხვევა მათ მიზნებს.
არსებული გლობალური ფინანსური სისტემა ფაქტობრივად სრულად არ არის უზრუნველყოფილი, რადგან ფინანსური კაპიტალი "მოწყვეტილია" საწარმოსგან და თავისი ბუნებით სპეკულატურია. ამას აღნიშნავს პ. კრუგმანი თავის წიგნში "დეპრესიული ეკონომიკის დაბრუნება", ე. ვედუტი წიგნში "სახელწმიფო ეკონომიური სტრატეგიები", ლ. ლარუში სტატიაში "დღევანდელ სისტემას ვერაფერი ვერ უშველის".
ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ფულადი სპეკულაციებისთვის მოზიდული თანხები ოცდაათჯერ აღემატება გასაყიდი საქონლის ღირებულებას მომსახურებითურთ. გაზეთ "ჰარვარდ ბიზნეს რევიუს" შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკაში ყოველ დოლარზე მოდის 20-50დოლარამდე ფინანსურ სფეროში მბრუნავი დოლარი. სწორედ ეს არის ფინანსური ბუშტის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი.
დისპროპორცია ამერიკული ეკონომიკის იმ სექტორში, რომელიც დაკავშირებულია უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამული პროდუქციის წარმოებასა და დანარჩენი ტრადიციული პროდუქციის წარმოებას შორის, შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. ინფორმაციული ტექნოლოგიების წარმოების სექტორში მიღებული ზემოგებები მკვეთრ დისონანში მოდის შემცირებულ რენტაბელობასთან ამერიკულ მრეწველობაში.
ეს ტენდენციები ქრონიკულია და არ იცვლება. ე. წ. გლობალური კრიზისი და მსოფლიოს "ფინანსური ბუშტი" პერიოდულ სახეს იღებს.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ აშშ-ის გლობალური სტრატეგია, მათ შორის ფინანსური, საინფორმაციო ზემოქმედების ტექნოლოგიებს ეფუძნება და გათვლილია ვირტუალურ-ილოზურულ ეფექტებზე რეალურის ალტერნატივად, რაც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ფაქტია ის, რომ ამჟამად აშშ-ის ეკონომიკის ხვედრითი წილი განუზომლად მცირდება და ეს პროცესი შეუქცევადია. კერძოდ: 1945 წელს 51% იყო, 2000 წელს 24 და ამჟამად 19%-ია.
განუწყვეტლივ იზრდება აშშ-ს სახელმწიფო ვალი:
1980 წელს - 909,4 მილიარდი დოლარი - მშპ-ს 33,4%;
2000 წელს - 5628,7 მილიარდი დოლარი - მშპ-ს - 58,0%;
2010 წელს - 1431,0 მილიარდი დოლარი - მშპ-ს 96,5%.
ასევე იზრდება აშშ-ის კრედიტორების ვალი. 2011 წლისათვის მას ასეთი სახე ჰქონდა: ჩინეთი - 1159,8 მილიარდი დოლარი, იაპონია - 912,4 მილიარდი დოლარი, დიდი ბრიტანეთი - 346,5 მილიარდი დოლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ფინანსური და ეკონომიკური ხვედრითი წილის შემცირება მსოფლიოში მისი გეოპოლიტიკური გავლენის შემცირების ადეკვატურია. ამის კომპენსაციას აშშ სამხედრო ხარჯების გაზრდით ცდილობს. კერძოდ, 2012 წელს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტმა 662 მილიარდი დოლარი, ანუ მსოფლიო მაჩვენებლის ნახევარზე მეტი შეადგინა.
გაიზარდა ამერიკული ჯარების ყოფნა მსოფლიოში, რამაც ანტიამერიკანიზმის მძლავრი ტალღა გამოიწვია. ჯაჭვლიანის მიერ ჩამოთვლილი 20 ძირითადი ნაკლოვანებიდან, რომელიც აშშ-ს ხელს უშლის, იყოს მიმზიდველი მსოფლიოსათვის, 9 მაჩვენებლი შემცირდა და რეგრესული ტენდენცია აქვს.
აშშ-სათვის დიდი პრობლემაა ის, რომ მან ვერ შეძლო, შეექმნა ერთიანი ამერიკული მოქალაქე, ერთიანი ენით მაინც. აშშ-ს მხოლოდ 28 შტატშია სახელმწიფო ენად ინგლისური. ყოველი ცდა, რომ ოფიციალურ ენად ინგლისური გამოცხადებულიყო, მარცხით დამთავრდა. მეტიც - სამხრეთ შტატებში ესპანური ენა ადამიანის სამსახურში მოსაწყობად სავალდებულოა. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება მიმდინარე საუკუნის შუა წლებისათვის ჩინური და ზოგიერთი სხვა ენისთვისაც.
ასევე პრობლემაა შუა ფენის კრიზისი. ამერიკელი მოქალაქე აშშ-ს სახელმწიფოს შემკვრელი დუღაბი მხოლოდ სტაბილური შუა ფენის არსებობის შემთხვევაში იქნება. სწორედ აღნიშნული შუა ფენის გაღარიბება გააძლიერებს დამშლელი ცენტრიდანული ძალების მოქმედებას.
ზემოჩამოთვლილი ფინანსურ-ეკონომიური, სოციალური თუ სხვა პრობლემების გაღრმავების გარდა, აშშ-ის, როგორც მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერის, როლის დაქვეითებას კიდევ უფრო მძლავრი ფაქტორები განაპირობებენ.
კერძოდ, აშშ-ის ჩამოყალიბებამ ერთადერთ ზესახელმწიფოდ გამოიწვია მისი ამოვარდნა ძალთა ბალანსიდან. ამან წარმოშვა ის "ვაკუუმი", რამაც გამოიწვია მისი უკუქცევა, მეორეს მხრივ, ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში გადაჯგუფდნენ ძალები,რომელთა ბუნებრივ სურვილს აშშ-ის დაბალანსება წარმოადგენდა. აქ საქმე ეხება ძალთა ბალანსს, როგორც გეოპოლიტიკის მნიშვნელოვან კატეგორიას და მის მიმართებას გეოპოლიტიკის მთავარ, ე.წ. "ფუნდამენტალური დუალიზმის" კანონთან.
"გარე ზემოქმედება,რომელსაც სისტემა წონასწორობიდან გამოჰყავს, მასში ისეთ პროცესებს იწვევს,რომლებიც ზემოქმედების რეზულტატის შემცირებას ცდილობს. სისტემაში ყოველთვის წარმოიქმნება თანამდევი პროცესები, რომლებიც ცდილობენ, დააბრუნონ ის წონასწორობის მდგომარეობაში", - ასეთია ლე-შატლეს პრინციპი.
ნათელი ილუსტრაცია ამ პრინციპების გეოპოლიტიკურ რეალობაში მოქმედებისა არის ის, რომ ყველა პარამეტრით დასუსტებული რუსეთი (მოსახლეობა,ეკონომიკა,სამხედრო ძლიერება და ა.შ.) იწყებს აღმასვლას და ამყარებს სტრატეგიულ კავშირს ჩინეთთან.ამ კავშირმა შექმნა დამაბალანსებელი ძალები,რომლებმაც მსოფლიო ბიპოლარულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.ეს მდგომარეობა (აშშ-დასავლეთი რუსეთ-ჩინეთის ტანდემის წინააღმდეგ). ძალიან ჰგავს "ცივი ომის" დროინდელ ვითარებას, რომლის ლოგიკური გაგრძელება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს რეალური ჩამოყალიბება იქნება. ამავე კანონზომიერების მუშაობის შედეგია აშშ-ის გამოდევნის დასაწყისი ცენტრალური აზიიდან,მისი შევიწროება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მზარდი პრობლემები ახლო აღმოსასავლეთთან და ირანთან.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამხედრო ხარჯების მოცულობითა და ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩინეთმა, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის ადგილი დაიკავა, ამერიკელი სტრატეგები მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მაინც რუსეთს მიიჩნევენ, ვინაიდან რუსეთი ფლობს ევრაზიის ცენტრს, რესურსებსა და უზარმაზარ ბირთვულ არსენალს.
რუსულ-ჩინური ტანდემის დაბალანსებას აშშ ჯერჯერობით ახერხებს ევროკავშირთან გეოპოლიტიკური ერთობის მეშვეობით. საქართველოსთვის ევროკავშირი, როგორც მხარე, განიხილება აშშ-სთან ერთად.შესაბამისად,ევროინტეგრაცია, გამომდინარე საქართველოს გეოპოლიტიკური პარამეტრებიდან, ორმაგ დაქვემდებარებაში ყოფნას ნიშნავს.
თეორიულად, საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალი, რასაკვირველია,ევროკავშირში გაერთიანება და ნატოში შესვლა იქნებოდა,ვინაიდან ჩვენ მართლაც ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. სუვერენიტეტის ზოგიერთი ბერკეტის გადაცემა ამ კავშირისათვის არ იქნებოდა ტრაგედია, ვინაიდან ევროკავშირის სხვა წევრებსაც აქვთ გადაცემული სუვერენიტეტის ნაწილი, თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად, ვინაიდან ჩვენ გვაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები და რეგიონში უძლიერეს ძალად კვლავ რჩება საქართველოსთან ურთულეს დაპირისპირებაში მყოფი რუსეთის ფედერაცია.
ევროკავშირისაკენ გადადგმული ნებისმიერი რეალური ნაბიჯი რუსეთის მიერ იმპერიული ინსტრუმენტების ამოქმედებას გამოიწვევს, რისი მაგალითებიც უხვად გვაქვს. ესაა "მცოცავი ექსპანსია", მუქარა და ქვეყნისათვის დამანგრეველი საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ინსპირაცია.
რუსეთის შედარებითი პასიურობა საქართველოს მიმართულებით დროებითია და განპირობებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებით, რომელზეც გადის დასავლეთსა და რუსეთ-ჩინეთის ტანდემს შორის ბრძოლის წინა ხაზი.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ დაპირისპირებაში რომელიმე,განსაკუთრებით რუსული მხარის გაღიზიანებას, რასაც წარმატებით ახერხებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები უკრაინაში, შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს საქართველოსთვის.
ევროკავშირს სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისაგან საქართველოს დაცვა არ შეუძლია. იგი თვითონ მნიშვნელოვანწილად ენერგომატარებლების რუსეთისგან იმპორტზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი დღეს აშშ-სთან ერთად მოქმედებს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ მათ ერთიან ფრონტს ბზარი გაუჩნდა. ევროკავშირი თავისი ეკონომიური პოტენციალით აღემატება აშშ-ს, თუმცა იგი მეტად მოუქნელი და ძნელად სამართავი ამორფული გაერთიანებაა, მისი სისუტის გამოხატულებაა აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფნა ევროპაში და მისი დომინირება ნატოში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბერლინ-პარიზის ღერძი მუდმივად ცდილობს, თავი დააღწიოს აშშ-ის დომინირებას, თუმცა ეს ამოცანა კვლავაც მიუღწეველი რჩება.
აშშ-ის ერთ-ერთი გეოსტრატეგიული მიზანია, ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების შესუსტება და ევროს გაუფასურება, რათა მისი მუდმივი ყოფნის საჭიროება ევროპაში უალტერნატივო გახადოს. უნდა ითქვას, რომ ამ ამოცანას აშშ წარმატებით ართმევს თავს ჩვენ მიერ ზემოაღწერილი ინკუბატორიდან "გამოჩეკილი" კადრების ხელისუფლებაში მოყვანის მეშვეობით.
ევროკავშირს მნიშვნელოვნად ასუსტებს ემიგრანტების ინტესიური შემოდინება, რაც გამოწვეულია, ერთის მხრივ, ევროპის მოსახლეობის დაბერებით, მეორეს მხრივ, ეკონომიკის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებელი ახალგაზრდობის უკმარისობით.
ეს სხვაობა ბალანსდება თურქების, არაბების, აფრიკელების და აღმოსავლეთ ევროპის ემიგრანტების ხარჯზე, ემიგრაციამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ მათი კულტურულ-ენობრივი ასიმილაცია ვერ ხერხდება. იქმნება უცხო ენებზე მოსაუბრე ეთნიკური და რელიგიური დიასპორები,რომლებიც მომავალში ევროპას სეპარატიზმს და დეზინტეგრაციას უქადის.
სტრატეგიული ცენტრებისა და გეოპოლიტიკოსების პროგნოზებით, ევროკავშირს არც თუ სახარბიელო მომავალი ელოდება, თვალსაჩინო გეოპოლიტიკოს ჟ. ატალის (ფ. მიტერანის მრჩეველი) აზრით, მსოფლიო სისტემაში იცვლება ძალთა თანაფარდობა, შტატებში არის უძრაობა, ევროპაში დაქვეითება, ხოლო აზიაში აღმავლობა.
ატალის აზრით, ევროკავშირი ბევრს ვერაფერს მიაღწევს საერთო ეკონომიკური სივრცის გარდა,ის ვერ შეძლებს ეფექტური პოლიტიკური, სოციალური და სამხედრო ინსტიტუტების შექმნას.
მოსალოდნელია, რომ ბერლინი-პარიზის ღერძის ისტორიული-გეოპოლიტიკური ამბიციები გაღვივდება და ევროკავშირი მათ ნეიტრალიზებას აშშ-ის სასარგებლოდ ვეღარ შეძლებს.
ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის პარაფირება დადებით შედეგს ვერ მოიტანს, მისი ეფემერული ხასიათისა და რუსეთის მოსალოდნელი მძაფრი რეაქციისაგან საქართველოს დაცვის მექანიზმების არარსებობის გამო.
ქართველ საზოგადოებაში განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს მორალური ხასიათის შეუთავსებლობა ტრადიციულ რელიგიურ მსოფლმხედველობასა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების თანამედროვე ევროპულ ინტერპრეტაციას შორის.
სწორედ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების მოთხოვნა შეიძლება გახდეს ძირითადი მიზეზი ქვეყანაში ანტიევროპული განწყობილების გაღვივებისა.
ქართველი საზოგადოებისთვის გაურკვეველია აგრეთვე, როგორ პოზიციას დაიკავებს ევროკავშირი თურქულ ექსპანსიონიზმთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით აჭარაში.
ზემოთ მოყვანილი ფაქტორები ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციას საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს.
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
|