პელეთა დოღი
ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება - საგარეო უწყება ლუცენკოს განცხადებაზე
15 ივნისი 19:14
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან გიორგი ნაზაროვთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები და მიმდინარე აქტუალური საკითხები.
მათ შორის, ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი მიმდინარე წლის 14 ივნისს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთერთ გადაცემაში უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებების გამო, რაც წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
„შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არ შეესაბამება თავად ამ გადაწყვეტილების შინაარსს, რაც შესაძლოა გამოიწვია გენერალური პროკურორის არაინფორმირებულობამ, შედეგად კი მის მიერ მოხდა საქმის არასწორი შეფასება, ეს კი ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თავის მხრივ, ბატონმა ნაზაროვმა განაცხადა, რომ მას უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ინფორმაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იგი საქართველოს პოზიციას დაუყოვნებლივ აცნობებს კიევს.
http://news.ge/ge/news/story/184117-qartul...-gantskhadebaze