პოსტი იდება ვაშლიჯვრის მეორე ზონის მაცხოვრებელთა ნაწილის თხოვნით
(სამწუხაროდ მეორე ნაწილს ისევე როგორც, ალბათ მთელ ქალაქს ეს პრობლემები ფეხებზე კიდია)

თბილისის ურბანული გენოციდი გრძელდება, ამჯერად ვაშლიჯვარში. გუშინ სპეცტექნიკით მიადგნენ და დაიწყეს მთის ფერდობის ჩამოჭრა მეორე ზონაში, ეს დანაშაული ამ დრომდე მიმდინარეობს!
რა თქმა უნდა, აქვთ თბილისის მკვლელების, არქტიტექტურის სამსახურის ნებართვა!
წლების მანძილზე, ვაშლიჯვარში, მეორე ზონის ერთდროულად რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა, ამ ტერიტორიაზე ითხოვდა დასასვენებელი პარკისა და ბავშვებისთვის სტადიონის მოწყობას. ასევე საბავშვო ბაღის აშენებას, რაც უდიდესი პრობლემაა ამ რაიონში.
გიგი უგულავას მერობის დროს იყო პასუხი რომ ეს ტერიტორიები „ადრეა გაყიდული და ეს შეუძლებელია“.
დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ, გაირკვა რომ თურმე, ნაწილი ამ ტერიტორიებისა სახელმწიფოს ბალანსზეა.
მოსახლეობა მოითხოვდა რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა მომხდარიყო არსებულ ეკო-სისტემასთან ჰარმონიზაციაში, მთის დაუზიანებლად, რაც ასევე იძლეოდა საშუალებას რომ მიმდებარედ დიდი დასასვენებელი პარკი და სტადიონები მოწყობილიყო, აქ მცხოვრები ბავშვებისთვის.
წინასაარჩევნოდ, მოსულმა დავით ნარმანიამ დაპირება გასცა, რომ ვაშლიჯვარში სატრანსპორტო კოლაფსის პრობლების მოგვარების პარალელურად, ამ პრობლემასაც ბავშვების სასარგებლოდ გადაწყვეტდა.
ამის ნაცვლად, 2015 წლის ზაფხულში, ზუსტად ამ ტერიტორიაზე მოულოდნელად გაჩნდა ბანერები, რომ კომპანია „ან.ან.კომპანი 777“ 7-8 სართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს. საბავშვო ბაღის პროექტი „გვერდზე“ გადაისროლეს და უკვე არსებულ და ასეშენებელ კორპუსებს შორის „ჩააკვეხეს“.

„ან. ან კომპანი 777“ საჯარო რეესტრის მონაცემებით დაარსდა 2015 წლის აპრილში, უკვე მაისში, მშენებლობის ნებართვა მიიღო მერიისგან. მისი მეპატრონეა, ვინმე, 1987 წელს დაბადებული, ანა ქოჩიშვილი, რომელიც თბილისში, მუხიანში, IVა მიკროს, 11 ბ კორპუსის 33-ე ბინაში ცხოვრობს და „ან. ან კომპანი 777“-ის იურიდიული მისამართიც იგივეა. ვინ დგას ამ პიროვნების და „კომპანიის“ უკან გაურკვეველია.
მოსახლეობა იძულებული გახდა შეგუებოდა აქ ერთი კორპუსის მშენებლობას: ყოველდღიურ აუტანელ ხმაურს, მტვერს, (აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მოედანი სპეციალური ღობითაც კი არ არის შემოსაზღვრული). მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აქ მხოლოდ ერთი კორპუსი შენდება, გვერდით დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა, გაჩნდა იმედი რომ ეს ტერიტორია ოდნავ მაინც გამწვანდებოდა მშენებლობების დასრულების შემდეგ.
გუშინ, გაირკვა, რომ თურმე „ან. ან კომპანი 777“-ის მერიისგან აქვს მეორე კორპუსის მშენებლობის ნებართვაც. დაახლოებით, 20 მეტრში, მშენებარე კორპუსიდან ზედ მთის კალთაზე!

გუშინვე, საღამოს სპეცტექნიკით დაიწყეს მთის მოჭრა, ეს პროცესი მთელი დღეა გრძელდება! მერიაში ამ დრომდე ვერ გავარკვიეთ ჰქონდა თუ არა ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი ან, თუ ჰქონდა, როდის მოეხსნა. თან ეს ახალი მახინჯი კორპუსი, მთლიანად უფარავს, ვაშლიჯვრის მეორე ა ზონის, მეორე კორპუსის მაცხოვრებლებს მთის ხედს.
თბილისის ურბანული მკვლელების დახმარებით, ვაშლიჯვრის მეორე ზონის ტერიტორიაზე, რომელზეც თავისუფლად შეიძლებოდა ბავშვებისთვის დასასვენებელი პარკი, სტადიონი და საბავშვო ბაღი არსებული ეკო სისტემის დაცვით აშენებულიყო, მოიჭრა მთა, დაიღვა ეკოსისტემა, შენდება ორი მახინჯი კორპუსი და პლუს, საბავშვო ბაღიც, რომელიც ამ კორპუსებს შორის არის გამოკეტილი.
ამ ქალაქში ადამიანი არავის ადარდებს.

სად თამაშობენ წლებია ჩვენი ბავშვები = დღევანდელი ფოტოა