მოკლედ რომ ვთქვა, ერთ პერიოდში სამოგზაუროდ წავედი ქვეყნიდან და ვფიქრობდი, რომ ქვეყნიდან სამოგზაუროდ წასვლა უპირველეს ყოვლისა, უნდა დამეგეგმა, მაგრამ არ უნდა დამეგეგმა ისე, რომ ეს გეგმა ყოფილიყო მოუწესრიგებელი. თუ კარგად დაუკვირდებით, თვითონ ის იდეა, რომ გეგმა უნდა მოწესრიგებული იყოს, ძალიან უინტერესო ჩანდა ჩემთვის, მაგრამ ამის მიუხედავად (ალბათ რაიმე მიზეზი მექნებოდა ხო?) გადავწყვიტე რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც ჯერ არს.
ასე რომ ვფიქრობდი იმ ყველაფერზე, რაც ზემოთ დავწერე და თან ჩემ ბოთლს ვათვალიერებდი, რომელიც იყო წლის.
წყლის ბოთლი თავის თავში მოიცავს იმას, რომ წყალია მასში ჩასხმული-მეთქი, მომივიდა აზრად ამ დროს და გავაგრძელე სხვა ყველაფრის კეთება, რაც წყალთან არ იყო კავშირში.
ბევრი დრო გავიდა და ამასობაში წყლის ბოთლი გამოიცალა, ვინაიდან ის წყალი, რომელიც ბოთლში იყო ჩასხმული, დავლიე.
ასე რომ კარგად დააკვირდით ახლა აქ რა ხდება.
-მე მაქვს წყლის ბოთლი, რომელშიც წყალი არ არის ჩასხმული.
-ამავდროულად, მე უკვე ნაფიქრი მაქვს იმაზე, რომ წყლის ბოთლი აუცილებლად ისეთი ბოთლია, რომელშიც წყალია ჩასხმული.
ეს ორი კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და დაუშვებელი იყო ასე დამეტოვებია ყველაფერი.
2 არჩევანი მქონდა სულ.
პირველი არჩევანი: უნდა შემეცვალა აზრი და მეთქვა, რომ წყლის ბოთლი ისეთი ბოთლი არ არის ა პრიორი, რომელშიც წყალია ჩასხმული. ასეთ შემთხვევაში, კარგად დააკვირდით რა ხდება: ისეთი ბოთლი, რომელშიც კოკაკოლაა ჩასხმული, შეიძლება წყლის იყოს. ისეთი ბოთლი, რომელშიც თქვენმა მეგობრებმა არწყიეს, როდესაც ნასვამები იყვნენ - წყლისაა.
დაბრკოლება სახეზეა და სამწუხაროდ ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზაზე მიმითითებდა არსებული რეალობა. მეორე არჩევანზე უნდა შევჩერებულიყავი.
მეორე არჩევანი: ლეგენდის თანახმად, როდესაც იუვენტუსის გულშემატკივრები არ არსებობდნენ, მაშინ არც დინამოს გულშემატკივრები არსებობდნენ. ასე რომ ლეგენდის თანახმად, თუ შენ იმ დროს, როცა იუვენტუსის ფანობას ვერ აირჩევდი, ვერც დინამოს ფანობას აირჩევდი. ამისაგან განსხვავებით კი, როდესაც მე ვერ ავირჩიე აზრის შეცვლა, (პირველ არჩევანზეა საუბარი - იხილეთ ზემოთ) შემეძლო ამერჩია აზრის უცვლელად დატოვება და იმ ფაქტის იგნორირება, რომ ბოთლი წყლისაგან დაიცალა. თითქოს ბოთლი წყლისაგან არ დაცლილა. რადგან ცხოვრება ოდნავადაც არ ჰგავს ლეგენდებს. ზუსტად ეს ავირჩიე და მერე ვინანე.
ისე ვინანე, თითქოს ცხოვრებაში ჯერ არაფერი მენანოს. ეს ისეთი სევდიანი იყო...
ამის შემდეგ კი მე თავს დავსუსვი კითხვა:
მაინც რა არის წყლის ბოთლი?ყველა ადამიანმა, ვინც ამას წაიკითხავს საკუთარ თავში ჩაიხედოს, საკუთარ თავს ჰკითხოს: რა არის წყლის ბოთლი და საინტერესოა რას მიხვდება არა?
ზოგი რასაც მიხვდება, საინტერესო არ არის.
ზოგი ვერაფერს ვერ მიხვდება
მე კი იმ აზრზე ვარ, რომ ყველაფერი ძალიან დიდი სისწრაფით მიდის სევდისაკენ.
წყლის ბოთლი:
- ბოთლი, რომელშიც წყალი არის ჩასხმული.
- ბოთლი, რომელშიც წყალია ჩასხმული, ან ესხა.
- ბოთლი, რომელიც განკუთვნილია წყლისათვის.
- ბოთლი, რომელშიც წყალი არის ჩასხმული, მაგრამ წყალთან ერთად არის ჩასხმული დინოზავრების შარდი
- ბოთლი, რომელშიც წყალი ესხა, მაგრამ ახლა არაფერია ჩასხმული
- ბოთლი, რომელიც განკუთვნილია წყლისათვის, მაგრამ დანიშნულებისამებრ არ იყენებენ
- ბოთლი, რომელიც არ არსებობს.
ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერი გავარკვიე, მაგრამ ეს ბოთლთან დაკავშირებული ამხელა სევდა მე უკვე მოვინელე, გადავიტანე კიდეც და ახლა უკვე ეს სევდა აღარ არსებობს, მაგრამ ვინ იქნება შემდეგი? ვინ იქნება შემდეგი ადამიანი, რომელიც წყლის ბოთლს ბოლომდე გაათავებს და დაეჭვდება?
იფიქრეთ ამაზე