http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=29676მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ისინი "ჰიბრიდული ომის" საწარმოებლად მზად არიან
ელზა პაპოშვილი
(23.06.2016)
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებები უკვე მოქმედებენ, რომლებიც ბრძოლის ხერხად, ამ ეტაპზე, საზოგადოების იდეოლოგიურ დამუშავებას იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რეზონანსს" კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აწვდის.
მისი თქმით, "ხალიფატმა" "ჰიბრიდული ომის" ფარგლებში თავისი ემისრების გააქტიურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც დაიწყო. კავკასიოლოგის განცხადებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ბოლო 4 თვის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ.
არეშიძის ინფორმაციით, "ხალიფატის" თანამოაზრეები საკმაოდ განათლებული და წარმატებული ადამიანები არიან. მისი თქმით, ისინი სხვადასხვა დაწესებულებაში, "ხალიფატის" იდეოლოგიის გამართლებას ცდილობენ. მსგავს აგიტაციას როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ახალგაზრდებთან ეწევიან, რომელთა გადაბირებასაც ძალიან მარტივად ახერხებენ.
ექსპერტის თქმით, საქართველოში არავინ არავის არ ააფეთქებს, მაგრამ ადამიანების იდეოლოგიურ დამუშავებას წარმატებით ახორციელებენ. მისი ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებას თვალსა და ხელს შუა გაეპარა ის ფაქტი, რომ თუ ადრე ფუნდამენტური ისლამის ბაზა მხოლოდ პანკისში იყო, ახლა ის საქართველოს უკვე ხუთ რეგიონში არსებობს."როგორც გავიგე, შთშთ-მა რაღაც დამატებითი ორგანიზაცია კიდევ შექმნა, თუმცა პოლიტიკური ისლამი უკვე ახალ რელსებზე გადადის, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით უპირატესობის მოპოვება, რაც ვერ გამოუვიდათ და ბოლო დროს ცუდ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ახლა კი იდეოლოგიურ ომზე გადავიდნენ. ამ ომის წარმოებას საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო დროს, თვალს უკვე ყოველდღე ვადევნებთ.
"ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამის შესახებ ყველაფერი იციან და ებრძვიან კიდევაც. ისინი განსაკუთრებული აქტიურობით სოციალურ ქსელებში გამოირჩევიან. მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის მათი მოქმედების მეთოდოლოგია. პირველი, ეს არის სოციალურ ქსელში აქტიურობა, მეორე ემისრების გაგზავნა სხვადასხვა რეგიონებში და ახალგაზრდებისგან ჯგუფების შექმნა, ხოლო მესამე მათი საზოგადოებაში ღიად გამოჩენა გახლავთ", - აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, ამ ადამიანებმა საზოგადოებაში საკუთარი მოსაზრებების დაცვა და ღიად გამოჩენა უკვე რამდენიმე თვეა, რაც დაიწყეს. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ "ისლამური ხალიფატი" მართალია. საზოგადეობაში ახლად გამოჩენილი ხალიფატის იდეოლოგიის დამცველები, კარგად განსწავლული, შუახნის ადამიანები არიან, რომლებიც ქართულ ენაზე ძალიან კარგად საუბრობენ. ისინი ისლამსა და ყურანს ბრწყინვალედ ფლობენ.
კავკასიოლოგის ინფორმაციით, ხალიფატის მომხრეები საქართველოში დიდ დაწესებულებებში, სადაც თავადაც გარკვეული ავტორიტეტებით სარგებლობენ, დაუფარავად ქადაგებენ. არეშიძის თქმით, ის ამ დაწესებულებების სახელების ჩამოთვლისგან თავს შეგნებულად იკავებს, რადგანაც თავადაც ვერ ხვდებიან, სააგიტაციო ასპარეზს ვის აძლევენ.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველო "ხალიფატის" ემისრებისთვის საკმაოდ ნოყიერ ადგილს წარმოადგენს, რადგანაც მუსლიმანური მიმდევრების, როგორც შიიტების, ასევე სუნიტების იდეოლოგიურად გადაბირებას ადვილად ახერხებენ.
მის თქმით, საქართველოში დღეს ტერორისტული აქტები აქტუალური არ არის, რადგანაც ასეთი ქმედებები მუსლიმანურ თემში უკვე აქტუალობას კარგავს და კონტრპროდუქტიული ხდება.
არეშიძის თქმით, ბრიუსელსა და საფრანგეთში ტერორისტული აქტები რომ არ მოეხდინათ, "ხალიფატის" ემისრები იქ მუშაობას ბევრად მშვიდად და უსაფრთხოდ გააგრძელებდნენ, მათ ევროპული ქვეყნების ხელისუფლების უყურადღებობით, წლების განმავლობაში ძალიან მძლავრი იდეოლოგიური ქსელები შექმნეს. ახლა კი ამ ტერაქტების შემდეგ ისინი სრულიად შეიზღუდნენ.
"მართალია, საქართველოში ევროპის მსგავსი ძლიერი იდეოლოგიური ქსელი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს ქვეყანაში არანაკლებ ძლიერ ბაზას შექმნიან. პირდაპირ გეუბნებით, რომ "ჰიბრიდული ომის" საწარმოებლად მომზადებული რაზმები უკვე საქართველოში არიან.
"შესაძლოა, ისინი სირიიდან არ ჩამოსულან, მაგრამ ეს არის ხალხი, რომელიც უკვე ვახსენე, როგორც მუშაობს. ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის არიან შეფარებული, ეს არის ჰუმანიტარული, საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებშიც თურქული, ეგვიპტური და საუდის არაბეთის ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
"როდესაც მსოფლიოსთან "ისლამურ ხალიფატს" ომი აქვს გამოცხადებეული, სირიიდან პატარა საქართველოსთვის სპეციალურ ჯგუფებს არ გამოგზავნიან. ისინი საკმაოდ ჭკვიანი ხალხია და ამისთვის მომხრეებს ადგილობრივ მუსლიმ თემში ეძებენ", - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ამ მხრივ ძალიან კარგად მუშაობენ. ის ხაზი, რომლითაც საქართველოდან სირიაში მებრძოლები მიედინებოდნენ, სრულიად გადაკეტილია. ვალესა და სარფის საგუშაგოები სრულიად კონტროლდება.
თუმცა ექსპერტის თქმით, ახლა ახალი მარშრუტი შეიქმნა, მებრძოლები კიევში ჩადიან და იქიდან თურქეთის გავლით სირიაში გადიან.
მისი თქმით, ასევე რთულია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანში გადასვლა აუკრძალო, რომლებიც ღმერთმა იცის, მერე სად მიდიან. არეშიძე ამბობს, რომ ასევე შეუძლებელია ქართველების სრულად გაკონტროლებაც, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ გადადიან.
უშიშროება, გეყურება?