ახლახანს შემთხვევით გადავაწყდი და გადავწყვიტე დამედო აქაც
სპოილერში ჩავსვამ ტექსტს, რომ დიდი ადგილი არ დაიკავოს გვერდზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1950 წლის გაზაფხულზე ისევ შატილის მხრიდან მოვიდა ხმა - ხახონა ჭინჭარაული და მისი ოჯახი ამოწყვიტეს ქისტებმაო. ხახონას მეც ვიცნობდი. იმისი შვილი ჩუა, ასაკით დიდი, ერთი წელი სწავლობდა ბარისახოში, მერე თქვეს, მშობლებმა ცოლი მოუყვანესო და აღარ გამოჩენილა. ხახონა წინა წლის შემოდგომაზე ვნახე ბარისახოში, კვირა დღეს, ცხენი მილიციის წინ მიება ღობეზე. მაღაზიაში ნაყიდ რაღაც-რაღაცეებს ისე აწყობდა ხურჯინებში, "სევეტე" ზურგზე ეკიდა. "ქისტისეულიაო", "იბისეულიაო", - ჩურჩულებდნენ შატილიონი ბალღები. ისეთი თოფი ხევსურეთში არავის ჰქონია და არც არავის ენახა. გრძელი ლულა ჰქონდა, ლულის გარეთ დაჩვრეტილი საფარი და ბრტყელი სავაზნე.
- ხახონა, მაგ შენი ქისტისეულით გაღმა იმ ბროლის ქვას თუ დაჰკრავ. - გადმოსძახა მილიციის აივანზე გამოსულმა კუციამ, მაშინ ის იყო მილიციის უფროსი ბარისახოში.
- იმასა. - გახედა ხახონამ, - იმას არც ვესრევ!
- მაღლა რომ პატარა ბროლია.
- დავხკრავ, დიდის ღმერთის მამ!
- აბა, ესროლე!
- რას კისრულობ, თუ დავხკარ. სამს ბოთლს გამაიღება. - იგულისხმებოდა მაღაზიიდან.
- კი ბატონო, ვკისრულობ!
ხახონამ, ცალმუხლზე ჩაჩოქილმა, ღობეზე წაუდო თოფი, ესროლა და იმ ხელისოდენა ბროლის ქვისაგან იქ აღარაფერი დარჩა. იმ ქვას დიდი ბროლისთვის მორტყმის შემდეგ სხვებიც ესროდნენ, მაგრამ ჯერ არავის მოურტყია. ამიტომ მაყურებელთა დიდი აღტაცება გამოიწვია. კუციამ ჩვენთან მდგომ თავის შვილ გივის გადმოსძახა:
- ამოდი, შვილო, ტახტის ქვეშ ცარიელი ბოთლები ყრია, ძია ხახონას სამი გამოუტანეო!
- ვანო, გამაიღ ჩემ მოგებულ სანაძლეო, თორო ხო ხედავ როგორ ვისრევ! - ატყდა სიცილ-ხარხარი. კუციამ ექვსი ბოთლი ღვინის მოტანა დაგვავალა მაღაზიიდან და ხახონა თავის კაბინეტში შეიპატიჟა. იმის მერე ხახონა პირაქეთში აღარავის ენახა, რადგან ჯერ მთა არ იყო გახსნილი. და, აი, იმის გადმოსვლის მაგივრად, ეს საზარელი ამბავი კი გადმოვიდა.
თურმე რა მოხდა. წინაწელს, ქისტების ჩახოცვის შემდეგ, ხახონა ძალიან ფრთხილობდა თურმე. სახლშიც კი "ტეტეს" წელიდან არ იშორებდა, სახლს გაშორებული კი "სევეტესაც" თან მიიყოლებდაო. იცოდა, ქისტები იმ ამბავს ასე იოლად არ აპატიებდნენ. მით უმეტეს არ აპატიებდა იბის ძმადნაფიცი ახმად ხუშპაროვის, ჰილდიხაროს ახლო სოფლიდან, ბორზალოდან იყო, მთის ქისტი. ძირითადად მარტოდ დაიარებოდა, იშვიათად თუ ჩაერთვებოდა ხოლმე ჯგუფურ ოპერაციებში. უკანაფშავის ოპერაცია კი მისი ჩატარებული იყოო.
მის შესახებ, მის საკვირველ მსროლელობაზე ლეგენდებს გვიყვებოდნენ შატილივნები. გერმანული კარაბინი აქვს, ჯიხვის ჩულში ჩადებულს ატარებს და თუ დასჭირდა, ისე სწრაფად ამოიღებს, კაციშვილი სროლას ვერ მოასწრებს. გაფრენილ ყვავებს, იხვებს ცალი ხელით არტყამს, ჰაერში აგდებულ შაურიანს შუაში ახვრეტინებსო.
ომის დროს, ქისტები რომ გაასახლეს შუააზიაში და თითოოროლა გადარჩენილმა, მათ შორის ხუშპაროვმაც, ტყეს შეაფარეს თავი, წამოსულა შატილის დასაზვერად, სადაც რუსი ჯარი იყო ჩაყენებული. ხუშპაროვი არღუნის მარჯვენა კლდიან-ტყიან ფერდობზე მოიპარება თურმე, მარცხენა მხარეს კი ასევე კლდიან ფერდობზე, ჯარეგოსაკენ მიმავალ ბილიკზე გამწკრივებული რუსების ბატალიონი დაინახა. გაისაშუალა, დააყოლა და სულ სათითაოდ გადმოყარა. საცოდავი რუსები, უკან მიაწყდებოდნენ, უკანებს ურტყამდა, წინ გაიწეოდნენ და წინებს. სუყველას გულში ჰქონია მორტყმული. ისედაც იმდენს ხოცავდნენ რუსებს, შატილში მძორის სუნისგან არ დაიდგმებოდაო.
ჰოდა, აი, ასეთი მტერი გაიჩინა მილიცია-ჩეკისტებისაგან წაქეზებულმა ხახონამ. აღარსად იყო ხორგვანი და აღარც არავინ სხვა წამქეზებლები. მარტოდმარტო თავისი ოჯახით იყო დარჩენილი მოსისხლეების პირისპირ, რომლებიც დღეს თუ არა, ხვალ აზღვევინებდნენ.
ხახონას სახლი შატილს ზემოთ ჰქონდა, კელიწყალში, გიორგწმინდის წყალსა და არღუნის შესართავის სიახლოვეს. მარჯვნივ რომ გადავდივართ, იქ არის დიდი ვაკე ჭალა და იმ ჭალის ფერდობის შუაზეა დღესაც ხახონათ ნასახლარი. მარტოს აქ რა აცხოვრებდაო, ამბობდა ბევრი თავის დროზე და მეც მითქვამს, სანამ ჭკვაში ჩავვარდებოდი, სანამ გავიგებდი მთის ყოფისას, თორემ მერე სწორედ ის მიკვირდა, შატილის ციხე-სახლებში რა აცხოვრებდა-მეთქი ხალხს. რა აცხოვრებდა და მუდმივი მტრიანობა, თორემ იქ საქონლისთვის მარტო თივის შეზიდვა და ნაკელის გამოზიდვა თქვი შენ, სხვას რომ სუყველაფერს თავი დავანებოთ. ანდაც ამდენი ოჯახის საქონელს სად უნდა ეძოვა შატილის ირგვლივ. საძოვარ-სათიბების სულფონობისთვის იყო პირაქეთ ხევსურეთსა და ფშავში, მტრისთვის შედარებით მოფარებულ ადგილებში, ხუთ-ექვსკომლიანი სოფლები.
ხახონას მამ-პაპაში, ჩანს, შიშის გრძნობა დასძლია სულფონად ცხოვრების სურვილმა და ცალკე გავიდა - კილიწყალში დასახლდა. გაღმა-გამოღმა სულ იმისი იყო მთაცა და ბარიც, ტყეცა და მამულიც. სახლის გადაღმა ხევში წისქვილიც საკუთარი უბრუნავდა...
სწორედ იმ წისქვილში შეუწვერეს დრო ქისტებმა. სახლის ზემოთ ფიჭვნარიდან უთვალთვალებდნენ თურმე. ელოდნენ უიარაღო და მარტოდ მოეგდოთ ხახონა, იბის თოფთანა და მარჯვენასთან ერთად, თავად იმისი მარჯვენაც წაეღოთ. მარტო კი არა, წინა დღეს ბიძაშვილი შოთაც კიდევ მოუვიდა შატილიდან, ისიც ახლადშერთულ დიაცთან ერთად. დილიდანვე შეამზადა ხახონამ წისქვილის ქვის მოსაკოდი იარაღები. ორნი, მამა-შვილნი ვერ გადმოიღებდნენ მძიმე ქვას, შოთა უნდა მიხმარებოდა, ძლიერი, მკლავმაგარი ვაჟკაცი. ყველა საჭირო იარაღი მოამზადა ხახონამ, თავისი იარაღის გარდა. არ გაახსენდა თუ აღარ ჩათვალა საჭიროდ ამ გაწამაწიაში. იქნებ ბიძაშვილსაც მოერიდა - არა თქვას შეშინებულიაო.
საქმით რომ იყვნენ გართულნი, მაშინ მიადგნენ ქისტები.
- აბა, გამოდი, ხახონავ! გავასწოროთ ანგარიშებიო! - შესძახეს.
ხახონამ "ტეტის" ადგილას მოისვა ხელი - აუჰ, რა დროს ჩამიგდესო!
- ნუ წუხდები, ხახონავ, "ტეტეცა" გვაქვს და "ვინტოვკაც"! - დაამშვიდეს ხახონა და გარეთ გამოსულებს, ძირს დაწოლა უბრძანეს. "თქვენი შეშინებულის დედაცო", ეცნენ ჩუა და შოთა ქისტებს, იარაღის წართმევა უნდოდათ, მიეტანა ხახონაც. ახალგაზრდების დახოცვა არ გვინდოდაო, ეთქვათ ქისტებს. იძულებული გაგვხადეს გვესროლაო. თითო ტყვიით ვერ წააქციეს ვერც ერთი, მეორედ გადატენვის დრო ამათ არ მისცეს. ქისტები ვეღარც თოფებს უშვებდნენ ხელს, ვეღარც "ტეტე"-"ნაგნების" ამოღებას ახერხებდნენ. გაიმართა ძიძგილაობა. თავისუფლად დარჩენილი ქისტები გარს ურბენდნენ და ეშინოდათ თავისინებისთვის არ მოერტყათ. როგორც იქნა ჩააქციეს სამივე. ხახონა მაინც არა კვდებოდა. ქვა დაუდვიათ თავქვეშ და შუბლში დაკრულ ტყვიას გაუნათოსებინეს თავი. ორი დახოცილებთან დარჩა ხელების დასაჭრელად, სამნი კი სახლისკენ გამოქცეულან იბის მარჯვენისა და თოფის წამოსაღებად.
ხახონას დიაცი და ახალი რძლები ბანზე ხელსაქმობდნენ. 14 წლის კობა იქვე მოშორებით საბატკნის ლასტსა წნავდა. თოფების ხმით შეშფოთებულნი წისქვილის მხარეს იცქირებოდნენ. ის ადგილი არა ჩანდა და ვერ გაეგოთ რა ხდებოდა, თუმცა არც დიდი მიხვედრა იყო საჭირო. ზედაც გამოჩნდნენ ბილიკზე სირბილით მომავალი ქისტები.
- კობავ, ქისტები! - შეუძახა თურმე დედამ. კობა შევარდა შინ, ქიჭოდან ჩამოხსნა მუდმივად დატენილი "სევეტე", რომლის ხმარებაც უკვე მამაზე არანაკლებ იცოდა, მაგრამ, რაკი ქისტები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ, ბანის საკვამიდან ჩააგდო ბოსელში და თვითონაც ჩახტა. კობა გვიამბობდა შემდეგში: "თოფმომარჯვებული ქისტები გომურში ჩამოხედავდნენ, ჩემ დათოფვას ცდილობდნენ, მე დაბლიდანა ვცდილობდი გატატნებას და ამ დროს დავინახე ერთი ქისტი წახრილი შემოვიდა გომურის ღია კარში. მოვუტრიალე და ვესროლე. ქისტმა ერთი შებღავლა, შეტრიალდა და პირქვე დაეცა. აღარც განძრეულა. ქალების წკმუტუნი შემომესმა, დატყვრა ზედიზედაც, მერე აღარ ისმოდა ჩამიჩუმი. მივხვდი ქალები დახოცეს ჩემგან მოკლულის საპასუხოდ, მაგრამ თვითონ რა იქნენ, იმას ვეღარ ვიგებდი - გაიქცნენ თუ ჩემ გამოჩენას ელოდნენ. ნელ-ნელა გამოვიხედე, არსად ვინ ჩანდა, ბანზე ქალები ეყარნენ დახოცილები. ჩემგან მოკლულ ქისტს ავხსენი "ტეტე", წელზე შევიბი, იმისი ქუდი დავიხურე, "სევეტე" ზურგზე გადავიკიდე და შატილში გავიქეცი ამბის შესატყობინებლად."
კობას უმცროსი ძმები, ტყუპები წიქა და ბათირა ცხვრებში ყოფილან არღუნს გაღმა ფერდობზე. იქიდან ეცქირათ მთელი ამ ამბისათვის. კიდევ კარგი შინ არ იყვნენ, თორემ იმათაც მიაყოლებდნენ, ქალებზე უწინ იმათ დახოცავდნენ. ისენიცა და კობაც იმ წლისავე შემოდგომიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში, ჩვენთან გადმოიყვანეს, როგორც მცირეწლოვანი ობლები. განსაკუთრებული მზრუნველობა იყო მათ მიმართ, ჩვენც ყოველთვის რაღაც ყურადღების გამოჩენას ვცდილობდით.
ესეც სრული ლინკი
http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2010&art=6113საინტერესო და ამავდროულად მტკივნეული წასაკითხი იყო, განსაკუთრებით ფინალი. ძაან იმოქმედა ხოცვა-ჟლეტის სცენების აღწერამაც. არადა ესეთები და უარესებიც ალბათ ყოველდღიურად ხდებოდა ხევსურეთში, უბრალოდ ჩვენამდე ცოტა ამბავმა თუ მოაღწია. ვინმეს რამე ხომ არ გსმენიათ ამ ისტორიაზე, ან რამე დამატებით ხომ არ იცით, ან იმ შვილებს რა ბედი ეწიათ და ა.შ.
თან არც თუ ისე ძველი ამბავია, ორმოცდაათიანი წლებისაა
პ.ს. ეს განთქმული "სევეტე" ვიფიქრე ვიფიქრე, ნეტავ რა იყო, რა უნდა ქონოდა ამისთანა თქო, თან ომის შემდგომი პერიოდის, 50-იან წლებში და როგორც მიხვდი რუსულ СВТ-ზეა საუბარი. "ათსასროლიანი", "გრძელი ლულა ჰქონდა, ლულის გარეთ დაჩვრეტილი საფარი"
სევეტე : ))))))
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B0%...%B5%D0%B2%D0%B0 This post has been edited by Phenem on 12 Jul 2016, 10:17