მინდა, რომ ყველამ წაიკითხოთ და იცოდეთ, რაც ხდება სპორტში
როგორი მინისტრი გვყავს და ა.შ.
თითქმის ერთი კვირაა უკვე, რაც ოფიციალურად უმუშევარი ვარ. შაბათს, რადიო JAKO FM-დან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებითი არ იყო. ყველაფერი კი პარასკევს დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ, ვარღვევ დუმილს და მოვყვები ყველაფერს, რატომ და რისთვის მოხდა ყველაფერი.
პარასკევს, მივიღე ინფორმაცია, რომ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთვის“ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სტადიონის გადაცემა იგეგმებოდა. ინიციატორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ამ ფართთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა. გასარკვევი მქონდა, თუ რა ტერიტორიაზე იყო საუბარი, ამიტომ, პირველი ქმედება, რომელიც განვახორციელე, იყო ზარი სამინისტროში. დავურეკე პრესსამსახურის თანამშრომელს, გიორგი ჭანიშვილს, რომელსაც ვკითხე, თუ რომელ ტერიტორიასთან დაკავშირებით მიმართა მინისტრმა პრემიერს, მასთან მეორე ზარის შემდეგ, გიორგიმ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, სოფო ჩაკვეტაძესთან გადამამისამართა და მითხრა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას ის ფლობდა. დავურეკე ჩაკვეტაძესაც, რომელმაც მითხრა, რომ არ იცოდა და გამირკვევდა. მცირე ლოდინის შემდეგ, ჩვენ ისევ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ვერაფერი ნახა, სულ სამჯერ ვისაუბრე მასთან და სამივეჯერ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
პარალელურად, ჩემს სანდო წყაროსთან ერთად, ვარკვევდი ამ ტერიტორიის საკითხს და მივედით მძლეოსნობის სტადიონამდე, რომელიც დიღმის მასივში მდებარეობს. დავურეკე მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ასევე ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტს, რომელსაც ასევე გამორთული ჰქონდა ტელეფონი, სამაგიეროდ, მიპასუხა მეორე ვიცე-პრეზიდენტმა, ვასილ ბერიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მძლეოსნობას ეს სტადიონი ჩამოერთვა და ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რაც შეეხება „საბურთალოსთვის“ მის მიცემას, ბერიშვილს ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
გარდა ერთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, „საბურთალოელებისთვის“ ამ სტადიონის გადაცემის შესახებ ინფორმაცია, მეორე წყარომაც დამიდასტურა. ეს ინფორმაცია გადაამოწმა, რადიოს სპორტულმა რედაქტორმაც და მანაც დადებითი პასუხი მიიღო. შესაბამისად, ყველა ეს წყარო იყო სანდო და რადგან, სპორტის სამინისტროში, ხუთი ზარის შემდეგაც კი ინფორმაცია ვერ მივიღე, მასალა დავწერე, რომლის ნამდვილობაში ეჭვი არ მეპარება, ისევე, როგორც თავად მინისტრს, რომელსაც, როგორც ჩანს გეგმები ავურიე.
რადიოს რედაქციაში დაძაბულობა შეინიშნებოდა, თუმცა იმ დღეს, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. მეორე დღეს, რადიოს ხელმძღვანელმა დამიბარა სამსახურში, შაბათს ვისვენებდი, დედაჩემის დაბადების დღე იყო და შეიძლება ითქვას, რომ არც მიმალოცინეს, ჩამაშხამეს, მთელი დღე ამ ლაპარაკს გადავყევი.
პარასკევს, მასალის დადების შემდეგ, ისევ ვესაუბრე სოფო ჩაკვეტაძეს, რომელმაც მითხრა, რომ მინისტრი ძალიან გაბრაზებული იყო. ასევე, მითხრა, რომ ეს საჩუქარი მხოლოდ „საბურთალოსთვის“ არ იყო და ამ სტადიონზე „ლოკომოტივიც“ ითამაშებდა და სხვა გუნდებიც, თუმცა, „ლოკომოტივს“ ლიცენზირებაში მიხეილ მესხის ცენტრალური სტადიონი აქვს მითითებული.
საინტერესო ისაა, რომ სოფო ჩაკვეტაძე, რომელმაც მანამდე საკითხი ვერ გაარკვია, ახლა უცებ ჩადგა საქმის კურსში. მას, იქვე შევთავაზე, რომ მე მინისტრის პოზიციას და ნებისმიერ განცხადებას გამოვაქვეყნებდი, თუმცა, მან მითხრა, რომ ხეჩიკაშვილი სამინისტროდან უკვე გასული იყო. მე მას შევთავაზე, რომ როცა იტყოდა, ამას დავდებდი და ასევე, ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას, რომელმაც ეს ქონება სწორედ ხეჩიკაშვილის დამსახურებით მიიღო და შემდეგ, მას უნდა განეხორციელებინა ეს ქმედება.
შაბათს, რადიოს ხელმძღვანელთან შეხვედრისას, რომელსაც რადიოს სპორტული რედაქტორიც ესწრებოდა, შევიტყვეთ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი თავად შეხვდა მიხეილ ტარახჩევს, რადიოს ხელმძღვანელს. აქტიურად რეკავდა მასთან სოფო ჩაკვეტაძეც. პრეტენზია იყო ერთი, რომ მე მტკიცებით ფორმაში დავწერე, „საბურთალოსთვის“ ამ სტადიონის გადაცემა რომ იგეგმებოდა. მოკლედ, მიშას ტელეფონზე დარეკა სოფომ და მან თქვა, რომ მინისტრმა, პრემიერს მხოლოდ სტადიონის სფფ-სთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართა, ამ სატელეფონო საუბარში, რომელიც რადიოს ხელმძღვანელმა თავად ჩაიწერა, ჩაკვეტაძეს არსად უარჰყვია „საბურთალოს“ თემა, მე გავამზადე ნიუსი, ის პატარა კომენტარი, რაც იყო და დავწერე, თუმცა ისევ მიშას მოთხოვნით, ჩავუმატე, რომ სამინისტრომ „საბურთალოსთვის“ სტადიონის გადაცემა უარჰყო.
მოკლედ, რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ, სამსახურიდან წამოვედი. ჩემი ფეისბუქის გვერდზე დავდე ეს ნიუსი და მივაწერე, რომ გადაეცათ ოკუპირებული ტერიტორიის გუნდისთვის, „ცხინვალისთვის“. არ იყო დიდი დრო გასული, რადიოს სპორტული რედაქტორი მირეკავს და მეუბნება, რომ მე ეს ჩემი კედლიდან უნდა გავაქრო, რადგან, რადიოს ხელმძღვანელი და მინისტრი ამას ერთად ითხოვენ. მინისტრმა, უშუალოდ გასცა დავალება, რომ რადიოს დაეწერა ის განცხადება, რომელიც ჩემი აზრით და არამარტო ჩემი, ძალიან სამარცხვინო იყო, რომ მე დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია დავწერე. რასაკვირველია, მე ამაზე უარი ვთქვი, რამდენიმე არგუმენტი მქონდა – გამოცემა, რომელიც საკუთარ ინფორმაციაზე ამბობს, რომ ის ტყუილია, მომავალში, რაც არ უნდა დაწეროს, მას არავინ ენდობა. მეორე – მე, როგორც ავტორი და ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნებული ადამიანი, ვიყავი შეურაცხყოფილი, რადგან, თუნდაც მხოლოდ ეს გამოცემა ვერ გაიხსენებს ვერცერთ ფაქტს, რომ მე დავწერე ინფორმაცია, რომელიც სიცრუე იყო. მარტივ მაგალითებს მოვიყვან, თი ბისი ბანკისა და რაგბის კავშირის სპონსორობის საკითხი, რომელიც ბანკმა უარჰყო, მაგრამ მე ჩემს წყაროს ვენდე და ინფორმაცია მაინც დავწერე და ორ თვეში, ეს ოფიციალურად დადასტურა, ვითიბი წავიდა ფეხბურთში, თიბისი – რაგბში. მე და ამ გამოცემამ, პირველებმა დავწერეთ, რომ კახა ცხადაძეს გაუშვებდნენ და ბატონი მინისტრისთვის, მურთაზ შელიას დაბადების დღის სმაილს დავწერ მხოლოდ. რადიოს საინფორმაციოს ხელმძღვანელმა და რედაქტორმა ორი კვირით ადრე იცოდნენ, რომ ცხადაძეს გაუშვებდნენ და მე ზუსტი ინფორმაცია მქონდა. და ერთ-ერთი ბოლო, შოთა არველაძის მაკაბიში დანიშვნის საკითხი, რომელიც ოფიციალურად გუშინ დადასტურდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რადიო ჯაკოს, არც ფაქტობრივი და არც მორალური უფლება არ ჰქონდა, დაეწერა ის განცხადება, რომელიც ჩემს იმიჯს და პროფესიონალიზმს შელახავდა, თუმცა ეს განცხადება მაინც დაიწერა, მინისტრის მოთხოვნით, რადგან სხვა შემთხვევაში, კომპანია რისკის ქვეშ დგებოდა.
განცხადების დადებამდე, სატელეფონო საუბარი მქონდა რადიოს ხელმძღვანელთან, რომელმაც ჩემი აზრი არ გაიზიარა და მე მისი. არ ვიცი, რომელი ჩივილის ეშინოდა მას, მაგრამ შევთავაზე, წავიდეს სამინისტრო, იდაოს ქარტიაში და თუ მოიგებს, მე მოვიბოდიშებ-მეთქი, რადგან ამ განცხადების დადება არასწორად მიმაჩნია-მეთქი და მეორე ვარიანტი, ჩვენ მივმართოთ ქარტიას და თუ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მცნობს მე დამნაშავედ, მერე დადეთ ეს განცხადება-მეთქი. მან მითხრა, რომ კომპანიას რისკის ქვეშ ვერ დააყენებდა, ამიტომ განცხადება უნდა დადებულიყო. მეც ავუხსენი, რომ იმ კომპანიაში, სადაც ჟურნალისტის დაცვის გამბედაობა არ აქვთ, ვერ ვიმუშავებდი, სადაც ჩემს პროფესიულ ღირსებასა და თავმოყვარეობას ლახავდნენ, იმის გამო, რომ მინისტრს რაღაც არ მოეწონა და მან როგორც ბრძანა, ისე უნდა შესრულებულიყო.
სხვა ცივილურ ქვეყნებში, სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია, გაავრცელებდნენ ოფიციალურ განცხადებას და ასე მოგვარდებოდა ეს საქმე, მაგრამ ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სხვანაირად მოინდომა. ეს კიდევ მეორე ნიშანი იმის, რომ მე მართალი ვიყავი. პირველი ნიშანი ის იყო, რომ სამინისტრომ, პრემიერისადმი შუამდგომლობა დამალა.
https://magdakldiashvili.wordpress.com/2016...83%98%E1%83%A1/ღია წერილი სპორტის მინისტრს,სფფ-ს და სხვებს
ვრცლად აქ