anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#48302622 · 8 Jul 2016, 20:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულგუნის ომი
ოსები და აფხაზები სულგუნის შექმნას ითვისებენ, ხოლო სომხები დავობენ, რომ ეს ყველი მხოლოდ ქართველებს აღარ ეკუთვნით(!) (არასუფრული “თამაშები”)
მრავალფეროვანი და ორიგინალური კვებითი კულტურის შემქმნელი ქართული ეთნიკური ერთობა თავის თავში ჩაკეტილი და იზოლირებული არ ყოფილა. ქართველები შემოქმედებითად იზიარებდნენ სხვათა მიღწევებსაც, შორს რომ არ წავიდეთ, -მა-ზე დაბოლოებული კერძების სახელწოდებები (ყაურმა, ჩიხირთმა, ტოლმა, ბასტურმა...) თურქთაგან გვაქვს შეთვისებული. მაგრამ მხოლოდ ქართველი ხალხის წიაღშია წარმოქმნილი ბევრი «გასტრონომიული მოვლენა», მათ შორის, ყველის ნაირსახეობანი: თუშური გუდის ყველი, იმერული ყველი, სამცხური ყველი, ჩეჩილი, ტენილი და სულგუნი/სულუგუნი...
მაგალითად, შავშეთ-იმერხევში ძირითადად ორი სახეობის ყველს ამზადებდნენ, რომელთაგან ერთ-ერთს ფშვნილაი ერქვა. მას ხის ვედროებში (კროჭებში) ინახავდნენ მთელ წელიწადს. ყველის ხანგრძლივად შენახვის ტრადიცია საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში გვხვდება. აჭარის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: «აქ აკეთებენ ყუელს... არაოდესვე წახდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს, შემგბარი კეთილ-სახმარ არს». სულგუნი, მაღალი კვებითი ღირებულების გამო, 1890-იანი წლებიდან ფოთის ნავსადგურიდან უცხოეთში გაჰქონდათ. ეთნოგრაფიული მონაცემებით, მას დასავლეთ საქართველოს მხარეებში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, ლეჩხუმი, რაჭაში) ამზადებდნენ. სამეგრელოში სულგუნს სელეგინი, სელეგუნი, სიოგინი ერქვა, ხოლო ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - გვაჯილა/გვაჯილი. საქართველოში სულგუნს ამზადებდნენ აფხაზებიც. მათ სახელწოდება (აშელაგუან) მეგრელთა მეტყველებიდან ჰქონდათ ნასესხები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, «სულუგუნი [არის] გარდაზელილი ბრტყელი ყველი». გადაზელილს უწოდებდნენ სულგუნს გურიაშიც.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სულგუნი არის ჩვეულებრივი «იმერული ყველი», გადახარშულ-გადაზელილი. ამოღების შემდეგ ლანგარზე - ჩურუხზე ხელით ზელდნენ, ორივე ხელით გადაქნავდნენ. როცა დიდხანს შენახვა უნდოდათ, ცალ მხარეს ხვრეტდნენ და თოკზე ასხამდნენ ისე, რომ ერთმანეთს არ შეხებოდნენ. ასხმულ კვერეულებს გასაშრობად ცეცხლთან ახლოს ჭერზე ან მზეზე ჩამოჰკიდებდნენ. შებოლილი და გამხმარი სულგუნი დიდხანს ინახებოდა. ყველის გადახარშვა იცოდნენ იტალიაში, სადაც მოხარშულ ყველს კაჩოკავალოს უწოდებდნენ. კაჩოკავალო ბაზრებში ხილის, ცხოველებისა და ადამიანის გამოსახულებით იყიდებოდა. იტალიურ ყველს, ქართული სულგუნისგან განსხვავებით, არ ზელდნენ. ქართული კი გადაზელვის შედეგად მიიღება, რაც განაპირობებდა მის ფენოვან-ფურცლოვანებას. სულგუნის კულტურა თავის დროზე ეთნოლოგმა ნინო თოფურიამ შეისწავლა. ის წერდა, რომ «მეგრული სულუგუნი საუკეთესო და გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქტია ყველის იმ უამრავ ნაირსახეობას შორის, რომელიც ცნობილია ჩედარიზებულ-დამწიფებული ყველის სახით (ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება იტალიური კაჩოკავალო). სულუგუნის დამზადება მაღალი ტექნოლოგიით ხასიათდება. მეგრული სულუგუნის თვისებები - ელასტიკურობა, ფენოვნება ქართველი მეურნის მიერ გამომუშავებულია ხანგრძლივი დაკვირვებისა და გამოცდილების გზით».
სამწუხაროდ, ქართული ეთნიკური კულტურის ამ მიღწევას კარგა ხანია სხვები გვედავებიან. ოსი და აფხაზი ავტორები საქართველოს ისტორიას ქურდავენ და ახლა ჯერი ქართულ კულტურაზეც მიდგა:
I. 1987 წელს ბათუმში ჩატარებულ ეთნოლოგთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე აფხაზმა მკვლევარმა გალინა კოპეშავიძემ (ახლა თარჯიმან-ოღლი) წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ სულგუნის კულტურა აფხაზთა შემონაქმედია და რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ, მეგრელებმა, მისი დამზადება აფხაზთაგან შეითვისეს. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში სულგუნი იყიდება აფხაზური ყველის სახელწოდებით (პროფესორ ავთანდილ ნიკოლაიშვილის ცნობა);
II. ოსი ავტორები (ბორის კალოევი და სხვები) წერენ, რომ სულგუნი ქართველებმა ოსთაგან შეითვისეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოსებმა სულგუნის დამზადება საერთოდ არ იცოდნენ, მიუხედავად ამისა, ბ. კალოევი მკითხველს ატყუებს, რომ მას დასავლეთ ოსეთში (დიგორში) ამზადებდნენ. სხვა ნაშრომში ასევე მითებს ქმნის და გაუთვითცნობიერებელ მკითხველს აუწყებს, რომ დასავლეთ ოსებმა დაივიწყეს სულგუნის დამზადება მონღოლთა შემოსევებისას, როცა ალან-ოსების მეურნეობა დაკნინდა. სხვაგან კი სულგუნის დასავლეთ საქართველოში შემოტანას ძველ ირანელებს მიაწერს, რომლებიც თურმე კოლხეთში დასახლებულან და საბოლოოდ ქართველთა შემადგენლობაში შესულან.
ჰალუცინაციები - არგუმენტებად კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ ძველი ისტორიის ვერც ერთი სპეციალისტი კოლხეთში ირანელთა დასახლებას ვერ დაასაბუთებს. მდიდარი ირანული კულტურისგან ქართველი ხალხი დიდად დავალებულია - მათ ბევრი რამ ისწავლეს ცივილიზებული მეზობლებისგან, მაგრამ სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან არ უსწავლიათ. ირანელებსაც ალან-ოსებსავით დაავიწყდათ მისი დამზადება? ოს ავტორებს მოჰყავთ მათი თანამემამულის, ვასილ აბაევის ნაშრომი. თუმცა იგი მხოლოდ სიტყვა სულუგუნის ეტიმოლოგიას უკავშირებს ოსური ენის დიგორულ დიალექტს. ვასილ აბაევმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ლექსიკური ერთეულის პირველი შემადგენელი სიტყვა სულუ ოსური ენის დიგორულ დიალექზე შრატია. ამ სიტყვების ავტორს ავიწყდება, რომ სულგუნი/სულუგუნი სალიტერატურო ქართული ენაზე გამოითქმის, ხოლო მეგრულ მეტყველებაში ის გამოითქმის როგორც სელეგინი/სელეგუნი/სიოგინი. ხოლო თუ ლექსიკური ერთეულის მეორე კომპონენტი არის გინი, მაშინ პირველი კომპონენტია არა სულუ, არამედ სიო/სილო/სელე და მას დიგორული დიალექტის სულუსთან კავშირი არ აქვს. მეტიც, სულგუნი არ მზადდება შრატისგან, ეს სითხე მხოლოდ ყველის დამზადების შემდეგ რჩება. სინამდვილეში სიოგინი/სილოგინი/სელეგინი მეგრული მეტყველების წიაღშია წარმოქმნილი - სირსოუა ნიშნავს ჭყლეტას, სრესას, ხოლო გინი/გინო - აქეთ-იქით, გაღმა-გამოღმას. ამდენად, მეგრული სიტყვა სიოგინი/სილოგინი/სელეგინი პირდაპირ ნიშნავს დასრესილ და აქეთ-იქით გადადებულ ჭყინტ მოხარშულ ყველს. საინტერესოა, სულგუნის რაჭაში, ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში გავრცელებული სახელწოდება - გვაჯილაც ოსთაგან ჰქონდათ ქართველებს შეთვისებული? რაც მთავარია, ოსებმა საერთოდ არ იცოდნენ ყველის ასეთი სახეობის (მოხარშული და გადაზელილი) დამზადება. გამოდის, ქართველებმა მისი დამზადება ოსებისგან ისწავლეს, ოსებმა კი დაკარგეს... საზოგადოდ, კულტურის ისტორიაში ასეთი უმნიშვნელოვანესი ელემენტების დაკარგვა საერთოდ არ დასტურდება. ეთნიკური კულტურა მხოლოდ ეთნოსის გაქრობასთან ერთად შეიძლება დაიკარგოს. მაგრამ ახლა ოსმა ავტორებმა უკვე იმის წერაც დაიწყეს, რომ სულგუნის დამზადება არასდროს შეუწყვეტიათ და ქართველთა მიერ ოსთაგან სულგუნის შეთვისების ახალი თარიღიც შემოგვთავაზეს. ახლახან მოსკოვში დაბეჭდილ წიგნში Осетины (გვ.138) პირდაპირ წერია, რომ ეს XX საუკუნის დასაწყისში მოხდა. ასეთი ნაბოდვარი კომენტარის ღირსიც კი არ არის. ტექსტის ამ მონაკვეთის ავტორს სულგუნის დამზადების ტექნოლოგიაზეც არ აქვს წარმოდგენა. თურმე სულგუნი შრატისგან მზადდება. აქ გავიმეორებთ ზემონათქვამს: ლექსიკური ერთეული სულუგუნი შეტანილი აქვს სულხან-საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში. სხვისი ისტორია, სხვისი რძე და სხვისი ყველი აფხაზები, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მკვიდრნი, აქტიურად იყვნენ ჩართული საერთო ქართული კულტურის შექმნაში. აფხაზებსა და მათ მეზობელ ქართველებს (მეგრელებსა და სვანებს) კულტურის ზოგიერთი ელემენტი საერთო გააჩნდათ. ამ გარემოებას არა მხოლოდ მეზობლობა, არამედ მოსახლეობის ურთიერთშეღწევაც განაპირობებდა. აფხაზთა შორის სულგუნი სამეგრელოდან რომ გავრცელდა, ამას მისი სახელწოდებაც ამტკიცებს: აშელაგუან მეგრული სელეგინის ფონეტიკური ვარიანტია. სულგუნი თუ აფხაზთა მიერაა შექმნილი, რატომ არ იცოდნენ მისი დამზადება მათმა ენობრივად და ეთნიკურად მონათესავე ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებმა და უბიხებმა? სულგუნი სცოდნია მხოლოდ აბაზების აშხარელთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროდან ჩრდილოეთ კავკასიაში XVII საუკუნეებში გადასახლდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ აშხარელი აბაზები სულგუნის ტიპის ყველს საკუთრად არ მიიჩნევენ. აშხარელ აბაზებში სულგუნი შეიტანა 1864 წელს ფსხუდან გადასახლებულმა აფხაზთა ჯგუფმა (105 ოჯახი, 736 სული). ხარისხიანი სულგუნი მხოლოდ ძროხისა და კამეჩის რძისგან მზადდება. აფხაზებში კი მესაქონლეობა მეორეხარისხოვანი იყო. ისინი ძირითადად მეთხეობას მისდევდნენ და თივის დამზადების ტრადიციაც კი არ გააჩნდათ. მთავარი კი ისაა, რომ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს (ეთნოსებს) ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, კლიმატი კარნახობდა კულტურის ამა თუ იმ ფორმის შექმნას. ამ მხრივ სულგუნი ანუ გადახარშულ-გადაზელილი ყველი მხოლოდ კოლხური კულტურაა. კოლხეთში მთელი ისტორიის განმავლობაში ტენიანობის სიჭარბე იყო. სულგუნის დამზადების ტექნოლოგიამდე ადგილობრივი მკვიდრნი სწორედ ტენის სიჭარბემ მიიყვანა. გადახარშული და გადაზელილი ჩვეულებრივი ყველი, ან კვამლში და მზეზე გამოყვანილი და გამომშრალი დიდხანს, ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში ძლებდა და კვებით თვისებებს არ კარგავდა. კოლხეთის დაბლობზე ყველის დიდხანს შენახვის განსაკუთრებულმა პრობლემურობამ, ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ ქართველ მეურნეს, მისი დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგიისთვის მიაგნებინა. მეურნეობის რა ყაიდის მიმდევარ ხალხს უნდა შეექმნა სულგუნის კულტურა? - რა თქმა უნდა, მიწათმოქმედ და არა იმ ხალხს, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროს მეცხოველეობა შეადგენდა. ქართველები უძველესი მიწათმოქმედი ხალხია, საქართველოში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა სიმბიოზურად იყო წარმოდგენილი. მაღალი დონის მიწათმოქმედება მესაქონლეობის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან გამწევი ძალის გარეშე მიწათმოქმედებას მხოლოდ პრიმიტიული ხასიათი ექნებოდა. ქართველი ხალხის მეურნეობაში მესაქონლეობაც მიწათმოქმედების ინტერესს ექვემდებარებოდა. უფრო რომ დავაზუსტოთ, მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ხალხებისგან განსხვავებით, პირუტყვი ბარელ ქართველებს შეზღუდული რაოდენობით ჰყავდათ. მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე მესაქონლე ხალხებს არ სჭირდებოდათ მეცხოველეობის პროდუქტების დიდი რაოდენობით დამზადება და ხანგრძლივად შენახვა. ხოლო მიწათმოქმედ ხალხებში, რომელებსაც პირუტყვი შეზღუდული რაოდენობით ჰყავდათ, ამგვარი პრობლემა იდგა, მით უმეტეს, ისეთ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოში, როგორიც კოლხეთის დაბლობია - აქ სინესტე მეცხოველეობის პროდუქტების ხანგრძლივად შენახვის საშუალებას არ იძლეოდა. შეზღუდული მესაქონლეობის პირობებში კი ხალხს გვიან შემოდგომიდან, ლაქტაციის შეწყვეტის თუ შემცირების გამო, ადრე გაზაფხულამდე, რძისა და რძის პროდუქტების დეფიციტიც ჰქონდა. ამ დეფიციტის შევსების წყარო კი იყო სწორედ რძის პროდუქტების, ამ შემთხვევაში, ყველის დამზადების ახალი ტექნოლოგიების ძებნა, რასაც ქართველმა მეურნემ ხანგრძლივი დაკვირვებისა და შემოქმედებითი ძიების პროცესში მიაგნო კიდევაც და შექმნა ყველის ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა სულგუნი. ზემოთ აღინიშნა, რომ სამეგრელოში სელეგინს/სიოგინს/სილოგინს ხის ჭურჭელში - ბუყუნში ინახავდნენ. თუმცა სულგუნის სპეციალური შესანახი ქოთანიც შექმნა კოლხეთის დაბლობის მკვიდრმა ქართველმა მეურნემ - ე.წ. სასულგუნე ქოთანი. ხის ჭურჭლით, ბუყუნით უპირატესად მწყემსები სარგებლობდნენ, ხოლო კერამიკულ სასულგუნე ქოთანს ოჯახის პირობებში გამოიყენებდნენ. აფხაზურ-ადიღური მოდგმის ხალხები და ოსების წინაპარი ალანები ისტორიულად ხელშესახებ პერიოდში ბინადარი ცხოვრებისა და ამასთან ერთად მიწათმოქმედების მიმდევარი არ ყოფილან. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ადიღური ტომები ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ შორის პრიორიტეტული მეცხოველეობა იყო. მეცხოველეობის პროდუქტები კი საკმარისი რაოდენობით ჰქონდათ და მათ წინაშე რძის პროდუქტის - ყველის ხანგრძლივად შენახვის პრობლემა არ იდგა; არც ისეთ ბუნებრივ-გეოგრაფიულ, კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, რომ მისი ხანგრძლივად შენახვის ტექნოლოგიის შემოღებაზე ეფიქრათ. ასე რომ, სულგუნი მხოლოდ და მხოლოდ დასავლურქართული კულტურაა/პროდუქტია, კოლხეთის დაბლობში შექმნილი და არა აფხაზური და ოსური. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზემოთ დასახელებული ხალხების «მოსკოვდალეულთა» ერთი ნაწილი არა მხოლოდ ქართველთა ისტორიის მითვისებას, არამედ ქართული კულტურული მიღწევების მისაკუთრებასაც ცდილობს. საბჭოური ძალადობა - მეზობლური «არგუმენტი»?! 2013 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია აქვთ სომხებს. ისინი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნებას ეჭვქვეშ აყენებენ და საჩივარში აღნიშნავენ, რომ «სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის იწარმოებოდა მთელ საბჭოთა კავშირში»(!). სულგუნის მთელ საბჭოთა კავშირში წარმოების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებენ, რომ «საბჭოთა კავშირის პერიოდში პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენებოდა სახელმწიფო სტანდარტები, ე.წ. «გოსტ», რომელიც მთელი ქვეყნისთვის საერთო იყო. შესაბამისად, ვერ გახდება საქართველოსთვის დამატებითი არგუმენტაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის დასადასტურებლად». ამდენად, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დროს პროდუქციაზე საქართველოს ცალკე «გოსტი» არ ჰქონია, სულგუნი ქართული ეთნიკური კულტურის ნაწილად არ უნდა მიიჩნიონ! სულგუნის მსგავსად, შესაბამისი ევროპული სტრუქტურები ასევე დამატებით ისტორიულ-ეთნოლოგიურ არგუმენტაციას მოითხოვენ აჭარული ჩლეჩილის, მესხური ჩეჩილის, თუშური გუდის ყველისა და ჩურჩხელის შესახებაც. ჩვენ ამჯერად მხოლოდ სულგუნზე შევჩერდებით. ნებისმიერი, ვინც კავკასიის ეთნოლოგიას კარგად იცნობს, დაადასტურებს, რომ არც მსგავსი სახელწოდებისა და არც მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ყველი სომეხმა ხალხმა არ იცოდა და არ იცის. საბჭოთა პერიოდში თუ ქართველი ხალხის დაუკითხავად სულგუნს სოხეთისა და რუსეთის ყველის ქარხნები აწარმოებდნენ, ამით დასტურდება, რომ ის მხოლოდ ქართული ეთნიკური კულტურის ელემენტს არ წარმოადგენდა? განა ქართველი ხალხისგან ვინმე ნებართვას აიღებდა მაშინ მის წარმოებაზე?! მივმართოთ შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურას: I. Алла Тер-Саркисянц. История и культура армянского народа. С древнейших времен до начала XIX в., 2-е издания, М., 2008. ავტორს ყველის მხოლოდ სამი სომხური სახეობა აქვს დადასტურებული და არც ერთი მათგანი ამ სახელწოდებით (სულგუნი) და არც ტექნოლოგიით ახლოსაც კი არ არის მოხარშულ-გადაზელილ ყველთან, როგორსაც დასავლეთ საქართველოს გლეხობა საუკუნეების განმავლობაში ამზადებდა. სომხებმა იცოდნენ: ა) გლუხ პანირ ანუ თავი ყველი, ბ) მოტალი ანუ ფხვიერი ყველი და გ) თელ პანირ. II. Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012. სომხებისა და სომხური კულტურის შესახებ ამ შემაჯამებელ სქელტანიან წიგნშიც სომხური ყველის სახეობებიდან ყველის იგივე სახეობებია დასახელებული (გვ. 239). ოღონდ დასახელებულია კიდევ ერთი სახეობა შორ-ი, რომელიც ყველსა და ხაჭოს შორის რაღაც შუალედურს წარმოადგენდა. III. Народы Кавказа. II, под редакцией Б. А. Гарданова, А. И. Гулиева, С. Т. Еремяна, Л. И. Лаврова, Г. А. Нерсесова, Г. С. Читая. М., 1962. სამხრეთ კავკასიის ხალხებისადმი მიძღვნილ ამ ტომის ექვსი რედაქტორიდან ორი ეთნიკური სომეხია. ისინი საკმაოდ ცნობილი მეცნიერები იყვნენ და მათი უნდობლობა შეუძლებელია. სომხური ყველის სახეობებს შორის დასახელებულია: გლუხ პანირ, თელ პანირ და შორ-ი (გვ. 470). ახლა ვნახოთ, რა წერია აღნიშნულ წიგნში ქართული ყველის ნაირსახეობის - სულგუნის შესახებ: (გვ. 306.): «საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახის ყველი: თუშური (ცხვრის), იმერული, სულგუნი. სულგუნის დასამზადებლად ძროხის ან კამეჩის რძის ახალ, უმარილო ყველს ორ-სამ დღეს ინახავენ «დასამწიფებლად». შემდეგ თხელ ნაჭრებად დაჭრილ ყველს მდუღარე წყალში (ან რძეში. - რ. თ.) ჩაუშვებენ. დარბილებულ მასას, როგორც პურის ცომს, ზელენ და აძლევენ მრგვალ, კვერეულის ფორმას. ასეთი ხერხით დამზადებულ სულგუნს ჭამენ როგორც ახალს, რძის «სოუსთან» პიტნითა და სხვა სანელებლებით, შამფურზე შემწვარს ან მზესა და კერაზე გამხმარს, ანდა წათხში ჩადებულს. სულგუნი გამოირჩევა მძაფრი რძისმჟავური გემოთი და არომატით. სულგუნის დამზადების ცენტრია სამეგრელო (დასავლეთი საქართველო), საიდანაც, არისტოტელეს ცნობით, წარმომავლობს ძველ სამყაროში ცნობილი კოლხური ძროხა». * * * სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დაცვა გვიხდება. სამართლიან საერთაშორისო არბიტრაჟს უნდა ვურჩიოთ, სულგუნის დამზადებას დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი), ქართველ გლეხთა სახლებში დაესწროს. საამისოდ სომხეთის სოფლებიც მოიარონ. აგრეთვე მოინახულონ თბილისისა და ერევნის, ზუგდიდისა და კიროვაკანის, ქუთაისისა და ლენინაკანის ბაზრებიც, სადაც გლეხები, ბუნებრივია, შინ დამზადებულ ყველს ყიდიან. ლექსიკური ერთეული სულუგუნი სულხან-საბას «ქართულ ლექსიკონში» აქვს შეტანილი. ზემოთ ისიც აღინიშნა, რომ 1890-იანი წლებიდან საქართველოში დამზადებული სულგუნი ფოთიდან დასავლეთ ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა გასაყიდად. იქნებ სომეხმა მეცნიერებმა სომხეთიდან ექსპორტად გასული სულგუნის დამადასტურებელი რაიმე საარქივო დოკუმენტიც გვიჩვენონ. აშკარაა, სომხები ევროკავშირში რუსების მითითებით ჩივიან. დაახლოებით ერთი წლის წინ НТВ-ზე გადაიცა სიუჟეტი მსგავსი ტექსტით, რომელშიც ნაჩვენები იყო სოჭის ბაზარი, რომლის დახლებსაც სულგუნი ამშვენებდა. სიუჟეტის ავტორი კითხვას სვამდა: ნახეთ, რამდენი სულგუნი იყიდება სოჭის ბაზარში, რატომაა ის ქართული პროდუქტი და რატომ უნდა დაარეგისტრიროს ევროკავშირმაო? სამწუხაროდ, ქართული მასმედიისთვის ეს ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩა, თორემ გაირკვეოდა, რომ სოჭის ბაზარზე სულგუნი სამეგრელოდან იყო შეტანილი. არსებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, წლების განმავლობაში და დღესაც სამეგრელოდან აფხაზეთში, ხოლო აფხაზეთიდან სოჭში სულგუნი დიდი რაოდენობით შედის. საინტერესოა, სულგუნის, ჩურჩხელის, ჩეჩილი ყველისა და გუდის ყველის შემდეგ ქართული კულტურის კიდევ რომელი მიღწევის მითვისებას შეეცდებიან ჩვენი დაუძინებელი მეგობრები? * * * «მოკითხვა» ბეირუთიდან 1990 წლიდან აშშ-ის ბაზარზე, კალიფორნიაში მოქმედი ლიბანური ფირმა Karoun Dairies-ი მრავალი დასახელების რძის პროდუქტს უშვებს. ბრენდების საფირმო ჩამონათვალში კომპანიის საიტზე მრავალი დასახელებაა ჩამოთვლილი პროდუქტის ტიპისა და მისი წარმოშობის რეგიონის მიხედვით: ხმელთაშუაზღვისპირული, ლათინურამერიკული, ინდური, სომხური, რუსული და ევროპული. საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო სულგუნი შეტანილია რუსული წარმოშობის პროდუქციაში და ალბათ ამიტომ, ინგლისურ წარწერებთან ერთად, ყველის შეფუთვაზე დასახელება რუსულადაც არის მითითებული. სათავო კომპანიის სხვა საიტზე განმარტებულია, რომ მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირული ყველის საგანგებო ასორტიმენტი რეალურად არის ტრადიციული სომხური ყველი, რომლებიც ბაღდასარიანების ოჯახის «კარუნის ყველის» მაღალი ხარისხის რეცეპტებით არის დამზადებული. ოჰანეს ბაღდასარიანმა ახლანდელი ფირმის წინამორბედი Laiterie Karoun-ი ბეირუთში 1931 წელს დააფუძნა.
სხვათა შორის, ინტერნეტში არის საიტები ყველის მოყვარულთათვის, სადაც გამოყენებულია «კარუნის» სულგუნის ფოტოები, თუმცა მაინც მითითებულია, რომ ეს ყველი - ქართულია.
(ავტორი: როლანდ თოფჩიშვილი) ჟურნალი ”ისტორიანი”, 2014 წლის ივლისი, #7/43 * * * QUOTE | 2013 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია აქვთ სომხებს. ისინი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნებას ეჭვქვეშ აყენებენ და საჩივარში აღნიშნავენ, რომ «სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის იწარმოებოდა მთელ საბჭოთა კავშირში»(!).
სულგუნის მთელ საბჭოთა კავშირში წარმოების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებენ, რომ «საბჭოთა კავშირის პერიოდში პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენებოდა სახელმწიფო სტანდარტები, ე.წ. «გოსტ», რომელიც მთელი ქვეყნისთვის საერთო იყო. შესაბამისად, ვერ გახდება საქართველოსთვის დამატებითი არგუმენტაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის დასადასტურებლად».
ამდენად, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დროს პროდუქციაზე საქართველოს ცალკე «გოსტი» არ ჰქონია, სულგუნი ქართული ეთნიკური კულტურის ნაწილად არ უნდა მიიჩნიონ! სულგუნის მსგავსად, შესაბამისი ევროპული სტრუქტურები ასევე დამატებით ისტორიულ-ეთნოლოგიურ არგუმენტაციას მოითხოვენ აჭარული ჩლეჩილის, მესხური ჩეჩილის, თუშური გუდის ყველისა და ჩურჩხელის შესახებაც. |
--------------------
Hovercraft - Anthropod https://youtu.be/cNvEJD1OYbY via @YouTube
|