http://news.ge/ge/news/story/64861-sazogad...a-gamotskhaddes"საზოგადოებრივი ინიციატივა": "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგოს შესარჩევად კონკურსი უნდა გამოცხადდეს
24 სექტემბერი 2013, 14:46
908
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგო და სტუდია რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის ლოგოს და სტუდიას დაემსგავსა. ამის შესახებ კოალიციის წევრებმა "პრესკლუბში მე-17 სართულზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოალიცია ითხოვს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგოს შესარჩევად კონკურსი გამოცხადდეს. კოალიციის წევრები ამ მოთხოვნით პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. როგორც კოალიციის ერთერთმა წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, პეტიცია მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარედგინება.
"საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენლის ვიკა მებონიას თქმით, პეტიციას ონლაინ სახე ექნება და ის კოალიციის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდება.
კოალიციის წევრების თქმით, აღმაშფოთებელია ის, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგო და სტუდია ოკუპანტი ქვეყნის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
"საზოგადოებრივი ინიციატივა" მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მოითხოვს, პასუხი გასცენ კითხვას, ვინ იყო არხის ლოგოსა და სტუდიის შექმნის ინიციატორი.
"ეს არის კოლაბორაციონისტების ერთერთი მზაკვრული გეგმა, რომელსაც საქართველოში ახორციელებენ. ვფიქრობ, ეს ადამიანები, სამწუხაროდ, დაკავშირებულები არიან საქართველოს მთავრობასთანაც",-აცხადებს ლაშა ფარულავა.
კოალიციის წევრები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ლოგო საქართველოს დროშის ფერებში იქნება.
--------------------------------------------------------------------------------
რატომ არ გამოცხადდა კონკურსი დღემდე?