როგორც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ემილ დურკჰაიმი წერდა, მარტივ საზოგადოებებში (ანუ საზოგადოებებში, რომლებიც შეკრულნი არიან კლანურ, ოჯახურ ან ტომობრივ ურთიერთობათა გარშემო) კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბების საშუალებით სწორედ რელიგია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ამ საზოგადოების წევრთა გაერთიანებაში. ამ ტიპის საზოგადოებებში ინდივიდის ცნობიერების შინაარსი საზიაროა საზოგადოების სხვა წევრებთან და ეს ორმხრივი მსგავსება ბადებს მექანიკურ სოლიდარობას.
მექანიკური სოლიდარობა კი ვერასდროს შობს დემოკრატიას. მექანიკური სოლიდარობა მხოლოდ ბელადის გარშემო იქმნება. დემოკრატია და ბელადი შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენ ბევრი ბელადის ძეგლების დემონტაჟი ვნახეთ, მაშინ როცა დემოკრატია ჩვენგან თავად კვარცხლბეკის მოშლას მოითხოვდა. კვარცხლბეკი კი იდგა და ლენინის შემდგომ წმინდა გიორგის ელოდა. ერთი შეხედვით, ეს ორნი - ლენინი და წმინდა გიორგი - გარეგნულად კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ თავიანთი შინაარსით თითქმის კონგრუენტულნი არიან. ორივე ურჩხულს მუსრავს, თუმცა თვითონაც კვდებიან. მათი როლი ოდენ ურჩხულის შემუსვრაა.
ყოველ 6 მაისს საქართველოში გიორგობა და პოლიციის დღე აღინიშნება. მიაქციეთ ყურადღება, პოლიციის დღე ნაციონალური დღესასწაულია რუსეთის ფედერაციაში, ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა განვითარებად ქვეყნებში. ამ დღისადმი მიძღვნილ საგანგებო სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ისევე ენდობიან პოლიციას, როგორც ეკლესიას. ამგვარად, მან სრულყოფილად მოხაზა ძალაუფლების ვერტიკალის კონტურები. პოლიცია და ეკლესია არის ის ორი ფეხი, რომელზეც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო.
როცა ერთი ფეხი მეორეზე გრძელია, სხეული კოჭლობს. ამიტომ ძალაუფლების ორივე საყრდენი კიდური ზრუნავს, რომ ერთმანეთის ექვივალენტური იყოს და ამავდროულად შეერთდეს - სადღაც საზარდულის არეში. ეს ორმხრივ მომგებიანი ურთიერთობაა. ხელისუფლების მხრიდან ზრდა გამოიხატება სეკულარული დღეობების რელიგიური დღესასწაულებისთვის დამთხვევით. რად ღირს თუნდაც მინისტრების თბილისიდან იერუსალიმამდე პერმანენტული სირბილი წმინდა ცეცხლის მოსახელთებლად. ძნელია, მათ შემყურეს არ გაგახსენდეს ჰოლივუდური კომედია „ვირთხების რბოლა“, საოცნებო საგნის გამო ფილმის პერსონაჟები ერთმანეთის გადასწრებაზე რომ არიან. ხოლო ეკლესია, თავის მხრივ, ისაკუთრებს საერო გმირებს და ცდილობს, მათი საქმიანობა, მათი მიღწევები მყარად დაუკავშიროს ეკლესიას. უძღები მამის კომპლექსი.
მაგალითად, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და ა.შ. არ წარმოადგენენ საპატრიარქოს კერძო საკუთრებას და მათი „განკარგვის“ მონოპოლია არა აქვს ამ უწყებას. მაგრამ ისინი ახერხებენ ამ კულტურული ნაწილების მითოლოგიურ ბურუსში გახვევას, რის შედეგადაც ამ მოვლენებს არსი და მნიშვნელობა ეკარგებათ, ხოლო მათზე ყოველგვარ მსჯელობას უკვე ეგზალტირებული ბრბო ადებს ტაბუს. ქართული კულტურა და ისტორია იქცა აკლდამად, სადაც უდარდელ მხედრებს მხოლოდ ყვავილების მიტანისა და მოწიწებით თავის დახრის უფლება გვაქვს. და ისიც მათივე ლოცვა-კურთხევით, რასაკვირველია.
ვინც ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის, საგნის ამ მცირე მიმოხილვითაც იოლად შეძლებს წარმოიდგინოს, თუ როგორი საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ამ ზეციური ქორწინების შედეგი - პირმშო. ეს ერთგვარი უცხო (ინგ. alien) თავისუფლად შეიძლება იყოს ანაფორიანი პოლიციელი. უცხო, რომელსაც სისხლის მაგივრობას სხეულში მჟავა უწევს, თავის მსხვერპლში კვერცხებს დებს, ქამარზე ხელკეტად დრეკადი ჯვარი კიდია, მისი უზენაესი კონსტიტუცია კი რჯულის კანონია. ისე, მშვენიერი იდეაა, ორი ერთში: პოლიციელი-მღვდელი, ხორცისა და სულის უნივერსალური მცველი. ერთგვარი ელიენ-ელია, ანუ არამიწიერი წარმომავლობისა და ბიბლიური პერსონაჟის თავისებური მიქსი, რომელიც ქუჩის პატრულირებისას ერდროულად ყარს და საკმეველსაც აკმევს. თან, რაც მთავარია, ამ უცხოს ეყოლება არა დედა, არამედ ორი მამა, ანუ ექნება გაორებული წარსული. თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ეს უცხო ხალხის სხეულში კვერცხებს დადებს. ასე რომ, მამისა და შვილის განქორწინება დროულად თუ არ მოხდა, სულ მალე პატარა უცხოები დაიჩეკებიან.
ბურჭულაძის მკითხველი არ ვარ, მაგრამ შოთა გაგარინთან ერთად დაწერილი ბლოგის ამ მონაკვეთს, სრულიად ვეთანხმები
http://www.tavisupleba.org/a/24252831.html