anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#48523249 · 6 Aug 2016, 23:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნანუაშვილი თანამდებობას ტოვებს? 16-08-05 17:03:28 | Print
`საერთო გაზეთი“ სახალხო დამცველის აპარატის მთავარ მრჩეველს იურიდიულ საკითხებში მაია ლიპარტელიანს ესაუბრა:
– სახალხო დამცველის აპარატში 2013 წლის 10 აპრილიდან ვმუშაობ. 2014 წლის 10 აპრილიდან კი სახალხო დამცველის აპარატის მთავარ მრჩეველი გახლავართ იურიდიულ საკითხებში. პრობლემა, რომელმაც სასამართლომდე მიმიყვანა, დისციპლინურ კომისიებში ჩემი მონაწილეობის შემდეგ დაიწყო.
მე სამსახურეობრივად მევალებოდა, რომ მონაწილეობა მიმეღო ამ კუთხით ჩატარებულ წარმოებაში. შესაბამისად, ვმონაწილეობდი ჩემი ერთ-ერთი თანამშრომლის, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავრი სპეციალისტის გიორგი ქაჯაიას მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაში.
საქმე ეხებოდა გიორგის ხმამაღალ საუბარს უშუალო უფროსთან. ჩვენი შინაგანაწესის თანახმად, ოფისის მოსამსახურეს ეკრძალება ხმამაღალი საუბარი და კრიტიკულ სიტუაციაში ვალდებულია საქმის კურსში მისი უშუალო უფროსი ჩააყენოს. ფაქტის შესწავლისა და მოწმეების გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი ქაჯაია ნამდვილად ხმამაღლა ესაუბრებოდა თავის უშუალო უფროსს, მაგრამ ასევე დადასტურდა, რომ უშუალო უფროსიც ხმამაღლა ესაუბრებოდა მას. ამიტომ კომისიამ მიიჩნია, რომ დამატებით, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ქმედებაც უნდა შეგვესწავლა , რომელიც თავის თანამშრომელს კონფლიქტურ სიტუაციაში შეჰყვა.
ეს იყო კომისიის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც სახალხო დამცველს არ მოეწონა და რეზოლუციის დადებით აღნიშნა, რომ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიმართ წარმოება არ უნდა დაწყებულიყო. თუმცა, იმ ეტაპზე სახალხო დამცველისგან არ მიგრძვნია, რომ ამის გამო, ჩემს მიმართ რაიმე განსაკუთრებული წყენა ჰქონდა. ეს მოგვიანებით, კიდევ ერთი თანამშრომლის მიმართ დაწყებული წარმოების დროს გამოხატა.
– ილია ჭანტურაიას მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას გულისხმობთ?
– დიახ. ეს იყო საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის ილია ჭანტურაიას მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოება. მე სამწევრიანი კომისიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი. კომისიაში თავად ბატონი ნანუაშვილიც ბრძანდებოდა. საქმის გარემოებების შესწავლის და მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, დასკვნას არ დავეთანხმე და შენიშვნის სახით მივაწერე, რომ ილიას პასუხისმგებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
კომისიის მესამე წევრი კი ნაწილობრივ დაეთანხმა სახალხო დამცველის პოზიციას. ამ პერიოდში, ისევ გიორგი ქაჯაიას მიმართ, მეორე დისციპლინური წარმოება დაიწყო. ამჯერად, საკითხი ეხებოდა ე.წ. შრომის უუნარობის პერიოდს. თქვენს მკითხველს ამ საქმის ყველა დეტალზე საუბრით აღარ გადავღლი, უბრალოდ, გეტყვით, რომ ჩემი ვალდებულება კომისიაში პირნათლად შევასრულე და ყველა საჭირო ინფორმაცია მოვიპოვე, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კომისია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში ვერ შეიკრიბა და შესაბამისი აქტი ვერ გამოსცა.
როდესაც სახალხო დამცველმა ეს საქმე მოიკითხა, მან გამოთქვა სურვილი, რომ წარმოების ვადა გაგრძელებულიყო. კანონმდებლობით, როდესაც საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, შეიძლება წარმოების ვადა არა ერთი, არამედ, სამი თვით განისაზღვროს, მაგრამ როგორც კომისიის წევრი მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ ეს არ იყო ისეთი სირთულის საქმე, რომლისთვისაც კანონმდებლობის ერთთვიანი ვადა საკმარისი არაა.
მე წინასწარ ვერ წარმოვიდგენდი, რომ კომისია ვერ შეიკრიბებოდა.
– როგორც ვხვდები, სახალხო დამცველის მორიგი უკმაყოფილება ამ ფაქტს მოჰყვა.
– ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც სახალხო დამცველმა ჩემს მიმართ გამოთქვა, ის იყო, რომ ქაჯაიას მიმართ განხორციელებული მეორე დისციპლინური წარმოებისას, საქმის კურსში არ ჩავაყენე, რომ შეიძლებოდა წარმოების ვადა გაგრძელებულიყო. საქმე ისაა, რომ ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან ჯერ ერთი, მოლოდინი მქონდა, რომ სახალხო დამცველმა ეს ისედაც იცოდა.
– თქვენი აზრით, თავად სახალხო დამცველი რამდენად ობიექტური იყო ჭანტურაიას, ქაჯაიას და თქვენი საქმეების შეფასებისას?
– ვფიქრობ, რომ ობიექტური არ იყო და ეს იმითაც გამოიხატა, რომ ამ ორ საქმეზე ჩვენი პოზიციები განსხვავდებოდა. მე ჩავთვალე, რომ ობიექტურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ შემთხვევაში ილია ჭანტურაია არ უნდა დასჯილიყო და მეორე შემთხვევაში, ქაჯაიასთან ერთად, რომელსაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეეფარდა, მისი უშუალო უფროსის ქმედებაც უნდა შესწავლილიყო.
სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველი უნდა იყოს და მათ შორის, მის აპარატში დასაქმებული ადამიანებისაც. მის აპარატში დასაქმებულ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ უკანონოდ და დისკრიმინაციულად ექცევიან. როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი სხვა პოზიციაზე გადაყვანის საფუძველი დისკრიმინაცია იყო, ბატონ უჩას შეთავაზებაზე უარი ვუთხარი. რადგან ჩემი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, სხვანაირად შეეცადნენ ჩემს მოშორებას.
სახალხო დამცველის 30 მაისის ბრძანებით, აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატი გადაკეთდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველის შტატად იურიდიულ საკითხებში. შესაბამისად, იურიდიულ საკითხებში მრჩევლის ორი პოზიცია შეიქმნადა ვითომ ე.წ. ფუნქციების გამიჯვნის მომიზეზებით, ჩემი ყველა ფუნქცია იმ ახალ შტატს გადასცეს.
– რომელზეც სახალხო დამცველის მოადგილის ნათია კაციტაძის მეგობარი, ვანდა ჯიჯელავა დაინიშნა.
– არა მხოლოდ ჯიჯელავა, ქაჯაიას ყოფილი დეპარტამენტის უფროსიც და უფროსის მოადგილეც ამჟამინდელი პირველი მოადგილის ნათია კაციტაძის სამეგობრო წრეა. ისინი საქართველის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თანამშრომლები და მეგობრები არიან.
– შეიძლება თუ არა, რომ სახალხო დამცველის მხრიდან თქვენს მიმართ განხორციელებული ქმედებები შეფასდეს, როგორც სამსახურეობრივი დევნა?
– დევნასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს იყო დისკრიმინაციული მოპყრობა და სასამართლოში სარჩელი ამიტომ შევიტანე. სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი სარჩელი, თუმცა განხილვები ჯერ არ დაწყებულა. მე ვითხოვ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლითაც სხვა სტრუქტურული ერთეულიდან შტატი გადმოიტანა და ფუნქციები ჩამომართვა. ასევე, ვითხოვ დისკრიმინაციის დადგენას და აღმოფხვრას. სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები უკვე წარვადგინე.
– გავრცელებული ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილი თქვენთვის ფუნქციების შემცირებას და ახალი თანამშრომლის დამატებას ბოლო პერიოდში გაზრდილი საქმეების რაოდენობით ხსნის და ამბობს, რომ დისკრიმინაციაზე საუბარი უსაფუძვლოა, რადგან მუშაობას აგრძელებთ.
– კანონმდებლობაში არსად არ წერია, რომ გათავისუფლება აუცილებელია იმისთვის, რომ დისკრიმინაცია დადგინდეს. ეს რომ სხვა ტიპის სტრუქტურა იყოს, შესაძლებელია, ხმა არ ამომეღო, მაგრამ 16 წელია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს ვემსახურები და ვთვლი, რომ უწყებაში, რომელსაც სხვისი უფლებების დაცვა კონსტიტუციით ევალება, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს რომ არ გამეკეთებინა, მორალური უფლება აღარ მექნებოდა, რომ სხვისი უფლების დაცვაზე მემუშავა.
– იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ დააკმაყოფილა თქვენი სარჩელი და სახალხო დამცველის ქმედებებში დისკრიმინაციის ნიშნები აღმოაჩინა, დადგება თუ არა ნანუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი?
– მე რომ სახალხო დამცველი და ქვეყანაში დისკრიმინაციის დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს ხელმძღვანელი ვიყო და სამი თანამშრომელი სასამართლოს წესით დისკრიმინაციაზე მედავებოდეს, მორალური უფლება არ მექნებოდა პოსტზე დავრჩენილიყავი.
მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა იურისტები ვართ, რომლებიც ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ დავადგინოთ სხვა უწყებებში დაირღვა თუ არა ადამიანის უფლება. როდესაც ასეთი ადამიანები სახალხო დამცველს, რომელიც თავად წარმოადგენს ქვეყანაში დისკრიმინაციის დაცვაზე ზედამხედველ ორგანოს, დისკრიმინაციაზე ედავებიან, ეს საგანგაშოა.. მის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მის ადგილას მე ასე მოვიქცეოდი..
"საერთო გაზეთი"
ნელი თორდია
--------------------
Hovercraft - Anthropod https://youtu.be/cNvEJD1OYbY via @YouTube
|