საქართველოს ისტორიის ჩარხი ბოლო დროს უკუღმა დატრიალდა. დაკარგულ ტერიტორიებს დავტირით და უბედურების სათავეს სხვაგან ვეძებთ. ალბათ, დადგა დრო, სათავე ჩვენივე უნიათობასა და გულგრილობაში ვეძიოთ. ნათქვამია, ეშმაკი დეტალებში იმალებაო, მაგრამ იმას, რასაც ქვემოთ გიამბობთ, დეტალებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
21 ივნისს გუდაურში გაიმართა კონფერენცია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემაზე და უცხოელმა «კეთილმოსურნეებმა» სხვა საკითხებს შორის საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისთვის კულტურული ავტონომიების მინიჭების საკითხიც წამოჭრეს. კონფერენციაზე დასწრება მოისურვა გუდაურში «შემთხვევით» ჩასულმა ორმა აზერბაიჯანელმა სახელმწიფო მოხელემაც, რომლებიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული სპეცსამსახურების პოლიტიკის განყოფილების თანამშრომლები არიან.
კონფერენციას ქალბატონი ელენე თევდორაძეც ესწრებოდა და მან ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმძღვანელოების ნაკლებობაზე ილაპარაკა, ზოგიერთი კლასის ლიტერატურა თარგმნილიც კი არ არისო. ჩვენი წყაროს ცნობით, ამის პასუხად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს უთქვამს, ვიდრე წიგნები არ თარგმნილა, რა უშავს, არაქართველმა ბავშვებმა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოწოდებული წიგნებით ისარგებლონო.
ელენე თევდორაძე: - არაქართულენოვან სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა. ახალქალაქში მაჩვენეს საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელო, სადაც ნაწილი მასალა რუსულ ენაზეა, ნაწილი - სომხურზე და ნაწილი - აზერბაიჯანულზე. ასეთი წიგნით სწავლა წარმოუდგენელია. აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოაქვთ და საჩუქრად ურიგებენ ბავშვებს(!). ბუნებრივია, ამ სახელმძღვანელოებით საქართველოს ისტორიას კი არა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიას ასწავლიან.
- ის მაინც თუ ვიცით, რა წერია ამ სახელმძღვანელოებში?
- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აზერბაიჯანულ სკოლებში ასწავლიან, თქვენი დედაქალაქი ბაქოაო(!).
- როგორც შევიტყვე, გუდაურში კონფერენციას განათლების მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა და უთქვამს, ვიდრე სახელმძღვანელოები ქართულად არ თარგმნილა, აზერბაიჯანული და სომხური სახელმძღვანელოებით ისარგებლენო...
- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დამპირდნენ, წელს დასრულდება სახელმძღვანელოების თარგმნა ყველა კლასისთვის.
ჩვენ დავუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განგვიმარტეს, რომ სახელმძღვანელოებს ეტაპობრივად თარგმნიან და თუ სადმე სამინისტროს მიერ დაუმტკიცებელი წიგნებით სწავლობენ, ეს დარღვევაა. პასუხი კითხვაზე, რა ქნან იმ კლასებში, სადაც ნათარგმნი და დამტკიცებული წიგნები არ არის, სამწუხაროდ ვერ მივიღეთ.
ვიდრე სამინისტროში ერთიან ეროვნულ პროგრამას ამუშავებენ და საჭირბოროტო საკითხებს «ღრმად შეისწავლიან», მეზობელი სახელმწიფოები გულხელდაკრეფილი არ სხედან. აზერბაიჯანისა და სომხეთის რიგი ტვინამობრუნებული ჩინოვნიკის «ისტორიული ხედვებით» ტვინგამორეცხილ საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს მიდი და 20 წლის მერე დაუმტკიცე, რომ სკოლაში ნასწავლი დეზინფორმაცია ყოფილა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავს იმით იმართლებს, რომ რეფორმა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ალბათ, «ეტაპობრივი რეფორმის ფარგლებში» უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზეც, რომ აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლებში (მაგალითად, სოფელ ვახტანგისში) აზერბაიჯანიდან ყოველდღე გადმოდიან აზერბაიჯანელი მასწავლებლები და ბავშვებს აზერბაიჯანის ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიან. ალბათ, რეფორმის ფარგლებში უნდა მოვითმინოთ ისიც, რომ საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოსულ სახელმძღვანელოებში თბილისი ყოფილ აზერბაიჯანულ ქალაქად არის გამოცხადებული(!), ქართლ-კახეთი კი აზერბაიჯანის მიწებად! საილუსტრაციოდ ამ სახელმძღვანელოებიდან «მარგალიტ» ამონარიდებსა და რუკებს შემოგთავაზებთ. იქნებ ახლა მაინც აეხილოს თვალი ჩვენს ხელისუფლებას.
მერვე კლასის აზერბაიჯანის ისტორიის სახელმძღვანელო იმით იწყება, თუ როგორ ცდილობდნენ ქართველები აზერბაიჯანის დაპყრობას. ამონარიდი სახელმძღვანელოდან: «ქართველმა და სომეხმა ფეოდალებმა ბიზანტიის შუამავლობით თურქ-სელჩუკებთან საბრძოლველად ჯვაროსნებთან დაამყარეს კავშირი. ამით ცდილობდნენ, კავკასიიდან გაეძევებინათ მუსლიმანური ფაქტორი და დაენაწილებინათ აზერბაიჯანული მიწები. 1120 წელს დავით მეოთხე თავს დაესხა შირვანს, გააცამტვერა ქალაქი გაბალადა, მისი შემოგარენი, წაიღო აზერბაიჯანის სიმდიდრე და წავიდა; 1122 წელს თბილისი ქართველების ხელში გადავიდა»."
შემდეგი მარგალიტი, რომელიც იქვე, მეოთხე პარაგრაფშია მოცემული: «1166 წელს ქართველთა ჯარები თავს დაესხნენ ქალაქ დაბილს, რომელიც იმ დროს ელდენიზების სახელმწიფოს ეკუთვნოდა. მოკლეს 10 ათასი კაცი, ბავშვები და ქალები გააშიშვლეს და ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ ქართველი ქალების პროტესტის შემდეგ დაუბრუნეს მათ სამოსი»."
ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი, პროფესორი: - ამ ისტორიის სახელმძღვანელოებში, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე. რას წერენ, რა უნდათ, ჩემთვის გამოცანად რჩება. აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო და ქვეყანა, იმ დროს არც არსებობდა. ეს არ არის აზერბაიჯანის ისტორია. Eწიგნში მოცემულია ირანის, მაჰმადიანური საამიროების, ალბანეთის, შირვანის, ნაწილობრივ საქართველოს ისტორია და ყოველივე ეს შეკრულია აზერბაიჯანის ისტორიის ქარგის ქვეშ.
სახელმძღვანელო წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სახელმძღვანელოები და საერთო არაფერი აქვს ისტორიულ მეცნიერებასთან. ერთ ფაქტს გავიხსენებ: 1919 წელს პარიზის კონფერენციაზე, ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოების (აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის) საზღვრების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ. აზერბაიჯანის მხარემ მოითხოვა მთელი ქვემო ქართლის, მესხეთის ნაწილისა და აჭარის აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეყვანა და ამ საზღვრებში ცნობა.
მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოში მოცემულია შუა საუკუნეების ისტორია, მეათე-მეთერთმეტე საუკუნემდე, და მთელი აქემენიდების და სასანიდების პერიოდი აზერბაიჯანის ისტორიად არის გამოცხადებული. ასევეა ალბანეთის ისტორიაც. წიგნში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა. თურმე თბილისი აზერბაიჯანული ქალაქი ყოფილა!
«ტიფლისი არანის (დღევანდელი აზერბაიჯანის ნაწილია) ქალაქი იყო. მართალია, ბარდასა და დერბენტზე პატარა იყო, მაგრამ ქალაქი ყვაოდა და უმდიდრესი იყო». ბავშვებს ამ თავში ასწავლიან, როგორი იყო ქალაქი შუა საუკუნეებში, როგორი იყო მისი სტრუქტურა, სოციალური შემადგენლობა და ჩამოთვლილია ქალაქები: ბერდა, დერბენტი, ბაქო, შემახა და თბილისი. აბსურდია პირდაპირ!
დღევანდელი აზერბაიჯანი ჩრდილო ირანის ტერიტორიაზე არსებული პროვინცია, ისტორიული ადარბადაგანია, რომელიც ირანის შემადგენლობაში შედიოდა.
- სახელმძღვანელოში თბილისის გარდა «აზერბაიჯანული მიწებია» ქართლი და კახეთიც.
- საქართველოს ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ნაჩვენებია რუკაზე, თბილისიანად, არასოდეს ყოფილა აზერბაიჯანის ტერიტორია. რუკაზე მოცემულია აზერბაიჯანი არაბთა ხალიფატის შემადგენლობაში, სადაც ქვემო ქართლის დიდი ნაწილი თბილისითურთ და კახეთი გამოცხადებულია აზერბაიჯანის ნაწილად. და ეს მაშინ, როცა ამ პერიოდში თბილისში ქართველი ხელისუფალი (ერისმთავარი) იჯდა. მერვე საუკუნიდან თბილისში ამირა ზის, რომელიც შიდა და ქვემო ქართლის დიდ ნაწილს ფლობდა. მერვე საუკუნის მიწურულს კი თბილისის ამირამ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება დაიწყო, რის გამოც ბუღა თურქმა მის დასასჯელად ქართლი დალაშქრა. რა შუაშია აზერბაიჯანი, გაუგებარია.
ამ სახელმძღვანელოებით საქართველოს სკოლებში სწავლება როგორ შეიძლება? საქართველოს სკოლებს რომ თავი დავანებოთ, არც აზერბაიჯანში შეიძლება. საქართველოს სახელმწიფომ დიპლომატიური ნოტით უნდა გააპროტესტოს ეს ისტორიული შანტაჟი. შენი ქვეყნის დედაქალაქს ისტორიის სახელმძღვანელოში აზერბაიჯანულ ქალაქად გიცხადებენ და ეს არ გაწუხებს? როცა აზერბაიჯანელ ბავშვს ასწავლი, რომ თურმე შენი მეზობელი სახელმწიფოს დედაქალაქი მისი ყოფილა, ვინ იცის, რას მოიმოქმედებს წლების მერე? ქართველები დამპყრობლები ვყოფილვართ და საწყალი აზერბაიჯანელებისთვის თბილისი წაგვირთმევია. ქართველთა დამსჯელი რაზმები კი ატყავებდნენ საცოდავ აზერბაიჯანელებს და მინარეთზე ჰკიდებდნენ თურმე. ეს ერებს შორის შუღლის გაღვივების მეტს არაფერს ემსახურება. ამ სახელმძღვანელოთი გაზრდილის ცნობიერებაში ხომ ქართველი საზიზღარი აგრესორია?
1210 წელს მართლაც იყო ლაშქრობა, მაგრამ ამ თემის ბავშვისთვის ასე მიწოდება დაუშვებელია. ასეთ ლაშქრობებს აზერბაიჯანელი ამირები მუდმივად აწყობდნენ საქართველოში, მაგრამ გინახავთ ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომ აზერბაიჯანელი ამირები არბევდნენ და ხოცავდნენ ქართველებს? განჯაში ლაშქრობამდე თურქ-სელჩუკთა ლაშქრობა იყო საქართველოში. რა ვქნათ, სახელმძღვანელოებში ჩავწეროთ, თურქ-სელჩუკების შთამომავლები აზერბაიჯანელები არიან და ასე გვხოცავდნენ და გვანადგურებდნენო?
განჯა იყო პლაცდარმი, საიდანაც მუდმივად თავს ესხმოდნენ საქართველოს. ათაბაგი აბუ-ბექარი 1195 წელს საქართველოს დასასჯელად მოდიოდა და შამქორთან დამარცხდა. ეს კი არსად წერია. აქცენტები გადატანილია ისეთ ფრაზებზე, როგორიცაა: «ქართველები არბევდნენ», «ქართველები ძარცვავდნენ», «ქართველებმა შიშველ-ტიტველი გამორეკეს», «ქართველებმა გაატყავეს». ამ სახელმძღვანელოთი გაზრდილისთვის ქართველი კაცი კაციჭამიაა.
წიგნის დასასრულს ლაპარაკია შაჰ-აბას I-ის რეფორმებზე, მაგრამ ერთი სიტყვითაც კი არსად არის ნახსენები, რა დაატრიალა მან საქართველოში. ეს აზერბაიჯანის კი არა, ირანის ისტორიაა; სადაც კი კავკასიაში მუსლიმანური ანკლავი შექმნილა, ყველას ისტორიაა; ამ წიგნით ისტორიის სწავლება არათუ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისთვის, აზერბაიჯანში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვისაც არ შეიძლება.
- ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?
- ვინმემ აგო პასუხი იმისთვის, რომ განათლების სისტემაში 2005 წელს დაწყებული რეფორმა კრახით დასრულდა? ექვსი წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე გეოგრაფიისა და ისტორიის ერთად სწავლება არ შეიძლება. სახელმძღვანელოები დაწერილია, მათიI თარგმნა გახდა რატომღაც პრობლემა, თანხები ვერ გამოძებნეს.
- წინა ხელისუფლების დროსაც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოტანილი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ?
- არა, ბატონო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები ითარგმნებოდა, სხვათა შორის, ამ საქმეს მაშინ სოროსის ფონდი აფინანსებდა.
პ.ს. სამწუხაროდ, მხოლოდ სახელმძღვანელოების თარგმნა არ არის პრობლემა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იმ კლასებშიც კი, სადაც ქართულიდან უკვე თარგმნილია შესაბამისი ლიტერატურა, სახელმძღვანელოები მაინც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოაქვთ. სანამ დროა, ამ საქმეს უნდა მივხედოთ, თორემ გვიან იქნება თითზე კბენანი.
http://kvirispalitra.ge/old/palitra/frp_palitra.htm