. რა განწყობა აქვთ დღეს “ქართული ოცნების” მაშინდელ მხარდამჭერებს, გაამართლა თუ არა მათი ძალისხმევით მოსულმა ხელისუფლებამ მათი იმედები და რას აპირებენ ოქტომბერში, ამაზე სასაუბროდ “ფოსტალიონი ” კასპის რაიონში “ქართული ოცნების ” რამდენიმე ყოფილ მხარდამჭერს გაესაუბრა. დღეს არცერთი მათგანი წინასაარჩევნოდ აღარ აქტიურობს, მათი განწყობაც ძირითადად ერთმანეთის იდენტურია, ამიტომ გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანთან, 37 წლის ქალბატონთან ინტერვიუს. ჩვენმა რესპოდენტმა გასაგები მიზეზების გამო მისი სახელის დასახელებისგან თავის შეკავება გვთხოვა.
-2012 წელს ჩავები წინასაარჩევნო ორომტრიალში. მანამდე პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ ამჯერად ასე გადავწყვიტე, რადგან ძალიან მინდოდა “ნაციონალური მოძრაობის” მოცილება. ასე გადავწყვიტე და ასე მინდოდა. ჩვეულებრივად, შევედი პარტიაში და მონაწილეობას ვიღებდი ყველა აქციაში , სადაც “ოცნება” დამიძახებდა , ყველგან მივდიოდი. არჩევნების დღეს კი უბანზე პარტიის წარმომადგენელი ვიყავი და ხმებს ვიცავდი. იქ თუ არ იაქტიურე, ბევრი რამ შეიძლება გაფუჭდეს. სოფლის გამგებელს, რომელსაც აკრძალული ჰქონდა უბანზე შემოსვლა და მცდელობა ქონდა, შეგვეწინააღმდეგა, მაგრამ მოვახერხე და გავისტუმრე იქიდან.
-რა უნდოდა გამგებელს უბანზე?
-ნაციონალების წარმომადგენლები აძლევდნენ სიას, ვინ არ გამოცხადდა არჩევნებზე, ის მერე მიდიოდა და მარშრუტკით მოყავდა ის ხალხი. ეს პირადად მე შევამჩნიე და ვთქვი, თუმცა ეს მოყვანილი ხალხიც ოცნებას აძლევდა ხმას. სხვათა შორის, ოცნებასაც ყავდა ერთი ისეთი ადამიანი, რომელმაც შოკირებული დამტოვა. შემოგვთავაზა კომისიის წარმომადგენლებს, გადავმალოთ ეს ხმები და მოვითხოვოთ თანხაო. ხმების გაყიდვა უნდოდა. ერთი კაცი იყო კომისისს წარმომადგენელი, სვანი, გვარი არ მახსოვს. იმან გაუწია სასტიკი წინააღმდეგობა და საბოლოოდ, მშვიდობიანად ჩამოვიტანეთ ეს ხმები ოლქამდე.
-“ნაციონალების ” დროს რეპრესიები შეგეხო და იმიტომ გინდოდა მათი მოცილება?
-არა, მაგრამ ხომ ვუყურებდი რა ხდებოდა გარშემო. პირადად მე არ შემხებიან, მაგრამ რომ უყურებ უსამართლობას, თავისთავად გული გერჩის… ხომ გესმით .
-არჩევნების მერე რას აკეთებთ?
-დამთავრდა არჩევნები და ყველა დავიფანტეთ. არჩევნების მერე არავის გავხსენებივარ. მივაკითხე და ვთხოვე დასაქმება, მაგრამ მომთხოვეს დიპლომი, რომელიც არ გამაჩნია.
-ისეთი სამსახური არ არსებობს , დიპლომი რომ არ სჭირდებოდეს?
-ჩემთვის არ იარსება. ამიტომ მე თვითონ მივხედე თავს და ახლა კერძო სექტორში ვსაქმიანობ, რამდენიმე ოჯახში დავდივარ და ვეხმარები სახლის საქმეებში. დანარჩენ აქტივისტებს რაც შეეხება, რამდენიმე მათგანი დაასაქმეს, თითო-ოროლა, ისიც ნაცნობობით. დანარჩენები ჩემსავით სახლებში წავიდნენ. სამაგიეროდ, ნაციონალების დროს ვინც იყვნენ, გამგეობაში ყველა იგივე ხალხია, თავიდან მოხსნეს, მაგრამ მერე ისევ აღადგინეს. სადაც წახვალთ, ყველგან ნაციონალები არიან.
-ახლა ისინი “ოცნების ” მხარდამჭერებად ასაღებენ თავს?
-არა, ეს არაფერში სჭირდებათ. თავიდანვე იძახდნენ, ტყუილად იბრძვით, ისევ ჩვენ მოვალთო. და ფაქტი სახეზეა. ვინც ხალხს ავიწროვებდა, ისევ ისინი არიან , დაწყებული პოლიციიდან გამგეობის თანამშრომლებით დამთავრებული. მართალია ახლა ხალხს აღარ სდევნიან, მაგრამ სულით ისევ ნაციონალები არიან. ეს მათ კარგად ეტყობათ. ავიღოთ თუნდაც სოციალური მუშაკები. ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ ხალხში უკმაყოფილება და უსამართლობის განცდა გამოიწვიონ, სპეციალურად ამწარებენ ხალხს. ისეთს მოუხსნიან დახმარებას და ისეთს დაუნიშნავენ, რომ ერთი ამბავი ტყდება ხოლმე.
-ახლა რა განწყობა გაქვთ , ვინც მაშინ აქტიურობდით?
-იმედგაცრუება. ოცნების შტაბის უფროსებმა თვითონ მიიღეს რაც უნდოდათ და ხალხი კი დაავიწყდათ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამიძახეს ისევ შტაბში, დაგვეხმარეო, თუმცა აღარ მივედი. ამ არჩევნებზე კი აღარც შემეხმიანნენ, იციან ჩემი აზრი. სხვები მიიყვანეს, ახალი ხალხი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაციონალების მხარეს ისევ ის ხალხია, ვინც მანამდეც მათი მხარდამჭერი იყო. ხოლო ვინც ოცნების მხარეს იყო და დღეს იმედგაცრუებულია, ნაციონალებს არავითარ შემთხვევაში ხმას მაინც არ მისცემენ. არჩევნებზეც მივლენ. შეიძლება ახლა გამწარებულ გულზე იძახიან, რომ არ წავალთ ხმის მისაცემადო, მაგრამ არჩევნების დღეს მაინც მივლენ და ოცნებას მისცემენ ხმას. ეს იმიტომ, რომ ძველები აღარ დაბრუნდენ.
-შენც ასეთ განწყობაზე ხარ?
-კი, იმედგაცრუებული მეც ვარ, მაგრამ ნაციონალების მიმართ იგივე განწყობა მაქვს, რაც 2012 წელს მქონდა. ატანა არ მაქვს მაგათი! განა მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულების გამო. პიროვნულადაც არ ვარგანან, რაღაც სულ სხვანაირები არიან, როგორ ვთქვა არ ვიცი. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებლები.
-ყველას ყავს ნაციონალი მეგობარი, ან ახლობელი. თქვენ ასეთი არ გყავთ?
-არიან მეზობლები თითო-ოროლა, თუმცა რა მაქვს მათთან საერთო, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, მოგვდის კამათი და ამიტომ შორს გვიჭირავს თავი ერთმაეთისგან. მაგათ ვერაფერს გააგებინებ მაინც. ბევრი რამით ისარგებლეს ამ მთავრობის პირობებში, 3-3 შვილი რომ სკოლაში დაყავთ და წიგნები საყიდელი აღარ აქვთ, ბაღში უფასოდ დაყავთ შვილები, მკურნალობა , ოპერაციები გაიკეთეს უფასოდ, ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ, თვითონ ხომ ამას ვერასდროს ვერ შეწვდებოდნენ. ერთი მეზობელი მყავს, “ცე ჰეპატიტზე” მკურნალობენ, ფაქტიურად სიცოცხლე აჩუქეს და იძახის, უნიათო მთავრობა, ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია და წინ ვერ მივდივართო. აბა მითხარით, ამისთანას რა ენაზე ველაპარაკო და რისთვის ავიშალო ნერვები? პირადად მე არაფრით მისარგებლია. როგორც ადრე ვიყავი ისე ვარ, მაგრამ ნაციონალების დაბრუნებაზე გაფიქრებაც კი არ მინდა. ეგენი ეხლა გალიაში ჩამწყვდეული მხეცებივით არიან. რომ გამოუშვა შურისძიებას დაიწყებენ და უბედურებას დაატრიალებენ.
– მიუხედავად იმისა, რომ არ დაგასაქმეს, სამართლიანობა არ აღადგინეს და ვინც ხალხს სდევნიდა ისევ ისინი დატოვეს, მაინც მიდიხარ არჩევნებზე და ისევ ოცნებას ირჩევ?
-დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მივცემ ხმას. თავისუფლად ვარ. არაფრის და არავისი არ მეშინია. არც ყაჩაღების . ხალხში შიშს ნერგავენ, თითქოს ყაჩაღები გააქტიურდნენ და ხალხს ატერორებენ, არ არის ეს ასე. ყაჩაღობა ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის მოხდება, მაგრამ როგორც მაშინ მეძინა ღია კარებში, ახლაც ისე მძინავს და არავინ მივარდება. მოკლედ, რა აზრზეც ვიყავი, იგივეზე ვარ ახლაც. რა სისულელეა, ნაციონალები ღმერთმა გვაშოროს. სულმდაბალი ადამიანების სექტაა, მაგათ როგორ დავაბრუნებთ.
წყარო:
http://www.postalioni.com/2016/08/%E1%83%9...83%98%E1%83%90/