ამ აფხაზ მესაზღვრეზე ადგილობრივი ქართველები აღტაცებით საუბრობენ!!! ნამდვილი გმირი
სიცხე, მძიმე ჩანთებით დატვირთული ჯგუფ-ჯგუფად მომავალი ხალხი, შეწუხებულსახიანი ხანში შესული ქალები, მგზავრების მომლოდინე მძღოლები, ტაქსები და მიკროავტობუსები... ეს ის ყოველდღიური სურათია, რომლის ნახვაც მდინარე ენგურის ხიდზე ე.წ. "ქართულ-აფხაზურ საზღვარზე" შეიძლება.
ყოველივე ეს 1990-იან წლებში ამ რეგიონში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის მახინჯი მემკვიდრეობაა. მართალია, აქ აღარ ისვრიან და ხალხი აღარ იღუპება, მაგრამ ომის ექო დღესაც იგრძნობა.
"დავიღალე შვილო", - ეს არის ის, რასაც ენგურის გამოღმა გადმოსული ხანშიშესული გალელები გეუბნებიან... მართლაც, 1992-1993 წლის ომმა მათ თაობების მანძილზე ნაგროვები დოვლათი, სახლები, სოციალური სტატუსი, ჯანმრთელობა და რაც ყველაზე რთულად გადასატანი და აუნაზღაურებელია, ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე წაართვა. თუმცა ცხოვრება გრძელდება.გალის რაიონში, მიუხედავად აფხაზური ადმინისტრაციის ანტიქართული პოლიტიკისა, ქართული მოსახლეობა კვლავ რჩება. ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე ზოგიერთი სასწავლებლად, ზოგი სამკურნალოდ, ზოგი სამუშაოდ, ზოგიც კი ნათესავების მოსანახულებლად რეგულარულად გადმოდის
ე.წ. "საზღვარი", რომლის გადმოლახვა გალელ ქართველებს ყოველდღიურად უწევთ, "მესაზღვრეების" მიერ 08-00 სთ-ზე იხსნება და 20-00-ზე იხურება. პერიმეტრს მთლიანად რუსი სამხედროები, კერძოდ კი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ, მათ აფხაზ კოლეგებს კი ძირითადად მეორეხარისხოვანი როლი აქვთ, რაც მეტწილად ადგილობრივი მოსახლეობისაგან ქრთამის აღებით შემოიფარგლება.
თამარ შარია (სოფელი ჭუბურხინჯი): "ახლა სიმშვიდეა, ნელ-ნელა ცხოვრება ლაგდება. მართალია, ომამდელ ყოფას ვეღარ აღვადგენთ, მაგრამ სახლ-კარი, ასეა თუ ისეა, გვაქვს, ხალხი ცდილობს სახსრების გამონახვას და თავის რჩენას.
ჩვენი სოფლის ბიჭები ხშირად დადიან სამუშაოდ, ზოგი თბილისში და ზუგდიდში, ზოგიც კი გაგრასა და სოხუმში. იქ მუშაობენ, გასამრჯელოს პატიოსნად უხდიან და არანაირი პრობლემა არ აქვთ. ჩვენც პატარა მეურნეობა გვაქვს და ჩემი შვილის ოჯახს ვეხმარებით.
ახლა ქმარს ოპერაცია უნდა გაუკეთონ გულზე და ექიმთან მივდივართ ქუთაისში. ხარჯების 70%-ს მთავრობა ფარავს, დანარჩენ 30%-ს ჩვენ.
აფხაზები რომ ვიყოთ, მაგალითად გუდაუთიდან, მთლიანად დაგვაფინანსებდნენ, სამართლიანია ეს?! ისე, რაღაც-რაღაც შეღავათი კი გვაქვს, მაგალითად, აქაური ბავშვები უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლობენ", - უთხრა მან "რეზონანსს".
ადგილობრივი ქართველები აღტაცებით საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გადაარჩინა აფხაზმა "მესაზღვრემ" ავარიაში მოყოლილი გალელი ბავშვი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. მის მშობლებს აფხაზური პასპორტები არ ჰქონდათ, რაც "საზღვარზე" მათ პრობლემებს უქადდა. აფხაზმა ძალოვანმა დრო იხელთა და თავისი რუსი კოლეგების იქ მისვლამდე ისინი გააპარა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ არც წელს, რაშიდ კანჯიოღლის მიერ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა არ ავიწყდებათ. მათი თქმით, მიზეზი ოთხოზორიას მიერ გამშვებ პუნქტზე ერთ-ერთი ასაკოვანი, უსაბუთო ქართველისადმი გამოსარჩლება იყო, რა დროსაც მოხდა შელაპარაკება. მკვლელი სამართალდამცავი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა იგი დღემდე არ დასჯილა.
დავით ჯალაღონია (გალი): "მთავარი პრობლემა რუსია. აფხაზებთან ურთიერთობა, ასეა თუ ისეა, ჩვენ დიდი ხანია დავალაგეთ. ჩვენი ბიჭები სამუშაოდ სოხუმში და გაგრაში ხშირად დადიან. ისინიც ჩამოდიან ხოლმე, ყიდულობენ ჩვენგან ყველს, თხილს, ხილ-ბოსტნეულს, ჩვეულებრივ ხალხს არ გვაქვს მტრობა
მაგრამ რეალური ძალაუფლება იქ რუსს აქვს და ეს ართულებს საქმეს. ისინი რომ არა, დარწმუნებული ვარ, არც ომი მოხდებოდა, მაგრამ რაც იყო იყო...
მართალია, არც რუსი ჯარისკაცები გვერჩიან რამეს, მაგრამ შენს მიწაზე სასიარულოდ რომ უცხო კაცისგან გინდა ნებართვა, აბა როგორია?! თან, როდის რა მოუვლის თავში რომ არ იცი", - თქვა მან "რეზონანსთან" საუბრისას.
გალელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობის არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი და კრიმინალის მაღალი დონეა. დაყაჩაღების ფაქტი მკვეთრად მატულობს ე.წ. "თხილის სეზონზე", როდესაც ადგილობრივები თხილის მოსავალს იღებენ.
ლაშა გაბისონია (ხურჩა): "გალში სეზონურად გადავდივარ სამუშაოდ. თხილს ვკრეფთ, მერე თუ საშუალება არის, ოჩამჩირეში, ან ტყვარჩელში მივდივართ სამუშაოდ პატარ-პატარა მშენებლობებზე. ფულს პატიოსნად გვიხდიან, პრობლემა აქამდე არ გვქონია
ერთადერთი, ყაჩაღების გვეშინია, რომლებიც ხან ვის დაეცემიან, ხან ვის. ამას ისევ ადგილობრივები აკეთებენ, თავისიანებს ძარცვავენ. ნიღაბს ქართველი გაიკეთებს, აბა აფხაზს არ ეშინია, აქაოდა, არ მიცნონო. ისევ თავისივე ხალხს ძარცვავენ, ყოფილა შემთხვევა, მძარცველებში ნათესავები ამოუცნია ხალხს. აი ეს არის მთავარი პრობლემა და ამას უნდა მიეხედოს, მაგრამ აბა სადაა აფხაზეთში პოლიცია.
ესეც არ იყოს, გალს დიდ ყურადღებას სოხუმი არასდროს აქცევდა იმიტომ, რომ აქაურ ქართველებს აფხაზები მე-5 კოლონად განიხილავდნენ სულ და არ ენდობიან, ხმის უფლებაც კი წაართვეს", - თქვა გაბისონიამ "რეზონანსთან" საუბრისას.
რუსი ე.წ. მესაზღვრეები ადგილობრივ ქართველებს "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ხშირად აკავებენ. თუ პირი გალის რაიონშია ჩაწერილი და აფხაზური პასპორტი არ აქვს, ის თავისუფლების სანაცვლოდ 1000 - რუბლიან (35 ლარი) ჯარიმას იხდის.
აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე დაკავებულის ხვედრი კი უფრო მძიმეა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და თავისუფლება მას, როგორც მინიმუმ 100 000 რუბლი (4 000 ლარი) დაუჯდება.
აქაც, ისევე როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუს სამხედროებს ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება და ამის შემდეგ მათთვის ჯარიმის სახით გამოსასყიდის მოთხოვნა ერთგვარ დამატებით შემოსავალად აქვთ ქცეული.
ამიტომაც, როგორც ენგურის, აგრეთვე სოფელ ხურჩის გადასასვლელებთან ქართველი სამართალდამცავები დგანან. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმავალი და იქიდან მომავალი პირების ვინაობას ამოწმებენ და აფხაზური პასპორტის არმქონე პირებს აფრთხილებენ, თუ რა საფრთხე შეიძლება შეექმნათ მათ იმ შემთხვევაში, თუ რუსი "მესაზღვრეები" დააკავებენ.
აფხაზეთისათვის ომისაგან მიყენებული იარების მოშუშებას მისი არასტაბილური პოლიტიკური და უიმედო ეკონომიკური მდგომარეობა უშლის ხელს.
მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივები ჯიუტად ცდილობენ ცხოვრებისათვის ფეხის აწყობას, თავის რჩენასა და საბრძოლო მოქმედებების გამო წართმეული კეთილდღეობის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენას. საამისოდ მათ უამრავი წინააღმდეგობისა და ხელის შემშლელი ფაქტორის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. თუმცა ნაწილს ეს გამოსდის და დიდი ძალისხმევის ფასად ამას აღწევს კიდეც. ხალხთან საუბრით გართულმა ვერც კი შევნიშნე ხიდზე მიმომსვლელთა ნაკადი როგორ შეწყდა. საათი 20.00-ს უჩვენებდა. რუსმა "მესაზღვრეებმა" ე.წ. "საზღვარი" კვლავ ჩაკეტეს... გააღებენ კი მას ხვალ?! გებადება უნებლიე, თუმცა ლოგიკური შეკითხვა, გახსნიან კი მას ხვალ? არავინ იცის, რუსეთი ხომ სერ ჩერჩილის თქმისა არ იყოს, მოულოდნელობებით აღსავსე უკიდეგანო სივრცეა.
https://n30870.bb.ge/sxvadasxva/am-afkhaz-m...-namdvili-gmiri This post has been edited by iase on 25 Aug 2016, 10:42