«El Pais» (ესპანეთი): სოხუმში კოლხი მედეას წყევლა ახდა
11:05 08.08.2016
გავლენიან ესპანურ გამოცემა «El Pais»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია სოხუმში ჩატარებული მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც უკვე თითქმის 15 წლის ტრადიცია აქვს და რომლის ორგანიზატორია საოპერო მომღერალი, სოპრანო ხიბლა გარმზავა - იგი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე გამოდის.
„ამჯერად ფესტივალში მონაწილეობდა მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის კოლექტივიც, რომელმაც 2,5 ათასი წლის წინანდელ უძველეს ბერძნულ კოლონია დიოსკურიაში (სოხუმში) იტალიელი ლუიჯი ქერუბინის ოპერა „მედეა“ წარმოადგინა“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - პილარ ბონეტი).
„მუსიკალურმა ღონისძიებამ, რომლის დროს შეკრებილი თანხა საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება, მიმდინარე წელს მოულოდნელი სახე მიიღო - გადაწყდა, რომ ფესტივალი ღია ცის ქვეშ, უძველესი ციხე-სიმაგრის ადგილზე ჩატარებულიყო, რომელიც მრავალი ცივილიზაციის მომსწრეა. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ რომაელებმა დაიწყეს, შემდეგ ბიზანტიელებმა გააგრძელეს. აქ ხშირი სტუმრები იყვნენ გენუელი ვაჭრები, მოგვიანებით თურქები, რუსები... საბჭოთა პერიოდში ციხე-სიმაგრის ნარჩენების ნაწილი ზღვისპირა პრომენადისთვის (სასეირნო ადგილისთვის) გამოიყენეს, 1980-იანი წლების დასაწყისში აქ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რომელსაც ხელი სამოქალაქო ომმა შეუშალა. ბოლო ხანებამდე ეს ადგილი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. გასულ წელს „აფხაზეთის კულტურის სამინისტროსა“ და პირადად „მინისტრის მოადგილის ბათალ კობახიას“ აქტიური ძალისხმევით გადაწყდა, რომ ციხე-სიმაგრის შიგნით ტერიტორია კეთილმოწყობილიყო და ფესტივალი იქ ჩატარებულიყო. ამით დასტურდება, რომ „სახელმწიფო“ არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისათვის ზრუნავს.
ხიბლა გარზმავამ სოხუმში ოპერა „მედეა“ ჩამოიტანა, რომლის პრემიერა მოსკოვში 2015 წელს გაიმართა და ფესტივალ „ოქროს ნიღაბის“ მთავარი პრიზი დაიმსახურა. უძველესი ციხე-სიმაგრის ფონზე გამართულ წარმოდგენას სპეციფიკური ხასიათი ჰქონდა: გათხრებისა და რესტავრაციის დროს აქ აღმოჩნდა მე-4 საუკუნის რომაელი ლეგიონერის ბაზილიკა, რომაული თერმები, რუსეთის იმპერიის დროინდელი ყაზარმა... სანამ ოპერის წარმოდგენა დაიწყებოდა, მაყურებლებმა და მსახიობებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მწერლის ფაზილ ისკანდერის ხსოვნას.
როგორც ცნობილია, ოპერა „მედეაში“, რომლის ჩასატარებლად სოხუმში მოსკოვიდან კონსტანტინ სტანისლავსკისა და ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის 300-მდე თანამშრომელი ჩამოვიდა, არგონავტები მონაწილეობენ, თუმცა სპეციფიკური ფორმით: იასონი და მისი თანამოაზრენი გამოწყობილნი იყვნენ სამხედრო ჩექმებში, გალიფესა და ქამრით შემოჭერილ „გიმნასტერკაში“, რაც ბოლშევიკ იოსებ სტალინსა და მის კავკასიელ ამხანაგებს მოგვაგონებდა 1930-იან წლებში.
მედეა (ხიბლა გარზმავა) ცდილობდა თავისი სილამაზით იაზონის დატყვევებას, მაგრამ როცა არ გამოუვიდა, ღმერთებს მისი დასჯა შესთხოვა. სწორედ იმ დროს წამოვიდა ციდან წვიმის პირველი წვეთები, რომლის შემდეგ პაპანაქება სიცხე გრანდიოზულმა ჭექა-ქუხილმა და კოკისპირულმა წვიმამ შეცვალა, თითქოსდა ღმერთებმა მართლაც შეისმინეს მედეას ვედრებაო. შეშინებული მაყურებელი აქეთ-იქით გარბოდა, ქალებმა გრძელი კაბები ტალახში ამოისვარეს, კავალრებს კი პიჯაკები გასაწური გაუხდათ, ლაქირებული ტუფლებიც ტლაპოში მიატოვეს. მაღალჩინოსან სტუმართა მდიდრული „მერსედესები“ და სხვა ავტომანქანები უკვე წყალში ცურავდა... თითქოსდა სტიქიამ კულტურაზე გაიმარჯვა, მაგრამ არა - გაირკვა, რომ წარმოდგენა სხვა ადგილზე, დახურულ შენობაში - „აფხაზეთის ეროვნულ თეატრში“ გაგრძელდებოდა. სანამ მსახიობები და მაყურებლები თეატრში შეიკრიბებოდნენ, გრიგალმა თავისი საქმის გაკეთება მაინც მოასწრო: შენობას, რომლის კაპიტალური რესტავრაცია 2013 წელს ჩატარდა, სახურავი დაუზიანა და დარბაზში წყალი ჩამოვიდა. ამის მიუხედავად, მაყურებლებს შორის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც იყო. აშკარა ჩანდა, რომ ოპერა გაგრძელდებოდა....
წარმოდგენამ გამაყრუებელი აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურა. მაყურებლები გარეთ გამოვიდნენ, იქ კი... ქუჩები გაცოფებულ მდინარეებად იყვნენ გადაქცეულნი, წყალს ხეები და ავტომობილები მოჰქონდა. დილით სოხუმში მოძრაობა შეუძლებელი იყო, ქალაქის ცენტრში მუხლამდე წყალი იდგა, მერიამ ქალაქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
„კოლხელი მედეას წყევლა ახდა. ეს ფაქტი „ისტორიით გაჟღენთილმა“ აფხაზებმა იმის ნათელ დადასტურებად მიიჩნიეს, რომ ბერძენი ევრიპიდეს ტრაგედიის გმირი მართლაც მათი თანამემამულე იყო, ანუ იმ ტომიდან, რომელიც ადრე კოლხეთის სამეფოში შედიოდა“, - წერს პილარ ბონეტი.
http://cultura.elpais.com/cultura/2016/08/...417_039795.htmlhttp://www.newspress.ge/uckhouri-presa/870...evla-akhda.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3