სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან გარკვეული მოლოდინები ჰქონდათ მომავალი ლიდერის მიმართ, რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძლიერი სომხური ლობისტური ჯგუფების არსებობამ, საქართველოს დასავლეთის მოკავშირედ გახდომის მცდელობამ და აზერბაიჯანის ენერგორესურსებმა, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობამ და ელექტროენერგიის ტრანზიტის როლმა ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება მიიქცია. სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რეგიონია მსოფლიოში სამი არსებული კონფლიქტის გამო (მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი). რეგიონში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების ფონზე, აშშ-ის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი სახელმწიფოებისთვის. ამ ქვეყნებს მოლოდინი აქვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს მათ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
2016 წელს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობაში დამოუკიდებელ ქვეყნებად არსებობის ოცდახუთი წლისთავი. მომდევნო ოცდახუთი წლის განმავლობაში სხვადასხვა საკითხებმა პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა მოახდინა სამხრეთ კავკასიის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე. აშშ-ის ადმინისტრაციების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, აშშ-ის ურთიერთობა მეზობელ ირანთან და რუსეთთან, ნატო-ს გაფართოება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის ჩაკეტვა (ჩაიკეტა 1993 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო) უზარმაზარ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონის სახელმწიფოებთან ორმხრივ ურთიერთობაზე და სამხრეთ კავკასიის მიმართ მის საგარეო პოლიტიკაზე.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სამი ძირითადი საკითხი ახდენს გავლენას აშშ-ის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიმართ პოლიტიკაზე: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ენერგეტიკა და უსაფრთხოება. თუმცა, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციისთვის ამ საკითხების პრიორიტეტულობა იცვლებოდა.
ბილ კლინტონის ადმინისტრაციისთვის ენერგეტიკა აშშ-ის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის უპირველეს საკითხს წარმოადგენდა, რადგან დასალეთის ბაზრებზე კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების ტრანსპორტირება პრიორიტეტული იყო. ჯორჯ ვ. ბუშის პრეზიდენტობის დროს, უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის უპირველესი საკითხი იყო, 11 სექტემბრის ტერიტორისტული თავდასხმების და ავღანეთსა და ერაყში ომების გამო. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ლიბერალურ-ინტერვენციონისტული საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო რეგიონში. თუმცა, ეს სამი საკითხი ყოველთვის სხვადასხვანაირად აღიქმებოდა აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მიერ. კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციების დროს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა რეგიონში უფრო აქტიური იყო, ვიდრე ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.
პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ბილ კლინტონმა რეგიონში ირანის ბლოკირებისა და „რუსეთის პირველ ადგილზე“ დაყენების პოლიტიკა გაატარა. ამ პოლიტიკის არქიტექტორი სტრობ ტებოტი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ თავდაპირველად რუსეთი უნდა შეცვლილიყო, ხოლო შემდეგ - უნდა შეცვლილიყო სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები. ეს პოლიტიკა წარმატებით ხორციელდებოდა 1996 წლამდე, მაგრამ შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკა შეცვალა. ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ აქტიურად დაუჭირა მხარი რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს, რეგიონის სახელმწიფოების დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრირების და მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით. 1994 წლიდან ყველა სახელმწიფო ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრი გახდა და ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ოპერაციებს აქტიურად დაუჭირა მხარი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო. ირანი დიდხანს ცდილობდა ამერიკის შეერთებული შტატების შეკავების პოლიტიკის დამარცხებას საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებით. შედეგად, რეგიონში ახალი უმნიშვნელო გეოპოლიტიკური კონკურენცია დაიწყო ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შორის, თუმცა ეს კონკურენცია არ გადაზრდილა ღია ომში. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არასოდეს უჭერდნენ მხარს ირანის წინააღმდეგ დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს.
ჯორჯ ვ. ბუშის პრეზიდენტობის დროს, აშშ-რუსეთის მეტოქეობა რეგიონში „ფერად რევოლუციებში“ გადაიზარდა უკრაინასა და საქართველოში. ამ ქვეყნებს ყველაზე მეტად სურდათ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნატო-ს გაფართოებას პოსტ-საბჭოთა სივრცის ხარჯზე. საქართველომ აირჩია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე გამოთქვა სურვილი გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წვერი2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა მოითხოვეს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება; თუმცა, რამდენიმე ქვეყანა, გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით, ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა. ეს ქვეყნები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის სეპარატისტული ტერიტორიების გამო. შედეგად, დღეს საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე დარჩა. ამასობაში, ახლად არჩეული დონალდ ტრამპი ასევე ეწინააღმდეგება ნატო-ს გაფართოებას.
ჯორჯ ვ. ბუშის დროს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის დაპირისპირებამ უარყოფითად იმოქმედა მთელს რეგიონზე. ბუშის ადმინისტრაცია ცდილობდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ბაზების განთავსებას სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რეგიონის სახელმწიფოებმა, საქართველომაც კი, ამ ბაზების მასპინძლობაზე უარი თქვა. ობამას პრეზიდენტობის დროს ირანმა ხელი მოაწერა ბირთვულ შეთანხმებას P5+1 ქვეყნებთან და დასავლეთმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული გარკვეული სანქციები გააუქმა. ახალმა ვითარებამ დადებითი გავლენა მოახდინა რეგიონის უსაფრთხოებაზე, ასევე ირანსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებსა და ირანს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ამასობაში, დონალდ ტრამპმა ამ შეთანხმებას „კატასტროფა“ უწოდა და პირობა დადო, რომ მას „ჩაშლიდა“. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს რეგიონულ ურთიერთობებზე და ახალი კრიზისი გამოიწვიოს რეგიონში.
ობამას პრეზიდენტობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების „გადატვირთვის პოლიტიკამ“ დიდი გავლენა მოახდინა აშშ-ის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, რადგან ეს პოლიტიკა განიმარტა, როგორც „სამხრეთ კავკასიის მიტოვება“. მაგრამ ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადაში გადატვირთვის პოლიტიკა შეიცვალა, უკრაინისა და სირიის კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე. შედეგად, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია დაიწყო იმით, რომ 2013 წელს სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე და 2015 წელს გახდა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. 2011 წელს აზერბაიჯანი გახდა „ მიუმხრობობის მოძრაობის“ წევრი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანების წინააღმდეგი იყო და რომ მან აირჩია დაბალანსებული და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა რეგიონის გეოპოლოტიკურ მეტოქეებს შორის.
აშშ-ის თავშეკავების პოლიტიკამ რეგიონში ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ამერიკის შეერთებული შტატები არის ასევე მინსკის ჯგუფის სამიდან ერთ-ერთი თანათავმჯდომარიდან, რომელიც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვაში. კონფლიქტის მხარეები ელიან, რომ შეერთებული შტატები უფრო გააქტიურდება კონფლიქტის მოგვარების პროცესში. კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აქტიური როლი შეასრულა, მაგრამ ობამას პრეზიდენტობის დროს რეგიონის მიმართ გატარებულმა უმოქმედო პოლიტიკამ ვითარება გააუარესა, რაც კარგად გამოჩნდა რეგიონში ე.წ. „აპრილის ომის“ დაწყებით.
აზერბაიჯანს იმედი აქვს, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები უფრო გააქტიურდებიან ამ პროცესში. მთავრობა დიდად კმაყოფილი არ იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ობამას მიერ დანიშნული თანათავმჯდომარის ჯეიმს ვორლიკის განცხადებებით. აქედან გამომდინარე, ოფიციალური ბაქო ელის, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ამ კონფლიქტში უფრო აქტიური და სამართლიანი იქნება.
ბუშის პრეზიდენტობის მეორე ვადაში და ობამას პრეზიდენტობის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო ლიბერალურ-ინტერნაციონალური საგარეო პოლიტიკა გაატარა აზერბაიჯანთან მიმართებაში, რამაც ზიანი მოუტანა ორმხრივ ურთიერთობებს. ამის საპირისპიროდ, ტრამპი, სავარაუდოდ, ლიბერალური ინტერვენციის წინააღმდეგია; აზერბაიჯანის სუვერენიტეტის დაცვა დადებით გავლენას მოახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანის კიდევ ერთი მოლოდინია აშშ-ის მხრიდან სამხრეთის გაზის კორიდორის მხარდაჭერის გაზრდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისათვის.
ზოგადად, სომხეთის მთავრობებს ორი ძირითადი მოლოდინი აქვს აშშ-ის პრეზიდენტებისგან: სომხეთის გენოციდის აღიარება და თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრების გახსნის ხელშეწყობა. თუმცა აშშ-ის ვერცერთ პრეზიდენტს არ შეუძლია ამ მოლოდინების გამართლება. მიუხედავად 2009 წელს ციურიხში თურქეთსა და სომხეთს შორის გაფორმებული ორი სხვადასხვა პროტოკოლისა , რომელიც ითვალისწინებდა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას და საზღვრების გახსნას, ეს პროცესები ჩაიშალა. იმავდროულად, ობამას ადმინისტრაციამ შეცდომით გათვალა აზერბაიჯანის რეაქცია თურქულ-სომხურ დაახლოებასთან დაკავშირებით.
ბარაკ ობამასგან განსხვავებით, საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს კომენტარი არ გაუკეთებია სომეხთა გენოციდის შესახებ, რამაც ამერიკელი სომხების შეშფოთება გამოიწვია. სომხეთის მთავრობა და სომხური დიასპორის წევრები სომეხთა გენოციდის აღიარებასა და თურქულ-სომხური საზღვრის გახსნაში ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერას ელიან. ამერიკელი სომხები ასევე წუხილს გამოთქვამენ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ტრამპის საქმიან ურთიერთობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპს კომენტარი არ გაუკეთებია ენერგეტიკულ საკითხებზე და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე.
სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართ ტრამპის პოლიტიკა გაურკვეველი რჩება. თუმცა, არსებობს შიში, რომ ტრამპის გუნდი კიდევ უფრო შეამცირებს რეგიონში აშშ-ის ჩართულობას, რასაც დისბალანსი მოყვება რეგიონში.
http://factum.ge/geo/news/1/620http://nationalinterest.org/feature/can-tr...-caucasus-18774