
ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული. მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მსგავსად ჩვილისა, მასაც არ აღელვებს, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები. სველი ან მშიერი ჩვილი ყურისწამღებად ჩხავის, ყურადღებას ითხოვს. ასევეა ვერძიც. როცა რაიმე სჭირდება, დაუფიქრებლად დაგირეკავთ დილის 4 საათზე. გძინავთ? როგორ შეგიძლიათ ძილი, როდესაც მას უძილობა სტანჯავს? კეთილი ინებეთ, ადექით და მოუძებნეთ ის, რაც მას სჭირდება. ვერძი, ისევე, როგორც ბავშვი, გარესამყაროს თავის ერთგვარ დანამატად თვლის, მაგრამ ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ჩვილს ეგოისტს არ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას ვერძზეც. იგი ყოველთვის ბუნებრივად იქცევა, ეს კი მის ეგოიზმსა და აგრესიულ ხასიათს რამდენადმე ფარავს.
ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია, მიმნდობია და მიამიტი, ნებისმიერ წყენას ივიწყებს, ოღონდ ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.
ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე-კოშკები აშენოს მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღმრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც იქნება. მისი პიროვნების შეცნობა არ გაგიჭირდებათ, მთელი სიგრძე-სიგანით თქვენს წინაშე დგას. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა. როცა უფროსები ან უფრო ძლიერები ცდილობენ ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვან, პატარა ისეთ ალიაქოთს ტეხს, რომ ყველა უკან დახევას ამჯობინებს. ასევეა ვერძიც: მტკიცედ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და დასახულ მიზანს აღწევს კიდეც.

ვერძს რამდენიმე ისეთი თავისებურება გააჩნია, რომლის მიხედვითაც სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ, მას საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვს. მოძრაობაში სწრაფი და მოქნილი ვერძი სხარტადაც აზროვნებს. ვერძის გარეგნობა მის უკიდურეს თავდაჯერებულობასა და ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. თუ ნაღვლიანად მხრებჩამოყრილი ვერძი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მას ძალზე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გონს მოსასვლელად დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოცოცხლდება. ქვეყნად ისეთი რამ არ არსებობს, რაც ვერძს მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანს და ხასიათს გაუფუჭებს. პესიმისტი იგი არავითარ შემთხვევაში არ არის.
მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გული ამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში, თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ? არა??? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება, იცოდეთ, შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს. ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე აგდებს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოღონდაც არავინ იფიქროს, რომ მას ვაჟკაცობა აკლია.
საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს. თუ თვალს გარიდებთ, ესე იგი, მისთვის უინტერესო თემას ეხებით. ასეთ დროს მისი გონება სხვაგან ჰქრის და ამის დამალვას არც ცდილობს. ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ ბავშვი, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეტანება, ხან მეორეს.

ვერძი ყოველთვის პირველობას ესწრაფვის. ხელმოცარული ვერძი ადვილი ამოსაცნობია, უკმაყოფილო იერით რომ ასრულებს სხვის ბრძანებებს. გამარჯვებული ვერძი უჩვეულოდ გულუხვი და ლიბერალურია, მაგრამ უნდა, რომ წამდაუწუმ დითირამბები უმღერონ. სამაგიეროდ, თუ ვერძში ისეთ თვისებებს დაეძებთ, როგორიცაა სიფაქიზე, ტაქტიანობა, თავმდაბლობა, ამაოდ დაშვრებით. როცა მამაზეციერი ამ თვისებებს არიგებდა, ვერძები იქ არ იყვნენ. თუ კაფეში გამხმარ ბუტერბროდს მიართმევენ, დაუფიქრებლად გამოლანძღავს ოფიციანტს, თუნდაც იგი ძალიან ლამაზი ქალიშვილი იყოს. მაგრამ თუ მომსახურება მოეწონა, დანახარჯს ორმაგად გადაიხდის და ამით გამოხატავს თავის კმაყოფილებას
ვერძი მეტისმეტად პირდაპირია, სიცრუე და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი მარსის მფარველობის ქვეშ მყოფთ საერთოდ არ ახასიათებთ. პირაპირობა და გამორჩეული პატიოსნება – აი ვერძების სავიზიტო ბარათი. თუმცა ეს თვისებები ყოველთვის დადებითად ნამდვილად არ ითვლება.
ვერძები უპასუხისმგებლოები არიან. ხანდახან რაიმე საინტერესოს თუ გადააწყდნენ, შეუძლიათ ყოველთვარი მოვალეობა გადაივიწყონ.
თუმცა ვერძი ცეცხლის ნიშანია და გამბედაობა, სიმამაცე, წინდახედულება არ აკლია, არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რისიც მას ეშინია. უზარმაზარ თოვლის კაცს ან თვით ფრანკენშტეინს იგი არ შეუშინდება, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს, მხდალი მას არ ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელო ტკივილზეც კი წუწუნს და ჩივილს მოჰყვება. კბილის ექიმები ხომ საერთოდ მოსისხლე მტრებად მიაჩნია.
მთლიანობაში ვერძს გამძლე და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, ზედმეტი არ მოუვიდა. სამწუხაროდ ვერძი ზომიერებას ხშირად არ იცავს. თუ ვერძი ლოგინში მწოლიარე ნახეთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ცუდად არის, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშიც კი, მისი საწოლში გაჩერება ძალით თუ შეიძლება. ძლიერი ორგანიზმის წყალობით ვერძი იმ შემთხვევაშიც კი უმკლავდება ავადმყოფობას, როცა სხვები იღუპებიან. სერიოზულ გართულებამდე იგი მხოლოდ საკუთარ უგუნურობას და ცხვრისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მიჰყავს. სამწუხაროდ, საკუთარ ჯანმრთელობასთან ასეთი დამოკიდებულება ვერძებისთვის ტიპიურია. მხოლოდ ცხოვრებისაგან დაბრძენებული ვერძები თუ გადახედავენ ხანდახან თავიანთ დამოკიდებულებას ამ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი. ვერძებს თითქმის არ გააჩნიათ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, წამლებს იშვიათად იღებენ, ყოვლად უწყინარ თავის ტკივილისა და საძილე წამლებსაც კი.

ბუნებით უეშმაკო ცხვრები ყოვლად გამოუსადეგარნი არიან დიპლომატიურ საქმიანობაში. ერთხელ ერთმა ვერძმა თავისი ენერგიისა და წინდახედულების წყალობით მშვენიერი სპონსორი იშოვა საკუთარი პროექტის განსახორციელებლად. კონტრაქტის გაფორმების წინ სპონსორმა, ბუნებრივია, ექსპერტიზის მოწვევა შესთავაზა, რათა პროექტის ჭეშმარიტი ღირებულება შეეფასებინათ. პროექტის ავტორმა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა , რომ საქმესთან დამოკიდებულებაში მასთან შედარებით ყველანი უვიცები იყვნენ, ვერძებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით ჰკითხა: “სხვა ხომ არაფერს ინებებდით?”. ვგონებ ზედმეტია დავძინო, რომ სპონსორმა პროექტის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ასე დაასამარა ვერძმა საკუთარი ხელით მომავალი. ოდნავი ეშმაკობა რომ ჰქონოდა, საქმე ბრწყინვალედ დაბოლოვდებოდა, მაგრამ ელემენტარული დიპლომატიის შესასწავლად ვერძებს ჩვეულებრივ ნახევარი სიცოცხლე სჭირდებათ. სამაგიეროდ, თუ მან ეს მოახერხა, თანდაყოლილი ინტუიციისა და უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობით, მართლაც რომ გრანდიოზულ წარმატებას აღწევს.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვერძები უფრო ხშირად საკუთარ თავს კი არა სხვებს ამდიდრებენ. მათი უმრავლესობა მთელი ცხოვრება ქირით ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფულის შოვნა ვერძის ძირითად მიზანი არც გახლავთ.
ვერძი დამაჯერებლად მიკვლევს ცხოვრების გზას და სხვათა გრძნობებზე ნაკლებად ზრუნავს. სხვებისადმი მისი დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოიხატოს: “მე უწინარეს ყოვლისა…” ამის მიუხედავად, იგი ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთერთი ყველაზე გულუხვი და კეთილია. ვერძს სისასტიკის ნატამალი არ გააჩნია. გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება სხვებზე უკეთ ძალუძს. სახელსა და ქონებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დაუფიქრებლად პირველს აირჩევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ფული არ უყვარს, უბრალოდ სახელი და დიდება უფრო ეძვირფასება.
ვერძი ძალიან ფიცხია, მაგრამ მისი მრისხანება მეტად ხანმოკლეა. წუთის შემდეგ განრისხების მიზეზი აღარც ახსოვს და გულღიად გიღიმით. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი გამოჩენილი ვერძთაგანი – ნიკიტა ხრუშჩოვი მან ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განრისხებულმა იმით, რომ არ უსმენდნენ, ფეხსაცმელი გაიძრო და ტრიბუნას დაუშინა.
ვის ეწყობა ვერძი?ვერძი ქალი – ვერძი მამაკაცი
საკმაოდ კარგი კავშირია, ორივეს ესმის და აფასებს ერთმანეთის დამოუკიდებლობას, ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის სამომავლო მისწრაფებებსა თუ სურვილებს, რომელიც სხვას შეიძლება უტოპიური მოეჩვენოს. მთავარი პრობლემა აქ არის სიფიცხე, რის შედეგადაც შესაძლოა მათ ოჯახში თეფშებმა იფრინონ, მაგრამ წყენა მალე გაივლის და მეუღლეები ისევ ერთად იქნებიან.
ვერძი ქალი-კურო მამაკაცი
საკმაოდ პერსპექტიული კავშირია. ეს წყვილი ხშირად ქმნის კარგ ოჯახს. მთავარია ვერძმა კუროს მთელი ფული არ გაანიავოს. კურომ კი ხანდახან მაინც მოახერხოს სიჯუტის დათმობა.
ვერძი კაცი-კურო ქალი
გაცილებით რთული კავშირია ვიდრე პირიქით, თუმცა ხშირია ასეთი წყვილიც. მთავარია კურო ქალი ზედმეტად არ იქცეს სახლში გამოკეტილ, თავწაკრულ დიასახლისად (ვერძ კაცს არ მოსწონს ასეთი ქალები!), თავად ვერძმა კი ფულის უყაირათოდ ფლანგვას მოუკლოს ცოლის თანდასწრებით.
ვერძი ქალი –ტყუპი მამაკაცი
ტყუპი ერთერთი მეტნაკლებად კარგი პარტნიორია ვერძი ქალისთვის. მათ მუდამ ექნებათ სალაპარაკო და საჩხუბარი თემა, მოკლედ ერთად ეს ორი არ მოიწყენს.
ვერძი კაცი – ტყუპი ქალი
ენერგიული, მხიარული და ხმაურიანი ოჯახის შექმნის წინაპირობას ქმნიან, თუმცა ამ ოჯახში ხშირი იქნება ალბათ კამათები და კინკლაობები. სამაგიეროდ მათი სახლის კარი მეგობრებისთვის მუდამ ღიაა.
ვერძი ქალი – კირჩხიბი მამაკაცი
საკმაოდ არასაიმედო კავშირია. ტიპიური ვერძისთვის კიბო, ძალიან რბილი, წუწუნა და პესიმისტი ნატურაა. ასეთ მოსაწყენ მამაკაცთან კი ვერძი ქალი ნაკლებად გაძლებს. თუ მაინც მოახერხა კიბომ მისი მარწუხებში მოქცევა და ცოლად მოყვანა, მერე გამუდმებული კინკლაობა გარანტირებული აქვს, რადგან ქალი ვერძი ვერ აიტანს ვინმესგან თავისუფლების შეზღუდვას, თუნდაც ეს ვინმე მისი ქმარი იყოს.
ვერძი კაცი– კირჩხიბი ქალი
გაცილებით უკეთესი კავშირია. რადგან ვერძ კაცს მშვენივრად აწყობს რაინდის როლის თამაში უმწეო, სუსტი და დაუცველი ქალის გვერდით, ამ როლის შესრულება კი კიბო ქალზე უკეთ არავის შეუძლია.
ვერძი ქალი – ლომი მამაკაცი
ერთერთი საუკეთესო კავშირია ვერძისთვის. მამაკაცი ლომი ის მამაკაცია, რომელთანაც ქალი ვერძი თავს მართლა ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. მართალია ამ ორის ცხოვრება კინკლაობების გარეშე არ ჩაივლის ლომის ეჭვიანობის და მესაკუთრეობის გამო, მაგრამ ეს წვრილმანებია.
ვერძი კაცი– ლომი ქალი
საკმაოდ კარგი კავშირია, თუკი ვერძი კაცი თავისი დაუფიქრებელი და იმპულსური საქციელით თავმოყვარეობას საქვეყნოდ არ შეულახავს ლომს. ამ შემთხვევაში ცხოველთა დედოფალი ნაკლებად შესძლებს აპატიოს მას ეს "მდაბიო" საქციელი.
ვერძი ქალი – ქალწული მამაკაცი
იშვიათი და პრობლემური კავშირია. რადგან ქალწულს თავისი პრაგმატული, ზედმეტად კრიტიკული საქციელით და პედანტობით წყობიდან გამოყავს ვერძი ქალი. ამას გარდა მისთვის ქალწული საშინელად ძუნწი და მოსაწყენი ტიპია. აქედან გამომდინარე, მას რომ ცოლად გაყვეს ძალიან უნდა იყოს დაღლილი ვერძი ცხოვრებისგან.
ვერძი კაცი – ქალწული ქალი
საკმაოდ კარგი წყვილია. ქალწულს შეუძლია ძალიან კარგი "ბექგრაუნდი" შეუქმნას თავის ვერძ ქმარს საიმისოდ რომ მან კარგი კარიერა გაიკეთოს, რაც შესაბამისად მის მიერ გამომუშავებული ხელფასის რაოდენობაზე აისახება. ქალწულს კი მოგეხსენებათ ფული უყვარს!
ვერძი ქალი – მორიელი მამაკაცი
საკმაოდ საინტერესო წყვილია, იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთს ომი არ გამოუცხადეს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ორივე დესტრუქციული ნიშანია, ამიტომ მათი ურთიერთობა მშვიდი არასოდეს იქნება. განსაკუთრებით კარგად ეწყობიან ერთმანეთს სექსში.
ვერძი კაცი– მორიელი ქალი
გაცილებით უკეთესი კომბინაციაა ვიდრე პირიქით. ქალი მორიელი ვერძ კაცს ძალიან ადვილად "ათვინიერებს" თან ისე რომ ეს უკანასკნელი ვერც კი გრძნობს ამ პროცესს.
ქალი ვერძი - მამაკაცი მშვილდოსანი
საკმაოდ კარგი კავშირია. მათ ერთნაირი ტემპერამენტი და ხასითი აქვთ. თუმცა ოჯახურ ცხოვრებაში, საქმეს ართულებს მშვილდოსნის მიდრეკილება "ყველა კაბას გაეკიდოს" მზერით მაინც, რაც ვერძი ქალისთვის აფსოლუტურად მიუღებელია
ვერძი მამაკაცი – მშვილდოსანი ქალი
საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან. მათ სახლში ოპტიმისტური, მხიარული და ძალზე ჯანსაღი გარემო სუფევს. ერთადერთი რასაც აქ ვერ ნახავთ წესრიგია, თუმცა არც ვერძს არც მშვილდოსანს ეს დიდად არ ადარდებს.
ვერძი ქალი – თხის რქა მამაკაცი
საკმაოდ რთული, თუმცა პერსპექტიული კავშირია. უფრო დიდ ასაკში გვხვდება ასეთი წყვილები. ვერძისთვის რთულია თხის რქის მოზომილ ხასიათს შეეგუოს, თხის რქას კი ვერძის სიფიცხე და იმპულსურობა აფრთხობს. თუმცა ოჯახის შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ კარგად მონახონ საერთო ენა.
ვერძი კაცი – თხის რქა ქალი
გაცილებით უკეთესი კავშირია ვიდრე საპირისპირო კომბინაცია. თხის რქა ქალს მოსწონს პერსპექტიული მამაკაცები, ვერძს კი ყველა შანსი აქვს საიმისოდ რომ კარგი კარიერა გაიკეთოს.რაშიც თხის რქა ცოლი ხელს მონდომებით შეუწყობს მას.
ვერძი ქალი – მერწყული მამაკაცი
საკმაოდ კარგი წყვილია. მათი კავშირი უფრო ინტელექტუალური დაინტერესების საფუძველზეა დამყარებული ვიდრე გრძნობების. მერწყულისთვის ვერძი საინტერესო "კვლევის საგანია", ვერძისთვის კი მერწყული მუდმივად სასაუბროდ მზადმყოფი საინტერესო მოსაუბრე. ერთად ნამდვილად არ მოიწყენენ.
ვერძი კაცი – მერწყული ქალი
საკმაოდ ხშირი და წარმატებული კავშირია. მერწყული ქალი ადვილად ატარებს ვერძის სიფიცხეს და იმპულსურ საქციელებს. ამასთან ერთად მას შეუძლია დაამშვიდოს ხოლმე მთელ ქვეყანაზე გაცოფებული ვერძი ქმარი და ამით მის თვალში ერთგული მოკავშირის ადგილი დაიკავოს, გარდა მოსიყვარულე ცოლისა. ასეთ წყვილებს განსაკუთრებით ლამაზი და ნიჭიერი ბავშვები ყავთ!
ვერძი ქალი – თევზი მამაკაცი
საკმაოდ რთული, თუმცა არცთუ იშვიათი წყვილია, ბუნებით რბილ თევზ კაცს იზიდავს ვერძისნაირი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები. აქედან გამომდინარე ხშირად იქმნება ამ ორს შორის ოჯახი, ისიც ყოველთვის ვერძი ქალის ინიციატივით. თუმცა კონფლიქტების და წყენის ალბათობა დიდია.
ვერძი კაცი – თევზი ქალი
კავშირი შესაძლებელია, თუმცა თევზი ქალის ხშირი ცრემლების ხარჯზე. ვერძ კაცს უხეშობა და დაუკვირვებელი საქციელები ახასიათებს, რითაც იგი ბევრჯერ ატკენს გულს (ოღონდ გაუცნობიერებლად) ბუნებით სათუთ და რბილ თევზებს.

პ.ს თემიდან გადახვევა. პირად თემებზე ეპისტოლეების წერა და ა.შ ისჯება ვერძული კანონის მე-17 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს რქების მომტვრევას!!!