anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#48731769 · 5 Sep 2016, 10:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რომელი სახელმწიფოს სახელით მოქმედებს კრემლი საქართველოში "რუსეთს საქართველოს პარლამენტში 10-15-კაციანი ჯგუფი უნდა" თაკო მათეშვილი (05.09.2016) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის რუსეთს საკუთარი გეგმები აქვს და მიზანი პარლამენტში 10-15-კაციანი ჯგუფის შეყვანაა, რომელიც მისი საყრდენი ძალა იქნება, მისი ინტერესების გატარებას შეეცდება - ამგვარად ხედავენ პოლიტოლოგები რუსეთის მოქმედებას.
დასძენენ, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა კარგად იცის - პრორუსული ძალები საქართველოში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ, სიტუაციას რეალისტურად აფასებენ და პარლამენტში საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფის არსებობასაც სჯერდებიან.
მათივე თქმით, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ ჯგუფის სახით მხოლოდ ერთი პარტია შეიძლება მოგვევლინოს, არამედ შესაძლოა, რუსული გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიაში იყვნენ გაბნეული და პარლამენტში შეღწევას ყველა სხვადასხვა პარტიის სახელით ცდილობდეს.
რუსული პროპაგანდის მანქანის მუშაობაზე კვლევა "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა" (შვაშ) ჩაატარა და დაადგინა, რომ საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტიდასავლური "მესიჯ-ბოქსით" და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.
თუმცა, შვაშ-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრსა და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიულ ფრთაშიც.
პოლიტიკაში გაბნეულ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ადამიანებზე პოლიტოლოგებიც ღიად საუბრობენ. ამბობენ, რომ რუსეთი თავისი იდეოლოგიის გატარებას სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით გეგმავს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ძალზე ფართო პოლიტიკური სპექტრი და მოზაიკაა. მისი თქმით, ჩვენთან პრორუსულად აღიქმება ისეთი ძალები, რომლებიც საქართველოში რუსული ბაზების განთავსებას ითხოვს და ისეთებიც, რომლებსაც საქართველოსათვის უბლოკო სტატუსი უნდა. ამიტომაც, მისი თქმით, რთული გასარკვევია, თუ ვინაა რეალურად რუსეთის მიერ დაფინანსებული.
პოლიტოლიგის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თავიანთ პოზიციებს ამ მხრივ უკვე აღარ მალავს და ამ არჩევნების უნიკალურობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირველად ქართულ საარჩევნო ისტორიაში საგარეო პოლიტიკის საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოიკვეთა - დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?
თანაც, მისი აზრით, ორი უკიდურესობა გვაქვს - მხოლოდ პროდასავლური ან მხოლოდ პრორუსული, თითქოს სპექტრი ასეთი შეზღუდულია.
"ან გვყავს ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთს გამარჯობაც არ უნდა ვუთხრათ და არაფერზე ველაპარაკოთ, მეორენი კი იმავეს დასავლეთზე ფიქრობენ, რომ ნატოსა და ევროპას დედა უნდა აგინო და რუსეთის პენსიები და მოქალაქეობა აიღო.
"ასეთი რეალობა ვიღაცას აწყობს - როცა უფრო მწვავე, სოციალური საკითხები გადაიფარა. საგარეო საკითხების წამოწევა "ოცნებისათვის" სახიფათო არაა, სოციალურ საკითხებზე დისკუსიები კი მისთვის ბევრად საშიშია, რადგან ერთ თვეში არჩევნებია, ხალხს ტარიფების დაწევას, პენსიების გაზრდას უნდა დაჰპირდე", - აღნიშნავს ცინცაძე.
მისი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრორუსული ძალები პარლამენტში მოხვდებიან, არ დგას იმის საშიშროება, რომ მათ საგარეო პოლიტიკის მხრივ რამე შეცვალონ.
მეტიც, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ვერც შიდა პოლიტიკაზე იქონიებენ დიდ ზეგავლენას, რადგან უმრავლესობას სავარაუდოდ ისევ მმართველი გუნდი მოიპოვებს და გადაწყვეტილებებიც, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ მიერ იქნება მისაღები.
"ამიტომ, მე არაფრის შეცვლას არ ველი არც იდეოლოგიაში და არც საქმიანობაში. ჩვენ არ გვაქვს მკვეთრად გამოხატული, ხალხის მიერ მოწონებული და მხარდაჭერილი კურსი. არის მხოლოდ ლოზუნგები - რომ ჩვენ დასავლეთის შემადგენელი ნაწილი ვართ, მაგრამ არავინ იცის, რაში გამოიხატება ეს. კუდმოკვეცილ უვიზო რეჟიმსაც კი არ გვაძლევენ წლის ბოლომდე, რადგან უნდათ, ჯერ არჩევნებს დააკვირდნენ, თუ როგორ ჩაივლის. არ გვენდობიან", - დასძენს ცინცაძე.
რუსეთის პოლიტიკაზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად პოლიტოლიგი, პროფესორი იგორ კვესელავა ამბობს, რომ საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის მიმართ მას გრძელვადიანი პოლიტიკა აქვს შემუშავებული.
აცხადებს, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის წართმევაც გრძელვადიანი პოლიტიკა იყო და რუსეთი ისტორიულად ასე მოქმედებს.
"ვერ ვიტყვი, რომ ამწუთას რუსეთს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა უნდა. ეს შეუძლებელია. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალა ვერასოდეს მოვა, მაგრამ პარლამენტში რუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსების მოსვლა აბსოლუტურად შესაძლებელია.
"ეს უნდა რუსეთსაც - პარლამენტში 10-15 - კაციანი ჯგუფი. მოგეხსენებათ, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს ჯგუფი მისი დასაყრდენი იქნება. ახლა მას დასაყრდენი აღარ ჰყავს. შევარდნაძის პარლამენტში ჰყავდა, მაგრამ მას შემდეგ, არც "ნაცმოძრაობის" და არც "ოცნების" პარლამენტში აღარ ჰყოლია", - აცხადებს კვესელავა.
მისივე თქმით, რუსეთის ამ მცდელობისა და ზოგადად, მისი პოლიტიკისათვის საქართველოს მხოლოდ მოლაპარაკებების დაპირისპირება შეუძლია. დარწმუნებულია, რომ ძალისმიერი მეთოდებით ვერც აფხაზეთს დავიბრუნებთ და ვერც ცხინვალს. ამბობს, რომ სწორედ ძალისმიერმა მეთოდებმა დაგვაკარგვინა ორივე.
პროფესორის თქმით, არც ისაა გამორიცხული, რუსეთმა მომავალშიც მოაწყოს ისეთივე ხაფანგები, როგორებიც მაშინ. ამბობს, რომ სწორედ ამისათვისაც სჭირდება მას პარლამენტში გარკვეული ძალები.
კვესელავას აზრით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში რუსული ორიენტაციის, მასთან პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენის მზაობა არის და არ შეიძლება, ეს არ დავინახოთ.
"რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალპოლიტიკიდან გამომდინარე ვიფიქროთ. რუსები თავიანთი მიზნისათვის ყველაფერს აკეთებენ. მათ შორის, არც ისაა გამოსარიცხი, რომ ის პირდაპირ კი არა, ირიბად - სხვა სახელმწიფოს სახელით მოქმედებდეს.
"ეს მის პოლიტიკაში ყოველთვის იჯდა - თავის გასაკეთებელს ყოველთვის სხვებს აკეთებინებდა. ეს რუსულ დიპლომატიაში მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ქვეყანას ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი დიპლომატები ჰყავს და მათგან ყველანაირი ხრიკი მოსალოდნელია. ამიტომ აქ აზროვნება და ჭკუაა საჭირო და არა იარაღი. ისე დავმარცხდებით, როგორც დავმარცხდით.
"სხვათა შორის, უბლოკო სტატუსიც რუსეთის მოფიქრებულია. თუ დააკვრდით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა, თუ არ ვცდები, იქაური პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, ჩამოვიდა და უბლოკო სატუსზე საუბარი დაიწყო. რუსეთის გარეშე ეს ვერ გაკეთდებოდა.
"როგორც ჩანს, რუსეთი უბლოკო საქართველოს მხარს უჭერს, რომელიც არც რუსეთთან იქნება, მაგრამ არც ამერიკასთან და არც ევროპასთან. იქნება ცალკე მდგომი ქვეყანა ყოველგვარი სამხედრო და პოლიტიკური კავშირის გარეშე", - დასძენს იგორ კვესელავა.
_______________________________
ვიზების ლიბერალიზაცია ზაფხულში, ძალიან შეუშლიდა ხელს ამ გეგმის განხორციელებას
ყველამ დაამუშავეთ და დაამუნათეთ თუ ვინმე რუსეთუმეა თქვენს გარშემო, იქნებ დარჩნენ პარლამენტს გარეთ ეს ნაგვები
|