ობამას „სამემკვიდრეო“ სამიტს ძალზე ცოტა კონკრეტული შედეგი ჰქონდა
ნიკოლას კ. გვოზდევი
06.09.16
Nationalinterest.org
ერთმა ფოტოგრაფმა, რომელსაც დიდი ოცეულის შეხვედრის ფოტოების გადაღება ევალებოდა, ჰანგძოუს სცენაზე მრავლისმთქმელი მომენტი დააფიქსირა: პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აქტიურად საუბრობდნენ, ხოლო ჩაფიქრებული გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (რომელიც ალბათ თავის მშობლიურ რეგიონში - მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიაში გამართულ არჩევნებში თავისი პარტიის კატასტროფულ მარცხზე ფიქრობდა) შორს იყურება და ლიდერთა ჯგუფის მეორე მხარეს მდგომი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცნობისმოყვარეობით იწვოდა, ნეტავ, რაზე საუბრობენ პუტინი და ერდოღანიო (ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი, როგორც მასპინძელი, აშკარად კმაყოფილ გამომეტყველებას ასხივებდა).
პრეზიდენტების დიდი ოცეულის უკანასკნელ შეხვედრაზე ოპტიკა განსაკუთრებით პოზიტიური არ იყო - განსხვავებით 2009 წელს პიტსბურგში გამართული შეხვედრისგან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ყურადღების ცენტრში იყო და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მოგვარების საქმეში ამერიკის გლობალური ხელმძღვანელობის იმიჯს ქმნიდა. ამის პარალელურად კი საფუძველს უყრიდა უფრო ეფექტურ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა ირანს უარი ეთქვა თავის ბირთვულ პროგრამაზე, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა ახალი სანქციები, რომელთა გამოც თეირანი ბოლოს დათანხმდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე. პიტსბურგის სამიტი იმაზე მიანიშნებდა, რომ სინამდვილეში მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს შეეძლო დიდი ოცეულის ფორმატის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა - განვითარებულ დასავლეთსა და განვითარებად აღმოსავლეთსა და სამხრეთს შორის აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა.
ამჯერად ბარაკ ობამას „სამემკვიდრეო“ სამიტი ცუდად დაიწყო; ჯერ იყო და იძულებული გახდა, პრეზიდენტის თვითმფრინავის სხვა კარიდან ჩასულიყო და არა იმ ტრადიციული კარიდან, რომელიც შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად გამოიყენება, შემდეგ იყო, რომ მისი ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი ჩინელ ოფიციალურ პირებთან ხმამაღლა ყვირილის გამო სკანდალში გაება. ნაცვლად იმისა, რომ ჩინეთში თავისუფალი ვაჭრობის იმ ორი მთავარი ხელშეკრულებით გამგზავრებულიყო, რომლითაც ამერიკა ევრო-ატლანტიკურ და აზია-წყნარი ოკეანის ბლოკებს შორის აუცილებელ ქვაკუთხედად მოიაზრებოდა, აზიასთან ბალანსის აღსადგენად წარდგენილი მისი ექსკლუზიური დოკუმენტის - „ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის“ - სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ხოლო „ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში ტრანსატლანტიკური პარტნიორობა“ ჩიხშია შესული. კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებას, რომელიც გამოქვეყნდა და დამტკიცებულია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სენატის რატიფიკაცია აკლია, რაც იმის შესაძლებლობას ტოვებს, რომ აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა შეიძლება, არ შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ჰანგძოუში სხვა ლიდერები სხვადასხვა გრძელვადიან საკითხზე მოცდის პოზიციას იკავებდნენ, იქიდან გამომდინარე, თუ ვინ დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ ოფისს 2017 წლის იანვარში. აშკარად იგრძნობოდა, რომ ნებისმიერ ვალდებულებას, რომელიც შესაძლო იყო, ობამას ეკისრა ამ შეხვედრაზე, ვადის გასვლის მკაფიო თარიღი ექნებოდა და რომ არც ერთი მისი მემკვიდრე არ ივალდებულებდა ობამას მიერ მიცემული პირობის შესრულებას.
იმედოვნებდნენ, რომ შესაძლებელი იყო, დიდი ოცეულის შეხვედრას ხელსაყრელი ფონი შეექმნა სირიაში ომის დასრულებისკენ მიმართული ერთობლივი რუსულ-ამერიკული ძალისხმევისთვის. მართლაც, ერთ მომენტში ჩანდა, რომ ორი პოდიუმი იდგმებოდა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ განცხადების გასაკეთებლად. მაგრამ პუტინსა და ობამას შორის გამართულ გვერდით შეხვედრაზე ვერც ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების მექანიკაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა შეჯერდა და ვერც ამ ორ მხარეს შორის ნდობაში არსებული ნაპრალები ამოივსო.
ეს კი იმიტომ, რომ მოსკოვი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა „გადაარჩინოს“ სირიისადმი ამერიკის პოლიტიკა. ამ უკანასკნელმა სერიოზული მარცხი განიცადა, როდესაც თურქეთმა პოზიცია შეიცვალა და სახელმწიფოს მთავარ საფრთხედ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ნაცვლად ქურთები მიიჩნია. ქურთები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის ყველაზე მტკიცე ადგილობრივი მოკავშირეები იყვნენ, ახლა თურქეთისა და სხვა აჯანყებულ სუნიტ არაბთა დაჯგუფებების სამიზნედ იქცნენ (რომელთა ნაწილს აშშ-ც უჭერს მხარს). მოსკოვს მაინცდამაინც არც ალეპოში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფის ოპტიკა აწუხებს. მისი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციური დაჯგუფებები ასადის ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე ჯიუტად აცხადებენ უარს. მართლაც, სირიის ხელისუფლების შეტევის მასშტაბის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად ცეცხლის შეწყვეტა ზიანს მიაყენებდა იმ განრიგს, რომლითაც რუსეთი, ირანი და სირიის რეჟიმი მოქმედებენ და რომლითაც მათ ხმელეთზე არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შეცვლა სურთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე (რომელიც, სავადაუდოდ, უფრო გადამწყვეტ ზომებს მიიღებს), რათა ახალი ინტერვენციის ხარჯები უფრო გაზარდონ. (გარკვეულწილად, აშშ-ის ადმინისტრაცია ობამას ადმინისტრაციის მიერ დარფურთან მიმართებით დაწერილ სცენარს მიყვება: საარჩევნო კამპანიის დროს ობამა მკაცრად აკრიტიკებდა ბუშის ადმინისტრაციის უმოქმედობას და ამერიკას სამხედრო ინტერვენციისკენ მოუწოდებდა კიდეც, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი გახდა, შეეგუა დარფურში სუდანის მმართველობას და განაცხადა, რომ უკვე ძალზე დაგვიანებული იყო რაიმეს გაკეთება).
მართლაც, რთულია ამ სამიტიდან რაიმე კონკრეტული შედეგის გამოყოფა. დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა ის იდეა, რომ დიდი ოცეულის შეხვედრა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის მოლაპარაკებისა და აქტუალური გლობალური საკითხების გადაწყვეტის მექანიზმია. მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველი აღმასრულებელი პირები ჰანგძოუში ერთმანეთს ხვდებოდნენ, ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდები ჩაატარა; უკრაინის საკითხზე პუტინსა და მერკელს, ასევე პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შორის მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი არ მოუტანია; ობამასა და ქსის და ქსისა და იაპონიის პრეზიდენტ შინძო აბეს შორის მოკლე შეხვედრებმა აზიის რეგიონში არსებული მწვავე დავები ვერ გადაწყვიტა. ავსტრალიის პირველმა პირმა განაცხადა, რომ დიდი ოცეულის შეხვედრაზე „მსოფლიოს ლიდერებს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ“. თუმცა ობამასთვის ეს დიდი ოცეულის უკანასკნელი შეხვედრა იყო, ამ ვაკუუმის შესავსებად არც არავინ გამოჩენილა. ალბათ ჰანგძოუ ყველაზე სარწმუნოდ ადასტურებს იან ბრემერის პროგნოზს, რომ ჩვენ „დიდი ნულიანისკენ“ მივექანებით.
ნიკოლას კ. გვოზდევი - „ნაციონალური ინტერესის“ მწერალ-რედაქტორი, აშშ -ისსამხედრო- საზღვაო კოლეჯის იერომე ე. ლევის სახელობის ეკონომიკური გეოგრაფიისა და ნაციონალური უსაფრთხოების კათედრის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი.
http://factum.ge/ka/news/112/ This post has been edited by Lаki on 8 Sep 2016, 11:04
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3