ექსკლუზიური კადრები დემურ სტურუას საქმიდან – ბრალდებულ პოლიციელს შვილების ამოხოცვით ემუქრებიან
http://primetimenews.ge/%E1%83%94%E1%83%A5...83%9B%E1%83%A3/2 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამ, შეიძლება ითქვას, ბევრი რამ ყირაზე დააყენა: ყველაზე „სამართლიანებს“ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაავიწყა, ყველაზე „კანონაღმსრულებლებს“ – ობიექტურობა და კოლეგიალობა“, ყველაზე „პოლიტიკურებს“ არჩევნების შედეგების გადასაწონად მარტივი გზა უჩვენა, ჭირისუფალს, ტრაგედიის თუნდაც წუთიერად გადასავიწყებლად, – მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნის ფსიქოლოგიური „ხიბლი“, ეჭვმიტანილი პოლიციელის არასრულწლოვან შვილებს ფასეულობების ეჭვით ყურება დააწყებინა… და ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი: ახლაც ყველა საქმეშია – კომპეტენტურიც და არაკომპეტენტურიც, არამკითხეც და „მკითხეც“…
საზოგადოება მთელი ერთი თვის განმავლობაში ცალმხრივად იღებდა ინფორმაციებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ. „პრაიმტაიმი“ შეეცადა, ეს მოჯადოებული წრე გაერღვია და თავისი მკითხველისთვის ყველასგან „მკვლელად“ შერაცხული პოლიციელის მხარის პოზიციებიც შეეთავაზებინა.
მაშ ასე: სად არის გოდერძი თევზაძე და ემალება თუ არა ის მართლმსაჯულებას? რა კითხვები აქვს მის დაცვას? და რატომ აპირებს თვითმკვლელობას მისი 85 წლის მამაც?
პირველად, საქმის სკანდალური დეტალებით პოლიციელის ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ ისაუბრებს…
ლედი ტუკვაძე, ადვოკატი:
– ამ საქმემ იმ სივრცეში გადაინაცვლა, საიდანაც მოვლენების ობიექტურად დანახვა შეუძლებელია. ირგვლივ ყველა მკვლელს უწოდებს პოლიციელს, რომელიც 13 წელია, ამ სისტემაშია და ერთხელაც არ ჰქონია რამე გადაცდომა. მისი 7 წლის ქალიშვილმა, როცა პირველად ვნახე, იცით, რა მითხრა? – მამაჩემი მკვლელი არ არის, ის პოლიციელიაო… მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის განცხადებები მოისმინა, გოდერძი თევზაძის 85 წლის მამა ამბობს, მეც მოვიკლავ თავს და დავწერ წერილს, რომ ჩემი სიცოცხლე იმ ხალხის კისერზეა ვინც ასე დაუფიქრებლად ეძახის ჩემს შვილს მკვლელსო…
– მესმის ეს სენტიმენტები, მაგრამ არსებობს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი, რომელიც გამაგრებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით. შეგვიძლია, მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას? რა მოხდა 7 აგვისტოს, დემურ სტურუას გარდაცვალების დღეს?
– ამ დღემდე იყო სხვა საინტერესო ფაქტები: სანამ დემურ სტურუას დედა თურქეთში გაემგზავრებოდა, ათი დღით ადრე ნონა ჯოჯუამ გოდერძი თევზაძეს სთხოვა ყურადღების მიქცევა თავისი შვილისთვის.
– რატომ, რამე პრობლემა ჰქონდა?
– ცნობილია, რომ იგი აზარტულ თამაშებს ეტანებოდა და ქურდობისაკენ ჰქონდა მიდრეკილება.
– ამას რის საფუძველზე აცხადებთ?
– ის 29 ივნისს სწორედ ქურდობისთვის გასამართლდა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც შეეცვალა პირობითი გამოსაცდელი ვადით 2 წლით. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სურათი იკვეთება, თუ გადავხედავთ იმ ადამიანების სამართლებრივ წარსულსაც, ვინც დღეს ამ ოჯახის ჭირისუფლად გამოდის და უკვე პოლიტიკურ ამინდს ქმნის ქვეყანაში.
– რას გულისხმობთ?
– თუ დაგაინტერესებთ, გეტყვით: ქალბატონი ნონა ჯოჯუა იმყოფებოდა ოფიციალურ ორ ქორწინებაში, მათგან დემურ სტურუას მამა, ლევან სტურუა გარდაცვლილია და მასთან თანაცხოვრების პერიოდში, დემურ სტურუას გარდა, ჰყავდა 3 შვილი – ნოდარ, დავით და ლანა სტურუები, რომელთაგან ეს უკანასკნელი 2010 წელს გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხოლო გიორგი გეგეჭკორთან, რომელიც წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულთა ჩადენისთვის, 2 შვილი – გივი და მანანა გეგეჭკორები. დღეის მდგომარეობით გიორგი გეგეჭკორთან მას აქვს ფიქციური ქორწინება და უკვე 10 წელია, ახლო ურთიერთობაშია სამტრედიაში მცხოვრებ დავით ნაცვლიშვილთან…
– ეს ის დავით ნაცვლიშვილია, რომელიც ნონა ჯოჯუასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ამჟამად პატიმრობაშია?
– დიახ… მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი მანამდეც და ამის თვითმხილველები იყვნენ შვილებიც, თუმცა ამის შესახებ, ალბათ, უმჯობესია, ნაცვლიშვილის ადვოკატს ჰკითხოთ… დემურის ძმა დავითიც ნასამართლევია ქურდობისთვის. 2015 წელს პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა ციხიდან… სწორედ დავითს აქვს მიცემული ჩვენება გამოძიებისთვის, რომ დემური ხშირად აგებდა ფულს აზარტული თამაშებისას… არაერთგზის ნასამართლევია მისი ბიძაც. რაც შეეხება ბიცოლას, ქალბატონ დარიკო ჯაშს, 1992 წელს ის გასამართლებული იქნა საკუთარი მეგობარი მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის…
– ამ ყველაფერს აქვს რამე კავშირი მომხდართან?
– საქმე ის არის, რომ ეს ადამიანები დღეს უვარდებიან გოდერძი თევზაძის ოჯახს და მცირეწლოვანი შვილების დახოცვით იმუქრებიან. თუ გადავხედავთ მათ კრიმინალურ წარსულს, ეს მუქარა ნამდვილად არის საფრთხის შემცველი. გამოძიებაც დაიწყო, თუმცა არაფერი ხელშესახები ჯერ არ გაუკეთებიათ. მათთან ერთად პოლიციელის ოჯახის ახლომახლო უნახავთ ოლეგ თავაძეც, დემურ სტურუას ის მეგობარი, რომელმაც განსაკუთრებით გაამძაფრა სიტუაცია, როცა განაცხადა, თითქოს პოლიციელი მასაც აწამებდა. ისიც ოთხჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის ქურდობისთვის. სხვა დანაშაულის შესახებ ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი…
– კარგი, დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: რა ურთიერთობა ჰქონდათ გოდერძი თევზაძესა და დემურ სტურუას მომხდარ ფაქტამდე?
– 7 აგვისტოს სტურუამ თევზაძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა. მან პოლიციაში დაიბარა. ეს შეხვედრა მართლაც შედგა, რასაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც ადასტურებს. ისინი ერთად წავიდნენ პოლიციიდან…
– დახმარება რაში სჭირდებოდა?
– ამას გოდერძი თევზაძე არ აღწერს ჩვენებაში, რადგან არსებობს ოპერატიული საიდუმლოებები…
– გინდათ თქვათ, რომ ეს ბიჭი პოლიციასთან თანამშრომლობდა?
– ამ ინფორმაციაზე მე წვდომა არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით… ისე კი, ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე დემურ სტურუას პრობლემა ნამდვილად შეექმნა სოფელში: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილ მეგობარს, გიორგი ხაბეიშვილს სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში პანაშვიდების მიმდინარეობისას, 2016 წლის 15 ივლისს მან მოჰპარა ოჯახის წევრთა მიერ ცხედართან დადებული მობილური ტელეფონი და ის ქუთაისში განთავსებულ ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა, რაც უდავოდ დადასტურებულია ამოღებული დოკუმენტაციითა და ლომბარდის თანამშრომლის ჩვენებით. არსებული ინფორმაციით, ეს ფაქტი გამჟღავნდა და ამის გამო თანასოფლელების მხრიდან შექმნილი ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ფიზიკური ანგარიშსწორების ჩათვლითაც. აღნიშნულის გამო ის, ფაქტობრივად, თავის საცხოვრებელ სახლში ვერ ჩნდებოდა და ძირითადად ღამეს სხვადასხვა მისამართებზე ათევდა. გარდაცვლილი გიორგი ხაბეიშვილის მამამ მალხაზ ხაბეიშვილმა გამოძიებას მიმართა და დგინდება ფაქტის რეალობა. თვითმკვლელობამდე, 2016 წლის 7 აგვისტოს სოფელში ჩასულ დემურ სტურუას ჭიშკარში დახვდა წერილი, რომლითაც ვინმე გივი მას ე.წ. ბათუმის გადასახვევთან იბარებდა. მითითებული წერილის უკანა მხარეს სტურუამ მიაწერა, რომ არ იყო სახლში და თუკი რაიმე საქმე ჰქონდათ, მის მიერ იქვე მინიშნებულ მობილური ტელეფონის ნომერზე დაკავშირებოდნენ.
– გამოძიებამ მოახდინა ამ გივის იდენტიფიცირება?
– იდენტიფიცირება მოხდა, მაგრამ ამ პირს არ შეხვედრია. ბოლომდე ცდილობდა სტურუა, ტელეფონით გაერკვია, ვინ იყო ეს პიროვნება. აქამდე გაურკვეველია, ამ ტრაგედიაში იქნებ რაიმე როლი სულ სხვა პირმა ითამაშა? შემიძლია, თქვენ ეს წერილი წარმოგიდგინოთ კიდეც…
– კარგი… რა მოხდა მას შემდეგ, რაც სტურუა და თევზაძე პოლიციის შენობიდან გავიდნენ?
– თევზაძე სახლში წავიდა სადილად და შეთანხმდნენ, რომ საღამოს შემოვლისას დემურს სახლში გაუვლიდა. ასეც მოხდა: არსებობს თვითმხილველი, ვინც ადასტურებს, რომ პოლიციელი, თავის მეწყვილესთან ერთად, მართლაც მივიდა იქ და დემური სახლში არ დაუხვდა. მეზობელს ჰკითხა კიდეც მისი ადგილსამყოფლის შესახებ…
– ამის მერე რა ხდება?
– ამის მერე ხდება ის, რაც უკვე ყველამ იცის. თუმცა საინტერესო იცით, რა არის? დედის ჩამოსვლამდე გარდაცვლილი ბიცოლამ დაასვენა საკუთარ სახლში, კულაში. როდესაც ნონა ჯოჯუა ჩამოვიდა, გარდაცვლილ შვილს სახლში არ ატანდა – ფინანსური ხარჯები გავწიე და ჯერ დამიფარეო. ნონა ჯოჯუამ დახმარებისთვის სწორედ გოდერძი თევზაძეს მიმართა. მას მეუღლე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით საოპერაციოდ მიჰყავდა და ურჩია, პოლიციისთვის მიემართა („პრაიმტაიმს“ წარმოუდგინეს მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ ნონა ჯოჯუამ მართლაც დაწერა განცხადება პოლიციაში 10 აგვისტოს. ჩვენ ხელთ გვაქვს დარიკო ჯაშის გამოკითხვის ოქმიც, სადაც წერს (სტილი დაცულია): „… დემური სტურუას დასვენების დროს გავწიე ხარჯები (საყინულე მაცივარი). მიცვალებულის თანხას გადაიხდის ნონა ჯოჯუა და მიცვალებულისთვის საჭირო ნივთების თანხა და საწვავის ხარჯი ამინაზღაუროს უკლებლივ ყველა ხარჯი, 62 ლარი სულ…“). ეს საქმე, სწორედ ამ თანხის გადახდის შემდეგ მოწესრიგდა…
– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რით შეგიძლიათ, დაადასტუროთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობა?
– ბუნებრივია, ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს ჯერ ვერ გავასაჯაროებთ, თუმცა, დამერწმუნეთ, ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
– ფაქტია, რომ კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი, სადაც გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა, დემურ სტურუამ საკუთარი ხელით შეასრულა…
– საქმე ის გახლავთ, რომ ასე ცალსახად კალიგრაფიულ ექსპერტიზას ამის თქმა არ შეეძლო, ვინაიდან, პოპულარული ენით რომ ავუხსნა თქვენს მკითხველს, როდესაც ნაწერი შესრულებულია ე.წ. „ბატიფეხურით“, ადამიანისგან, რომელსაც ხშირად არ უწევს წერა, ის ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგავს ოჯახის წევრის ნაწერს. ამიტომაც, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ხელნაწერის გამოკვლევა ხდება, იქ გამოძიება ცალსახად ვერ ენდობა მხოლოდ კალიგრაფიულ ექსპერტიზას და სხვა კვლევებსაც რთავს… ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ ექსპერტებს ყველა მიმართულებით…
– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა მასზე ძალადობის კვალი.
– ჩვენ უკვე მივმართეთ დამოუკიდებელ ექსპერტს და გარწმუნებთ, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები იკვეთება ამ ექსპერტიზაში, რომელმაც შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
– თუ რასაც თქვენ ამბობთ, ყველაფერი სიმართლეა, რატომ დაემალა პოლიციელი მართლმსაჯულებას?
– მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამით ოჯახიც შეშფოთებულია. ის ინტენსიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან. არაერთხელ აქვს ჩვენება მიცემული. დამალვა რომ ნდომებოდა, არც ამას გააკეთებდა. დღეს ოჯახმაც არ იცის, სად არის ის. ან საერთოდ, ვინ იცის, ის იმალება, თუ რამე სერიოზული რამ ხდება მის თავს? ამიტომაც არის, რომ პოპულარულ თემებს აყოლილები ცალსახად არ უნდა ჩქარობდნენ დასკვნის გამოტანას. ფაქტია, რომ ამ ტრაგიკული ისტორიის გასკანდალება და ტემპერატურის აწევა ძალიან აწყობთ პოლიტიკურ ძალებს და იმ ორგანიზაციებს, ვინც თუნდაც ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით სერიოზული გრანტებით იკვებებიან. რა თქმა უნდა, ეს მათი საქმეა და თავად მეც შემიძლია, არაერთი ქეისი შევთავაზო მათ ამ მიმართულებით, თუმცა, როცა საქმე 22 წლის ბიჭის სიცოცხლეს, მეორე მხრივ კი, პოლიციის მუნდირს ეხება, ჭეშმარიტების დადგენამდე ყველამ უნდა შეიკავოს თავი დაუფიქრებელი და მყვირალა განცხადებებისგან. ძალიან მინდა ვკითხო ყველა ამ ადამიანს: რატომ მიდის ასეთი იაფფასიანი ზეწოლები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სასამართლოზეც განმეორდება? რატომ აკეთებენ მაღალი თანამდებობის პირები ასეთ განცხადებებს? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს – ექიმი, მასწავლებელი თუ პოლიციელი, როდესაც კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. ადამიანის უფლებათა დამცველებო, რატომ არ არის თქვენთვის ყველა ადამიანის უფლება თანაბარი და რატომ ითვლება ამ ქვეყანაში ცუდ ტონად პოლიციელის დაცვა? რატომ არავინ უყურებთ თქვენ, მოსამართლის ფუნქციაშეთავსებულო საზოგადოებავ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ოჯახი და არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან ყოველ თქვენს ნათქვამს. რატომ ითავსებთ ბრალმდებლის ფუნქციას? ასეთ აგრესიულ საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს მიუკერძოებელი პოლიცია, სასამართლო და გამოძიება? რატომ ქმნიან საზოგადოებრივ ამინდს კრიმინალური წარსულის ადამიანები და არავინ არ უსმენს მათ, ვინც სრულფასოვანი წარმომადგენლები არიან ჩვენი საზოგადოებისა? რატომ ვახდენთ მხოლოდ ცუდის ტირაჟირებას?