მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არაღიარებული ტერიტორიებია და რომ აფხაზეთი კრასნოდარის მხარის აფხაზურ რაიონად უნდა იქცეს. აფხაზეთში ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა.
სკანდალური განცხადება ჟირინოვსკიმ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, «რამდენად მიზანშეწონილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან ესოდენ მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა?». საქმე იმაშია, რომ 2019 წლამდე რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ამ ოკუპირებულ რესპუბლიკებს საკუთარი ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიარდი რუბლი გამოუყოს, როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ამ დღეებში გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ჟირინოვსკიმ განაცხადა: «ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პოზიციაა, არავითარი დახმარება არავის და არსად, არანაირ რესპუბლიკებს… მხოლოდ შესვლა რუსეთის შემადგენლობაში რაიონის უფლებებით. აფხაზეთი — ეს უნდა იყოს კრასნოდარის მხარის აფხაზური რაიონი, სამხრეთ ოსეთი — ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი, დნესტრისპირეთი — ყირიმის ოლქის ნაწილი. ხოლო ყველა ამ ტერიტორიის შენახვა — ეს თავის ტკივილია. ამდენად, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ვალების ჩამოწერის და ახლის გაცემის. როგორ უნდა აიღო ფული კრედიტად, თუ გადახდა არ შეგიძლია? აფხაზეთი, საქართველო... ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვიქნებით პლანეტის ნებისმიერი წერტილისთვის ნებისმიერი ფულის გამოყოფის. ან ისინი თავად განვითარდებიან, ან შემოვლენ რუსეთის შემადგენლობაში, ანდაც დაბრუნდნენ რომელიმე სხვა რეგიონში».
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი ბესლან ცვინარია თვლის, რომ ჟირინოვსკის განცხადებებზე აქცენტირება არ ღირს.
«იმას, იქნება აფხაზეთი კრასნოდარის მხარის, საქართველოს, იტალიის თუ სხვა რომელიმე ტერიტორიული გაერთიანების შემადგენლობაში, ალბათ, არც მე ვწყვეტ, არც ის [ჟირინოვსკი]. ამისთვის ხალხის ნება არსებობს. აფხაზეთს, აფხაზ ხალხს თავისი გზა დიდი ხანია, განსაზღვრული აქვს და ამის შესაბამისად ვითარდება დღეს აფხაზეთი», – განაცხადა ცვინარიან.
ამავე დროს, მისივე თქმით, ადრე თუ გვიან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხი დადგება რუსეთის დღის წესრიგში, რადგან ეს გადასახადების იქაურ გადამხდელებს აღელვებთ, ამდენად აუცილებელია რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების სხვა კალაპოტში გადაყვანა და ამის შესაძლებლობები არსებობს:
«არ მომწონს საკითხის ასე დაყენება, რომ ჩვენ მუდმივად დახმარებას ვთხოვთ რუსეთს და ისიც გვეხმარება. დიახ, უდავოდ, ჩვენ პარტნიორები ვართ, დიდი ურთიერთპატივისცემითა და სიმპათიით. ალბათ, არა მარტო მე, არამედ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა დიდი იმედითა და პატივისცემით არის განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ. მაგრამ იცით, რაშია მართალი ჟირინოვსკი? თუ გსურს მეგობრების დაკარგვა, მათ ფული უნდა ასესხო — ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. და აი, ამ თვალსაზრისით ეს ძალიან მაღელვებს, ჩვენი ასეთი ურთიერთობები. უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევცვალოთ ისინი».
აფხაზი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ განვითარების პოტენციალი არსებობს, თუმცა გასაწევია ძალისხმევა, პარტნიორებისთვის შესათავაზებელია თანამშრომლობა, რომელიც მათ დააინტერესებთ და საინტერესო იქნება თავად აფხაზებისთვისაც. შედეგად, მისი აზრით, შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო დივიდენდების მიღება და მაშინ სიტუაცია შეიცვლება.
აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის «ქალები პოლიტიკაში» თავმჯდომარე ირინა აგრბა ასევე თვლის, რომ ჟირინოვსკის გამონათქვამებზე განსაკუთრებით ემოციურად რეაგირება არ ღირს და რომ მისი ზემოაღნიშნული გამოსვლა წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში უნდა იქნას განხილული - 18 სექტემბერს ხომ რუსეთის სახელმწიდო სათათბიროს არჩევნებია დანიშნული.
«მას [ჟირინოვსკის] ესმის, რომ რუსეთში არსებობს საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძალზე მარტივია იმის დამტკიცება, თითქოს ყველა პრობლემა, მათ შორის მისი საფულის სიცარიელე, ეკონომიკური კეთილდღეობის არარსებობა და ა.შ. იმის გამოა, რომ რუსეთი მის ირგვლივ ყველას კვებავს, იგივე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და თავად რუსეთს ამისაგან არაფერი აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული ინსტრუმენტი ვართ იმისათვის, რომ მან საკუთარი თავი, მისი პარტია აპიაროს. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი ჟირინოვსკის გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ თავად უნდა ვიფიქროთ უფრო მეტი იმაზე, როგორ განვამტკიცოთ საკუთარი სუვერენიტეტი ეკონომიკის, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებით და ყველაფერი ვაკეთოთ სახელმწიფოს გასაძლიერებლად».
ირინა აგრბამ ივარაუდა, რომ რუსულ საზოგადოებას არ განუმარტეს, რამდენად სასარგებლოა ან არასასარგებლო აფხაზეთთან მეგობრობა. მისივე აზრით, «რუსეთი თვლის, რომ აფხაზეთი რუსული პოლიტიკის ფარვატერში მიდის»:
«ვის არ ესმის დღეს, რომ ეს რუსეთისთვის სასარგებლოა? აფხაზეთს ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდგომარეობა უკავია. ეს ყველას ესმის, ვისაც უნდა ესმოდეს. ეს ესმით პროფესიონალებს, სერიოზულ პოლიტიკოსებს, სამხედროებს. ვფიქრობ, ეს კრემლშიც ესმით».
რვა წლის წინ, 2008 წელს პირველი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, რუსეთის ფედერაცისა იყო.
http://accent.com.ge/ge/news/details/22187...%83%90%E1%83%9C