http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=30863წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ათობით, ზოგ შემთხვევაში კი ასობით წევრმა დატოვა. პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. არის შემთხვევები, როდესაც პარტიას წევრები განსხვავებული მოსაზრების გამო ტოვებენ და პოლიტიკიდანაც მიდიან. თუმცა, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანები მოწინააღმდეგე პარტიის რიგებს უერთდებიან.
მეტიც, მარტო ბოლო თვეში 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სხვადასხვა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატურა სხვის, უფრო ზუსტად კი "ქართული ოცნების" წარმომადგენლის სასარგებლოდ მოხსნა.
პოლიტოლოგების ნაწილი ამ პროცესს პოლიტიკური ძალების გაუაზრებელ ქმედებას უკავშირებს და ამბობს, რომ, ხშირ შემთხვევაში, პარტიების ლიდერების არასწრი ნაბიჯები მათ ასობით მხარდამჭერს აკარგვინებს.
სპეცალისტთა მეორე ნაწილი კი არც იმას გამორიცხავს, რომ გავლენიანი სახელისუფლებო პარტია მოწინააღმდეგეთა ჯგუფებში აქტიურად მუშაობდეს ხალხის გადასაბირებლად და მათ სხვადასხვა სახის სარგებელს ჰპირდებოდეს ან თუნდაც ზეწოლას ახდენდნენ.
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის"
წევრების გადინებით ნამდვილი რეკორდსმენია პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის". იმ დროიდან, რაც ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ფაქტობრივად არც ერთ კვირას არ გაუვლია ისე, რომ მისი პარტიიდან ერთი, რამდენიმე, ან ათეულობით წევრის წასვლის შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი.
პარტიამ პირველი ყრილობა 28 მაისს გამართა, 10 ივნისს კი იგი პირველმა წევრმა - ირაკლი გურჩიანმა დატოვა. მას მალე ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის მოუღე - ნინო კუზანოვა მიჰყვა. მიზეზად კი პარტიის პროგრამის დაუხვეწაობა და ასევე გუნდში რამდენიმე, მისთვის მიუღებელი ადმიანის ყოფნა დაასახელა.
ბურჭულაძის პარტია ზაფხულშვე დატოვეს ხობის ორგანიზაციის წევრებმა. ამის მიზეზად მათ ის დაასახელეს, რომ "სახელმწიფო ხალხისთვის" "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პარტია იყო.
მათ ისნის საარჩევნო შტაბის 25-მდე წევრი მიჰყვა. ამ შემთხვევაში უკვე მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახელდა.
მოგვიანებით, პარტიას გამოეყვნენ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზაზა ჭურღულია და ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. მიზეზებად ამ შემთხვევაშიც ფინანსური პრობლემები და ასევე, "მემარჯვენეებთან", "გირჩსა" და ვაშაძის პარტიასთან შესაძლო გაერთიანება დასახელდა.
გაერთანებაში შესვლა, როგორც აღმოჩნდა, არც სხვა წვრებს გახარებიათ. მათ შორის არც "გირჩის" წევრებს, რადგან გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანდრო ბარნოვმა საკუთარი კანდიდატურა გაერთიანებისთანავე მოხსნა.
ასევე, 18 აგვისტოს ბურჭულაძის პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა კანდიდატურა მოხნა და პარტიაც დატოვა. მას ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა თემურ ლურსმანაშვილმაც მიბაძა.
აგვისტოს ბოლოდან პარტიაში აღარც ფოთის რაიონული ორგანიზაციის 30 წევრი ირიცხება და აღარც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არტუშ ამბარცუმიანი. ამ ამბებიდან მეორე დღეს კი პარტია ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმაც დატოვა. ასევე, ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემაც. ცოტა ხანში კი პარტიას საკმაოდ დიდი ხმაურით ხათუნა ლაგაზიძეც გამოაკლდა, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელები პარტიის გაყიდვაში, ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა.
პარტიისთვის "სახელმწიფო ხალხისთვის" განსაკუთრებით მიძიმე სექტემბერი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ ამ თვეში მას ათობით ადამიანი გამოაკლდა - 12 სექტემბერს კაჭრეთის ორგანიზაციის 25 წევრი, მათ ახალგაზრდული ორგანიზაციის 50-მდე წევრიც მიჰყვა. 22 სექტემბერს პაატა ბურჭულაძის გაერთიანებიდან წყალტუბოში ორგანიზაციის 30-მდე წევრი წამოვიდა, ასევე მესტიის შტაბის სრული შემადგენლობა, ხოლო 27 სექტემბერს ბლოკი დატოვა "გირჩმა".
პაატა ბურჭულაძე ამ ყველაფერს შემდეგნაირად ხსნიდა - მისი თქმით, სუს-ი პარტიიდან სუსტი ადამიანების გასვლაში დაეხმარა.
"თავისუფალი დემოკრატები"
გასულ თვეში ირაკლი ალასანიას პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" რამდენიმე ათეული წევრი გაემიჯნა. ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, როცა ხობის რაიონული ორგანიზაცია 30-მა წევრმა დატოვა.
პოლიტიკური ძალის ყოფილი წარმომადგენლების განცხადებით, ალასანიას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია. მათ "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზად სწორედ ეს დაასახელეს და "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ. როგორც აღნიშნეს, ბრძოლას მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ირაკლი ბერაიას სასარგებლოდ განაგრძობენ.
უმეტეს შემთხვევაში პარტიების ლიდერები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ მათთვის პარტიიდან წევრების წასვლას დიდი დარტყმა არ მიუყენებია, რომ ეს დანაკლისი არაა და მეტიც - ზოგჯერ იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ ადამიანების პარტიის რიგებში ყოფნის შესახებ აქამდე ინფორმაციაც არ ჰქონდათ.
ასე მოიქცა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს წევრები, რომლებმაც "ვითომდა დატოვეს პარტია", მათი პარტიის წევრები უკვე დიდი ხანია, აღარ არიან.
"რაც შეეხება ვინმეს სატელიტობას, უბრალოდ მოძველდა ეს, დამღლელია. არ ვიცი, სხვა რა ხერხებს უნდა მიმართონ იმისათვის, რომ ჩვენ შეგვასუსტონ, მაგრამ ჩვენ საარჩევნო კალაპოტიდან არ ამოვვარდებით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ზაფხულში პარტია ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმაც დატოვა. თუმცა, "დემოკრატებმა" ბევრად მასშტაბური დანაკლისი ამის შემდეგ განიცადეს, როცა რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ მენაფირესთან ერთად პარტიას 270-მდე წევრი გაემიჯნა.
"რესპუბლიკური პარტია"
წინასაარჩევნო პერიოდში "რესპუბლიკური პარტია" დაახლოებით 65-მა წევრმა დატოვა. თავდაპირველად მას რუსთაველი წევრები გაემიჯნენ და განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მხარს "ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ. მათგან 3 ადგილობრივი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი იყო.
გუშინ კი იგივე გადაწყვეტილება შუახევის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე, მარინა მახარაძემ 30 თანამოაზრესთან ერთად მიიღო. თუმცა, მახარაძის თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" დატოვება სხვა პარტიაში გადასვლას არ უკავშირდება. მისივე განმარტებით, მასთან ერთად პარტია დატოვეს "რესპუბლიკური პარტიის" შუახევის ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, რომან ხიმშიაშვილმა, კომიტეტების წევრებმა - მიხეილ დავითაძემ, გელა მიქელაძემ, თამუნა დუმბაძემ, რევაზ ჯაფარიძემ და კიდევ 24-მა წევრმა.
"ნაციონალური მოძრაობა"
გამონაკლისი არც "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, წინასაარჩევნო პერიოდში მისი რიგებიც ასობით ადამიანით შემცირდა. მაგალიად, გუშინ პარტიის ვაკისა და საბურთალოს ორგანიზაციის 5-მა წევრმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათ მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო დაფასება დაასახელეს და ისიც აღნიშნეს, რომ უახლოეს დღეებში მსგავს გადაწყვეტილებას კიდევ ბევრი მიიღებს.
იგივე ორიოდ დღის წინაც მოხდა - "ნაციონალური მოძრაობის" ვარკეთილის ორგანიზაცია 11-მა წევრმა დატოვა. მიზეზად პარტიიდან წასულები ასახელებენ იმას, რომ მათი აზრი გათვალისწინებული არ იყო და აბრალებდნენ, რომ სხვადასხვა ძალაში, მათ შორის "ქართულ ოცნებაში" ერთიანდებოდნენ. მათ პრეტენზიები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით ჟღენტთანაც ჰქონდათ.
ამ ყველაფერს ბევრად მასშტაბური სახე ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის რაიონულ ორგანიზაციაში, რომელიც ერთდროულად 120-მა წევრმა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ სამგორის ორგანიზაციის მე-12 ოლქის საქმეთა მწარმოებელმა ამალია ფაჩულიამ გაავრცელა.
მისივე თქმით, ორგანიზაციაში დაძაბულობა დიდი ხანი არსებობდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი ბოლო დღეებში გავცელებულმა ფარულმა სატელეფონო ჩანაწერებმა ითამაშეს. ფაჩულიას თქმით, მათ გადატრიალებასა და ამბოხში მონაწილეობა არ უნდათ.
პარტიის ლიდერების მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და უყურადღებობაზე "ნაცმოძრაობიდან" წამოსულმა სხვა წევრებმაც ისაუბრეს. მაგალითად, საბურთალოს რაიონის კოორდინატორმა ნინო კვარაცხელიამ, რომელმაც პარტია რამდენიმე წევრთან ერთად დატოვა. მისი თქმით, მათ აზრს არავინ ითვალისწინებდა და ერთგულ აქტივისტებს მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როცა სჭრდებოდათ - "ეს მაშინ, როდესაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ამომრჩეველთან შეხვედრისას უამრავ ლანძღვა-გინებას იტანენ".
კანდიდატურის მოხსნა
კიდევ ერთი ტენდენცია, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საკმაოდ ხშირად ფიქსირდება, სხვადასხვა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხრიდან სხვის სასარებლოდ კანდიდატურის მოხსნაა. თუმცა, ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში ისინი ამ ნაბიჯს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სასარგებლოდ დგამენ.
"ოცნების" სასარგებლოდ კანდიდატურა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა და მისმა ახლად შექმნილი პარტიის "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" თითქმის მთელმა გუნდმა მოხსნა. თუმცა, მეჭიაური საარჩევნო კამპანიას პარტიული სიით განაგრძობს.
იმავენაირად მოიქცა "ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგში რობერტ ოდიშელიძე, რომელმაც ზაქარია ქუცნაშვილისა და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ოდიშელიძე ერთადერთი არ ყოფილა "ეროვნული ფორუმიდან", რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ნაცვლიშვილის სასარგებლოდ კანდიდატურა "ფორუმელმა" სოფო ბენიძემაც მოხსნა. როგორც ბენაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ასევე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ლევან მელიქიამ ნაძალადევის რაიონში ბრძოლა "ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ შეწყვიტა. მელიქიას განმარტებითვე, ის "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულობით არასოდეს გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, პარტიისთვის უცნობი იყო მელიქიას გადაწყვეტილება.
იგივე ნაბიჯი "თავისუფალი დემოკრატებიდან" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ ნეფარიძემაც გადადგა. კანდიდატურა მანაც "ქართული ოცნების" კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ მოხსნა. როგორც თეიმურაზ მენაფირემ განაცხადა, ის აღარ ეთანხმება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს და მიაჩნია, რომ პარტიის ლიდერი ამ კურსით "ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ დანელიას "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მარტვილის რაიონული ორგანიზაციის შტაბის 13 წევრიც მხარდაჭერას უცხადებს. პარტიების წევრების გარდა მსგავი გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც მიიღეს. მაგალითად, ზესტაფონის #52 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დავით ჭანტურიამ საარჩევნო მარათონი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კიკნაველიძის სასარგებლოდ შეწყვიტა.
პრობლემა წევრებშია თუ პარტიებში?
ამ თემაზე საუბრისას სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ტენდენცია მართლაც შემაშფოთებელია და ამ მხრივ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად სანახაობრივია.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ მმართველი ძალა პარტიების წევრებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზემოქმედებას ახდენს - მათ "ოცნებაში" გადასვლას და გარკვეულ თანამდებობებს სთავაზობენ. ამბობს, რომ ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, თუმცა, სხვანაირად რთულია აიხსნას ის ფაქტი, რომ კანდიდატურებს მხოლოდ "ოცნების" სასარგებლოდ ხსნიან.
ამით კი, მისი აზრით, საზოგადოებაში აჩენენ განცდას, რომ გამარჯვება მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია და ამ აზრს ბევრი ეგუება. "ბუნებრივია, კითხვები ჩნდება და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკოსები საკუთარი პარტიისა და იდეოლოგიისადმი უფრო ერთგულნი არიან. საქართველო კი ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ამგვარი შემთხვევებიც ხშირია," - აცხადებს ჩიტაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ პარტიის ლიდერები განცხადებას გარეგნულად ძალიან მშვიდად აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს მათ ვერაფერს დააკლებს, რეალურად ასე არაა. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ სინამდვილეში, ყველაფერს არც ერთ პარტიაში არ ხვდებიან მშვიდად, რადგან იციან, რომ ეს მათ რესურსებსა და იმიჯს ვნებს.
"არც ერთ პარტიას არ სიამოვნებს, როცა წევრები ტოვებენ და მით უმეტეს, როცა სხვებს უცხადებენ მხარდაჭერას. ცდილობენ, გაღიზიანება დამალონ და მსგავს ფაქტებს იგნორირება გაუკეთონ. ამით ასევე იმ ფაქტს უსვამენ ხაზს, რომ "მოღალატეები", რომლებიც არჩევნების წინ პარტიას ტოვებენ, მნიშვნელოვან ფიგურებს არ წარმოადგენენ. რომ გაღიზიანდნენ და ეს შეემჩნათ, იმ ადამიანების რეკლამა გამოვა, რაც არ უნდათ. ამიტომაც ამჯობინებენ, რომ მისი მნიშვნელობა დააკნინონ. ეს პოლიტიკური პარტიების ერთგვარი ტაქტიკაა," - აცხადებს ჩიტაძე.
წევრების მასობრივ გადინებასა და გადაჯგუფებებში მთავარ დამნაშავედ პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძეს ისევ და ისევ პოლიტიკური პარტიები მიაჩნია და აცხადებს, რომ მიზეზი ამ პარტიების ბოლოდროინდელი ქცევა და მათი ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებია. ამის დამადასტურებელ ფაქტად კი ის მოჰყავს, რომ ყველაზე მეტად პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამა თუ იმპარტიაში ნეგატიური პროცესები დაიწყო. "მაგალითად, "ნაცმოძრაობიდან" უფრო მასობრივად ხალხის წასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა. ამით ხომ აშკარა გახდა, რომ "ნაციონალები" ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ძალადობრივი გზით აპირებენ.
"პაატა ბურჭულაძის პარტიაში კი ეს ყველაფერი უფრო დიდი ხანია მიმდინარეობს, რადგან ფინანსური პრობლემები აქვთ და ხალხს ხელფასებს ვერ უხდიან. პიკი კი ლაგაზიძისა და რუხაძის გასვლა და მათი განცხადებები იყო.
"რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას", მის ავტორიტეტსა და რეიტინგზე გარკვეულწილად პარტიის ლიდერების ბიძინა ივანიშვილთან პაექრობამ იმოქმედა. როგორც ჩანს, ამ ხალხმა ჩათვალა, რომ პარტია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ, მართალი არ იყო. მიზეზშედეგობრივი კავშირი ყველა შემთხვევაში სახეზეა," - აცხადებს ანჯაფარიძე.