ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
„მე ვარ ამაყი ვთქვა, რომ 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის შემდეგ ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველო წარუმატებელი კორუფციული სახელმწიფოდან დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნა. სწორედ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაატარა საჭირო რეფორმები, რომლებმაც კანონის უზენაესობა დაამკვიდრა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და უზრუნველყო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს მკაფიო ევროპული კურსი განსაზღვრა. ევროპული ღირებულებისადმი საქართველოს ერთგულება უდავოა. ევროპის სახალხო პარტია იყო და რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერი და ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” განიხილავს როგორც ძირითად ძალას, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა შეუძლია.
იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების დღე ახლოვდება, ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დარწმუნდეს, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი იქნება. ჩვენ ოპოზიციისა და სხვა პოლიტიკური ძალისკენ მიმართულ ძალადობისა და დაშინების ნებისმიერ ფაქტებს დავგმობთ. ძალადობრივ აქტს, რომელიც სამშაბათს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის წინააღმდეგ განხორციელდა, ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ სამყაროში. მმართველმა პარტიამ მედიის პლურალიზმი და პრესის თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, ისევე, როგორც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცა პატივი არჩევნების შედეგებს და 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, ევროპის სახალხო პარტია იმედოვნებს, რომ მოქმედი ხელისუფლება მსგავს პასუხისმგებლობას გამოიჩენს, ზრდასრულ ქმედებას, რომელიც არჩევნების შედეგების შესაბამისობაში მოვა.
”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დარჩენილ დღეებში ნაყოფიერ კამპანიას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ 8 ოქტომბერს საქართველო ისეთ პარლამენტარებს აირჩევს, რომლებიც საკუთარ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესებს დააყენებენ და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იზრუნებენ.
ვიმედოვნებ, მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს - ძლიერი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობით” სათავეში“, - ნათქვამია ჯოზეფ დოლის განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...sathaveshi.htmlაბა ჰე, დასხეთ