
ბატონმა გრიშა ონიანმა "მაესტროს" ეთერში განცხადება გააკეთა, რომელიც მისი პირიდან სენსაციურად ჟღერდა:
- გორში სტალინის ძეგლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიდგასო...
საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინის" თავმჯდომარის მიერ გაკეთებული ეს განცხადება დამაფიქრებელია...
- რა შემთხვევაში უნდა დაიდგას სტალინის ძეგლი გორში?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფაქტი ამ უდიდესი ისტორიული პიროვნების მიმართ გორელების პატივისცემის გამოხატულება იქნება, მაგრამ მის მიმართ ასეთი პატივისცემა თუ არ არსებობს, მაშინ რატომ უნდა მოახვიოს ვინმემ გორელებს თავზე სტალინის ძეგლი?!
ხრუშჩოვმა, მის მიერ წამოწყებული საყოველთაო და მასშტაბური ანტისტალინური კამპანიის ეპოქაშიც ვერ გაბედა გორში სტალინის ძეგლისთვის ხელის ხლება, მაშინ როდესაც სააკაშვილის ფაშისტურმა ხროვამ ეს "ამოცანა" უმტკივნეულოდ გადაჭრა. რატომ? იმიტომ, რომ ხრუშჩოვის დროს სხვა თაობის გორელები ცხოვრობდნენ. მათ შეეძლოთ სტალინისა და საკუთარი ღირსების დაცვა. დღეს სხვა თაობის გორელები ცხოვრობენ. დღევანდელ გორელებს არ მიაჩნიათ სტალინის ღირსების დაცვა თავიანთი ღირსების დაცვად. მე ერთმანეთთან არ ვაპირისპირებ გორელების იმ თაობას და ამ თაობას, არც იმას ვამტკიცებ, რომ ის თაობა სჯობდა ამ თაობას. მე მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ, - მაშინ ისე იყო, დღეს ასეა!
1956 წელს ხრუშჩოვის ჯალათურ საქციელს ათეულ ათასობით ქართველი ახალგაზრდა წინ აღუდგა და უყოყმანოდ გაწირა სიცოცხლე სტალინის ღირსების, ქართული ღირსების დასაცავად. დღევანდელი გორელები ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე არ გადაბრუნებულან, ისე არხეინად განაგრძეს ძილი სააკაშვილის ფაშისტური ხროვის მიერ სტალინის ძეგლზე იერიშის მიტანის ღამეს.
ასეთ ვითარებაში რატომ უნდა ვიძალადოთ გორელებზე ან მე, ან გრიშა ონიანმა, ან გორელების იმ მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, რომელიც სტალინისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას საქართველოსთვის მიყენებულ შეურაცხყოფად აღიქვამს? დემოკრატია საკითხის უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, გორელთა უმრავლესობა კი, არჩევნებში, "ქოცებს" და "ნაცებს" აძლევს ხმას. "ქოცებს" და "ნაცებს" ერთ რანგში იმიტომ განვიხილავ, რომ "ნაცების" ბელადმა სააკაშვილმა სტალინის ძეგლი მოთხარა, "ქოცების" ბელადმა ივანიშვილმა კი, არჩევნების წინ, გორელებს (გორში) პირში მიახალა, - სტალინი უტოპიური და განუხორციელებელი იდეებისთვის ხალხს ხოცავდაო. გორელების უმრავლესობამ კი საარჩევნო ხმები კვლავ "ქოცებს" და "ნაცებს" მისცა...
ერთხელ კიდევ გავიმეორებ: გორელებს არც სტალინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა და არც მათი საარჩევნო გადაწყვეტილების გამო არ ვკიცხავ, პირიქით, მათ უფლებას ვიცავ. დაე, იცხოვრონ იმ პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეგნებითა და შეხედულებებით, რასაც მათ დასავლეთის სპეცსამსახურები კარნახობენ, რასაც "ქოცებისა" და "ნაცების" იდეოლოგია კარნახობთ და, ბოლოს და ბოლოს, იცხოვრონ ისე, როგორც საკუთარი სინდისი კარნახობთ...
- "გული თუ გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო," - ნათქვამია. მარტოკაცმა გრიშა ონიანმა სტალინის ორმოცტონიანი ძეგლი სვანეთში აიტანა და იქ აღმართა. იმ ძეგლს დღეს გრიშა ონიანი კი არ იცავს, სვანეთი იცავს. აბა გაბედოს ვინმემ და ხელი ახლოს უდიდესი მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძის იმ შესანიშნავ ქმნილებას - ქვაში ნაკვეთ უზარმაზარ ძეგლს სტალინისა, ცოცხალი ვერ გამოასწრებს იქიდან! გორში სხვა ვითარებაა. გორი ახლოსაა დედაქალაქთან, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების ტყვეობაშია. გორშიც გაჩენილია ცდუნება იმისა, რომ სტალინის კილვა პროდასავლურობის (რაც პროგრესულობის სინონიმად მიაჩნიათ) მაჩვენებელია.
ამიტომ, დღეს არავითარი აზრი არა აქვს გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებაზე საუბარს. “ქოც-ნაცური” პოლიტიკით ანუ დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული პოლიტიკით საქართველოს დაშლის პროცესი რომ გაგრძელდება, საქართველო სრული დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე რომ აღმოჩნდება და ქართველობა მოშლისა და გაქრობის საშინელების რეალობას გააცნობიერებს, გორელები (დანარჩენ ქართველებთან ერთად) მიხვდებიან თუ რა საშინელი პროცესები აურიდებია, თავის დროზე, საქართველოსთვის სტალინს, დაცვის რა მექანიზმები შეუქმნია მას თავისი სამშობლოსთვის და განვითარების რა პერსპექტივები დაუსახავს მისთვის. მაშინ იქნებ მუხლიც მოიდრიკონ მის წინაშე და პატიების სიტყვებიც შეჰღაღადონ მას, მაგრამ ვაგლახ რომ გვიანი იქნება…
მანამდე კი, ეგდოს სტალინის ძეგლი ტალახში, ყველა უვიცმა და ვიგინდარამ გულმოდგინედ ასხუროს მის სახელსა და ხსოვნას ლაფი. თქვენ კი, ჩემო ძვირფასო გორელებო, ამ ვიგინდარულ ეპოქასა და ვიგინდარულ აზროვნებას ფეხი კარგად აუწყვეთ, ჩამორჩენილობა და პროვინციელობა არავინ დაგწამოთ!
ღრმა პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია