"პროკრედიტ ბანკს" დაჩაგრული ადამიანებისთვის მოეკითხა" - ყოფილი თანამშრომელი სამსახურში ბრუნდება
კლიენტების მიმართ - "ღმერთმა დაგლოცოს" მიმართვის გამო, "პროკრედიტ ბანკიდან" გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებას გეგმავს.
გახმაურებულ საქმეზე, სამართალწარმოება დასრულდა და სასამართლოს გაადწყვეტილებით, 2014 წლის პირველი აგვისტოდან, 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, ანა მაჩიტაძე "პროკრედიტ ბანკიდან" იძულებითი შრომის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით, 37,232 ლარს მიიღებს.
ასევე, ანა მაჩიტაძე აღადგინეს ბანკის ვაკის სერვის-პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის ან სასამართლოს აღსრულების მომენტისთვის, ტოლფას თანამდებობაზე.
"პირველთან" საუბარში ანა მაჩიტაძე ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბანკში მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს.
ანა მაჩიტაძის თქმით, მისი შემთხვევა ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისთვის სამაგალითო უნდა იყოს, რადგან როდესაც მართალი ხარ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
"დარწმუნებული ვიყავი, რომ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, სხვა გზა, უბრალოდ არ არსებობდა. სამსახურში აუცილებლად მივალ იმ მოლოდინით, რომ ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. დიდი მნიშვნელობა აქვს, იქ როგორ დამხვდებიან, რის შემდეგაც მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ უნდა მივიდე.
ჩემი წამოსვლის შემდეგ, ბანკში ბევრი რამ შეიცვალა. 2014 წლის აპრილში გამომიშვეს სამსახურიდან. ძალიან დიდი ხანი უმუშევარი ვიყავი, მყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი. რამდენიმე თვეა, რაც ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად ვმუშაობ. სამართალი აღდგა, ღმერთს მადლობა, რომ უზენაესმა სასამართლომ მათი საჩივარი არც კი განიხილა", - განუცხადა "პირველს" ანა მაჩიტაძემ.
პროკრედიტ ბანკის ყოფილ თანამშრომელს იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება და დამსაქმებლები ვეღარ შეძლებენ დასაქმებულთა უმიზეზოდ გათავისუფლებას.
"პირველ ინსტანციაში, მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ არ გვალაპარაკა, ჩვენს ყველა კითხვას აცილებას უკეთებდა. მან ჩემს სიმართლეს არ მოუსმინა, ისე გამოიტანა განაჩენი. პირველ ინსტანციაში ქალბატონმა მინო ხომერიკმა, რომელიც ბანკში კოორდინატორი იყო, სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების მიზეზად გეგმის შეუსრულებლობა და ფამილარობა დაასახელა. როცა მოსამართლემ ჰკითხა ფამილარობაში რას გულისხმობდა, მან უპასუხა, რომ კლიენტებთან ხშირად ვახსენებდი ღმერთს. რეალურად, მან შენიშვნა "ღვთის წყალობა და წარმატების" თქმისთვის მითხრა. შენი ღმერთი ყელში ამოვიდაო. მე ვუთხარი, რომ ღმერთი ყველა რელიგიაშია და ამაში ცუდი არაფერი იყო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მე სააპელაციოში გავასაჩივრე, სადაც მოსამართლისგან უდიდესი რეაქციები იყო. მოსამართლე ბესიკ ტაბაღუა გაკვირვებული იყო, ქართულ რეალობაში "ღმერთმა დაგლოცოს" მიღებული მიმართვააო. რა თქმა უნდა, მეორე ინსტანცია მოვიგე და ასე გაგრძელდა მესამე ინსტანციამდე.
სამსახურიდან გათავისუფლების დღეს, ნინო ხომერიკმა, ძალიან მომღიმარი სახით მითხრა ასეთი რაღაც - რა დროს სესხია, სამსახურიდან გაშვებული ხარ, მიზეზი შიდაპრეზენტაციის არჩატარება და ფამილარობააო. აი, შენი ღმერთის ხსენებაო.
მე ერთი უბრალო თანამშრომელი ვიყავი, რომელსაც უსამართლოდ მოექცნენ. ბოლომდე ვიბრძოლე, რა გადავიტანე ამ ხნის განმავლობაში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ამ ფაქტმა იმდენად გამაძლიერა, მომავლის იმედი მომეცა. მჯერა, რომ ჩემი შვილები უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ. სამართალი თუ აღდგა და სასამართლო დამოუკიდებელი იქნება, დამქირავებელი ასე ვეღარ მოიქცევა. ეს შემთხვევა ყველასთვის ძალიან ბევრის მთქმელია, ჩემს ცხოვრებაში ამ ფაქტმა დიდი გარდატეხა მოახდინა. როცა იცი, რომ მართალი ხარ, ყველაფრისთვის ღირს ბრძოლა. ჩემი შემთხვევით, ბევრი უკანონოდ დაჩაგრული ადამიანისთვის მოეკითხა "პროკრედიტ ბანკს". მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, რომლის წვლილიც უდიდესია ამ საქმეში", - აღნიშნა ანა მაჩიტაძემ.
http://pia.ge/show_news.php?id=80331&lang=geo