საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ქალაქ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 110,50 მ2 საცხოვრებელი ბინა, რომელიც მას სახელმწიფოსგან 2010 წლის 25 აგვისტოს სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადაეცა, 2016 წლის 22 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით 250 000 აშშ დოლარად გაასხვისა. კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საცხოვრებელი ბინა ექსკლუზიურად მისი თანამდებობრივი სტატუსის გამო გადაეცემა.
ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კვოტით დაინიშნა, უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს, - ფიცის დადების დღიდან. 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს, იგი ზედიზედ ორჯერ იქნა არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2016 წლის 20 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ზაზა თავაძე ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები. კანონის ამ მოთხოვნის შესრულების მიზნით დამკვიდრებულია წესი, რომლითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სიმბოლურ ფასად გადასცემს საცხოვრებელ ბინებს ქალაქ ბათუმში, სადაც აღნიშნული სასამართლო მდებარეობს.
მოსამართლედ განწესებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, - 2010 წლის 25 აგვისტოს, ზაზა თავაძეს სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - მხოლოდ 1000 ლარად გადაეცა ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №1-ში, მე-3 სართულზე მდებარე №5 საცხოვრებელი ბინა, რომლის ფართობიც 110,50 მ2-ს შეადგენს, ასევე მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 05.21.03.004.01/005). აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბინა ყოფილ მესაკუთრეს - დიანა აბაშიძეს (იგი ასლან აბაშიძის ქალიშვილია) აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად ჩამოერთვა და 2010 წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, ხოლო ზუსტად ორი კვირის შემდეგ კი ზაზა თავაძეს გადაეცა. მოსამართლისთვის ქონების გადაცემას საფუძვლად დაედო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის 23 აგვისტოს №828 განკარგულება, რომლის საფუძველზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (№1988-პ) და ზაზა თავაძესთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.
2011 წლის 21 ივლისს ზაზა თავაძემ „საქართველოს ბანკთან“ 140 000 ლარის ოდენობით იპოთეკური სესხი აიღო, სესხის გადახდის გარანტიის მიზნით კი იპოთეკით სახელმწიფოსგან გადაცემული ბინა დატვირთა.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის 2016 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა საერთოდ აღარ არის მითითებული.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ ზაზა თავაძემ აღნიშნული ბინა 2016 წლის 22 აპრილს ქ. თბილისში მცხოვრებ ირმა ირემაძეს 250 000 აშშ დოლარად მიჰყიდა, რაც მის მიერ ამავე ბინისათვის გადახდილ თანხას თითქმის 600-ჯერ აღემატება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ფაქტი არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ უფლებამოსილების ვადაშივე, მის ამოწურვამდე 4 წლით ადრე გაასხვისა სახელმწიფოს მიერ სამსახურებრივი სტატუსის გამო სიმბოლურ ფასად გადაცემული ბინა, რომლის უმთავრესი დანიშნულებაც მოსამართლის მატერიალური უზრუნველყოფა და მისთვის პროფესიული დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების შექმნა წარმოადგენს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ამჟამად ბათუმში საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია. თუმცა, სახელმწიფოს კვლავაც რჩება კანონით განსაზღვრული ვალდებულება - უზრუნველყოს მოსამართლე საქმიანობისა და ცხოვრების სათანადო პირობებით - ხელახლა გადასცეს მას საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი ბინა ქალაქ ბათუმში, ან გადაუხადოს ქირა მოსამართლის მიერ დროებით ნაქირავები ბინის მესაკუთრეს.
http://ick.ge/articles/31708-i.html
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet