http://foreignpolicy.com/2016/10/23/turkey...s-iraq-erdogan/სტატია იბეჭდება კერძო მოსაზრების, არგუმენტის სტატუსით - ავტორზე იცით რამე???
ერდოღანის აგრესიული ნაციონალიზმი უკვე თურქეთის საზღვრებს სცილდება და საბერძნეთისა და ერაყის ტერიტორიებს იტაცებს
ნიკ დანფორთი
23.10.16
მოსულის განთავისუფლების ოპერაციაში თურქეთის მონაწილეობის გამო ბოლო კვირებში ანკარასა და ბაღდადს შორის გაჩაღებულმა კონფლიქტმა თურქული ექსპანსიონიზმის ვულკანის შემაშფოთებელი ამოფრქვევა გამოიწვია. ორ ცალკეულ შემთხვევაში თურქეთის პრეზიდენტმა ლოზანის ხელშეკრულება, რომლითაც თანამედროვე თურქეთის საზღვრებია დადგენილი, იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ დოკუმენტით ქვეყანა ძალიან დაპატარავდა. ერდოღანის განმარტებით, მისი ქვეყანა დაინტერესებული იყო თურქეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები თურქი უმცირესობების ბედით და რომ თურქეთს ისტორიული პრეტენზიები ჰქონდა ერაყის ქალაქ მოსულზე, რომლის ახლოსაც ახლა მცირერიცხოვანი თურქული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ხოლო თურქული ავიაციის მიერ სირიაში ქურთთა შენაერთების დაბომბვისა და ეგეოსის ზღვის თავზე საბერძნეთის ავიაგამანადგურებლებთან ახლო მანევრით საჰაერო დაპირისპირებაში ჩაბმის შესახებ ახალი ამბების პარალელურად, თურქეთის ხელისუფლების მომხრე მედიაში ახალი ინტერესი გაჩნდა თურქეთის რამდენიმე არაზუსტი, უხეშად დახაზული რუკისადმი, რომლებზეც ახალი და გაფართოებული საზღვრებია დატანილი.
ნაკლებად საფიქრებელია, რომ თურქეთმა უახლოეს მომავალში ერაყის ტერიტორიის ანექსია განახორციელოს, მაგრამ ექსპანსიონისტური კარტოგრაფიისა და რიტორიკის ეს კომბინაცია გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის თურქეთის ამჟამინდელ საგარეო- საშინაო პოლიტიკასა და იმაზე, თუ როგორი წარმოდგენა აქვს ანკარას საკუთარ თავზე. კერძოდ, ამ რუკებიდან ვლინდება, რომ თურქული ნაციონალიზმი, რომელიც ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მართვის უვადო თავისებურებაა, ისევ მისაღებია და ახლა ისტორიის გადახედვითა და დამატებითი რელიგიური დოზის ზემოქმედებით ახალი გაქანება შეიძინა. მაგრამ თუ წარსული რაიმეს მთქმელია, სამხედრო ინტერვენციებმა და კონფრონტაციულმა რიტორიკამ, რისკენაც ასეთი ნაციონალიზმი უბიძგებს, შეიძლება, პირიქით, ზიანი მიაყენოს თურქეთის უსაფრთხოებას და რეგიონში მის სტატუსს.
ამას წინათ თურქეთის ტელევიზიით ნაჩვენები თურქეთის რუკები ერთი შეხედვით იმ მსგავს ექსპანსიონისტურ რუკებს წააგავს, რომლებსაც უფრო დიდი საბერძნეთის, უფრო დიდი მაკედონიის, უფრო დიდი ბულგარეთის, უფრო დიდი სომხეთისა და უფრო დიდი სირიის მომხრეები გამოფენენ ხოლმე. ანუ თურქეთის ტელევიზიით გაშუქებული თურქეთის რუკები არ არის ოტომანთა იმპერიის რუკები (რადგან ეს იმპერია გაცილებით დიდი იყო), მთელი მუსულმანური სამყაროს, ან თურქული სამყაროს რუკა. ისინი თურქეთის რუკებია, თუმცა, ოდნავ გაფართოებული თურქეთისა.
ამ რუკებზე დატანილი საზღვრების უკან არსებული კონკრეტული ისტორია პირველად წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, ნაციონალიზმის ერდოღანისეულ ბრენდში რა არის ახალი და რა - არა. ამ რუკებზე „თურქეთის სახელმწიფო პაქტში" დადგენილი საზღვრებია ნაჩვენები. „თურქეთის სახელმწიფო პაქტი" კი სწორედ ის დოკუმენტია, რომლის წაკითხვისკენაც ამას წინათ ერდოღანმა ერაყის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, რათა გაეგო, რატომ იყო თურქეთი ქ. მოსულით დაინტერესებული. პირველ მსოფლიო ომში ოტომანთა იმპერიის დამარცხების შემდეგ, 1920 წელს გაფორმებულ „სახელმწიფო პაქტში" განსაზღვრული იყო იმპერიის ის ნაწილები, რომელთა დასაცავადაც მთავრობა მზად იყო. სახელდობრ, ამ დოკუმენტით თურქეთის საკუთრებად ცხადდებოდა ის ტერიტორიები, რომლებსაც ოტომანთა არმია 1918 წელს მოკავშირეებთან ზავის დადების დროს კიდევ აკონტროლებდა. თურქეთის სამხრეთ საზღვარზე ეს ხაზი დღევანდელი სირიის ქ. ალეპოს ჩრდილოეთიდან დღევანდელი ერაყის ქ. ირკუკამდე გადიოდა.
როცა მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ იმპერია იმაზე მეტად უნდა დაეპატარავებინათ, ვიდრე ის 1918 წელს იყო, ამას საომარი მოქმედებების განახლება მოჰყვა. ამ ბრძოლაში თურქეთის ჯარებმა, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, ევროპის ჯარები დაამარცხეს და თურქეთი იმ საზღვრებში დააფუძნეს, რომლებშიც ის დღეს არსებობს. თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში თურქეთის ოფიციალურ ისტორიაში ათათურქს „ნაციონალური პაქტით" (რა თქმა უნდა, მოსულის გამოკლებით) გათვალისწინებული იმ საზღვრების უზრუნველყოფისთვის აქებდნენ და ადიდებდნენ, რომლებიც ლოზანის ხელშეკრულებით არის აღიარებული. რა თქმა უნდა, ეს გაზვიადებული განცხადება იყო, რადგან ამ პაქტის სხვა ნაწილები გამოტოვებული იყო, მაგრამ ამავე დროს საოცრად პრაქტიკული იყო იმისთვის, რომ თურქეთის ახალ, დასაღვინებელ რესპუბლიკას ისიც არ დაეკარგა, რაც არარეალისტური ტერიტორიული ამბიციების გამოდევნებით იყო მოპოვებული. მართლაც, გერმანიის, იტალიის, ბულგარეთისა და უნგრეთისგან განსხვავებით, რომლებმაც ომისშემდგომი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობით თავს დიდი უბედურება დაიტეხეს, ათათურქისა და მისი მემკვიდრის ხელმძღვანელობით თურქეთმა ეს ლტოლვა თავის თავში ბრძნულად მოთოკა.
ამის საპირისპიროდ, ერდოღანი მეორე ვერსიას იზიარებს, რომლითაც მოსულისა და ეგეოსის ზღვაში ახლა უკვე საბერძნეთის კუნძულებზე ათათურქის მიერ ლოზანის ხელშეკრულებით უარის თქმა ღალატი უფრო იყო, ვიდრე საოცარი პრაგმატიზმის აქტი. მინიშნება ის არის, რომ უკეთეს, ან, ალბათ, უფრო პატრიოტ სახელმწიფო მოღვაწეებს უფრო მეტი ტერიტორიები უნდა მიეღოთ.
სხვათა შორის, სწორედ ერდოღანის მიერ ისტორიის ახლებური ინტერპრეტაცია უდევს საფუძვლად იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერდოღანს „ნეოოტომანიზმში" ადანაშაულებენ. სულ ათი წლის წინ, ყოველივე ოტომანურის მიმართ ერდოღანის ენთუზიაზმი მუსულმანურ შუა აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ეფექტური სტრატეგიის ნაწილად აღიქმებოდა, თუმცა ამ პოლიტიკას ზოგიერთი ამერიკელი კრიტიკოსი ეჭვის თვალით უყურებდა და აცხადებდა, რომ თურქეთი რეგიონში მათი ქვეყნის როლის შესუსტებას ცდილობდა. დაგმობის ნაცვლად ექსპანსიონიზმის გამართლების მიზნით „სახელმწიფო პაქტის" ახლებურად წარმოჩენას აპლოდისმენტებით როდი ხვდებიან თურქეთის მეზობლები. ერდოღანის ნეოოტომანური საგარეო პოლიტიკის მიმართ კრიტიკა არაბული სამყაროსგან ისევეა მოსალოდნელი, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისგან.
ერდოღანის მიერ „სახელმწიფო პაქტის" გამოყენება იმასაც აჩვენებს, თურქეთში ისლამისტებმა რამდენად წარმატებით გაიზიარეს და შეითვისეს ქვეყნის სეკულარული ნაციონალიზმის ისტორიული ნარატივის ელემენტები. 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიმართ ხალხის საყოველთაო წინააღმდეგობის აღწერისას ხელისუფლების რიტორიკამ სასწრაფოდ აიტაცა და მიითვისა თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოვლენილი გმირობა. ოტომანების მსგავსად, ერდოღანი გამუდმებით ახსენებს თურქ-სელჩუკებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ოტომანებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იყვნენ, ადგილიც კი გამოუნახა კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებით მოცულ, მუსულმანობამდელ ისეთ თურქ ხალხებს, როგორებიც გოქთურქები, ავარები და ყარახანიდები იყვნენ, რომლებსაც პირველად ქება-დიდება 1930-იან წლებში ათათურქის პროპაგანდის დროს შეასხეს.
ზემოაღნიშნულის მსგავსად, ერდოღანი სირიასა და ერაყში გრძელვადიანი ნაციონალური მიზნის მიღწევას ლამობს - ეს არის „ქურთისტანის მუშათა პარტიის" დამარცხება თურქეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციული ნაციონალისტური იარაღის - მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები თურქი უმცირესობების - გამოყენებით. „სულთან მურადის ბრიგადა", რომელიც ძირითადად ეთნიკური თურქმენებისგან შედგება, ანკარის ერთ-ერთი სამხედრო აქტივია, რომლითაც ის სირიაში ბაშარ ალ-ასადსაც ებრძვის და „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგაც ილაშქრებს. ამასობაში მოსულსა და მის შემოგარენში მცხოვრები თურქმენი მოსახლეობა ერაყში ანკარის კიდევ ერთი საფიქრალი და, ამავე დროს, აქტივიც არის. თურქეთის სპეცდანაყოფები ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის გავლენის გასაძლიერებლად და „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ საბრძოლველად „ერაყელი თურქმენების ფრონტთან", სულ მცირე, 2003 წლიდან თანამშრომლობენ.
მეოცე საუკუნის განმავლობაში ჩრდილოეთ საბერძნეთსა და კვიპროსში მცხოვრები თურქი უმცირესობებიც იმავე როლს ასრულებდნენ, ანუ მათი კეთილდღეობის საკითხი თურქ ნაციონალისტებს გულწრფელად აწუხებდათ, მაგრამ ამას ისინი ათენთან ურთიერთობების დარეგულირების ბერკეტადაც იყენებდნენ (რა თქმა უნდა, საბერძნეთიც ასე მოქმედებდა თურქეთში მცხოვრებ ბერძენ უმცირესობასთან მიმართებით. გასაკვირი არ არის, რომ ამის შედეგად ორივე უმცირესობას დიდი ზიანი მიადგა). მაგალითად, კვიპროსის შემთხვევაში, 1974 წელს თურქეთის მიერ კვიპროსის დაპყრობა აიხსნებოდა არა თურქეთის სტრატეგიული პუნქტის დაცვით, არამედ კუნძულზე მცხოვრები თურქი უმცირესობის გამოსარჩლებით. ლოზანის ხელშეკრულებაზე კომენტარის გაკეთების შემდეგ ერდოღანმა საბერძნეთი კიდევ უფრო გააღიზიანა, როცა განაცხადა, რომ „თურქეთი უყურადღებოდ ვერ დატოვებდა დასავლეთ თრაქეაში, კვიპროსში, ყირიმში, ან სხვაგან მცხოვრებ თავის თანამემამულეებს." თუმცა, ათენმა შეიძლება, გული დაიმშვიდოს ყირიმელი თათრების მაგალითით, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, რომ თურქეთი სწორედ ასე მოიქცეს გეოპოლიტიკის გამო: მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ანკარამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ კუნძულზე მცხოვრები თათრების ბედზე, შემდგომში პოზიცია შეცვალა და დაასკვნა, რომ ეთნიკურ კავშირთან შედარებით უპირატესობა მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ენიჭებოდა.
ერდოღანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა თურქეთის კომუნიტარული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ახალ საკითხს: სუნიტურ რელიგიას. ცოტა ხნის წინ მოსულის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ თურქეთი „თურქმენ ძმებს", ან „სუნიტ არაბ ძმებს" არ უღალატებდა. სეკულარული თურქული ნაციონალიზმის მსგავსად, სუნიტურ რელიგიურ გრძნობებს თურქეთში უდავოდ ფართო მხარდაჭერა აქვს და ერდოღანმა მიანიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს ელემენტიც თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად იქნება გამოყენებული. ერდოღანის მიერ რელიგიური ელემენტის გამოყენება აშკარად შეინიშნება მოსულში: თურქეთმა შეშფოთება გამოთქვა იმ საფრთხის გამო, რომლის წინაშეც შეიძლება, სუნიტებიაღმოჩნდნენ, თუ ქალაქს შიიტი მებრძოლები აიღებენ. ამ პოლიტიკის სიცხადე ყველაზე მეტად სირიაში იგრძნობა - აქ თურქეთი იმ სუნიტ ამბოხებულებს (მათ შორის, ალეპოს დამცველებს) ეხმარება, რომლებიც ასადის რეჟიმის დამხობას ლამობენ. მაგრამ არც ერაყში და არც სირიაში თურქული პოლიტიკის რელიგიურ ელემენტს პრაგმატიზმისთვის ხელი არ შეუშლია. ანკარა მოწადინებულია, ირათან ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობა შეინარჩუნოს მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები სირიაში ფრონტის სხვადასხვა მხარეს დგანან; გარდა ამისა, გასულ წელს ერდოღანმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყო, ასადთან სამშვიდობო შეთანხმება დაედო.
უფრო ზოგადად, სირიასა და ერაყში თურქეთის ინტერვენციული პოლიტიკა დამკვიდრებულ სქემაში ჯდება. ქვეყნები თითქმის რეგულარულად ებმებიან მათ სამეზობლოში მიმდინარე სამოქალაქო ომებში, მაგრამ ის მოვლენები, რის გამოც წარსულში თურქეთს ექსპანსიონიზმის ცდუნებამ წასძლია, ყოველთვის ისეთი ცვლილებებისა და გაურკვევლობის პერიოდში ხდებოდა, რომლებიც დღეს ახლო აღმოსავლეთშია. 1939 წელს ანკარამ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინა დღეებში შექმნილი კრიზისით ისარგებლა და ჰატაის პროვინციის ანექსია განახორციელა, რომელიც იმ დროს საფრანგეთის კონტროლის ქვეშ იყო. იმ ომის დამთავრების შემდეგ, სირიაში ახლად დამყარებულმა დამოუკიდებლობამ თურქეთის მედიაში ზოგს ალეპოზე თვალის დადგმისკენ უბიძგა, ხოლო იტალიის მიერ დოდეკანის კუნძულების საბერძნეთისთვის გადაცემამ ზოგს ამ კუნძულების თურქეთის მიერ შეძენის სურვილი გაუჩინა. მსგავსად ამისა, ანკარა ნაკლებ ყურადღებას აქცევდა კვიპროსს, როცა ბრიტანეთი მყარად აკონტროლებდა კუნძულს, მაგრამ როცა საუბარი დაიწყო კუნძულის დამოუკიდებლობაზე, თურქეთმაც საკუთარი ინტერესები გამოავლინა. შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როცა საბერძნეთის მიერ კვიპროსის ანექსიის საშიშროება გაჩნდა, თურქეთმა კუნძული დაიკავა, რომ სტატუს-ქვოს შეცვლა არ დაეშვა. ამ შუქზე თურქეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა ალბათ ნაკლებად გასაკვირია, რადგან უკვე რამდენიმე წელია, რაც მოვლენებიც და კომენტატორებიც გამუდმებით იმაზე მიანიშნებდნენ, რომ თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის მთელი პოლიტიკური წყობა ჩამონგრევის პირას იყო.
უფრო კონკრეტულად კი, ახლო აღმოსავლეთში თურქეთის პოლიტიკა იმ მწვავე შეშფოთებით აიხსნება, რომელიც „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" მისი დაპირისპირებიდან მომდინარეობს. ეს შეშფოთება კიდევ უფრო გაამძაფრა ამ დაჯგუფების მიერ ჩრდილოეთ სირიაში ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებამ. დიდი ხანია, „ქურთისტანის მუშათა პარტია" სამხრეთ-აღმოსავლელ მეზობლებთან თურქეთის ურთიერთობას განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ 1998 წლს თურქეთი ლამის სირიაში შეიჭრა, რათა დამასკოს ამ დაჯგუფების ლიდერის შეფარებისგანხელი აეღო. ასევე, ლამის უკვე ორი ათწლეულია, რაც მოსულის რეგიონში თურქეთის შეიარაღებული კონტინგენტია განლაგებული „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" საბრძოლველად. ანკარა მის მიერ განხორციელებული ინტერვენციის აქტებს ყოველთვის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამოსში ახვევდა, რასაც თურქეთში თითქმის არავინ აპროტესტებდა. დღეს თურქეთი ერაყში თავის მოქმედებას ძირითადად თავდაცვის ინტერესებით ხსნის. ერდოღანი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ერაყში თურქული შენაერთების ყოფნა „ტერორისტული აქტებისგან თურქეთის დაზღვევას" ემსახურება. გარდა ამისა, რადგან „ქურთისტანის მუშათა პარტიის" შენაერთები ერაყში დაუფარავად მოქმედებენ, ეს კიდევ ერთი სერიოზული მიზეზია, რითიც შეიძლება, თურქეთის შეიარაღებული ძალების სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე ყოფნა გამართლდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე.
მართლაც, ყველა იმ ეთნიკურ, რელიგიურ და ისტორიულ ფაქტორს, რომლითაც ერდოღანი მოსულში თურქეთის ინტერესს ამართლებდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი არგუმენტი დაუმატა: ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი რეგიონში კვლავ მზარდ როლს თამაშობენ მიუხედავად იმისა, რომ მასთან ამ ფაქტორებით არ არიან დაკავშირებული. ერდოღანის აღნიშვნით, ზოგიერთი ქვეყანა თურქეთს (რომელსაც ერაყთან 220-მილიანი საზღვარი აქვს) ეუბნებოდა, არ ჩარეულიყო კონფლიქტში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არც ისტორია ჰქონდათ და არც რაიმე აკავშირებდათ მასთან, ეს ქვეყნები „მოდიოდნენ და მიდიოდნენ. განა 14 წლის წინ სადამ ჰუსეინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უთხრა, რომ ერაყში მოსულიყო?" - დასძინა მან.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ისტორიის მიღმა ანკარას შესანიშნავად ესმის ის გარემოება, რომ უცხო ქვეყანაში ინტერვენციის გასამართლებელი ერთადერთი მიზეზი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს, ძალაა. ამ თვალსაზრისით მოსულის მიმართ თურქეთის გეგმების ლეგიტიმურობას კი მომავალი გვიჩვენებს.
http://foreignpolicy.com/2016/10/23/turkey...s-iraq-erdogan/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)