ივერიელი
Roman-Catholic

      
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03
|
#308909 · 17 Dec 2003, 06:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, ნება მიბოძეთ გამოვაქვეყნო პროფესიონალი იურისტის სტატია, რომელიც უკვე მიხვდით თუ რას ეხება და უმორჩილესად გთხოვთ აქ წივილი, კივილი, კბენაჲ და ღრენაჲ არ იყოს. დიდი მადლობა წინასწარ ყველას კორექტულობისათვის.
კმარა რევოლუციები! 22-23 ნოემბრის მოვლენების სამართლებრივი შეფასება
ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლებრივი სახელმწიფო ე. წ. ბანანის რესპუბლიკებისგან, სწორედ, კანონის უზენაესობის პრინციპისადმი ერთგულებით გამოირჩევა. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, ხოლო ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას (მუხლი 6. 1). ამასთან, "საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია, ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს" (მუხლი 44. 1).
საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. "არავის აქვს უფლება, მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება" (მუხლი 5). შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება (მუხლი 28).
ვინაიდან საქართველოს მოქალაქეთა ნება სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაა, "სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით" (მუხლი 5. 4). ამდენად, თუ მოქალაქეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქვს პრეტენზია, ან მისი რომელიმე სხვა უფლება და თავისუფლება ხელყვეს (მაგალითად, არჩევანი გაუყალბეს), შეუძლია, მიმართოს სასამართლოს (მუხლი 42. 1).
გარდა ამისა, ყოველ ადამიანს შეუძლია, ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით (მუხლი 19. 1), გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი (მუხლი 24. 1). თუ სამართალი ვერ მოიძებნა, პროტესტის ნიშნად, ყველას აქვს უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ასევე გარეთ, ხოლო ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შეწყვიტოს სახალხო შეკრება (მიტინგი, მანიფესტაცია), თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო (მუხლი 25).
სახელმწიფოს ძირითადი დანიშნულებაც თავისუფლებასა და წესრიგს შორის გონივრული მიჯნის გავლებაშია, რომლის შესაბამისად, ყველა ის საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიში ქმედება, რომელიც ხელისუფლების ძალადობის გზით ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული ან მიზნად ისახავს კონსტიტუციით დაცული ფასეულობების ხელყოფას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი.
ამდენად, ცივილიზებულ სახელმწიფოში მოქალაქეთა ქმედებები, მათი მხრიდან პროტესტის ან თუნდაც ნაბისმიერი სახის აგრესიის გამოხატვა, მხოლოდ კონსტიტუციითა და სხვა კანონებით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებშია დაშვებული (მაგალითად, მიტინგისა თუ მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ; მასობრივი არეულობის ორგანიზება; წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება, ხულიგნობა და სხვა).
საქართველოს კანონმდებლობით, არა მხოლოდ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების, არამედ მათი შეცვლის წესიც მკაცრად არის განსაზღვრული. საგულისხმოა, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტი შედგება ოთხი წლის ვადით (მხოლოდ ოთხი!!!) არჩეული წევრებისგან (მუხლი 49). ამასთან, ხაზგასმულია ისიც, რომ "პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე" (მუხლი 50. 4), ხოლო ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი (მუხლი 51).
ამავე მუხლში მითითებულია, რომ "პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება". არ უნდა იწვევდეს დავას, რომ კონსტიტუცია პარლამენტის შეკრებასა და მისი მუშაობის დაწყებას ორ განსხვავებულ ცნებად მოიაზრებს. ლოგიკურია, რომ თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის პარლამენტი ჯერ უნდა შეიკრიბოს და კონსტიტუციითვე განსაზღვრული კვორუმით მიიღოს შესაბამისი დადგენილება. მხოლოდ ამის (არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების დადასტურების) შემდეგ შეუდგება მუშაობას ახლად არჩეული პარლამენტი, ხოლო წინა მოწვევის პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციამ "ახლების" პირველი შეკრებისთანავე ჩააბარა ისტორიას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული ნათელს უნდა ხდიდეს, რომ 1999 წლის 31 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა ყველა შემთხვევაში ამოეწურა 2003 წლის 22 ნოემბერს, იმ "ისტორიულ" დღეს, როდესაც ახალი პარლამენტი 2 ნოემბრის არჩევნებიდან ზუსტად კონსტიტუციით დადგენილი ოცდღიანი ვადის მიწურულს შეიკრიბა.
ვინაიდან ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნები ჩატარებულად ჰქონდა გამოცხადებული და არ არსებობდა ამის საწინააღმდეგო რაიმე სასამართლო გადაწყვეტილება, 2003 წლის 22 ნოემბერს არჩეულ დეპუტატთა უმრავლესობის შეკრება, ჰიმნის დაკვრა და სხდომის გახსნა ის იურიდიული ფაქტია, რომელიც ავტომატურად იწვევს წინა მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამასთან, არ არსებობს რაიმე კანონიერი საფუძველი მისი უფლებამოსილების ოთხ წელზე მეტი ვადით გასაგრძელებლად, ვინაიდან, კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ ოთხი წლით გადასცემს ხმას ამომრჩეველი თავის წარმომადგენელს.
ცხადია, გაცილებით გონივრული იქნებოდა, ახლად არჩეული პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ შეკრებილიყო, რაც სასამართლო ხელისუფლება არჩევნების ჩატარების სამართლიანობას დაადასტურებდა, მაგრამ ეს უკვე საარჩევნო კოდექსის ხარვეზია და, კონსტიტუციის უზენაესობიდან გამომდინარე, პარლამენტის შეკრებას ხელს ვერ შეუშლიდა.
როდესაც პოლიტიკოსებს, ჩვეულებისამებრ, წინასაარჩევნოდ შეჰქონდათ ცვლილება-დამატებები საარჩევნო კოდექსში (როგორც ჩანს, აგვისტო, როდესაც ნორმალურ ქვეყნებში ისვენებენ, ჩვენი კანონმდებლებისთვის შემოქმედებითი აქტიურობის პერიოდია), ხომ უნდა ეფიქრათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შედეგების შეჯამების ვადად "არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-18 დღის" განსაზღვრას (მუხლი 105. 1), ხოლო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში .გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ხუთდღიანი პერიოდის გამოყოფას (მუხლი 77. 26), შეიძლებოდა, გარკვეული პრობლემები შეექმნა, ვინაიდან კონსტიტუცია ახლად არჩეულ პარლამენტს 20 დღეში ავალდებულებდა შეკრებას.
ისიც კანონმდებლობის აშკარა ნაკლია, რომ არჩევნების ბედს, ფაქტობრივად, ერთადერთი იურისტი წყვეტს (დანარჩენი ორი - მოსამართლის მანტიამოსხმული ე. წ. მსაჯულია - არაპროფესიონალი, საბჭოთა სამართლიდან შემორჩენილი რუდიმენტი), რომელიც ერთ დღეში ამოწმებს ცსკ-ოს 15 წევრის მიერ ორი კვირის განმავლობაში გადამუშავებულ დოკუმენტაციას და თანაც ისეთი გადაწყვეტილება გამოაქვს, რომ არ გასაჩივრდება... გაცილებით გონივრული და სამართლიანი იქნებოდა არჩევნების ჩატარება-არჩატარების ან ბათილად ცნობის საკითხი საბოლოოდ დაედგინა საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობით ან უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
ამასთან, საგულისხმოა, რომ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ არჩევნები არჩატარებულად ან მისი შედეგები ბათილად იქნებოდა ცნობილი, ხელახალი არჩევნები ორი თვის ვადაში უნდა გამართულიყო (მუხლი 106. 4), ხოლო, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ბათილად ცნობილ უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტი აღმოჩნდებოდა (2 ნოემბრის არჩევნებში რეალურად, ალბათ, სწორედ, ასეთ შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე), ამ უბნებში განმეორებითი კენჭისყრა არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში გაიმართებოდა (მუხლი 105. 16).
ამდენად, კანონის თვალსაზრისით, ორივე შემთხვევაში საგანგაშო და "რევოლუციური" ნამდვილად არაფერი იყო. ორი კვირის ან ორი თვის ვადაში ახალი პარლამენტის ფორმირება მოხდებოდა და სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლი იმის საშუალებასაც იძლეოდა, რომ "პოლიტიკური ნების" ქონის შემთხვევაში ხმების არასწორად დათვლასა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებაში მხილებული პირები საკადრისად დაგვესაჯა (დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც არავინ დაისჯება, ვინაიდან ხელისუფლება და ე. წ. ოპოზიცია ერთნაირი მონდომებით აყალბებდნენ არჩევნების შედეგებს, იმის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში ძალთა ბალანსი ვის მხარეს იყო).
ყველა შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რამდენიმე წლის წინ ზარ-ზეიმით რეფორმირებულ სასამართლოს ჯერ ვერდიქტი არ ჰქონდეს გამოტანილი, ხოლო "ხალხი", თუნდაც მხოლოდ ვარდებით შეიარაღებული, შტურმით იღებდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ციტადელებს?! ამასთან, ისე ზეიმობდეს "გამარჯვებას", თითქოს ოკუპანტებისგან გაეთავისუფლებინოს თავი და ქვეყნის პირველი პირი აბსოლუტური უმრავლესობით არ ჰყავდეს არჩეული სამიოდე წლის წინ და თანაც მეორე თუ მესამე ვადით... მით უმეტეს, როდესაც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგებს უყურებს ეჭვის თვალით, ისე, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას "რევოლუციონერებისას" წარმოდგენაც კი არ უნდა ჰქონდეს იმ "რჩეულებზე", რომლებიც უშუალოდ წინასაარჩევნოდ დაფუძნებული პარტიების სიებში პირველი ათეულის მიღმა იმყოფებიან (უპრიანი იქნებოდა, საერთოდ უარი გვეთქვა პროპორციულ არჩევნებზე ან არჩევნებს შორის პერიოდში დაფუძნებული ახალი საარჩევნო სუბიექტებისთვის უახლოეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოგვერთმია).
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ე. წ. არასამთავრობოების პოლიტიზებული ნაწილისა და უნიათო მმართველობით, კორუფციითა და გაუსაძლისი ცხოვრებით მოთმინებადაკარგული მოქალაქეების ("ხალხის") ქუჩაში გამოყვანა, არჩევნების შედეგების მიუხედავად, იყო დაგეგმილი და მიზნად ისახავდა პრეზიდენტის "ხავერდოვან" ჩანაცვლებას მისი თანაგუნდელებით. ფაქტია, რომ "ვარდების რევოლუციამ" რეპუტაციაშელახული ე. შევარდნაძის პოლიტიკური რეანიმაცია-რეაბილიტაცია მოახდინა, მას დემოკრატის იმიჯიც აღუდგინა და "მშობელ ხალხზე მზრუნველი, უწყინარი, მხცოვანი დიქტატორისადმი" უცხოელი მეგობრებიც თანაგრძნობითა თუ სიმპათიით განაწყო.
არადა, დაკარგული ტერიტორიებისა და თანამოძმეთა დაღვრილი სისხლისთვის, კორუფციის გაფურჩქვნის, განიავებული ქონებისა და წლიდან წლამდე შეუსრულებელი ბიუჯეტისთვის პრეზიდენტი თავისი გარემოცვითურთ, უკეთეს შემთხვევაში, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნელიყო, ხოლო უარესში - ნამდვილი რევოლუციონერების ხელში ჩავარდნიყო და ნიკოლოზ II-ის თუ ჩაუშესკუს ხვედრი გაეზიარებინა... (რუსები და რუმინელები კიდევ დიდხანს ვერ მოინანიებენ იმ ცოდვას, რომელიც სასამართლოს გარეშე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაიდეს, ისევე, როგორც ქართველები - ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდისადმი უსამართლო მოპყრობისთვის).
ისევე, როგორც სხვა დანარჩენი რევოლუციებისას, "ხალხი" ამჯერადაც მოტყუებული დარჩა. თუ შევარდნაძეს, შეიძლება ითქვას, მართლაც, მითვისებული ("უზურპირებული") ჰქონდა ხელისუფლება და, ფაქტობრივად, სამივე შტოს თავის ნებაზე განაგებდა (კანონპროექტს მისი ხელქვეითები წერდნენ, პარლამენტში მისი ერთგული თანაპარტიელები წაუკითხავად იღებდნენ და სადავო საკითხებსაც პრეზიდენტის მიერ შერჩეული მოსამართლეები იხილავდნენ), ვადამდე მისი "პენსიაზე" გაშვების გზით სახელმწიფო ხელისუფლება სრულიად უკანონოდ აღმოჩნდა "დიქტატორის" კარზევე გამოზრდილი "მემკვიდრეების" ხელში.
შედეგად, ყოფილი ცეკას პირველი მდივნის ნაცვლად (რომლის საქციელი მმართველობის 31-ე წელს დავგმეთ საჯაროდ...), სამი ახალგაზრდა "ამბროსიევიჩი" შეგვრჩა ხელთ, რომლებმაც "ნეგატიურ მოვლენებთან" ბრძოლა კომუნისტების დროინდელი მეთოდებით დაიწყეს. პირველ რიგში, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები დაიკავეს, პარტიული დროშები გამოფინეს და საკადრო წმენდას შეუდგნენ (ცხადია, პარტიული ერთგულების ნიშნით, რადგან "კადრები წყვეტენ ყველაფერს..." ჯერ კიდევ სტალინს - რევოლუციონერთა ცნობილ ბელადს - აქვს ნათქვამი).
ის, რომ XXI საუკუნის "რევოლუციონერებისთვისაც" არ დაუკარგავს აქტუალობა ლენინისეულ ლოზუნგს ("ხელისუფლება კანონის შეზღუდვის გარეშე!"), შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე გამოჩნდა, როდესაც ნარკომანიასთან ბრძოლა კანონით აუკრძალავი კულინარული ყაყაჩოს თესლის ათიოდე შეკვრის ინდივიდუალური მეწარმისათვის ჩამორთმევისა და საჯაროდ დაწვით დაიწყო... (ლოგიკური ნაბიჯია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შევარდნაძის კორუფციული სისტემისადმი "ახლების" შეურიგებლობის დემონსტრირებისთვის პრეზიდენტის სავარძელიც კი მისცეს ცეცხლს...).
რაც მართალია, მართალია, ხელისუფლების ცვლას საქართველოში, ისევე, როგორც ამ ათიოდე წლის წინ, არც ამჯერად აკლდა "სპეცეფექტები" და ისიც უდავოდ დიდი პროგრესია, რომ "გამარჯვებულებმა" სახელისუფლებო დაწესებულები 1917 წლის ბოლშევიკებივით უსისხლოდ დაიკავეს, ხოლო ავტომატის ჯერების ნაცვლად, ცაში მაშხალები გაუშვეს...
"ხალხი", რომელმაც 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების გზით მოსული "კრიმინალური ხელისუფლებაც" უპრობლემოდ მიიღო, ალბათ, პარლამენტსა და კანცელარიაში გაცილებით ცივილიზებული გზით შემოჭრილ დასავლური იმიჯის მქონე ახალი "სამეულის" ლეგიტიმურობასაც იოლად აღიარებს, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ იურისტებისგან თავიდანვე მოისმენს სამართლებრივ შეფასებას.
22-23 ნოემბრის მოვლენებს თავად მონაწილენი და უცხოელი მეგობრების ნაწილი "ხავერდოვანი, ვარდების თუ თეთრი რევოლუციის" სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ ნებისმიერი სამართალმცოდნისთვის ცხადია, რომ თბილისის ცენტრში მომხდარი მოვლენები ვერაფრით ჩაჯდება კონსტიტუციის ფარგლებში და იურიდიული კვალიფიკაციისთვის სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები უფრო გამოდგება, რომლებშიც ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგის, კონსტიტუციური წყობისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა (იძულება, მუქარა, დევნა, სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, არჩევნებში ხელის შეშლა, ხულიგნობა, მასობრივი არეულობა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირება, მოწოდება, შეთქმულება და ამბოხება კონსტიტუციური წყობის ძალადობის შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად და სხვა) დასჯადობაა დადგენილი, სხვათა შორის, სწორედ, იმ პარლამენტის მიერ, რომელშიც ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილს ხელმძღვანელი პოსტები ეკავათ.
საქართველოს კონსტიტუციაში ისიც მკაფიოდ არის მოცემული, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ მას შემდეგ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, რაც პრეზიდენტი ვერ შეძლებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას ან მას ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება (მუხლი 75. 1).
ამდენად, იურისტებისთვის, ალბათ, გაუგებარია არა მხოლოდ ძველი პარლამენტის "აღდგომის" კანონიერება, არამედ ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზე დაყრდნობითაც ნინო ბუჯანაძე შეუდგა პრეზიდენტობას თუ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მანამდე, სანამ ედუარდ შევარდნაძე ე. წ. გადადგომის განცხადებას გააკეთებდა. ისიც გასარკვევია, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს პოლიტიკოსებმა, რომ დაცვის მიერ პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გაყვანილი და საკუთარ რეზიდენციაში მყოფი პრეზიდენტი ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას ან სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა იგნორირებით, რატომ შეეპარათ ეჭვი მის ქმედუნარიანობაში.
სხვათა შორის, ე. წ. გადადგომის ფაქტობრივი გარემოებები საკმაო საფუძველს იძლევა განცხადებისთვის, რომ პრეზიდენტის ნების გამოვლინებაზე აშკარა იყო ფიზიკური თუ არა, ფსიქიკური ზემოქმედება მაინც, რაც ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს და სსკ 150-ე მუხლის ძალით არის დაუშვებელი. ისიც ფაქტია, რომ შევარდნაძის მიმართ სსკ 151-ე მუხლით დასჯადი სიტყვიერი მუქარაც არაერთგზის გაისმა და "ხავერდოვანი რევოლუციის" ამსახველ კადრებში, წითელ ვარდებთან ერთად, იარაღიანი ხალხიც და ძალადობა-დარბევის სცენებიც ვიხილეთ.
საგულისხმოა, რომ ტერმინი "რევოლუცია" სრულიად მიუღებელია სამართლებრივი სივრცისთვის და მას თანამედროვე იურიდიულ ლექსიკონებშიც ვერსად იპოვით. კარგა ხანია, აღიარებულია, რომ იძულების მექანიზმი მხოლოდ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს და საყოველთაო კანონმორჩილებას უზრუნველყოფდეს. შესაბამისად, კანონი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასაც იცავს და ძალისმიერი გზით მის შეცვლას დასჯად ქმედებად მიიჩნევს, ანუ ნებისმიერი სახის რევოლუცია (განსაკუთრებით ევროსაბჭოს ფარგლებში) ერთმნიშვნელოვნად დანაშაულად მოიაზრება.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, საბედნიეროდ, ტყვია ამჯერად არ გავარდნილა, 22-23 ნოემბრის მოვლენები, ყველა შემთხვევაში, ძალადობის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებად, ანუ ე. წ. სახელმწიფო გადატრიალებად, უნდა შეფასდეს.
მართალია, სახელმწიფო გადატრიალებას "რევოლუციადაც" მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ ამ ტერმინს დემოკრატიის გარიჟრაჟზე უფრო იყენებდნენ და დრომოჭმული რეჟიმების ძალისმიერი გზით პროგრესულით შეცვლას აღნიშნავდნენ. ბოლშევიკებიც მსოფლიო ცივილიზაციის ევოლუციური განვითარების პროცესის შეცვლას და "პროლეტარიატის დიქტატურის" ძალისმიერ დამყარებას, სწორედ, რევოლუციებით, ანუ, "დიდი ბელადის" სიტყვებით რომ ვთქვათ, "კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებით" ცდილობდნენ.
ამდენად, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დემოკრატიული შინაარსის კონსტიტუციაც მივიღეთ, ევროსაბჭოშიც გავწევრიანდით, უცხოელი მეგობრების მეთვალყურეობის ქვეშ არაერთგზის ჩავატარეთ არჩევნები, ამის შემდეგ კი პრეზიდენტი ვადამდე ჩამოვაგდეთ და იმ ძალებით ჩავანაცვლეთ, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან ერთად იყვნენ ხელისუფლებაში და პასუხისმგებლებიც არიან ქვეყნის კრიზისამდე მიყვანის გამო, ძნელია, ყოველივე ამაში რაიმე პროგრესული დაინახო და თუნდაც "რევოლუცია" უწოდო (უფრო სამეფო კარზე გადატრიალებას ჰგავს, როდესაც სისტემა კი არ იცვლება, არამედ მმართველები...).
ამასთან, გადატრიალება ("რევოლუცია") მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა "ხავერდოვანი", თუ სახალხო გამოსვლები, დაუმორჩილებლობა, მიტინგები, მანიფესტაციები და კანონის ფარგლებში მიმდინარე სხვა საპროტესტო აქციები, მართლაც, მასობრივ და უწყვეტ (ან პერმანენტულ) ხასიათს მიიღებდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდებოდა და პრეზიდენტს აიძულებდა, საკუთარი ნებით გადამდგარიყო. ყველა სხვა შემთხვევაში სამართალდამცავთა კორდონების გარღვევა, სახელისუფლებო დაწესებულებებში თუნდაც ყვავილებით შეჭრა და პარლამენტის სხდომის ჩაშლა-დარბევა, სამართლის ენაზე აშკარა ძალადობაა და დაუშვებელია ამ უმძიმეს დანაშაულს რაიმე გამართლება მოეძებნოს. ხოლო ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა "კარის იურისტმა" მომხდარის სამართლებრივ ფარგლებში მოსაქცევად ("ლეგიტიმაციისთვის") ხან უკიდურესი აუცილებლობის ინსტიტუტი მოიშველია სისხლის სამართლიდან, ხან საერთაშორისო სამართალში მოიძია "ხალხის უფლება დიქტატურის (ტირანიის) აჯანყების გზით დამხობაზე" (ასეთი ნორმა ბუნებაში არ არსებობს), რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად მიმაჩნია.
ავთანდილ კახნიაშვილი,
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ დოცენტრ
This post has been edited by ივერიელი on 17 Dec 2003, 06:18
--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან, გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი: შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი. საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა, ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
|