ჩემი პირადი სიძნელეებიდან გამომდინარე ბოლო წლებში ხშირად შემოვდიოდი აქ და ვკითხულობდი სხვადასხვა თემებს.
ამ ყველაფრის ფონზე ერთი რამ გამოიკვეთა აშკარად - ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ საკუთარ თავს და არც არაფერს ვაკეთებთ საამისოდ.
და არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ...
ჩვენში ადამიანის მთელი ცხოვრება მოწოდებულია მხოლოდ მატერიალურის, გარეგანის შექმნისკენ - სწავლა, მუშაობა, ოჯახი, ეკონომიური უზრუნველყოფა, დასვენება და ა.შ. არამატერიალურს და ფსიქიკურს არავინ აქცევს ყურადღებას. არათუ ყურადღებას არ აქცევს, პირდაპირ აიგნორებს კიდეც. ჩვენში ცხოვრებას რომ დააკვირდე, იფიქრებ, ამ ადამიანებს ფსიქიკა საერთოდ არ აქვთ და არც სჭირდებათო

სკოლამდე ისე ვიზრდებით, არავინ აქცევს ყურადღებას ჩვენს ემოციებს. ბავშვია და გაუვლის... მშობლებს როგორც წესი არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ადამიანის ემოციურ და ფსიქიკურ საკითხებზე.
სკოლაში უარესი ხდება - ათასი მოზარდის თავყრილობა, ხშირად ასევე გაუთვითცნობიერებელი მასწავლებლები...
სკოლას ამთავრებ ადამიანი და ისეთ გარემოში გაიზარდე, წარმოდგენა არ გაქვს შენს ემოციებზე, სხვის ემოციებზე, საერთოდ ფსიქოლოგიაზე არადა გგონია უკვე დიდი ხარ

ჰოდა აქედან იწყება თავდავიწყება

ცხოვრების სირთულეებს აწყდები ემოციურად განუვითარებელ მდგომარეობაში, ათასნაირი დიდი თუ მცირე ტრავმით, გადაულახავი ფსიქოლოგიური წინაღობებით. თან რაც მთავარია ვერ აცნობიერებ ამ ყველაფერს. გგონია რომ კარგად ხარ.
მერე ეს განუვითარებელი ემოციური მდგომარეობა და ფსიქოლოგიური წინაღობები ცხოვრებისეულ წინაღობებს 100ჯერ ადიდებს, გსტრესავს, გთრგუნავს და ასე ნელნელა და ციმ-ციმ მიდიხარ ლოგიკურ მდგომარეობამდე, რომელსაც ჰქვია დ ე პ რ ე ს ი ა
ჰოპლა, უცებ აცნობიერებ რომ ცუდად ხარ
და პირველად აქ იწყებ კითხვების დასმას - რა დამემართა? რატომ? რა დავაშავე? რა გამოვტოვე?
თუ გაგიმართლა და გაერკვევი ყველაფერში, კარგად იმკურნალებ - აზრზე მოხვალ და გადარჩები.
თუ არა და - მონახავ თავის მოკვლის ყველაზე უმტკივნეულო საშუალებას
არადა რატო... რა აუცილებელია ადამიანი ან დეპრესიამდე მივიდეს ან თავი მოიკლას?
რატომ ვაიგნორებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს ნამდვილ არსებას - ჩვენს ფსიქიკას?
რატომ არ გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც ბავშვთა ფსიქოლოგიაზე იმუშავებენ?
რატომ არ გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც მშობლებს გაარკვევენ ბავშვთა ფსიქოლოგიაში? დაეხმარებიან მშობლებს ასწავლონ ბავშვებთან ურთიერთობა?
რატომ არ გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრების გზაზე გაუწევენ დახმარებას, კონსულტაციას, სიძნელეების დაძლევის გზებს?
რატომ ვწირავთ შვილებს და საკუთარ თავებს ასე უმოწყალოდ?
ვიღაც იტყვის - ფსიქოლოგები ხომ არსებობენო რაღას ითხოვო? მე კი ვუპასუხებ, რომ ფსიქოლოგია დღეს უკუღმართადაა აწყობილი. უკუღმართად კი იმიტომ, რომ ორიენტირებულია მკურნალობაზე და არა აღზრდა-პრევენციაზე. გარდა ამისა, ფსიქოლოგები ძალიან ძალიან ძალიან ცოტანი არიან და როცა გჭირდება ნორმალურ ფსიქოლოგს საერთოდ ვერც იპოვი
ასევე ფსიქოლოგია ტაბუირებულ თუ სტიგმატიზებულ და ეგზოტიკურ სფეროდ ითვლება. თუ ფსიქოლოგთან დადიხარ, ე.ი. გიჟი ხარ, ლუზერი ან რავიცი, დებილი... ან უბრალოდ ბევრი ფული გაქვს და არ იცი რაში დახარჯო

არადა მე თუ მკითხავ ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შეისწავლოს და შემდეგ უცხო ენები, ფიზიკა, ქიმია და ა.შ. იმიტომ, რომ ცხოვრებაში სიძნელეებს მხოლოდ საკუთარი თავი გადაგალახვინებს და არა ქიმიისა და ფიზიკის ცოდნა...
და არანაირი ფიზიკა თუ ქიმია არ გიშველის, როცა სტრესებთან გამკლავება არ იცი, ემოციურად არ ხარ სათანადოდ განვითარებული და ა.შ.
რაც მთავარია, საკუთარი თავის შესწავლა და განვითარება ყველას სჭირდება, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ერთნაირია - იბადება განუვითარებელი და შემდეგ უნდა განვითარდეს. იმ ადამიანების უმრავლესობაც, რომელიც ფსიქოლოგთან მოსიარულე ადამიანს გიჟად თვლის, თავად საჭიროებს დახმარებას, მაგრამ ეს უბრალოდ არ იცის.
ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგია უნდა იყოს ყველგან - სახლში, სკოლაში, სამსახურში და ყველგან. ფსიქოლოგია არ უნდა იყოს ეგზოტიკა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ისევე გვჭირდება ფსიქოლოგია, როგორც წყალი, ჰაერი, საჭმელი, ფული და ა.შ. ფსიქოლოგები უნდა იყვნენ ყველგან. ფსიქოლოგიური პროგრამები უნდა იყოს ბევრი. ფსიქოლოგიას წამყვანი ადგილი უნდა ჰქონდეს სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში. ყველგან უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც საჭიროებისას მიმართავ, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სიძნელეების გადალახვაში.
რაღაც არ გამომდის მეგობართან ურთიერთობაში? წავალ ვნახავ ადეკვატურ სპეციალისტს და დამეხმარება გარკვევაში. ასე ამ პრობლემას მოვაგვარებ და გავიზრდები ნაცვლად იმისა, რომ გულში ჩავიკლა და მომავალში კომპლექსად ვაქციო.
ჰოდა სწორედ ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მასობრივი იგნორის შედეგია ამდენი ავანტიურისტი ადამიანი საზოგადოებაში, ამდენი მექრთამე სახელმწიფო სამსახურში, ამდენი ინტრიგანი პოლიტიკაში და ა.შ.
მხოლოდ ფსიქიკურად კარგად განვითარებულ ადამიანს შეუძლია იყოს გულმოწყალე, კეთილი, ალტრუისტი და ა.შ. მხოლოდ ფსიქოლოგიურად განვითარებულ ადამიანს მოუტანს რეალურ სიკეთეს ცოდნა და განათლება. ფსიქიურად მოუწესრიგებელი ადამიანის ხელში კი განათლება შეიძლება ავი საქმეების საკეთებელ იარაღად იქცეს.
მოკლედ, რას იტყვით? არ ფიქრობთ, რომ ფსიქიკას უფრო მეტ ყურადღებას უნდა ვუთმობდეთ? არ ფიქრობთ, რომ ადამიანები საკუთარ თავს უნდა ეცნობოდნენ პირველ რიგში? არ ფიქრობთ, რომ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ამ მხრივ კატასტროფულია?
This post has been edited by ინაველ on 3 Dec 2016, 17:33