ლარის გაუფასურების გავლენით საქართველოში იმპორტირებული ხორბალი 20-30 დოლარის ფარგლებში გაძვირდა. წისქვილკომბინატები ელოდებიან, რომ ფქვილიც გაძვირდება დაახლოებით 2 ლარის ფარგლებში.
მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ფქვილი ადგილობრივ ბაზარზე 47-48 ლარი ღირს, რაც 2,75-2,80 კურსით არის დაანგარიშებული. გაუფასურებული ლარის პირობებში კი ფასნამატი სავარაუდოდ 2 ლარი იქნება.
„მიზეზი ლარის კურსია, თუმცა ფქვილის დრამატულ გაძვირებას არ ველოდებით. დრამატული ფასი არის 11 ლარით გაძვირება, რაც მოხდა კიდეც 2018 წლის დეკემბერში, როცა პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფქვილი თუ გაძვირდება, ისიც მაქსიმუმ 2 ლარით, რადგან ველოდებით ლარის კურსის კორექტირებას“, -აცხადებს ლევან სილაგავა.
რაც შეეხება პურის ფასს, გასული წლის დეკემბერში, როცა პური 10 თეთრით გაძვირდა, ფქვილის ფასი 11 ლარით გაიზარდა და 48-50 ლარი შეადგინა. მას შემდეგ კი ფქვილი დაახლოებით 2 ლარით გაიაფდა. თუ ამ ეტაპზე ფასები კვლავ 2 ლარით მოიმატებს, ის 2018 წლის დეკემბრის ნიშნულს გაუტოლდება.
პურის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი „იფქლი“ ლარის გაუფასურების გავლენით ხარჯების გაზრდის მიუხედავად ამ ეტაპზე პურის ფასის გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს.
„ლარის კურსის გაუფასურება ბუნებრივია, ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ახდენს. იმპორტირებული ხორბლის ფასი, რომელსაც ჩვენ ქართული წისქვილკომბინატებისაგან ვიძენთ, ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება. ამას გარდა ჩვენს კომპანიას ხარჯი ეზრდება ისეთ პროდუქციაზეც, როგორიცაა დაზგა-დანადგარები, მათი სათადარიგო ნაწილები, შესაფუთი მასალები და სხვა.
დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტომარა ხორბლის ფქვილზე ფასი დაახლოებით 2.5 ლარით არის გაზრდილი. ფასის ეს მატება დღეს არ გვაძლევს იმის მიზეზს, რომ საფასო პოლიტიკას გადავხედოთ პროდუქციაზე, ან ახლო მომავალში პურის გაძვირების საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში. თუმცა, ძალიან რთულია სამომავლო პროგნოზების გაკეთებაც. პურის ფასწარმოქმნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის რა ფასზე დასტაბილურდება ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი, ვალუტის კურსი, წარმოებაში საჭირო სხვადასხვა მასალების ფასი და ა.შ. სწორედ ამ გარემოებების ერთიანობით დგინდება პროდუქტზე საბოლოო ფასი და შესაბამისად, ძალიან რთულია წინასწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება.
ჩვენ ვაკვირდებით ხორბლის ფასის დინამიკას და ვიმედოვნებთ, რომ ფასნამატი არ იქნება ისეთი დიდი, როგორც ეს გასულ წელს იყო“, - განუცხადეს bm.ge-ს იფქლში.
https://www.bm.ge/ka/article/fqvilis-fasi-s...ara-puri-/37791