რუსული ოკუპაციის 200 წელი: “ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიამ” მუშაობა დაასრულა “ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიამ”, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მუშაობა დაასრულა.
ქართულ–რუსული ურთიერთობების კვლევისა და მისი შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ჩამოყალიბებულ კომისიას სრულად უნდა აღეწერა საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი უწყვეტი ისტორიული ძალადობების - დაპყრობითი ომების, ტერიტორიული დანაწევრების, ეთნიკური წმენდის, კულტურული ასიმილაციის, ეკონომიკური ძარცვა-კოლონიზაციის, რეპრესიების, რელიგიური და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა მთავარი ფაქტი. ამ დროისთვის მუშაობა დასრულებულია და უკფე ფართო საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, კომისიის დასკვნას გაეცნოს.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მთლიანობაში, კომისიამ უზარმაზარი სამუშაო გასწია და დასკვნა-ანგარიშში სრულად წარმოაჩინა საქართველოში რუსული კოლონიური პოლიტიკის ყველა ასპექტი.
“წინამდებარე დასკვნა-ანგარიში როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისთვის ნათელს მოჰფენს აქამდე უცნობ უამრავ ისტორიულ ფაქტსა და მოვლენას, რითაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უაღრესად მტკივნეული პერიოდის შესახებ ფართო საზოგადოების ცოდნის გაღრმავებას. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს რუსული ოკუპაციის თითქმის ორასწლოვანი ისტორიის სისტემური შესწავლის საქმეში და იმედი გვაქვს, რომ იგი სტიმულს მისცემს საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკულ ეპოქაზე ახალი მეცნიერული კვლევების განვითარებას” - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
დეტალებში უკეთ გასარკვევად „აქცენტი“ “ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის” თავმჯდომარეს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკურ ანალიტიკოს ვასილ რუხაძეს ესაუბრა.
ვასილ რუხაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოს მეხუთედი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. თუმცა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში არ არის ამის სრულფასოვანი აღქმა და განცდა. ასევე არ არის იმის სრული აღქმა, თუ რას ნიშნავს ნაწილობრივი ოკუპაცია და მით უმეტეს რუსული ოკუპაცია. იმისათვის, რომ ეს სრულად შევაფასოთ და გავისიგრძეგანოთ, უნდა ვიცნობდეთ ჩვენი ოკუპაციის ისტორიას, ამის ცოდნა კი ჩვენში, სამწუხაროდ, საკმაოდ მწირია.
გარდა ამისა, ათწლეულების მანძილზე რუსული ისტორიოგრაფია და მასთან ერთად ოკუპანტთან კარგად ადაპტირებული, პრივილეგირებული ქართული ელიტები (როგორც ცარისტული, ასევე საბჭოთა რეჟიმების დროს) რუსული ოკუპაციის თითქმის ორასწლოვან უაღრესად დამანგრეველ ეპოქას მიზანმიმართულად წარმოაჩენდნენ საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხანად. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი რუსულ ოკუპაციას - არც ამჟამინდელს და არც წინანდელს - სრულფასოვნად ვერ აღიქვამს უარყოფით მოვლენად. ჩვენი კვლევის, ჩვენი კომისიის ამოცანა სწორედ ის გახლდათ, საზოგადოებისათვის წარედგინა საქართველოში თითქმის ორასწლოვანი რუსული ოკუპაციის ისტორიის ჭეშმარიტი და სრული თხრობა-ნარატივი, რაც მთელს ქართველ საზოგადოებას საშუალებას მისცემდა, დაენახა რუსული ოკუპაციის ნამდვილი არსი. ამით არ ვეძიებთ რომელიმე მხარის წინააღმდეგ შურისძიებას. ვფიქრობ, ჩვენი მტკივნეული წარსულის ცოდნის გარეშე ყოველთვის არსებობს მისი მომავალში განმეორების საშიშროება. საკუთარი ტრაგიკული ისტორიიის ცოდნა თავისუფალ ერს, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის ესაჭიროება, რომ მისი მომავალში განმეორება აღარ დაუშვას.
– რა ძირითადი ასპექტები გამოიკვეთა კვლევის პროცესში? თუ აღმოაჩინეთ ქართულ–რუსულ ურთიერთობებში ამ დრომდე უცნობი ფაქტები?
- პირადად ჩემთვის საქართველოს რუსული ოკუპაციის ყველა მონაკვეთი ცნობილი გახლდათ. თუმცა კვლევისას კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, რომ საქართველოში რუსული (როგორც ცარისტული, ასევე საბჭოთა) კოლონიალიზმის პოლიტიკა გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი და ძირგამომთხრელი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა არ მსურს, მოვლენებს გავუსწრო: უკეთესი იქნება, თუ მკითხველი თავად გაეცნობა კომისიის დასკვნას.
– დღეის გადასახედიდან, უკვე კვლევის შემდეგ როგორ ჩანს ქართულ–რუსული ურთიერთობები?
- საუბედუროდ, უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე ეს არასდროს ყოფილა ორ თანასწორ მხარეს შორის ურთიერთობა. ეს გახლდათ ურთიერთობა იმპერიულ მეტროპოლიასა და დაპყრობილ ქვეყანას, ერს შორის, რომელიც სასტიკ ეროვნულ ჩაგვრასა და ეკონომიკურ ექსპლუატაციას ემყარებოდა. მომავალში რა იქნება - ძნელი სათქმელია, თუმცა ამჟამინდელი ვითარება დიდი იმედების საფუძველს არ იძლევა. რაც არ უნდა მოხდეს, ვთვლი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება ყოვლად წარმოუდგენელია რუსეთის მიერ საქართველოს სრული დეოკუპაციის გარეშე.
– დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდის ფარგლებში ხშირად მოისმენთ არგუმენტს, “ერთმორწმუნე რუსეთიო”. კვლევაში თუ გამახვილდა ყურადღება ამ ურთიერთობების რელიგიურ ასპექტზე?
- რა თქმა უნდა! დასკვნა-ანგარიში ხაზს უსვამს, რომ რუსული იმპერია ყოველთვის თამამად იყენებდა ქრისტიანულ ერებთან და მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველ ერთან ერთმორწმუნეობის თემას. მკითხველი დასკვნა-ანგარიშში იხილავს, რომ რუსული ეკლესია საქართველოში ყოველთვის იყო იმპერიის მთავარი იდეოლოგი და მისი კოლონიური პოლიტიკის უერთგულესი გამტარებელი. ამ შემთხვევაში მისი ფსევდო-ქრისტიანული რიტორიკა მხოლოდ ამ პოლიტიკის საფარველს წარმოადგენდა და ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო ქრისტიანულ რწმენასთან.
კომისიის დასკვნა მოიცავს უამრავ ფაქტს, რომელიც აჩვენებს, რომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, რუსულ ეკლესიას წამყვანი ადგილი ეკავა ქართული ენის მიზანმიმართული დევნის, ქართველი ხალხის ასიმილაციის, ქართული ეთნოსის დეზინტეგრაციის, საქართველოს ეთნიკური და ეკონომიკური კოლონიზაციის ხანგრძლივ და ძალადობრივ პოლიტიკაში.
გარდა ამისა, კომისიის კვლევამ ნათლად წარმოაჩინა XIX-XX საუკუნეებში რუსული ეკლესიის მიერ ქართულის მატერიალური ქონების ფართომასშტაბიანი ძარცვის სრული სურათი. ქართული საეკლესიო ქონების ძარცვას იმდენად ყოვლისმომცველი ხასიათი ჰქონდა, რომ საუბედუროდ, ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს ეკლესიამ ოდესმე შეძლოს ამ გაძარცვული, დაკარგული ქონების თუნდაც ნახევრის დაბრუნება.
რუსულმა ეკლესიამ ასევე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არაერთ სფეროს, მაგალითად, საეკლესიო მხატვრობას. რუსული ეკლესიის სინოდის მიერ გადაღებილი და განადგურებული არაერთი ფრესკა აღდგენას აღარ ექვემდებარება და სამწუხაროდ, ქართველი ხალხისათვის სამუდამოდ დაკარგულია.
დანარჩენს საზოგადოება უშუალოდ დასკვნა-ანგარიშში შეიტყობს.
– როგორ ფიქრობთ, დასკვნა რას მისცემს თავად ქართულ საზოგადოებას, სადაც კვლავ ძლიერი რჩება რუსული პროპაგანდა? რისი თქმა შეუძლია მას ხალხისთვის?
კომისიის დასკვნა-ანგარიში ქართველ საზოგადოებას სთავაზობს საქართველოში რუსული ოკუპაციის სრულ და ჭეშმარიტ სურათს, რომელიც სწორედ ამ ცრუ პროპაგანდას უპირისპირდება. ვფიქრობ, დასკვნა-ანგარიშის გაცნობის შემდეგ ქართველი მკითხველი ნათლად დაინახავს რუსული ოკუპაციის, რუსული კოლონიალიზმის ნამდვილ არსს და მის დამანგრეველ მემკვიდრეობას. რა თქმა უნდა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს უკვე იცის, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრმაც არ იცის ან ძალიან ცუდად იცის.
მე ვფიქრობ, რომ ქართველი საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე, ჩვენ როგორც სახელმწიფოს და ერს არსებობის შენარჩუნება გაგვიჭირდება. კონსოლიდაცია სავსებით არ ნიშნავს, რომ თითეული ქართველი ყველა საკითხში ერთმანეთს ეთანხმებოდეს. ეს არც შესაძლებელია და არც სასურველი. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს განსხვავებული აზრები, მაგრამ ერთმანეთს უნდა ვეთანხმებოდეთ გარკვეულ სასიცოცხლო საკითხებში. მათ შორის, ის რომ რუსული თითქმის ორსაუკუნოვანი ოკუპაცია საქართველოსთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იყო, ერთ-ერთი უმთავრესია. წინააღმდეგ შენთხვევაში, ჩვენ ვერაფრით შევძლებთ ამ ოკუპაციის მომავალში თავიდან აცილებას. კომისიის კვლევას და მის დასვკნა-ანგარიშს სწორედ ამ კუთხით შეუძლია დაეხმაროს ქარველი ხალხის კონსოლიდაციას.
– თავად კომისიაზე, მის შემადგენლობაზეც რომ ვისაუბროთ. საიდან გაჩნდა იდეა, შესაბამისი სახსრები და ვინ გასწია ეს მასშტაბური სამუშაო?
- 2010 წლის იანვარში გაზეთში „24 საათი“ გამოქვეყნდა ჩემი ვრცელი სტატია საქართველოში თითქმის 200-წლოვანი რუსული ოკუპაციის შესახებ კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. არ ვიცი, უშუალოდ ამ სტატიამ რა როლი ითამაშა, მაგრამ მისი გამოქვეყნებიდან ორიოდ დღეში ელექტრონული ფოსტით დამიკავშირდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და გადმომცეს პრეზიდენტის წინადადება, შევხვედროდი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაური ჩანდა, რადგან არც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს და არც ვინმე სხვას მის ადმინისტრაციაში თუ მთავრობაში არ ვიცნობდი. მიუხედავად ამისა, 2010 წლის მარტის დასაწყისში ამერიკიდან საქართველოში ჩავედი და პრეზიდენტს შევხვდი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მან შემომთავაზა, ჩამომეყალიბებინა და მეხელმძღვანელა სწორედ იმ კომისიისთვის, რომლის შექმნასაც მთავრობას ვთავაზობდი და რომელსაც რუსული ოკუპაციის 200-წლოვანი პერიოდი უნდა გამოეკვლია. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ კომისიის და პროექტის ხელმძღვანელობას შევძლებდი, რადგან იმჟამად აშშ-ში, კერძოდ კენტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტურანტურაში ვსწავლობდი და შესაბამისად, სწავლისა და მუშაობის უაღრესად დატვირთული რეჟიმი მქონდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირის ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. 2010 წლის 9 აპრილს პრეზიდენტთან ერთად კომისიის ინაუგურაცია ჩატარდა და მალევე მან ფუნქციონირებაც დაიწყო.
კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი ხარჯები საქართველოს მთავრობამ გაიღო. რაც შეეხება შემადგენლობას. კომისიის მუშაობაში კონსულტანტების და რეცენზენტების რანგში ჩართული იყო 18 ქართველი ისტორიკოსი, რომელიც XVIII-XX საუკუნის პერიოდზე სპეციალიზდებოდა. შევეცადეთ, მუშაობაში ჩაგვერთო თითქმის ყველა ქართველი ისტორიკოსი, რომელიც საქართველოში რუსული ოკუპაციის ეპოქას კარგად იცნობდა. ვფიქრობ, ამ ამოცანას თავი კარგად გავართვით, რაც, უპირველეს ყოვლისა, დასკვნა-ანგარიშის მაღალ ხარისხზე აისახა. კომისიამ გასწია კოლოსალური მასშტაბის სამუშაო, რომ ეს კვლევა ჩაეტარებინა და დასკვნა-ანგარიში განსაზღვრულ ვადებში, კერძოდ, 2010 წლის დეკემბრამდე დაემთავრებინა.
პირადად მე კომისიის მუშაობისას გადავაწყდი უამრავ დიდ თუ მცირე, ბუნებრივ თუ ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებას. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ახლა უკან არის და კომისიის მუშაობა წარმატებით დასრულდა.
ვამაყობ, რომ როგორც ქართველს, საშუალება მომეცა, მეხელძღვანელა ამ პროექტისთვის, რომელიც საქართველოში ფაქტობრივად პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს რუსული ოკუპაციის მეცნიერული შესწავლის საქმეში. ჩვენი მუშაობის შეფასებას კი ბოლოს მაინც საზოგადოებას მივანდობ.
ვიმედოვნებ, რომ ქართველ ისტორიკოსთა და პოლიტიკურ მეცნიერთა მომდევნო თაობები ჩვენს კვლევაზე დაყრდნობით ქართველ საზოგადოებას საქართელოში რუსული ოკუპაციის ორასწლოვანი ისტორიის ახალ-ახალ დეტალებს შესთავაზებენ.
იხილეთ კვლევა–ანგარიში ბმულზე:
http://www.thegeorgiantruthcommission.org/ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“
. .