ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 62 პროცენტს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. 19-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 64%, ხოლო 25-29 წლის 35% მშობლებზე ფინანსურად დამოკიდებულია. კვლევას პორტალი On.ge აქვეყნებს.
ახალგაზრდების 70% ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. 19-24 წლის ახალგაზრდების კატეგორიაში ეს მაჩვენებელი 67% არის, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
რაც შეეხება ახალგაზრდების ოჯახების მატერიალურ მდგომარეობას, კვლევის თანახმად, ახალგაზრდების მხოლოდ 3 პროცენტი თვლის, რომ არ აქვთ ფინანსური პრობლემები და მათ შეუძლიათ იყიდონ ის, რაც სურთ. ახალგაზრდების 11% კი თვლის, რომ არ აქვს საკმარისი ფული საჭმლისთვის.
კვლევის მიხედვით, მანქანებს ფლობს რესპონდენტების ოჯახების 47%. საცხოვრებელი ადგილი მეტწილად არ განაპირობებს მანქანის ყოლას. ხოლო კომპიუტერი ოჯახების 22 პროცენტს არ აქვს.
შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების მხოლოდ 19% არის დასაქმებული სრული განაკვეთით, ხოლო 7% დასაქმებულია ნახევარ განაკვეთზე ან თვითდასაქმებულია. ასევე, სრულებით ან გარკვეულწილად საკუთარი პროფესიით, მხოლოდ 31 პროცენტი მუშაობს. ამავე კვლევის თანახმად, დასაქმების შესაძლებლობები თბილისში ბევრად მეტია. ამასთან, მამრობითი სქესის რესპონდენტების მხოლოდ 28 პროცენტია უმუშევარი, ახალგაზრდა ქალებში კი ეს მაჩვენებელი 40% შეადგენს. ახალგაზრდების 81 პროცენტს არ სურს გამოცდილების მიღება სტაჟირების ან პრაქტიკული კურსის გავლით. გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (75%) ფიქრობს, რომ საქართველოში სამსახურის პოვნისას ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მეგობრები/ნაცნობები.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ოფისმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა ქართველ ახალგაზრდებზე და ეკვლია მათი აღქმები, შეგნება, მოლოდინები და დამოკიდებულება ცვალებადი გარემოს მიმართ. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ეყრდნობა შელის ახალგაზრდული კვლევის (Shell Youth Study) მოდელს, რომელიც 1953 წლიდან ტარდებოდა როგორც გერმანიაში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში. კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)-ის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მოთხოვნების გათვალისწინებით. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/3060/k...ttan-tskhovrobs