მსხვილი იმპორტიორები ყველა ტიპის პროდუქციაზე ფასებს 15-20%-ით გაზრდიან. ამის შესახებ „კომერსანტთან" მსხვილი იმპორტიორები აცხადებენ. მათი განცხადებით, აღნიშნული ვითარება ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია.
სადისტიბუციო კომპანია „გრანდის" დამფუძნებელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ კომპანიას ქსელში მილიონი ლარის პროდუქცია აქვს, რომელიც 2.3-იანი ნიშნულის პირობებში იყო დათვლილი. "შედეგად, ლარის გაუფასურებამ და კურსთა შორის სხვაობამ კომპანიას უკვე 70 000 ლარამდე ზარალი მიაყენა. რასაც ამოვიღებთ 2.7-იანი კურსით უნდა გავისტუმრო"-აცხადებს ჭყონია.
რაც შეეხება ახალ ფასებს, ჭყონიას განცხადებით, ასეთ პირობებში რთულია იმის განსაზღვრა ფასში რა ოდენობის კურსი უნდა ჩაიდოს. როგორც ჭყონია აცხადებს, პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„უგუნურია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საწვავზე ფასების ცვლილება არაფერს გამოიწვევს, რეალურად კი საწვავის გაძვირება ყველაფერს გააძვირებს. ამას დაემატება ლარის ასეთი გაუფასურებაც. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი რთული პერიოდი არ ყოფილა. შესაძლებელია, რომ ყველანაირ პროდუქციაზე 20%-ით მოიმატოს ფასებმა. ყველაფერი გაძვირდება, ქვეყანა დეფოლტის წინაშე დგას. "-აცხადებს ჭყონია.
„ქართული სადისტრიბუციო კომპანიის" დირექტორი ზურა ხუციშვილის განმარტებით, კომპანიაში დღეს არსეული კურსის გამო პანიკაა. მისი ინფორმაციით, დღეს პროდუქციაზე ფასები არ გაუზრდიათ, თუმცა, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალ. „ისე ცუდად მიდის საქმე, რომ ფასების გაზრდა მოგვიწევს. ჩვენ დოლართან პირდაპირპროპორციულად ვართ დამოკიდებულები. შესაბამისად, პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს. როდესაც ამოიწურება ნაშთები, ფასებს გავზრდით. დოტაციაზე ხომ არ ვართ?"-აცხადებს ხუციშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანაიში მაქსიმუმ 2-3 კვირის მარაგები არსებობს.
პირველადი მოხმარების პროდუციაზე ფასების მნიშნელოვან ზრდაზე საუბრობს სადისტრიბუციო კომპანია „ჯიდი ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უტა მაზიაშვილი. მისი განცხადებით, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება, თუმცა, ზრდა მყისიერი არ იქნება. მისი განმარტებით, ფასების მასიური აწევა სავარაუდოდ, საახალწლო პერიოდში მოხდება, რადგან ამ დროს მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია.
მაზიაშვილს უჭირს კონკრეტულად იმის თქმა, თუ ფასების რამდენ პროცენტიან მატებას უნდა ველოდოთ, თუმცა, აცხადებს, რომ ეს პირდაპირპროპორციული იქნება ლარის კურსის გაუფასურებასთან.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მარაგები და რა პერიოდამდე შესაძლებელი ფასების დაჭერა, მაზიაშვილი აცხადებს,რომ მხოლოდ ერთი იმპორტიორი ვერ გაზრდის ფასებს, კონკურენციაც არის და ამიტომ კომპანიები ერთმანეთს უყურებენ. „ეს ეტაპობრივად მოხდება. თუ ასე გაგრძელდა და კურსი არ შემცირდა, უახლოეს მომავალში ვაცნობებთ მარკეტებს, რომ ძალაში იქნება ახალი, გაზრდილი ფასები. ეს ისეთი კურსია, რომ ყველა იმპორტიორს ფასების ზრდა მოუწევს"-აცხადებს მაზიაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ხვალ ერთი დოლარი 2,5871 ლარი ეღირება, დღევანდელი კურსი კი 2,5352 იყო.
http://commersant.ge/?m=5&news_id=44863&cat_id=6