გურამ ჩალაგაშვილი: "დენის ტარიფი 1,5-2 თეთრით უნდა გაიზარდოს ან გრაფიკი დაწესდეს"
ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ენერგოტარიფების ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრობს.
ჩალაგაშვილის განმარტებით, დღეს არსებული ტარიფი დაანგარიშებულია 2.30 იან კურსზე. რაც შეეხება ობიექტურ რეალობას, ბაზარი დამოკიდებულია თბოსადგურების მიერ გამომშავებულ ელექტროენერგიაზე და იმპორტირებულზე, რაც დოლარის კურსიდან გამომდინარე გაცილებით ძვირია. ჩალაგაშვილის განცხადებით, ტარიფის გაზრდა გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში თბოსადგურები ვერ იმუშავებს.
„ გამანაწილებელ კომპანიებს – „თელასს", „ენერგოპროს" და „კახეთის ენერგოდისტრიბუციას", კომპანიებს გაეზრდებათ შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება, რაც საბოლო ჯამში აისახება სამომხმარებლო ტარიფზე. დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს სემეკში ტარიფების განხილვა და ვფიქრობ 1,5-2 თეთრით ზრდა გარდაუვალია, რომ სისტემა არ დაინგრეს" – აცხადებს ჩალაგაშვილი.
მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს გადავიდეს გრაფიკზე, რომ კომპანიებმა დაზოგონ შესყიდული ელექტროენერგია და ნაკლები წაგება მიიღონ. სემეკის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, სისტემა შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს, გახშირდეს ავარიები და ვიყოთ დამოკიდებული გრაფიკზე.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს - ჩალაგაშვილის თქმით, ეს ნაწილობრივ დერეგულირებული საკითხია, რაშიც კომისია ვერ ერევა, ანუ თავად კომპანიებს „სოკარს" და "ყაზტრანსგაზს" შეუძლიათ 2 კვირით ადრე გააფრთხილონ მომხმარებლები გაძვირების შესახებ და ამ პროცესში კომისია ვერ ჩაერევა.
ლარის გაუფასურების გამო თბოსადგურებმა ტარიფის ზრდის მოთხოვნით სემეკს გასულ წელს მიმართეს და დააანგარიშების შედეგად სამომხმარებლო ტარიფი მაშინ 3,95 თეთრით გაძვირდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, გახდა 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი გახდა 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id...at_id=5&lng=geo