მომავალი წლისთვის დაგეგმილ რეფორმებზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა
კახი კახიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მომავალ წელს სამინისტრო ამბიციურ გეგმებს განახორციელებს. ერთი შეეხება პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაღრმავებას, შინაპატიმრობის საკითხს, კერძოდ, შინაპატიმრობა შესაძლოა აღმკვეთი ღონისძიების სახითაც იყოს გამოყენებული.
„როგორც არასრულწლოვნების მიმართ მოქმედებს, ვგეგმავთ, რომ სრულწლოვნების მიმართაც, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, სანქციის სახით გაიწეროს შინაპატიმრობა“, - განაცხადა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულების მინისტრმა ისაუბრა აგრეთვე ქალ პატიმრებზე, კერძოდ, დედებზე, რომლებსაც 3 წლამდე შვილები ჰყავს.
„3 წლამდე ბავშვები ვისაც ჰყავს, განშორება ძალიან რთულია. ამიტომ, განშორების მომენტი ძალიან მტკივნეული რომ არ იყოს, ასეთი რამე მოვიფიქრეთ - თუ პატიმარ ქალს ჰყავს 3 წლამდე შვილი, წლის მანძილზე მიეცემა საშუალება, შაბათ-კვირა შვილთან ერთად, დაწესებულების გარეთ გაატაროს. ასევე გვაქვს ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის უფლებების განმტკიცებასთან“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.
http://www.info9.ge/samarthali/162336-pati...html?lang=ka-GE